"გვაცალეთ, მეგობრებო", - რას ავალებს და სთხოვს სოსო ჯაჭვლიანი ჟურნალისტებს

"ქუთაისში როგორ არის, იცით? ჩემოდნებზე ვზივართ, მუდმივად გზაში ვართ. წარმოგიდგენიათ, როგორი დივერსია მოაწყო იმ ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისში გადატანით? ამის შემდეგ რომ ვუსმენ, როგორ იცავენ ისინი სააკაშვილს, პირდაპირ ბოღმა მახრჩობს... მადლობა ღმერთს, ახლა დემოკრატიის სიომ დაბერა, მაგრამ დემოკრატიამდე ჯერ კიდევ ძალიან შორი ყოფილა. არ მეგონა, თუ ასე შორს იქნებოდა", - ამბობს ჩვენთან საუბარში დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელთან დაკავშირებაც "სკაიპის" საშუალებით მოვახერხეთ. როგორი ეგონა მას არჩევნებამდე დემოკრატია და როგორი აღმოჩნდა სინამდვილეში, ამის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- დემოკრატია არც შორიდან ჩანდა ადვილი, მაგრამ ახლოდან მაინც ძალიან ძნელი და მიუღწეველი ყოფილა... აბა, დემოკრატია ადვილი რომ იყოს, ყველა ქვეყანაში იქნებოდა. სულ რაღაც 40 წლის წინ ამერიკაში თეთრკანიანი და შავკანიანი ადამიანები სხვადასხვა ავტობუსით მგზავრობდნენ. ამ დროს კი საქართველოში სულ სხვანაირი ადამიანური შეგნება არსებობდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ვერც ევროპა და ვერც აზია ვერ გვასწავლის ტოლერანტობასა და იმ დემოკრატიას, რაზეც ახლა გვიკიჟინებენ. ეს თემა ვაჟა-ფშაველამ ასახა თავის ორგვერდიან ნაწარმოებში "პატრიოტიზმი და კოსმოპოტილიზმი". ის ყველაფერი, რითაც დღევანდელ მსოფლიო ლიდერებსა და დემოკრატიის მამებს თავი მოაქვთ და დიდ განსწავლულობას იბრალებენ, იმ ორ გვერდზე წერია. ახლა კი დგანან და ნოტაციებს გვიკითხავენ, ვითომ დემოკრატიის საბძელთან უნდათ მიგვიყვანონ...

იმ დღეს, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე მუშაობდნენ, რაღაც მიზეზის გამო ვერ დავესწარი განხილვას და იმ დროს მივუსწარი, როდესაც დებატები მთავრდებოდა. არადა, ძალიან მარტივი კითხვა დაისვა, უნდა ჰქონდეს თუ არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას, მიხეილ სააკაშვილს, ფარაონის უფლებები?!. ოპოზიცია ტანისამოსს იგლეჯს, უნდა ჰქონდესო. არადა, ცხრა წელია, ეს ადამიანები, ვითომ გუნდი, საქართველოს შავ დღეში აგდებენ, გააუპატიურეს და ნამუსი ახადეს ქვეყანას და ახლა დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. ვითომ ის ცოცხები და დუბინკები არც ყოფილა მათი მმართველობის ისტორიაში. მეტი დაცინვა რაღა გინდათ. ისე კი, მეცინება ამ ყველაფერზე და იცით რატომ? მე მაშინ ვიგინებოდი და ჩემი საგაზეთო ლექსიკა, ცოტა ისეთი, "არადეპუტატსკი" იყო. ახლა კი, ბოლო ასი დღის განმავლობაში, ხმა არ ამომიღია და იცით რატომ? მე მაშინ ვიგინებოდი და ვახურებდი, როდესაც ფასი ჰქონდა, ახლა ყველა ყიყინებს... ზოგი დასავლეთიდან ყიყინებს და ზოგიც აქ. თავი დაგვანებონ რა, არავისი სასწავლი არაფერი გვჭირს, როგორმე ჩვენს თავს მივხედავთ.

- კოაბიტაციისკენ მოგვიწოდა დასავლეთმა. თქვენი აზრით, როგორია კოაბიტაციაში მყოფი ხელისუფლება და ოპოზიცია?
- კოაბიტაცია თანამშრომლობასა და თანაარსებობას ნიშნავს. გააჩნია, ვისთან ითანამშრომლებ, ნაძირალებთან თანაარსებობა არ შეიძლება. ეს ორ, განსხვავებულად მოაზროვნე პარტიას შორის არის შესაძლებელი, თორემ კაციჭამიებსა და მკვლელებთან თანაარსებობა ვის გაუგია. მე მათ ოპოზიციად ვერ აღვიქვამ, ისინი დამნაშავეები არიან. მოდით ამ სიტყვას ცოტა იუმორითაც შევხედოთ, კი ამბობენ, ფრანგული წარმოშობის არისო, მაგრამ ჩვენმა მოძმე სომხებმა ასე თქვეს, - ნეტ, ეტა არმიანსკოე სლოვო და ჩვენებურად სექსს ნიშნავსო. თან ისიც დააკონკრეტეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყრილი ცოლ-ქმარი შეხვდება ერთმანეთს და თანაცხოვრებაზე არც ერთი არ ამბობს უარს...

ამ დროს ჩვენს რესპონდენტს მესტიის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ესტუმრა და ინტერვიუში ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაზეც სოსო ჯაჭვლიანი მეხუმრა, - "თქვენ ახლა, ფაქტობრივად, სასწაულს სჩადიხართ, ორ სვანთან ერთდროულად წერთ ინტერვიუს..."

ვიქტორ ჯაფარიძე:
- მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიის სიომ სვანეთში ისე ძლიერად დაბერა, გვაჟრიალებს კიდეც...
სვანეთზე საუბრის შემდეგ ისევ თბილისზე გადმოვინაცვლეთ და ბატონ სოსოს მივუბრუნდით...

სოსო ჯაჭვლიანი:
- ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" პარტიის დაფუძნება მიმდინარეობს, რასაც თითქმის ყველა რაიონში, სოფლად თუ ქალაქად დიდი ხმაური ახლავს თან. ათას კაცს, რომელიც ბოლო დღეებში გამოჩნდა, იმ ხუთკაციან ჯფუფში უნდა მოხვედრა, ამიტომაც თითქმის ყველგან ჩხუბია. ერთადერთი რაიონი გლდანია, სადაც ყველაფერი სიამტკბილობით ჩატარდა, ამიტომაც ჩემი თხოვნა და დავალება იქნება ჟურნალისტების მიმართ - სვანები დაგვაფასეთ და მოგვიარეთ!

- ძალიან რთულ დავალებას გვაძლევთ, ბატონო სოსო...
- თქვენ იხუმრეთ და ახლა მე და ვიქტორ ჯაფარიძე ტყუილად კი არ შევიყარეთ ერთად, კანონპროექტს ვწერთ.

- ამას გვიმალავდით? რა სფეროს შეეხება თქვენი კანონპროექტი?
- მოდით ჯერჯერობით არ ვიტყვით, სანამ არ დასრულდება, იტყვიან, დაგვცინიანო, არადა, მართლა ძალიან მაგარი რამ იქნება და ამაში თავად დარწმუნდებით. მოცულობითია, სპორტსაც ეხება, კულტურასაც და სოციალურ თემატიკასაც.

- სვანებს უნიკალური კანონპროექტების შედგენა შეგძლებიათ, თუ ეს ყველაფერი ერთად არის მოქცეული...
- (იცინის) ზოგჯერ გამოგვდის. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ კინოს შესახებ კანონი არ არსებობდა, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა. დოტაცია უნდა არსებობდეს, რათა რამდენიმე ფილმის გადაღება მაინც გახდეს შესაძლებელი სახელმწიფო სახსრებით. ასევე მინდა სპორტის მიმართაც შეიცვალოს სიტუაცია. ამჟამად საქართველოში პრიორიტეტული მხოლოდ ოლიმპიური სპორტია, არადა, სუმო იაპონიაში სპორტის წამყვან სახეობად ითვლება და მათ სპორტსმენებს მსოფლიო აღიარება აქვთ მოპოვებული... ჩვენ გვინდა, სპორტის არაოლიმპიური სახეობები არ იჩაგრებოდეს. ამიტომ ვაპირებ, გლდანის მოსახლეობას გამოვუცხადო, რომ მალე შეძლებენ თავიანთი შვილები სპორტის სხვადასხვა წრეზე უფასოდ ატარონ. ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს და რაღაცით უნდა წავეშველოთ.

- ისე კი, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა იმედგაცრუება, რომ დიდი მოლოდინის შემდეგ უკეთესობისკენ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა...
- არ არის ასე, თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ძალიან უჭირს და უნდათ, ყველაფერი რაც შეიძლება მალე შეიცვალოს, მაგრამ არსებობს სქემა, რომლის თანახმადაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მაგალითად, დენი რომ გაიაფდეს, რაღაც გზა უნდა გავიაროთ, არსებობს ხელშეკრულებები, რომლებიც ადრე დაიდო და ფასის განახევრებამდე, შემდეგ კი სასურველ ტარიფამდე, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ. ჩვენ ახლავე რომ გავაიაფოთ ყველაფერი, შესაძლოა, ჯარიმებიც მივიღოთ. ახლა გაზის საფასურის 10%-ით შემცირებაზეა საუბარი, მაგრამ არც ამ შემთხვევაში მოხდება ყველაფერი სწრაფად. ამიტომაც ვიპოვეთ ალტერნატივა, რათა მოსახლეობამ ცოტა ამოისუნთქოს, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც აქამდე 28-ლარიან დახმარებას იღებდნენ, 60 ლარს მიიღებენ. მესმის, რომ ესეც ძალიან ცოტაა, ბევრისთვის ერთი ლუკმაც კი... აი, ახლა ჩემს მეგობარ დეპუტატს, ბატონ ვიქტორს რომ ვუყურებ, მთელი კუბდარი ერთ ლუკმად შეჭამა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ თანდათან ყველაფერი დალაგდება.

- ლუკა კურტანიძეზეც გკითხავთ, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერან სპორტსმენებს...
- ეკა კვესიტაძესთან ღია ეთერში ვიყავი მიწვეული, სადაც უნდა მოსულიყო თემურ ყაზარაშვილიც, რომელიც თურმე ცუდად გახდა, ამ მიზეზით ვერ მოვიდა და ტელეფონით ჩაერთო. არადა, მანამდე ვიყავით შეთანხმებული, რომ ერთად გვესაუბრა ამ თემის გარშემო. სინამდვილეში რაც მოხდა, მხოლოდ მათ იციან, მაგრამ სპორტი ჩემთვისაც არ არის უცხო და რაღაცები მეც მესმის, იქ ბევრი რამ სხვანაირად ხდება. სპორტსმენებს სხვანაირი ფსიქიკა და ურთიერთდამოკიდებულება აქვთ და ზოგს რომ ჰგონია, ჩხუბია და შეურაცხყოფა მიაყენა, სინამდვილეში ეს შეიძლება უბრალო ღლაბუცი იყოს...

- ვეტერანი ფეხბურთელები ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრ­ობდნენ, ბატონო სოსო...
- როგორ ფიქრობთ, ლუკა კურტანიძეს, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონს ხელი რომ დაერტყა რომელიმე მათგანისთვის, როგორ იქნებოდნენ?!. ამის შემდეგ ისინი ტელევიზიით ამბობენ, მცემა, მაგრამ არ ვუჩივი ლუკასო, შე დალოცვილო, ტელევიზიით თქვი და მეტი რაღა გინდა?.. გამიჯნე რა, შე კაი დედმამიშვილო, სპორტი და პოლიტიკა. თემურ ყაზარაშვილს, რაინდი აბრამიშვილს და დანარჩენებს მხოლოდ თანამდებობები შეუცვალეს, თორემ ხელფასებიც შეუნარჩუნეს და სამსახურიც, მაშინ, როცა ლუკა კურტანიძეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს დროშას მაღლა სწევდა და ღირსებააყრილი ქართველი საზოგადოებისთვის სამართლიანობის დაბრუნებისთვის იბრძოდა, ერთი სიტყვა რატომ არ შეაწიეს? სად იყო მაშინ სპორტული საზოგადოება?

- ანუ ის ვეტერანები მაშინდელი დუმილის ფასს იმკიან?
- არა, ასე არ არის, მაგრამ კარგი იქნებოდა, მაშინ ერთი ტკბილი სიტყვა შეეწიათ ამ თავგანწირული ბიჭისთვის... მე თემურ ყაზარაშვილს პირდაპირ ვკითხე, შენ და ლუკა რომ ლაპარაკობდით, იმ დროს იქ რაინდი საიდან აღმოჩნდა-მეთქი? - მერე მოვიდაო, - მითხრა. ანუ ლუკასთან კაბინეტში შესულან და იქ დაუწყეს საქმის გარჩევა, წარმოგიდგენიათ?.. არადა, ლუკამ ყველა მათგანი დატოვა და ხელფასებიც შეუნარჩუნა. შე დალოცვილო, ამერიკის პრეზიდენტს რომ ირჩევენ, წინა პრეზიდენტი ეგრევე სახლში მიდის და შენ რომ ცოტა გვერდზე მიიწიო, არ შეიძლება?.. თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი მაინც მორიგდებიან და მეგობრებად დარჩებიან... ჩემი შტაბიდან ერთი ადამიანიც არ დამისაქმებია. რა ვქნა, ძველები გავყარო და ისინი მოვიყვანო? მეტიც არ უნდათ ნაციონალებს. მალე ახალი სამუშაო ადგილებიც იქნება, მაგრამ ბავშვი ცხრა თვეში იბადება, გვაცალეთ მეგობრებო...

- წინა კვირას პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განვლილი ასი დღე შეაფასა. პირადად თქვენ რას დაასახელებდით, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა?
- ამ ცოტა ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, პირველ რიგში, სამართლიანობა დაბრუნდა. იმის ფონზე, რომ მკვლელი, მსუბუქი ყოფაქცევის პრეზიდენტი გვყავდა და მთელ მსოფლიოში თავს გვჭრიდა, ახლა ყველაფერი ძალიან მაგრად არის. ამას წინათ ბათუმში "ენდიაის" ხელმღვანელ ლუის ნავაროს ვკითხე, ამერიკის პრეზიდენტი ტელევიზიით რომ გამოსულიყო და რომელიმე კონკრეტული ოჯახის განადგურების ბრძანება გაეცა, თქვენს ხალხს რა რეაქცია ექნებოდა-მეთქი. მან რაღაც ფართხუნი დაიწყო, ეს ყველაფერი ფაქტებით გამყარებული უნდა იყოსო, დალოცვილო, მეტი რაღა უნდა გაამყარო...