როგორ შოულობენ მერაბიშვილი და ბენდუქიძე ნაგვით მილიონებს

როგორ შოულობენ მერაბიშვილი და ბენდუქიძე ნაგვით მილიონებს

8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართული “რინგის” ფონზე, “ნაგვის სკანდალი” დავიწყებას მიეცა. ისე, რა დროს ნაგავია, როცა თბილისის მერს, პირდაპირ თუ ირიბად, ბრალი პროვოკაციის მოწყობაში ედება.
საერთოდ, გიგი უგულავა სააკაშვილის გარემოცის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. როგორ გახდა ყოფილი ჟურნალისტი და, ასევე, ყოფილი სტიქაროსანი “ნაცმოძრაობის” რუხი კარდინალი? _ ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თუმცა ფაქტია: სააკაშვილისთვის უგულავა ერთგვარი “ნელი მოქმედების ნაღმია”, ანუ როგორც “ქართულ სიტყვას” პოლიტიკურ კულუარებში უთხრეს, სხვა “ნაციონალებისგან” განსხვავებით, უგულავა წონიანი ფიგურა თუნდაც იმიტომაა, რომ თბილისის მერია. შესაბამისად, მისი საგამოძიებო სტრუქტურებში სიარული და სავარაუდო დაჭერაზე ლაპარაკიც კი, “ვარდოსნებს” ახალი პიარის საფუძველს გაუჩენთ. შესაბამისად, კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ უგულავას დაჭერაზე თავად სააკაშვილის გუნდი “ჩალიჩობდეს”.

იმის თქმა, რომ დაჭერის შემთხვევაში, უგულავა წამებულის მანტიას მოისხამს და ხალხს მისდამი დამოკიდებულება შეეცვლება, ცხადია, უტოპიაა, მაგრამ მოქმედი მერის დაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობაზე მეტ-ნაკლებად “იმუშავებს”. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ უგულავას ციხეში გაშვება სააკაშვილს ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც სჭირდებოდეს _ მართალია, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, “ნაცმოძრაობა” ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად მე განმიხილავსო, მაგრამ თუკი შემოდგომამდე უგულავა გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, გამორიცხული არაა, რომ ყოფილმა მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო ფსონი სწორედ მასზე დადოს და ესეც, ცხადია, პიარ-სვლა იქნება _ მსოფლიოს “ტვინს წაუღებს”, საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში ტარდება, ჩვენი კანდიდატი ციხეშიაო...
მოკლედ, ასეა თუ ისე, წინ დიდი პოლიტიკური თამაშები გველის.

“ნაციონალური” ნაგვის კარიერის გენერლები”
რაც შეეხება ნაგვის სკანდალსა და ნაგვით ნაშოვნ მილიონებს, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ შპს “თბილსერვისჯგუფს”, რომლის დამფუძნებელიც თბილისის მერიაა, “ნაცხელოვანები” ჰყავდა დასაქმებული, თუმცა “ნაციონალური ნაგვის საიდუმლო” ამით არ მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას არანაკლებ სკანდალურ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლილოს დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელს, რომლის, ასე ვთქვათ, ამუშავება 12 მილიონი დოლარი დაჯდა, _ არც მეტი, არც ნაკლები _ ვანო მერაბიშვილი და კახა ბენდუქიძე ლობირებენ. ნაგავსაყრელი ნავთობი ან, სულაც, ოქროს საბადო რომ იყოს, ცხადია, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ მის მიმართ ყოფილ ჩინოვნიკებს ინტერესი გამოეჩინათ, მაგრამ რისთვის სჭირდება მერაბიშვილ-ბენდუქიძეს ნაგავსაყრელი და, საერთოდ, როგორ კეთდებოდა ნაგვით მილიონები? “ნაციონალური” ნაგვის კარიერის გენერლებზე” “ქართულ სიტყვას” ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა:

_ 2010 წელს, როცა გლდანის ნაგავსაყრელი დაიხურა, თბილისის მერიას ახალი ნაგავსაყრელის გაკეთება ნორიოში, ანტონ მარტყოფელის ლავრასთან, ზუსტად იმ ადგილას უნდოდა, სადაც გიორგი სააკაძემ ყორჩიხა-ხანი დაამარცხა. მართალია, უკვე “ბულდოზერები” ჰყავდათ მიყვანილი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ნორიოში ნაგავსაყრელი არ გავაკეთებინეთ. მოკლედ, ეს გეგმა ჩავუშალეთ და ახალი ნაგავსაყრელი ლილოში გააკეთეს.
თავდაპირველად თქვეს, რომ ეს ევროპული ნაგავსაყრელი იქნებოდა და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდა, რადგან ნაგვის გადამუშავება მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, ხალხმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც სპეცრაზმით დაშალეს. საერთოდ, ნაგავსაყრელის გაკეთების დროს, ოპუსის კონვენციის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა მოხდეს მაგრამ გარემოს დაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ნაგავსაყრელის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გაათავისუფლა.
სხვათა შორის, საკუთრების უფლებაც დაირღვა _ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები წაართვეს. არადა, შეიძლებოდა, რომ ეს ნაგავსაყრელი სხვაგან, მაგალითად, ვაზიანში გაეკეთებინათ.
ისე, ნორმები რომ დაეცვათ, პრობლემა შეიძლება, დღესაც არ ყოფილიყო. ახლა კი, ნაგავი ზემო სამგორის მაგისტრალურ არხში, ასე ვთქვათ, ჩაედინება, ეს არხი, თავის მხრივ, თბილისის ზღვას უერთდება. თბილისის მოსახლეობის ოცი პროცენტი სასმელი წლით სწორედ თბილისის ზღვიდან მარაგდება.

_ თბილისის მერიას რატომ ჰქონდა პანაცეა, რომ ნაგავსაყრელი მაინცდამაინც ლილოს დასახლებაში გაკეთებულიყო?
_ ეს შეკითხვა ხალხმაც დასვა და მერიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, ნაგვის შორს წაღება ორი მილიონით მეტი დაგვიჯდებაო. არადა, ამ ნაგავსაყრელის გამო ხალხი დაავადდა.
სხვათა შორის, ამ ნაგავსაყრელში ვანო მერაბიშვილისა და კახა ბენდუქიძის ინტერესები იკვეთება.

_ ნიკა, ვერ გავიგე, მერაბიშვილსა და ბენდუქიძეს ნაგავთან რა კავშირი აქვთ?
_ თავდაპირველად, ამას მეც ვერ ვიგებდი, მაგრამ როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ნაგავსაყრელის გახსნის შემდეგ, იქვე, მეფრინველეობის დიდი ფაბრიკა აშენდა. ნაგვით გაზის გამომუშავება ხდება, რომელიც, ფაბრიკასთან ერთად, მოსახლეობასაც მიეწოდება, მაგრამ მოსახლეობას გაზი რად უნდა, თუკი დაავადდება?
მოკლედ, როგორც ჩანს, ყველაფერი თავიდანვე იყო განსაზღვრული. შეიძლება, მერაბიშვილმა და ბენდუქიძემ არ დაადასტურონ, მაგრამ მუშები, რომლებიც ფაბრიკას აშენებდნენ, ამბობდნენ, რომ სწორედ მერაბიშვილ-ბენდუქიძის დავალებით მუშაობდნენ.

ყველაზე მთავარი კი, მაინც ეკოლოგიური პრობლემაა. ამასთან, ფრინველებს ინფექციური დაავადებები გადააქვთ.
რეალურად, დავა თბილისის მერიასთან კი არა, “თბილსრესჯგუფთან” გვაქვს, რომელიც ამბობს, ამ ნაგავსაყრელის გაკეთება 12 მილიონი დაგვიჯდაო, თუმცა ეს საკითხიც შესასწავლია...