"გივი თარგამაძე საქართველოდან ვეღარ გავა"

"რა თქმა უნდა, მოსაწონი არ იყო ის, რაც მოხდა 8 თებერვალს, მაგრამ მინდა ავუხსნა სააკაშვილს და მის "ნაცმოძრაობას", რომ ეს არის ბუნებრივი რეაქცია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ამ ცხრა წლის განმავლობაში აწამებდნენ, ხოცავდნენ. "ნაცმოძრაობას" არა თუ არ უნდა მისი დანაშაულის გაცნობიერება, არამედ კარგად გვახსოვს, სააკაშვილი მერაბიშვილს სახელმწიფოს ხერხემალს რომ უწოდებდა. "ნაცმოძრაობის" ის ლიდერები, რომლებიც 8 თებერვალს წუწუნებდნენ, სწორედ ის ადამიანები უკრავდნენ ტაშს მერაბიშვილს და იწონებდნენ ადამიანების დარბევას და ცემა-ტყეპას. "ნაცმოძრაობა" კი არ ინანიებს ამ დანაშაულს, არამედ პირიქით, აქეთ გადმოდიან შეტევაზე. მე მესმის ლუკა კურტანიძისა, რომელმაც მწვავე ინტერვიუ მისცა "ასავალ-დასავალს", მესმის კობა დავითაშვილისა, როცა ვერ მოითმინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სერგო რატიანს. დებატების დროს "ნაცმოძრაობა" არასოდეს პასუხობს შეკითხვებს პირდაპირ", - აცხადებს კოალიცია ქართული ოცნების წევრი დავით კუპრეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გივი თარგამაძე საქართველოდან ვეღარ გავა".

"ახლა ყოველდღიურად მართავს მოლაპარაკებებს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობასთან. ჯერჯერობით პოზიციების დაახლოებაზე საუბარი არ არის. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მას ჩამოერთვას ერთპიროვნულად მთავრობის დამტკიცების უფლება. ნაცებს არ უნდათ, რომ ხელისუფლებამ წინ გადადგას ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ამიტომაც სურს მას, ეს ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციაში. დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს და მერე მაინც მოვლენ გონზე ნაცები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კუპრეიშვილი.

"ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთთან მშვიდობიანი თანაარსებობა. სხვა მიზანი საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება არც ახლა და არც სხვა დროს. ჩვენ რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება პოლიგონი რუსეთზე თავდასასხმელად. ევრაზიული თუ სხვა კავშირები ეს განუხორციელებელი რამ არის. ყაზახეთი, სომხეთი დამოუკიდებელი გაეროს წევრები არიან, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათ დაპყრობას რუსეთი ვერ მოახერხებს. ყველა სახელმწიფო ცდილობს გააძლიეროს თავისი ეკონომიკა, თუ ბელორუსი, სომხეთი და ყაზახეთი რუსეთთან კავშირში ხედავენ ამის განხორციელების გასაღებს, ეს მათი საქმეა. ჩვენ კი ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ. საქართველოსაც ექნება რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტები, მაგრამ არანაირ სამხედრო გაერთიანებაში მასთან ერთად ყოფნაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ მივისწრაფით ნატოში გაწევრიანებისკენ. იმიტომ არ გვიღებდნენ ნატოში, რომ სიტყვით აცხადებდა სააკაშვილი ნატოში გვინდაო, საქმით კი ნატოს და თავისუფალი სამყაროსგან სრულიად განსხვავებულად მოქმედებდა, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა. ნამდვილი ტოტალიტარული რეჟიმი იყო დამყარებული. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ქვეყანაში რეფორმები და მერე უკვე დადგება ჩვენი ნატოში შესვლის საკითხი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გივი თარგამაძე საქართველოს მოქალაქეა, ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ თავის მოქალაქეებს არ გადასცემს უცხო ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ საფუძველი ედავონ თარგამაძეს. მინსკში, კიევში თარგამაძე ძალიან აქტიურობდა საპროტესტო აქციების ორგანიზების თვალსაზრისით. თარგამაძე არის ტიპიური ავანტიურისტი, რომელიც ვითომ დემოკრატიის და ფერადი რევოლუციების სახელს არის ამოფარებული, მაგრამ ცდილობდა პატარა გადატრიალებების მოწყობას სახელმწიფოებში. გივი თარგამაძე საქართველოს გარეთ ფეხს ვეღარ გაადგამს. მას საქართველოს ფარგლებს გარეთ ინტერპოლით ეძებენ და თუ სადმე ნახავენ, დააპატიმრებენ და მიაბრძანებენ რუსეთის ციხეში. მან მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. 2007 წელს მიტინგის დარბევის დროს გივი იყო, როცა ოპოზიციას და ქართველ მომიტინგეებს ემუქრებოდა, სულს ამოგხდით თქვე ნაძირლებოო", - დასძენს რესპონდენტი.