ჯანსუღ ჩარკვიანი - შვილო, ირაკლი, სიფათი თუ არ გაქვს, ხალიც არ გექნება!

ჯანსუღ ჩარკვიანი - შვილო, ირაკლი, სიფათი თუ არ გაქვს, ხალიც არ გექნება!

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

ჯანსუღ ჩარკვიანი: "ვერ დავიჯერებ, რომ იმ ქალს შეგნებულად დაარტყეს, ალბათ შემთხვევით მოხვდა, მაგრამ პოლიტიკურად მეტის ღირსია"

"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."

" - როდესაც ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდა, მაშინ ვნახე, რომ თავისუფლება ზომიერად კი არა, საერთოდ აღარ გვქონდა. მაშინ ხშირად მახსენდებოდა ადოლფ ჰიტლერის სიტყვები, ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რამეთუ "ნაციონალური პარტიის" წევრი ვარო... როგორ ფიქრობთ, ამ ჩვენმა ბიჭ-ბუჭებმა, მიშამ და მისმა თანამოაზრეებმა არ იცოდნენ, თავიანთ პარტიას რა სახელს არქმევდნენ?.. მათ ყველაფერი აგვიკრძალეს. ხალხი დაითრგუნა და ჩაიკეტა. პირადად ჩემთვის არაფერი აუკრძალავთ და ვერც ამიკრძალავდნენ, რადგან 40 წლის წინ დავწერე, "თავისუფლება ლომთა ხვედრია-მეთქი"... ისე კი, შემთხვევით არ დამიწერია, "ტყვია მიზანში მოსახვედრია" და ვერ დავიჯერებ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა, ეს რატომ დავწერე. და თუ ვერ მიხვდნენ, ახლა ვეუბნები, თქვე კურდღლებო, მე ის კურდღლებისთვის კი არა, ლომებისთვის დავწერე...

- ბატონო ჯანსუღ, ოქტომბრის შემდეგ რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის?

- 3-4 თვეში არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მიხარია, რომ მოღიმარ ადამიანებს ვუყურებ. ერთ წელიწადში კი უკვე უნდა ვიგრძნოთ უკეთესობა, ორ-სამ წელში მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გამოსწორდეს. იქამდე კი დიდი მოთმინებითა და მოზომილი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.

- გაქვთ იმედი, რომ იქამდე თანმიმდევრული ნაბიჯებით ვივლით?

- კი, რადგან ხელისუფლების შეცვლას ძალიან დიდი ჭკუა და გონება სჭირდებოდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ "პატივცემულმა ცოცხებმა" დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას ჭკუა და დიდი პოლიტიკოსობა სჭირდებოდა. როდესაც პრეზიდენტი ყვიროდა, გზები გავიყვანეთ, შენობებს ვაშენებთ, ჯარი და პოლიცია ფეხზე დავაყენეთო, ის მხოლოდ ყვიროდა, საქმეს კი ივანიშვილი აკეთებდა. მერე, როცა ტყუილიც არ იკმარეს და სისხლი დაღვარეს, ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ისინი უნდა მოეშორებინა. როგორ ადარებენ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ამბებს, იმას, რაც წინა წლებში ხდებოდა, შემთხვევით მოქნეული მუშტი რა მოსატანია?.. ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს ქალზე, რა უშნოა-მეთქი, ყოველთვის ვცდილობ, მასში რაღაც ლამაზი ვიპოვო, მაგრამ როცა ქალი ხარ, კაცივით ნუ იქცევი! რა გინდა იმ მუშტი-კრივში, რატომ ეშვები?.. იმ კორიდორით გაიარე, საითაც მიგითითებენ, არ იცი, რა გზით მოხვედი აქამდე? თუ არ იცი, ბრიყვი ხარ! თუ იცი და არ აღიარებ, მაშინ გაიძვერა. ესენი ორივე არიან. საშინელება იქ არაფერი მომხდარა, თუმცა არც ის მომწონს, რაც მოხდა. ვერ დავიჯერებ, რომ ქალს შეგნებულად დაარტყეს, ალბათ შემთხვევით მოხვდა, მაგრამ პოლიტიკურად მეტის ღირსია. მის მშვენიერებას არ ეკადრება იმდენი ტყუილის ბჟუტური, რასაც ლაპარაკობს. ჩუმად მაინც იყავი იმ პარლამენტში. რა ვაჟკაცობა და ბიჭობა აგიტყდა ამ პატარა გოგოს?.. ისე კი, მისი სისხლიანი სახის დანახვა სულაც არ გამიხარდა. სხვათა შორის, მე ვნახე, როგორ მოზომილად მუშაობდნენ ბიბლიოთეკასთან პილიციელები, არც ერთი წიხლი არ მინახავს წაქცეულზე. პატივცემულო უმცირესობავ, თქვენც ნახეთ ეს?..


***

- ბატონო ჯანსუღ, რადგან დიდი ხანია არ გვისაუბრია, ახალი ხელისუფლების კადრებზეც გკითხავთ. ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტი იგრძნობა...

- შესაძლოა, მაგრამ ეს ყველა სფეროში არ იგრძნობა. არ მინდა იმ ხალხზე ვილაპარაკო, ვინც ამა თუ იმ თანამდებობას არ შეეფერება, მაგრამ როდესაც ებრძვიან ისეთ პიროვნებას, როგორიც თეა წულუკიანია, ამას პოლიტიკური მოტივი აქვს. ანდა, ირაკლი ალასანია გყავდეს ქვეყანაში და იმას შეურაცხყოფას აყენებდე, მაშინ მასზე ბევრად უკეთესი კაცობა უნდა გქონდეს. ერთ კაცს, გვარად ოქრუაშვილს ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტიო, - მან უპასუხა, ხალი არ უნდა ჰქონდესო... შვილო, ირაკლი, სიფათი თუ არ გაქვს, ხალიც არ გექნება! შენ რომ სიფათი არ გაქვს, ეგ ჩვენ უკვე ვნახეთ. ცოლის ღალატიც ახსენა, ეს ირაკლიზე არავის გაუგია და შენ თუ გაიგე, იმის ვაჟკაცობაც გეყოს, რომ თქვა, ვის ცოლზე იყო ლაპარაკი... მე არ ვიცი, ირაკლიმ ვის უღალატა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ მას საქართველოსთვის არ უღალატია და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია. მაჩვენონ, "ნაციონალებში" ვის აქვს ასეთი სანიმუშო ოჯახი და ჰყავს ასეთი მეუღლე...