“ხელისუფლებამ ოპოზიციას არ უნდა მისცეს საბაბი” – დაუჭერს თუ არა მხარს ქუჩის პროტესტს საზოგადოება

“ხელისუფლებამ ოპოზიციას არ უნდა მისცეს საბაბი” – დაუჭერს თუ არა მხარს ქუჩის პროტესტს საზოგადოება

“მასობრივ გამოსვლებს და აჟიოტაჟს არ ველი. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ ახლა ოპოზიციას არ მისცეს არანაირი საბაბი და საშუალება იმის, რომ მელიას დაკავებაზე ხელი მოითბონ” - ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია როგორც იქცევა, ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმის, თუ როგორი დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვთ. განასკუთრებით კი იმ პარტიებში, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს.

საუბარი იმაზე, რომ ენმ-ის ოფისს ბარიკადებით ჩავკეტავთ, ჩავრაზავთ და პოლიცია თუ დაგვარტყამს, ჩვენც დავარტყამთ, მსგავსი საქციელი არცერთი ევროპული ქვეყნის ოპოზიციას არ ჩაუდენია.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი მაგალითი და ქცევა, არცერთ ცივილიზებულ ქვეყნებში არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ყველაფერს, როდესაც უცხოური ჟურნალისტები, დამკვირვებლები, პოლიტიკოსები თვალს ადევნებენ, საქართველოზე რა სახის წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ.

ზაალ ანჯაფარიძე: სიმართლე გითხრათ, ამ მოვლენას ასეთი კუთხით უფრო ვუყურებ, ვიდრე სამართლებრივ ასპექტებს, რომელიც მელიას საქმესთან არის დაკავშირებული. რეალურად კაცმა რომ თქვას, ეს ადამიანი კანონდარღვევაზე სრულიად შეგნებულად მიდის. ამას თავადაც არ უარყოფს და იმით ამართლებს, რომ კანონი უსამართლოა და სისტემა ებრძვის.

თუნდაც ეს ახსნა-განმარტება, რაც მას აქვს, მის საქციელს და ოპოზიციის ქმედებებს რასაც ახლა აკეთებენ, ევროპულ სტანდარტებში ჯდება? თუ ეს პრეცედენტი შედგა, სადაა გარანტია, რომ იგივე სიტუაციაში ნებისმიერი ოპოზიციონერი არ იზამს და იმედი ექნება, რომ რაც არ უნდა დააშავოს და კანონი დაარღვიოს, ეს საქციელი შერჩება.

„რეზონანსი“: ხომ არ ფიქრობთ, რომ „ოცნებამ“ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც მელიას იმუნიტეტი მოხუსნა?

ზ.ა: „ოცნებამ“ არჩია ერთის მხრივ სარისკო, მაგრამ სახელმწიფოებრივი კუთხით საჭირო და აუცილებელ გადაწყვეტილება. შეიძლება ეს რაღაც პრობლემებად დაუჯდეს, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრებასთან ურთიერთობის გარკევევის ფასად, მაგრამ თუ ცოტა საკუთარი ცხვირის იქით გავიხედავთ, სახელმწიფოებრივად მაინც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ნიკა მელია თუ კი ამ ქცევით ფიქრობს, რომ საკუთარ პოლიტიკურ სახეს შექმნის და საააკაშვილის ჩრდილიდან გამოვა, ძალიან ცდება, რადგანაც მისი მოქმედება ჩვეულებრივი პოლიტიკური ბანდიტიზმია.

არაა გამორიცხული მელია სააკაშვილის მითითებით მოქმედებდეს, რადგანაც მისი დღის წესრიგი სწორედ დესტრუქციასა და რადიკალიზმზე გადის. ის საქართველოში რევოლუციის მოხდენაზე მუშაობს.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიტუაციის რადიკალიზაცია მის ინტერესებში შედის. მელიას შერჩევა პარტიის თავმჯდომარედ შემთხვევითი არ არის, რადგანაც მას ზუსტად ასეთი ტიპის ლიდერი სჭირდებოდა. ის მელიას იყენებს და ფორმალური თავმჯდომარეობის ეგიდით უფრო კონკრეტულ საქმეს აკეთებინებს, რომელიც მხოლოდ ქვეყანას აზიანებს.

„რ“: ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ მოტივით ქუჩაში ხალხის გამოყვანას შეძლებს?

ზ.ა: ხალხი გამოვა თუ არა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გასაგებია საზოგადოების ერთ ნაწილში უკმაყოფილება არსებობს და ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს, რომელიც მელიას დაკავების საქმეს ეხება, შეიძლება ვინმე გამოეხმაუროს.

თუმცა მისი დაკავების გამო ხალხი რევოლუციას არ მოაწყობს და ქუჩაში არ გამოვა. მთავარი კი იმაშია, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ეს კრებითი ნათელაშვილის „ფანჩატურის“ ოპოზიცია იბრძვის არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ მისი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება. როცა ხალხი ამას ხედავს, ოპოზიციის დაძახილზე ქუჩაში ნაკლებად გავა.

სოციალურ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე, რა თქმა უნდა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს გარკვეული საზღაურის ფასად სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ფულის სანაცვლოდ მოიყვანონ აქციაზე და რაღაცა პერიოდი გააჩერონ.

ჩვენ ეს პრაქტიკა ვიცით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ არაერთხელ გამოყენებული ყოფილა. ამიტომაც ამ ოპოზიციისგან გამორიცხული არაფერია. თუმცა, რამე მასობრივ გამოსვლებს და აჟიოტაჟს არ ველი. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ ახლა ოპოზიციას არ მისცეს არანაირი საბაბი და საშუალება იმის, რომ მელიას დაკავებაზე ხელი მოითბონ.

„რ“: ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა და დასუსტებულია. ამიტომაც მათ ახლა უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ ხელისუფლება სახლში გაუშვან...

ზ.ა: თუ კი პარტიის და ხელისუფლების შიგნით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ რამე აჟიოტაჟი და გაურკვევლობაა, შიგნით მოაგვარონ. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიების შიგნით რაღაცა საკითხებზე შეუთანხმებლობა ხდება. ეს ყველაფერი გარეთ არ გამოიტანოს და ოფისის კედლების ფარგლებში მოაგვაროს.

ასევე, ძალიან სერიოზული ყუარდღება ოფისის შიგნიდან ინფორმაციის გაჟონვის პრობლემას უნდა მიექცეს. წლებია რაც „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა და სამწუხაროდ პარტიის ოფისიდან ტიპიური ინფორმაციები გამოდის ხოლმე, რასაც ოპოზიცია სათავისოდ იყენებს

„ოცნებამ“ ახლა ივანიშვილის წასვლის შემდეგ რამე ხელჩასაჭიდი საქმე უნდა აჩვენოს, რომელსაც რიგითი მოქალაქე იგრძნობს და ხელს მოკიდებს. სწორედ ამით შეუძლია დღეს „ოცნებას“ ის ზეწოლა და შემოტევა გაანეიტრალოს, რასაც ოპოზიცია ახორციელებს.

თუ კი ხელისუფლება ხალხთან დიალოგში არ იქნება, ეს შეიძლება მას ძვირადაც დაუჯდეს. ამას ხელისუფლება უკვე აცნობიერებს და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრებიც კი დაიწყო. ამიტომაც საზოგადოებასთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციაა საჭირო.