"15 თებერვალს "სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა" გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" არსებობის მანძილზე ამ პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგი დაადასტურა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის მზად არის 52,6%, "ნაცმო"-ს კი მხოლოდ 5,8% უცხადებს ნდობას! ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტს კახი კახიშვილს", - წერს გაზეთი "ასავალ-დასავალი" სტატიაში სათაურით "კახი კახიშვილი: დღეს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესს დივერსიას უწყობს სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი სასამართლო".
"ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კარგა გვარიანად გააყალბა, მაგრამ, მიუხედავად ამ მასშტაბური გაყალბებისა, მაინც ვერ შეძლო "ქართული ოცნების" აშკარა უპირატესობის დაძლევა. გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგებიდან ისიც ჩანს, რომ ხალხს აღარ ეშინია სააკაშვილის სპეცსამსახურების თუ სადამსჯელო რაზმების და დაუფარავად აცხადებს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს. სააკაშვილის რეჟიმს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები რომ არ გაეყალბებინა, "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი პარლამენტში ერთი პატარა ფრაქცია ეყოლებოდა", - აცხადებს კახი კახიშვილი.
"1 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი "ნაციონალურ მოძრაობას". დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" 5-პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავსა. რაც შეეხება იმას, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგმა იკლო, ეს ლოგიკური შედეგია. ხალხი "ქართული ოცნებისგან" სწრაფ, მყისიერ ცვლილებებს ელოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს - ახალი მთავრობის ეფექტურად ამოქმედებისთვის საჭირო დროის სიმცირის დაწყებული და ქვეყანაში არსებული ორხელისუფლებიანობით დამთავრებული. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ივანიშვილის მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს. ხალხის უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ დანაპირები სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან გაიწელა. დღეს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესს დივერსიას უწყობს სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი სასამართლო. თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, ხალხში კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გაჩნდება ახალი მთავრობის მიმართ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"სააკაშვილს 8 თებერვალს სურდა 26 მაისის მოწყობა. თუ სააკაშვილმა 26 მაისს სისხლით მორწყულ რუსთაველის გამზირზე ჩაიბარა აღლუმი, 8 თებერვალს მას უნდოდა, პოლიციასთან ხალხის შეტაკების პროვოცირებით, დაღვრილ სისხლზე გადაევლო და ასე გაეკეთებინა მოხსენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილი 8 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას აპირებდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მას დროულად ურჩიეს, რომ ეს ძალიან სახიფათო თამაში იქნებოდა. მეტსაც გეტყვით: სააკაშვილი ივანიშვილის მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება! სააკაშვილი, ამ ვითომცდა კოჰაბიტაციის ფარგლებში, ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას და დროის გაწელვას. პარალელურად, სააკაშვილი "ქართული ოცნების" შიგნიდან დაშლაზე მუშაობს. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ "ქართული ოცნების" კოალიციაში არიან ძალები, რომლებთანაც სააკაშვილს წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობები აკავშირებდა", - დასძენს რესპონდენტი.