„ჩხარტიშვილის მიმართ დიდი სიმპატიით არ გამოვირჩევი, მაგრამ ანაბრების შეჭმას ნამდვილად ვერ დავაბრალებ!“

„ჩხარტიშვილის მიმართ დიდი სიმპატიით არ გამოვირჩევი, მაგრამ ანაბრების შეჭმას ნამდვილად ვერ დავაბრალებ!“

 

დაკარგული საბჭოთა ანაბრების შესახებ ყოფილი პრემიერ–მინისტრი თენგიზ სიგუა გვესაუბრება.

ბატონო თენგიზ, სად გაქრა ის ფული, რომელიც მოსახლეობას შემნახველ სალაროებში ანაბრების სახით ჰქონდა შენახული?

მოსახლეობას მართლაც საკმაოდ დიდი ანაბრები ჰქონდა ბანკში. 1992 წლის ივლისში, როცა საქართველოში ინფლაცია წავიდა, მთავრობამ მიიღო დადგენილება ანაბრების 50%–ით გაზრდის თაობაზე. თანხების გაცემა უნდა დაწყებულიყო 1,5 წელიწადში, ანუ 1994 წლის დასაწყისისთვის. ამასთან, მეანაბრეებს, თავის დროზე, შემნახველ სალაროებში შეტანილი თანხით შეეძლოთ პრივატიზაციის პროცესში ჩაბმა. ეს ბევრმა გააკეთა კიდეც, მაგრამ თანხების უდიდესი ნაწილი დღემდე გაუცემელია. რატომ? აი, ეს არის მთავარი საკითხი. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფული ვინმემ საქართველოდან გაიტანა. მართალია, რუსეთიდან ფულის ნიშნები აღარ შემოდიოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა იდო ეროვნულ ბანკში, რაც შემდეგ კრედიტების სახით გაიცა.

დემურ დვალიშვილს მიერ გაცემულ კრედიტებს გულისხმობთ?

დიახ. დემურ დვალიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა 1992 წლის ოქტომბერში. მანამდე ეროვნული ბანკი მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. დვალიშვილს დანიშვნის შემდეგ კი სახელმწიფო მეთაურის და პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. დვალიშვილი მეორე დღესვე გამოვიდა პარლამენტის სხომაზე და განაცხადა, რომ ლიბერალური ფულად–საკრედიტო პოლიტიკის მომხრე იყო და ამაში მას ედუარდ შევარდნაძე უჭერდა მხარს. ამ დღიდანვე ეროვნულმა ბანკმა უზომოდ დიდი კრედიტების გაცემა დაიწყო.

რადგან ეროვნული ბანკი მთავრობის დაქვემდებარებაში აღარ იყო, ჩვენ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება აღარ გვქონდა. 1993 წლის მარტში მინისტრთა კაბინეტში შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოვიდა პირველი ინფორმაცია, რომ ბანკში ცუდი ამბები ხდებოდა. მაშინვე დავნიშნე სამთავრობო კომისია, რომელმაც 1 აპრილის დასკვნაში დაადასტურა ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ შევარდნაძეს ვსთხოვე, სასწრაფოდ მოეწვია თათბირი ბანკების თანდასწრებით. საერთოდ, სესხად გასაცემი თანხების ზღვრული ნორმა სახელმწიფოს მიერ უნდა დაწესებულიყო. იმ დროისათვის ეს ნორმა წელიწადში 170 მილიარდ მანეთს შეადგენდა, მაგრამ 6 თვეში 400 მილიარდს გადააჭარბა. ეს იყო კატასტროფა. თათბირს ჩემს გარდა ესწრებოდნენ ვიცე–პრემიერები რომან გოცირიძე და ზურაბ კერვალიშვილი, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი მიხეილ ჯიბუტი, ფინანსთა მინისტრი პოპიაშილი და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდმარე თემურ ბასილია. ჩემს გამოსვლას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. მხოლოდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა სწირია. ამის შემდეგ უკვე პარლამენტის სხდომაზე გავაკეთე მოხსენება, სადაც სპეციალური კომისია შეიქმნა, მაგრამ პარლამენტმა 1995 წელს ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ამ საკითხის განხილვა აღარ მომხდარა.

რა სახის კრედიტები გაიცემოდა და ვისზე გასცემდნენ მას?

დაიწყეს „პირამიდის“ თამაში, ბევრი კერძო ბანკი გაიხსნა, ფული აიღეს და მერე გაქრნენ. რას ნიშნავს „პირამიდა“, ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ერთ–ერთმა ფირმამ (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს) აიღო კრედიტი 2 მილიარდი მანეთი, ამით იყიდა საქონელი, გაყიდა საზღვარგარეთ, მიიღო მოგება 4 მილიონი დოლარი, რომელიც ვარშავის ერთ–ერთ ბანკში შეინახა. არებული კრედიტის – 2 მილიარდი მანეთის დაბრუნების დროისთვის, რადგან ფირმა აღწერილი ფინანსური ოპერაციების ბოლომდე მიყვანას ვერ ასწრებდა, შეიქმნა ე.წ. „პადსტავნოი“ ფირმები „ლანა“ და „მედა“. ეროვნული ბანკიდან მათაც გამოიტანეს მილიარდმანეთიანი კრედიტი და მისცეს იმ პირველ ფირმას. მან დააბრუნა გატანილი 2 მილიარდი მანეთი, მაგრამ ამ ორ ფირმასაც ხომ ჰქონდა გადასახდელი კრედიტი? ამიტომ ვარშვის ბანკში შეტანილი 4 მილიონი დოლარიდან მოიხსნა 600 000 დოლარი, რაც 2 მილიარდი მანეტის ტოლფასი იყო, ოპერაცია დამთავრდა. ფირმას ზუსტად 3 მილიონ 400 ათასი სუფთა მოგება დარჩა.

მაინც ვის გაჰქონდა ეს თანხები?

მაშინ უფრო ღრმად წავიდეთ. თქვენ გგონიათ, დვალიშვილმა თავი მოიკლა? არა, ის მოკლეს! შინაგან საქმეთა სამინისტროში წასვლის წინ მან დამირეკა და მითხრა, დაკითხვაზე მივდივარ და სიმართლე უნდა ვთქვაო. მის მდივან ქალს ჰქონდა ჟურნალი, სადაც ეწერა ყველა გვარი, ვისთვისაც შევარდნაძემ კრედიტის მიცემა დაავალა. ჩემი ყვირილის შედეგ, როცა ეს ამბავი გასკდა, პარლამენტში რომან მიმინოშვილის ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ორი წელი იწვალა ბატონმა რომანმა, მაგრამ ჟურნალის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ბოლოს ეს ჟურნალი დვალიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიატანინეს. მან დაკითხვაზე ყოფნისას დაურეკა თავის მდივანს (თუ ამ ქალს მოძებნით, ჩემს ნათქვამს დაადასტურებს) და უთხრა, ჟურნალი მოიტანეო. ასე ჩაიგდეს ხელში დვალიშვილს ე.წ. „შავი სია“, დაკითხვიდან გამოსული დვალიშვილი კი მოკლეს და ეს ჟურნალიც გაქრა.

აი ერთი ფაქტი – 1993 წლის 2 მარტს ეროვნულ ბანკში შევიდა ფირმა „თრიალეთის“ ფარატინა წერილი, რომელშიც ფირმის პრეზიდენტი 102 მილიარდ 700 მილიონი მანეთის სესხს ითხოვდა, ეს ფირმა „ მწვანეთა მოძრაობის“  შექმნილი იყო და დემურ დვალიშვილთან მის შუამავალს ზურაბ ჟვანია წამოადგენდა. ეროვნული ბანკი უშუალოდ არ გასცემდა კრედიტებს. იგი ბანკებს აძლევდა სესხს და შემდეგ ამ ბანკებს უნდა გაეცათ ეს თანხა. ეს წერილი ეროვნულმა ბანკმა „აგრობანკს“ დააწერა. ეს იყო საუკუნის აფერა. წარმოუდგენელია, 103 მილიარდი მანეთი მისცე რაღაც ახალშექმნილ ფირმა „თრიალეთს“, თანაც უპროცენტოდ და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. წერილში ეწერა, რომ ფულს რუსეთის ცენტრალურ ბანკში გადარიცხავდნენ, კონვერტაციას გაუკეთებდნენ და უკან დააბრუნებდნენ. ეს იყო სისულელე, რადგან 103 მილიარდს კი არა, 1 მილიონსაც ვერავინ ვერსად გადარიცხავდა. განათლების მაშინდელმა მინისტრმა თამაზ კვაჭანტირაძემ მოსკოვში ატესტატები დააბეჭდინა, ამისათვის 8 მილიონი მანეთი გვქონდა გადასარიცხი, ვინ აღარ ჩავრიეთ და ძლივს მოვახერხეთ. 103 მილიარდის გადარიცხვა როგორ წმოგიდგენიათ? ეს აფერა შემდეგნაირად გასკდა. ჩემთან მოვიდნენ შსს–ს წარმომადგენლები და მიტხრეს, რომ მოსკოვიდან მიიღეს МУР –ის ტელეფონოგრამა. სიტყვასიტყვით მახსოვს მისი შინაარსიც:

„у центрального банка россии подвязались два московских афериста: гомосексуалист в очках и московская шлюха, у них на руках фалшывое авизо банка грузии на 103 милиардов рувлей...“ ისინი ამ საქმის გახსნაში ჩვენს შსს–ს სთავაზობდნენ თანამშრომლობას. როგორც შემდეგ გაირკვა, მწვანეებს ფული რუსეთის ცენტრალურ ბანკში გადასახურდავებლად ვიღაც მოსკოველი ჰომოსექსუალისტისა და მეძავისთვის მიუციათ. შსს–ს წარმომადგენლებს მივეცი დავალება, რომ დილის 8 საათისთვის 2 ოპერმუშაკი გადაეფრინათ მოსკოვში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავიზო ყალბი იყო, თუმცა, დილის 7 საათზე მაინც დავურეკე დვალიშვილს, დავიბარე და მოვუყევი, რომ ასეთი ამბავი მოხდა. ბატონი დემური სკამზე უხერხულად შეიშმუშნა და მითხრა, ბატონო თენგიზ, ავიზო ყალბი არ არის, მე გავეციო. გავბრაზდი და უხეშად ვუთხარი რაღაც. ახლაც მახსოვს, როგორ განერვიულდა, კედელთან დადგა და გაწბილებულმა მითხრა – ბატონო თენგიზ, თქვენ არ იცით, მე რა პრესის ქვეშ ვარო.

გამოდის, რომ დემურ დვალიშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებით, იმ ადამიანების ვინაობასაც გავიგებთ, ვინც საბჭოთა ანაბრები შეჭამა?

დიახ, ფაქტობრივად გამოდის, რომ იმ ადამიანების გვარები, რომელთაც საბჭოთა ანაბრები შეჭამეს, დემურ დვალიშვილს „შავ სიაში“ ეწერა.

ამის შედეგ შეიქმნა „გაერთიანებული ქართული ბანკი“, რომელიც საბჭოთა შემნახველი სალაროების სამართალმემკვიდრე გახდა და ანაბრების გაცემაც მას დაევალა. რა წვლილი მიუძღვით ამ ბანკის მესვეურებს ანაბრების მითვისებაში?

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ ხელმძღვანელად დანიშნეს ვანო ჩხარტიშვილი და ზაზა სიორიძე. რატომ გაკეთდა, ეს სხვა თემაა, რაც შეეხება ანაბრებს, მათ დანიშვნამდე ეს ფული უკვე შეჭმული იყო.  

ჩხარტიშვილის მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოვირჩევი, მაგრამ ანაბრების შეჭმას ნამდვილად ვერ დავაბრალებ.

დიდი შეცდომა იქნა დაშვბული, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უარი ვთქვით საბჭოთა კავშირიდან ჩვენი წილი ქონების მიღებაზე. მე სპეციალურად ვიყავი ჩასული ტაშკენტში, სადაც ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა და ჩვენ მთელი საბჭოთა კავშირის ქონების 0,63% გვერგო. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო – დაახლოვებით მილიარდი დოლარი. მთელმა რიგმა რესპუბლიკებმა მიიღეს ეს თანხა და ანაბრების ვალიც გადაიხადეს. შევარდნაძემ უარი თქვა, რადგან მას ეშინოდა რუსეთის.