“ჯაშუშთა საქმის” დღემდე უცნობი და სკანდალური დეტალები

“ჯაშუშთა საქმის” დღემდე უცნობი და სკანდალური დეტალები

მიხეილ სააკაშვილი და, საერთოდ, “ნაცმოძრაობა” თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ოპერაცია “ენვერს” მიიჩნევს. იმაზე, რომ “ენვერი” პოლიტიკური თამაშების ნაყოფი იყო, თავიდანვე ლაპარაკობდნენ, თუმცა “ნაციონალური დიქტატის” პირობებში, ამ “პოლიტიკური თამაშების” გაშიფვრა არცთუ ადვილი გახლდათ. მართალია, დღეს სხვა პოლიტიკური მოცემულობაა და “ენვერის” მონაწილეებმაც, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, საპყრობილე 2013 წლის 13 იანვარს დატოვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, “ენვერის” საიდუმლო ბოლომდე გაშიფრული მაინც არაა. ამასთან, სააკაშვილი შანსს ხელიდან არ უშვებს, რომ ხაზგასმით არ ახსენოს, ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულები ციხიდან გამოუშვაო... “ქართული სიტყვა” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს “ენვერის” თითქმის ყველა მონაწილესთან. A

არმენ გევორქიანი, ბიზნესმენი, “ენვერის” მონაწილე: _ იმ ავადსახსენებელ დღეს, კაფეში ყავას ვსვამდი. უცებ, ორი, სამოქალაქო პირი და ვიდეოკამერიანი ადამიანი მომადგა. წლების განმავლობაში აჭარაში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვიყავი და, ვიფიქრე, ინტერვიუ უნდათ-მეთქი და ვინანე, მაისური რომ მეცვა... ორმა ჯიბეების ამოტრიალება მომთხოვა, მესამემ კი, რაღაცის კითხვა დაიწყო, სიტყვა ,,ჯაშუში” რატომღაც ისე შემომესმა, როგორც ,,ჩაშუშული” და უცნობებს მივუგე, ჩაშუშული არ მინდა, ყავას მივირთმევ-მეთქი... ამის მერე, ხელბორკილები დამადეს და მანქანისკენ წავედით, მაგრამ უცებ, ერთმა თქვა, თავი დაგვავიწყდაო. კაფეში შევბრუნდით, თავი დამაწევინეს და მანქანისკენ ასე წამომიყვანეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე ვიყავი... ცოლ-შვილიც ამიწიოკეს, ბავშვის საწოლიდან რაღაც “ფლეშკა” ამოიღეს, რომელზეც თითქოს საიდუმლო მასალები იყო ჩაწერილი. ამ დროს ჩემთან, სახლში სტუმრად სიმამრი იყო, რომელიც ადრე უშიშროებაში მუშაობდა. დაურეკეს და უთხრეს, ჩხრეკა შენს სახლშიც უნდა ჩავატაროთო, ანუ უნდოდათ, ჩემი სიმამრი თავიდან მოეშორებინათ, რადგან პროცედურულ დარღვევებზე შენიშვნები არ მიეცა. მართალია, ჩხრეკას მეზობლები ესწრებოდნენ, მაგრამ სასამართლოზე მოწმეებად კონტრდაზვერვის თანამშრომლები მოიყვანეს.
_ მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყველა გამოსვლაში გახსენებთ და რუსეთის ჯაშუშს გიწოდებთ. ბატონო არმენ, მართალია, ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ, მაგრამ რუსეთსა და მფრინავებთან მაინც რა გაკავშირებთ?
_ ,,ენვერის” წევრი მფრინავები სასამართლოზე გავიცანი. საქართველოს მოქალაქე ვარ _ ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, მამაჩემი ცნობილი გამომძიებელი იყო. რუსეთთან კი, ის მაკავშირებს, რაც მთელ ჩემს თაობას _ საბჭოთა კავშირში დავიბადე. ჩემს მიმართ მფრინავებისგან განსხვავებული ინტერესი ჰქონდათ _ მსოფლიოში ცნობილი ღია ტიპის ამერიკული კომპანია  Saybolt Core Laboratories Company-ის ბათუმის ფილიალის მმართველი ვარ და ნავთობპროდუქტების ხარისხის განსაზღვრაზე ვმუშაობ. ბათუმის ფილიალი 1996 წელს გაიხსნა. “სტეიბოლდის” აქციები კი, ნიუ იორკის ბირჟაზე იყიდება. სააკაშვილს კონტრდაზვერვასა და სხვა ძალოვან უწყებაში ისეთი უწიგნური თანამშრომლები ჰყავდა, რომ იფიქრეს, ამას კომპანიას ,,ავახევთო”, მაგრამ ის ვეღარ გათვალეს, რომ ამერიკელებთან ვაჭრობა არ გამოვიდოდა. ოფისიდან კომპიუტერები კი არა, ოქროს კალმისტრები, ,,დიუპონის” ფირმის საფულეების კოლექცია, ქართული ღვინოები, ვისკის ბოთლები, მოკლედ, ყველაფერი წაიღეს. სახლიდან კი, ქურდბაცაცებმა ხელს საქორწინო ბეჭდები, ბავშვების ნათლობის ჯვრები და “ნოუთბუქები” გააყოლეს. გათავისუფლების შემდეგ, მხოლოდ ნივთების ნაწილი დაგვიბრუნეს...
ჩემს მომავალს ბიზნესში ვხედავდი. ამიტომ, ვცდილობდი, საგადასახადო სტრუქტურებთან აკურატული ვყოფილიყავი და კანონი არ დამერღვია. ჩემი დაპატიმრების შემდეგ, საქმეში ამერიკის ელჩი ჩაერია და, ოთხი თვის შემდეგ, კომპანიას ლუქი მოხსნეს.
_ რაკი ბიზნესმენი იყავით, საპროცესო გარიგება არ შემოგთავაზეს?
_ ცხრა თვის განმავლობაში, სანამ გაგვასამართლებდნენ, გამომძიებელი არ მინახავს. სასამართლოზე გამომიცხადეს, რომ მოღალატე ვიყავი და ამიტომ, თავისუფლება 11 წლით აღმეკვეთებოდა. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პატიმარს განაჩენი არ ჰქონდეს. დღემდე არავის უთქვამს, თუ რაში გამოიხატებოდა ჩემი ჯაშუშობა, რა კავშირები მქონდა. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აგვისტოს ომის დროს მტერს თითქოს ფოთის პორტის, ასე ვთქვათ, წერტილებს ვაძლევდი, რის შემდეგაც იბომბებოდა ქალაქისა და პორტის ნაწილი. 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გამასამართლეს, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში ჯაშუშობას ითვალისწინებდა, თუკი ომის დროს ვჯაშუშობდი, ამ მუხლის პირველი ნაწილით რატომ გამასამართლეს? გაბო უსტალიშვილს, რომელმაც ,,აღიარა”, რომ ბორჯომის ტყეების გადაწვაში ბრალი მიუძღვოდა და, ამასთან, ,,რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემებს თარგმნიდა, ექვსი თვე მისცეს. თუკი ჯაშუში იყო, ასე იოლად როგორ გამოუშვეს?
დაკავებიდან ათი დღის განმავლობაში მთავაზობდნენ, რომ თუკი დანაშაულს ვაღიარებდი და ვინმეს ხელს დავადებდი, ანუ ვიტყოდი, რომ ჯაშუშია და ყველაფერ ამას ტელეკამერების წინ მოვყვებოდი, გარიგებაზე წამოვიდოდნენ. მთხოვდნენ, ხელი სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელ არნოლდ სტეპანიანისთვის დამედო, რომ თითქოს, რუსეთის აგენტი იყო. ასევე, მთავაზობდნენ, რომ მე თვითონ მომეფიქრებინა მეტსახელი, შემეთხზა ისტორია, როგორც ეს უსტალიშვილმა გააკეთა... მოკლედ, მითხრეს, მოიფიქრე, გააკეთე რასაც გეუბნებით და წახვალ სახლში, შენს შვილებთანო. ეს კაცი ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმეჯერ მყავდა ნანახი და ასეთი რამ როგორ უნდა მეკადრებინა?
ვაცხადებ: სააკაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს, სომეხ და ქართველ ერს შორის შუღლი ჩამოაგდოს და, დარწმუნებული ვარ, ჩახალიანის მიმართ მისი განცხადებებიც ამას ემსახურება!
როცა ვერაფერს გახდნენ, თავი დამანებეს და გამასამართლეს. 2010 წლის 15 ოქტომბერს დაგვაკავეს. ჩვენს საქმეში დევს სასამართლოსადმი მიწერილი წერილი, რომლითაც გარკვეული სტრუქტურის წარმომადგენელი ჩვენი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე ნებართვის გაგრძელებას სამი თვით ითხოვს, მოსმენას შედეგი არ ჰქონდაო, ანუ კომპრომატი ვერ ნახეს. ჩვენს ტელეფონებს დღემდე უსმენენ _ უშიშროების თანამშრომელი ნონა ვადაჭკორია დღესაც ამ საქმითაა დაკავებული, მთელი რეგიონის ტელეფონებს უსმენს და მოახსენებს ხოლმე, სადაც საჭიროა. სასამართლოზე იგი კომპიუტერის სპეციალისტის რანგში იმყოფებოდა და ისე იქცეოდა, როგორც პროკურორი უბრძანებდა. ჩვენს საქმეში იმდენი საოცრებაა, რომ მისი სიყალბე სტაჟიორი იურისტისთვისაც ნათელია.
ორმაგი აგენტი ხაიდაროვი, ვისი ჩვენების, უფრო სწორად, ტყუილების  საფუძველზეც დაგვაკავეს, დეკემბერში დაკითხეს. ჩვენ კი, ოქტომბერში დაგვაკავეს. ფილმში ამბობენ, რომ ხაიდაროვი ორმაგი აგენტი 2006 წლიდანაა. ის და ირაკლი შამილაძე 2009 წელს დააკავეს, მერე, საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. ფილმის მიხედვით კი, გმირი და მთავარი ბრალმდებელია. 2010 წლის 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, საქმის გაცნობის უფლება აქვს ბრალდებულს და მის ადვოკატს. ჩვენ 15 ოქტომბერს დაგვაპატიმრეს, მაგრამ ძველი კოდექსით მოგვექცნენ.
ღამის საათებში, გლდანის ციხის მაღალჩინოსნები მოდიოდნენ მოსალაპარაკებლად. ვეკითხებოდი, თქვენ რა უფლებით მელაპარაკებით, სასამართლოს სახელით-მეთქი? ვფიქრობდი, ყველაფერი გაირკვევა სასამართლოზე, როგორ ვერ გავიმართლებ თავს-მეთქი, მაგრამ... რაღაც საშინელი მოსასმენი იყო ხაიდაროვის ,,ზღაპრები” და უსტალიშვილის აბდაუბდა.
მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით, ვკითხო მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილს: როგორ გძინავს? როგორ მიდიხარ შინ და ეფერები შვილს, როცა მე, ოთხი შვილის მამას, ციხეში წლები უდანაშაულოდ გამატარებინე? კაბინეტის კედლები ხატებით გაქვს მოჭედილი. რა პასუხს სცემ უფალს?!
ტარიელ აბაშიძის მეუღლემ ორსულობა სასამართლოებზე გაატარა... ჩვენი შვილები შვილები არ არიან? მთელი წლის განმავლობაში, შინ დარეკვის უფლება არ მქონდა. ამბობენ, სააკაშვილმა არ იცოდა უსამართლო სასამართლოს შესახებო. ჰოდა, წინა ზაფხულს, ბათუმის ქუჩაში, ჩემმა მეუღლემ სააკაშვილამდე მიაღწია და საქმის გადახედვა სთხოვა. მან კი უპასუხა, უმიზეზოდ არაფერი ხდებაო. პრეზიდენტის დაცვამ ჩემი ოჯახის მონაცემები ჩაიწერა და ამის შემდეგ კარგა ხანს უფლება არ მქონდა, ოჯახს დავკავშირებოდი. ამის შემდეგ, პრეზიდენტიც სულ ჩემს სახელს ახსენებს _ კარგად დამიმახსოვრა. ერთხელ, ციხიდან სასამართლოში მორიგი გადაყვანის დროს, ადვოკატმა მითხრა, ჩიხში არიან, ერთი გამოსავალია: აღიარება ბრალდების რაღაც ნაწილში, მაგრამ ეს ყველამ უნდა გააკეთოს. სიმბოლური ჯარიმებით შემოიფარგლებიან ასე, 1 000 ლარითო. ბიჭებმა თქვეს, ჩვენ მაგ თანხის გადახდაც გაგვიჭირდებაო. შევთავაზე, თუ გადავწყვეტთ, მე და გალოგრე გადავიხდით მაგ 8-10 ათას ლარს-მეთქი, მაგრამ ბიჭები არც დაფიქრებულან, ჩვენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები ვართ, მოღალატის სახელით როგორ გავიდეთ და ვიცხოვროთ, შვილებს რა ვუთხრათ, როგორ აღვზარდოთო?! შემრცხვა, ასეთი აზრი როგორ მომივიდა თავში-მეთქი.
დოსტოევსკი ამბობდა: “თუკი წარმოიდგენ, რომ ღმერთი არაა ქვეყანაზე, ყველაფრის კეთება შეიძლება”. ალბათ, გლდანის ციხის თანამშრომლები სწორედ ასე ფიქრობდნენ, როცა ჩვენს თვალწინ პატიმრებზე სექსუალურ ძალადობას ახდენდნენ _ 20-25 წლის ბიჭებს პრეზერვატივებზე წამოცმული “დუბინკებით” აუპატიურებდნენ, ორლიტრიან ბოთლებში წყალს ასხამდნენ და ჩვენს დასანახად სასტიკად სცემდნენ, რომ შიში დაეთესათ. გვესმოდა, როგორ კლავდნენ თეთრაძეს, საშინელი გულის გამყინავი კივილის შემდეგ, ატყდა ყვირილი, საკაცე მოიტანეთო. ფანჯრიდან დავინახე, როგორ მიარბენინებდნენ სახეგაშავებულ კაცს საკაცით “რეზბალნიცისკენ” და მერე, ურცხვად აცხადებდნენ, გულის შეტევით დაიღუპაო.
გლდანის ციხეში მყოფი პატიმრები, ვისაც ათ წლამდე ჰქონდა მისჯილი, კრიმინალები კი არა, ტაქსის მძღოლები, პოკერის მოთამაშე ახალგაზრდა ბიჭები, ქრთამის ამღები აუდიტორები, ანუ ისინი იყვნენ, ვისაც შეიძლება, ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდო. ორი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ახალგაზრდას, რომელმაც, ვითომ, პოლიციელს პერანგი ,,დაუხია” და რომელიც საპროცესო გარიგებაზე არ წავიდა.
გავუძელით წამებას, დამცირებას... ექვსი თვე სამარტოო საკანში ვიყავი, ერთი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დავკონტაქტებივარ. კიდევ კარგი, რომ ხანდახან საერთაშორისო წითელი ჯვარი შემოდიოდა... ერთი წლის წინ, ციხეში, ,,ამინისტ ინთერნეიშენელმა” მოგვანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი... გლდანის მერვე საპყრობილეში ორი წელი და სამი თვე ვიყავი, ხშირად გვსტუმრობდნენ ეკა ბესელია, ნანა კაკაბაძე, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, გელა ნოკოლეიშვილი. პატიმრების წამების შესახებ მათ ლაპარაკი 2006 წლიდან დაიწყეს. ყველამ გაიგოს: ეს ხალხი უანგაროდ გვეხმარებოდა! დიმიტრი ლორთქიფანიძეც გვამხნევებდა, ცოტაც გაუძელით და პირველ ოქტომბერს ყველაფერი გადაწყდებაო...
2001 წელს ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დამაჯილდოვა. მახსოვს, მაშინ აჭარის ტელევიზიამ პატარა ფილმი გადაიღო. ამ დღიდან ათი წელი გავიდა და ისევ ფილმის გმირი გავხდი, ოღონდ ამჯერად _ უარყოფითი.
სტრასბურგის სასამართლოს უკვე მივმართეთ. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეიძლება, ჩვენი საქმე საქართველოში განიხილონ, მაგრამ არ ვიცი, ეს კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში რამდენადაა შესაძლებელი. ,,ენვერის” საქმეს, პირველ რიგში, გრიფი ,,საიდუმლო” უნდა მოეხსნას. ჩვენ ღირსების დაბრუნება გვჭირდება! ვიღაცამ საკუთარ კეთილდღეობას ჩემი ოჯახის კეთილდღეობა შესწირა. მამაჩემი ბათუმში დაიბადა, ცოლი ქართველი მყავს, ჩემმა ვაჟმა, სკოლაში, საქართველოს ჰიმნის შესრულებაში პირველი ადგილი დაიკავა. მან ამ ქალაქში უნდა იცხოვროს და ეამაყებოდეს, რომ ღირსეული კაცის შვილია. ღირსების ორდენის კავალერი ვარ და პატიოსან სახელს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შემიძლია, დღესვე დავწერო განცხადება ჩემი კომპანიის სახელზე და ინგლისში გადავიდე სამუშაოდ, ორჯერ მეტ ფულს ავიღებ, მაგრამ აქ მყავს ახლობლები, მეგობრები!.. ჩემი ღირსების დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ!
როგორც მითხრეს, ოპერაცია ,,ენვერის” შემსრულებელი ალექსანდრე გეჯბაია იყო. ის აბაშიძის დროს სპეცრაზმის უფროსი გახლდათ, მერე, _ კონტრდაზვერვის საიდუმლო თანამშრომელი. ორი წელი დადიოდა კრასნოდარში (ჩვენ ხომ თითქოს კრასნოდარიდან გვამზადებდნენ). ასრულებდა დავალებებს, ვითომ ვიღაცებს ,,ავერბოვკებდა”. ამ საქმიდან აღებული ფულით  ყიდულობდა ბინებს კრასნოდარში. დღეს ისიც ჯაშუშობის ბრალდებით ზის და ფული, რაც საიდუმლო სამსახურისთვის გადაუხადეს, საპროცესოში გადაახდევინეს. იქნებ, დაინტერესდეს გამოძიება, რა როლი ითამაშა ამ პიროვნებამ ჩვენს საქმეში და უამბოს ხალხს, თუ როგორ ,,კერავდა” საქმეს.

რუბენ შიკოიანი, კომპანია Saybolt Core Laboratories Company -ის მმართველის მოადგილე:  _ მეც ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, პროფესიით მეზღვაური ვარ და ხშირად დავდიოდი შორეულ ნაოსნობაში. “საიბოლტში” 1997 წლიდან ვმუშაობ... იმ დღეს სასახურში გახლდით. ოფისში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები მოვიდნენ, ყველაფერი გადააქოთეს, თარჯიმანი მოიყვანეს და ბრალდება წამიკითხეს. ჩემი შავი “ფლეშკა”, რომელზეც ბანკის კოდები მქონდა ჩაწერილი, მაგიდაზე იდო... დაკავების მომენტში რამდენიმე დუბლად გადაიღეს. მერე, უშიშროებაში დაკითხვაზე წამიყვანეს, სადაც პლუჟნიკოვი ახსენეს. ვუთხარი, არ ვიცნობ-მეთქი. ერთმა თანამშრომელმა კორიდორში გამომიყვანა და მითხრა, იცი, ყველაფერი უთხარი დროზეო... საუბარი არ გამოვიდა და თქვეს, “ნიჩეგო ნი გავარიტ”, წავედით თბილისში...

ტარიელ აბაშიძე, უფროსი ლეიტენანტი, ეკიპაჟის მეორე მფრინავი: _ კოპიტნარის აეროპორტში დილიდან მოგვაწყვეს. მერე, ოთხნი ბათუმში გაგვაგზავნეს. ბათუმის შესასვლელთან, რესტორან ,,სანაპიროსთან” “ჯიპები” გადაგვიდგნენ და ხელბორკილები დაგვადეს. ჩვენი დაპატიმრების ,,შთამბეჭდავ” კადრებს კამერა ბათუმის ხედების ფონზე იღებდა. თავიდანვე ყველაფერი არაპროფესიონალურად გამოიყურებოდა... ჩემს სახლში საჩვენებელი ჩხრეკა ჩაატარეს, ამიტომაც, სეიფი, სადაც იარაღი _ მამაჩემის გაფორმებული თოფი ინახებოდა, არ უნახავთ.
ბათუმის საავიაციო სასწავლებელი დავამთავრე, კურსზე ცამეტნი ვიყავით. აჭარის რევოლუციის შემდეგ, ახალმა მთავრობამ თბილისში გადაგვიყვანა, ერთი წელი შსს-ს ავიაციაში დავყავი, 2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. მხოლოდ სამხედრო, სასაზღვროსა და სადესანტოს კი არა, სამთავრობო დავალებებსაც ვასრულებდით. არაერთხელ პარლამენტის წევრები,  პრეზიდენტი და პრეზიდენტის დაცვის წევრებიც გადაგვიყვანია. როგორც გვითხრეს, ჩვენზე დაკვირვება ოთხი წელი მიმდინარეობდა. თუკი ასე იყო, მაშინ დაკავებამდე ერთი წლით ადრე, როგორ მოვხვდი პრეზიდენტის ეკიპაჟში? თუ ჯაშუშები ვიყავით, ომის დროს როგორ გვენდენ? ჩვენ ხომ საბრძოლო დავალებებს ვასრულებდით _ აჭარიდან თბილისში ვერტმფრენით შეიარაღება გადაგვქონდა. 2008 წლის 2 აგვისტოდან, კოდორის ხეობაში, მივლინებაში ვიმყოფებოდი. იქ ვიყავი, როცა კოდორის დაბომბვა დაიწყო, დაბალ სიმაღლეზე ფრენით დავბრუნდი ბათუმში. ჩემს მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები არ ყოფილა, მაგალითად, ის, თუ როგორ მოვიპოვებდი ინფორმაციას, რა გზით, ან ვის გადავცემდი. საქმეში წერია: ,,გამოძიების მიერ დაუდგენელ ვითარებაში”, ,,დაუდგენელ გარემოებებში”, “დაუდგენელ დროს”, ,,დაუდგენელ პიროვნებებთან”...  თუ დაუდგენელია, მაშინ რას ვაკეთებდი უკანონოს? ჩემთანაც “ფლეშკას” ეძებდნენ, არადა, არც კომპიუტერი მქონდა და, შესაბამისად, არც _ “ფლეშკა”... “ფლეშკასთან” დაკავშირებით ექსპერტიზა მოვითხოვეთ, მაგრამ მოსამართლე და პროკურორი წინააღმდეგ წავიდნენ. ჩემი მეუღლე მეორე შვილზე ფეხმძიმედ იყო. მეშინოდა, ამდენი ნერვიულობით არაფერი დამართნოდა... საარჩევნო კამპანიის დროს, გიორგი ბარამიძე რას აღარ ჰპირდებოდა ბათუმელ ამომრჩევლებს. ჩემმა მეუღლემ სთხოვა, გაცნობოდა საქმეს. ბარამიძე დაპირდა, მაგრამ ეს პირობა, რა თქმა უნდა, არ შეასრულა. არჩევნების შემდეგ, ჩემი მეუღლე ბარამიძეს კიდევ შეხვდა და ეს შეხვედრა სერიოზულ უსიამოვნებაში გადაიზარდა _ ბარამიძემ ჩემს მეუღლეს მიახალა, რუსებთან ომი შენი ქმრის მსგავსი ჯაშუშების გამო წავაგეთო... ციხიდან რომ გამოვედი, მეორე შვილი ორი წლის და რვა თვის დამხვდა _ ორი კვირა ბიძიას მეძახდა, ერთმანეთს ნელ-ნელა ვეჩვევით.
ერთი წლის განმავლობაში ოჯახებთან პაემანი არ გვქონდა. პირველი პაემანი რომ ჩაგვინიშნეს, მეუღლე ორი წლის და ოთხი თვის ბავშვით, საშინელ სიცხეში, თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ შეხვედრის ნება არ დაგვრთეს...

გოჩა დიასამიძე, უფროსი ლეიტენანტი, მეორე რგოლის მოვალეობის შემსრულებელი, მფრინავ-ინსტრუქტორი: _ სასამართლოზე არავის უკითხავს, თუ რა ვიჯაშუშე, ვის რა გადავეცი. შეკითხვები ასეთი იყო: ასლან აბაშიძეს ახლოს იცნობდით, რამდენჯერ გყავთ ნანახი, სასწავლებელში თუ მოდიოდაო? პროკურორის საბრალდებო სიტყვა ასეთი იყო: რაკი უსტალიშვილმა აღიარა, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ყველანი ჯაშუშები ხართო... უსტალიშვილს ოჯახს აწიოკებით ემუქრებოდნენ და ამას უსტალიშვილმა ვერ გაუძლო. მის მიერ შეთხზული ჯაშუშობის ამბავი მოსამართლემ სხდომაზე წაიკითხა და იმანაც თავი დაუქნია, სწორიაო. როცა გაბოს შეკითხვა დაუსვეს, ესენი ჯაშუშები არიან თუ არაო, მან უთხრა, არაო. “აღიარებაში” უსტალიშვილს ეწერა, რომ თითქოს რუსებს გადასცა ინფორმაცია ბორჯომის ხეობაში ჩვენი თვითმფრინავების ყოფნის შესახებ. დოკუმენტურად დავადასტურებ, რომ არავინ, “საქავიონავიგაციის” დისპეტჩერმაც კი, არ იცოდა, ჩვენ რას ვაკეთებდით. ათი რეისი მაქვს გაკეთებული კოდორიდან _ ცხრა აგვისტოს ბავშვები და ქალები წამოვიყვანე. უსტალიშვილმა ეს არ იცოდა, იგი 8 აგვისტოს სენაკის ბაზაზე ავტომატით იდგა.
სასამართლოზე გელა ნოკოლაიშვილმა დაუსვა შეკითხვა, რის საფუძველზე მიეცი რუსებს ცნობა, რომ ვერტმფრენები ბორჯომის ხეობაში იყვნენ და რის მერეც ტყეები გადაწვესო. უსტალიშვილმა უპასუხა, ჩემი ვარაუდის საფუძველზეო. უსტალიშვილს ჩვენთვის ხელი არ დაუდვია, მხოლოდ ამბობდა, მე ვარ ჯაშუშიო.
ენვერ ხაიდაროვი, რომელიც საზღვაო ძალების სარდალი იყო, მუნდირის შემლახველია და თვითონაც ვერ გაურკვევია, რომელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ფილმში ცინიკურად ამბობს, როცა რუსებმა გადამიბირეს, ამის შესახებ ჩვენს სპეცსამსახურებს ვაცნობე, რადგან გადავწყვიტე, სამშობლოს ვემსახუროო. ეს გაუგებარი წარმოშობის კაცია, რომელიც ამბობს, ლაზი ვარო და მისი ფსევდონიმი ,,გიორგი აბაშიძეა”. იგი ჰყვება, თუ როგორ საუბრობდა რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებთან და როგორ მსჯელობდა დალევის დროს ქართველ  მფრინავებზე, როგორ უთხრა რუსმა ოფიცერმა, ბათუმში არიან მიშა კვაჭანტირაძის მეგობრები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას საქართველოს საავიაციო ძალების შესახებო. როგორ შეიძლება, საქართველოს 30-კაციან ესკადრილიაში ექვსი ჯაშუში ყოფილიყო, თანაც, თურმე, ჩვენივე თანამშრომლის, სლავას კომპიუტერიდან ვიპარავთ ინფორმაციას. სლავა ცალკე იმიტომ დააკავეს, რომ ამაზე ჩვენთან არ ელაპარაკა...
სხვათა შორის, ჩემს გამომძიებელს არ ვიცნობ, ჩემი დაკითხვის ოქმიც არ არსებობს... ჩემივე სასამართლოზე მე ვიყავი ექსპერტი და პროკურორი ხშირად მეუბნებოდა, მოდი, რა, ძმურად, ამიხსენი, ეს რას ნიშნავსო. როცა სასამართლოზე სამხედრო ექსპერტ ალადაშვილის დასწრება მოვითხოვეთ, უარი გვითხრეს...
სხვათა შორის, ჩემს “ფლეშკაზე” ვერტმფრენ ,,მი 8”-ს სახელმძღვანელო აღმოაჩინეს. ამ ვერტმფრენს რუსეთი 1956 წლიდან უშვებს. უკრაინის კრემენჩუკის სამხედრო-საავიაციო სასწავლებლის საიტზე რომ შეხვიდეთ, ამ ვერტმფრენზე ყველაფერი წერია...
“ფლეშკაზე” პირადი შემადგენლობის კორპორაციული ტელეფონების სიაც “აღმოაჩინეს”, რომელიც ჩემი კაბინეტის კედლიდან ჩამოხსნეს, დასკანერებულს, ბოლოებში, ჭიკარტის ადგილებიც ეტყობოდა. სხვათა შორის, ეს სია ესკადრილიის შემოსასვლელში, საინფორმაციო დაფაზე ჰკიდია და საიდუმლო არავისთვისაა. ასევე, “იპოვეს” კოპიტნარიდან ორფოლოს პოლიგონზე გადაფრენის სქემა _ მარშრუტი, კურსი, სიმაღლე, სიჩქარე, საწვავი. ეს ჩემი სამუშაო მასალაა, რაც ყველა მფრინავს აქვს-მეთქი. სად არის აქ გრიფით “საიდუმლო” დოკუმენტი? ჩემი “ფლეშკა” სახლში, ბავშვის კომპიუტერთან იპოვეს, ე.ი. მე, ჯაშუშმა, ბავშვის კომპიუტერთან დავტოვე “ფლეშკა” საიდუმლო ინფორმაციით.
ჩვენ უსტალიშვილს არ ვემდურით: გლდანის ციხეში ისეთი პირობებია, ნებისმიერს კენედის მკვლელობას გვაღიარებინებდნენ. კი, გვესმის, რომ ვერ გაუძლო, მისგან გმირობას არავინ ითხოვს, მაგრამ გამოვიდეს და თქვას, როგორ აიძულეს, რომ ამდენი სისულელე ეთქვა. სწორედ მისი ,,აღიარების” საფუძველზე, პროკურორმა ირიბად დაგვდო ბრალი.
რაც შეეხება მიხეილ კვაჭანტირაძეს: ერთად ვსწავლობდით საფრენოსნო სასწავლებელში. მიშა აეროპორტში მუშაობდა და როცა სასწავლებელი დავამთავრეთ, თქვა, პროფესია მაქვს, ვმუშაობ _ ხელფასს მიხდიან, მირჩევნია, იქ დავრჩეო. მერე, ოჯახთან ერთად, რუსეთში წავიდა, ხანდახან ჩამოდიოდა და  ერთმანეთს კაფეში ვხვდებოდით. ბოლოს, ომამდე ჩამოვიდა და მას შემდეგ არც ტელეფონზე, არც ინტერნეტით კავშირი არ გვქონია. მიშა ერთ-ერთი მფრინავის შვილის ნათლიაა...
გლდანის ციხის ჯოჯოხეთზე ბევრი რამ დაწერილა... როცა თეთრაძე მოკლეს, საშინელი კივილი გავიგე: თქვე, ნაძირალებოო... ასეთ დროს ამოწმებდნენ, რომ ვინმეს ჭუჭრუტანიდან არაფერი დაენახა, თუ მოგისწრებდნენ, დაგსჯიდნენ, მაგრამ იმ მომენტში, ეტყობა, არ ეცალათ. რამდენიმე ხნის მერე, გაისმა, ბიჭო, დროზე, საკაცე მოიტანეო... ორმა თანამშრომელმა საკაცეთი “რეზბალნიცისკენ” სახეზე გაშავებული კაცი გააქანა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ეს თეთრაძე იყო... 2011 წლის 17-დან-20 სექტემბრამდე ალეკო ჯანჯღავას დავყავდი დაკითხვებზე და მეუბნებოდა, რამდენ ხანს უნდა იჯდე, ხომ იცი, ჩვენ შეგვიძლია, შეგიწყალოთ, ,,უდო”-ც შეგახოთ, გაგიშვათ, თუ იცი ვინმე თავდაცვის სამინისტროში, ხელი დაადეო. ვპასუხობდი, ჯაშუში არც მე ვარ და ვის დავადო ხელი-მეთქი. მერე მითხრა, ოჯახი არ გიყვარს? ვიღაცაზე თქვი და დაგეხმარებიო. როგორც ჩანს, უნდოდათ, ვინმეს ხელი თეთრაძეზე დაედო. უცებ, მკითხა, ამდენი ძმა გყავს და ჩვენთან, ციხეზე რომელიაო? ეს საშინელი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. არ მომცეს უფლება, რომ სახლში დამერეკა. სამი ღამე თეთრად გავათენე... ჩემი უმცროსი ძმა, რომელსაც სატვირთო მანქანა ჰყავს და თურქეთიდან “რეისებს აკეთებს”, საზღვარზე დღესაც გაწითლებულია _ ყოველ შემოსვლაზე აშიშვლებენ და ლაზერით ჩხრეკენ. წნეხი მხოლოდ ჩემზე კი არა, ოჯახზეც იყო...
საკანში სხვადასხვა ჯურის დამნაშავესთან, მათ შორის, კრიმინალებთან მიწევდა ,,კოჰაბიტაცია”. მათ ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ჩემს გამო სცემდნენ, ,,პრაგულკაზე” არ უშვებდნენ, პრესას არ აძლევდნენ. ერთხელ, ვითომ ,,კაბურის” საძებნად შემოვიდნენ, გაიყვანეს ყველა, ცემა დაუწყეს და ეუბნებოდნენ, ხომ იცით, “კამერაში” ვინ გიზითო... ჩემს გარდა ყველა გალახეს... ერთმანეთს გვაჭმევინებდნენ.
ერთხელ, კამერაში რეჟიმის უფროსი, ოლეგ ფაცაცია შემოვიდა და საწოლზე ფეხი შემოდო, ა, ბიჭო, როგორა ხარ, ახლა? ეს რომ დაინახეს, დამსმენად აღმიქვეს. ამ დროს ფაცაციას ლურჯი შუშის თვალები ჰქონდა. ერთმა სტაჟიანმა ნარკომანმა მითხრა, გოჩა, ეს გაგუდულ კაიფშია, ერთი კილო “კოკაინი” მაინც აქვს ნაყნოსიო...
მე, გოჩა დიასამიძე, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყების _ გენერალ მაზმიაშვილის მედლით დამაჯილდოვეს. სანამ დამაკავებდნენ, 2010 წლის ოქტომბრის დასაწყისში, უმწიკვლო სამსახურისთვის კიდევ ერთი მედალი გადმომცეს. მერე, ,,რუსთავი 2” ატრიალებდა, რომ სააკაშვილის ოპერაცია ,,ენვერის” წარმატებით შემსრულებლებს მედლებს ჰკიდებდა, თან ამბობდა, ჩვენგან უნდა ისწავლონ, თუU როგორ დაიჭირონ ჯაშუშებიო. ამ დროს კრემლში კონცერტი იმართებოდა _ რუსეთი საგარეო დაზვერვის დღეს აღნიშნავდა, ორი დღის შემდეგ, პრეზიდენტი ლისაბონის სამიტზე ჩავიდა, სადაც ჩვენზე ილაპარაკა, აი, რა პირობებში გვიწევდა მოქმედება და ომი ამიტომ ვერ მოვიგეთო, ანუ ის, რასაც უგულავა გორში ხელძღვანელობდა, ,,გააპრავა” _ 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო ვითარებას თბილისის მერი აკონტროლებდა...
მოკლედ, ჩვენ საჩვენებლად დაგვსაჯეს, თუმცა ჩემი აზრით, საქმე მარტივად სულაც არაა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში ავიაცია სამხედრო ელიტა და ყველაზე ძვირადღირებული დანაყოფია, რომლის მომზადებასაც მილიონები სჭირდება _ ერთი მფრინავის მომზადება, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე მეტიც ჯდება. თავდაცვის უწყებების დაშინების პოლიტიკა მიდიოდა, რათა  დაკნინებული ყოფილიყო. 2009 წელს, ე.წ. მუხროვანის ამბოხების მერე, ჯარმა კონტრაქტების დარღვევა დაიწყო _ სამხედრო სამსახური ბევრს აღარ უნდოდა, რადგან დაინახეს, თუ როგორ იოლად გაწირეს პროფესიონალები და პატრიოტები. სენაკის ბაზაზე ვიდეო-კამერები ეყენა _ აკონტროლებდნენ ნებისმიერის გადაადგილებას. მთელი ბათუმი ლაპარაკობს, მხოლოდ თქვენი კი არა, ვიღაც-ვიღაცების მოყოლებაც უნდოდათო. 6 მფრინავი დაგვიჭირეს, დანარჩენები კი, სამსახურებიდან გაყარეს. რომელი მფრინავი მოაწერს ხელს იმ სამსახურიდან წასვლაზე, სადაც ათას დოლარზე მეტი ხელფასია? ვიდრე გამოყრიდნენ, კლავდნენ ცემაში და ეუბნებოდნენ, მადლობა თქვით, რომ არ გიჭერთო. რომელი მტრული ქვეყანა არ ინატრებდა, რომ ამდენი მფრინავი და საბრძოლო მანქანა გამოეყვანა მწყობრიდან? მგონი, რუსებმა ჩანერგეს თავდაცვის სამინისტროში პირები, რომლებსაც შეუკვეთეს ჩვენი მწყობრიდან გამოყვანა იმიტომ, რომ 2008 წლის ომის დროს ჩვენ, სენაკის ესკადრილიამ რუსებს ძალიან დიდი ზარალი მივაყენეთ.

ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, უფროსი ლეიტენანტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, მეთაურის მოადგილე: _ 2005 წელს თბილისში, სამხედრო პოლიციაში გამომიძახეს. გამიკვირდა, ჩემთან სამხედრო პოლიციას რა უნდა-მეთქი. ალექსანდრე მაისურაძემ კაბინეტში საუბარი წამოიწყო ჩემს თანაკურსელ მიშა კვაჭანტირაძეზე, რომელიც დიდი ხანია, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. შემომთავაზა, კვაჭანტირაძე საახალწლოდ ბათუმში ჩამომეყვანა, ხარჯებს ავანაზღაურებთო. შემდეგ, შემეთავაზებინა, რომ ,,დავავერბოვკებდით” და ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებდა. ამიხსნეს, თუ როგორ წარიმართებოდა ჩვენი ურთიერთობა _ შევქმნიდით პაროლებს, მეტსახელებს, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი ვუთხარი, თქვენთან საქმე არ მაქვს და არც მინდა, მქონდეს-მეთქი. მითხრეს, მოიფიქრეო და გამომიშვეს. მთელი წელი მირეკავდნენ ხან დაფარული ნომრით, ხან _ ღია, მეთაურსაც ურეკავდნენ. ეს ის მეთაურია, რომელიც ჩემი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს. ავიაციის მთავარსარდალმაც იცოდა ამ ფაქტის შესახებ. იმ ზომამდე მივედი, სამსახურის დატოვებას ვაპირებდი.
ერთ მშვენიერ დღეს, 2010 წლის სექტემბერში, ბათუმში გამაგზავნეს, თითქოს მინისტრი ჩამოდიოდა და ვერტმფრენებთან დაკავშირებით რაღაცები აინტერესებდა. სამი საათი ბათუმის სამინისტროში ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ისევ იმ საკითხის გამო ვიყავი დაბარებული. ბოლოს, გამომიცხადეს, რომ ჩემს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. უნდოდათ, ვიდეოკამერის წინ მეთქვა, რომ მიშა კვაჭანტირაძესთან ერთად, ჯაშუშურ ქსელს ვაბამდი. მერე, თბილისში გადამიყვანეს ხუთი მანქანით... სასამართლოზე პროკურორმა პირდაპირ მითხრა, თუ არ აღიარებ, 30 წლით ჩაგსვამო. ომის მონაწილე უფროს ლეიტენანტს, ვისაც ავტომატის ტარების უფლება მქონდა, სამხედრო ნაწილში, სამხედრო ჩანთაში ცხრა ტყვია მიპოვეს და ამის გამო ორწელიწადნახევარი დამიმატეს. სულ 15 წელი გამომდიოდა.
...ჩემს სახლში, ჟურნალების მაგიდაზე ნაპოვნ “ფლეშკაზე” ისეთი “საიდუმლო დოკუმენტები” იყო ჩაწერილი, რომლებსაც გენერალიც კი ვერ მოიპარავდა _ თუკი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვინმეს ასეთ დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი დაუცველი სამხედრო შენაერთი საერთოდ უნდა გაანადგურო. მივხვდი, რომ მათთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა _ სხედან, იცინიან, ყურადღებას არ გაქცევენ... როგორც მერე გავიგე, 18 სექტემბერს “ამიყვანეს” თვალთვალზე _ ქალი მომიგზავნეს.. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა თარიღებს, რაც ბრალდებულის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.
დაკავებამდე ორი კვირით ადრე, კოპიტნარიდან მოვდიოდი, თურმე, სპეციალურად ადრე გამიშვეს... “მარშრუტკას” ველოდებოდი, უკაცრიელ ადგილას ვიღაც გოგო გამოჩნდა და ჩემს გვერდით დადგა. ერთმანეთი გავიცანით და ორი კვირა ვმესიჯობდით. 18 სექტემბერს დამირეკა, ინტერნეტკაფეში ვარო და დაჟინებით მომთხოვა, მივსულიყავი. იქ ჩუმად, თურმე, ფოტოები გადამიღო. ასე გაჩნდა ჩემს საქმეში “მტკიცებულება”, თუ როგორ გადავცემდი ინტერნეტ-კაფედან ინფორმაციებს მეკავშირეს.
კარანტინში 40 დღე ისე მცემდნენ, რომ მხედველობა დავკარგე. საცემად პირველად 25 ოქტომბრის ღამეს გამიყვანეს, თვითონ მუხაძე მცემდა _ პირველმა დამარტყა. დირექტორის კაბინეტში რომ ამიყვანეს, შვიდი კაცი იჯდა და დაიწყეს, აღიარე და ჩვენ პლასტიკურ ოპერაციასაც გაგიკეთებთ, რომ ვერავინ გიცნოს.. იქნება, გეშინია და ვერ ამბობო. ვუთხარი, არაფერში მჭირდება სახის შეცვლა და არც ფულის აღება ადამიანის გაფუჭებაში, მერე, ამ ქვეყანაში როგორ ვიცხოვრო-მეთქი... თავი დამანებეს.
ჩვენმა მეგობარმა მფრინავებმა და მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სამშობლო არ გაგვიყიდია და არც ქართველი ოფიცრის სახელი შეგვირცხვენია.