ხათუნა კალმახელიძე - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ჩემი სუსტი წერტილია

ხათუნა კალმახელიძე - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ჩემი სუსტი წერტილია

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ .

"ნება მიბოძეთ, გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე. უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია.
მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია – მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა. იმდენად დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგშიც ჩავედი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პერსპექტივასაც მივესალმე. ჩემთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ციხეების პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასი იყო, ამიტომ ინფრასტრუქტურას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ჩემთვის იყო შემაძრწუნებელი.

მე უზომოდ ვწუხვარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიმსუბუქდება. ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები. 
ეს არის ჩემთვის უდიდესი სინანულის და განსაცდელის პერიოდი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ, რა ემოცია იყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი. იმავე დღეს ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე თანამდებობაზე დარჩენის არავითარი მორალური უფლება არ მქონდა. იმ ღამესვე ვთხოვე პრეზიდენტს გადადგომის უფლება, რაც საზოგადოებისათვის მომდევნო დღეს გახდა ცნობილი. ის იყო შეძრწუნებული და განიცდიდა ამ ყველაფერს.
იმ ღამეს გვიან, გონივრულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად ვიყავი სრულიად დაცლილი. მაგრამ ფირზე ასახული პატიმრების განსაცდელი იყო უმძიმესი, ისეთი, რომელსაც ჩემი განსაცდელი ვერ შეედრება და მე ვთვლი, რომ არავითარი უფლება არ გამაჩნია საერთოდ ჩემი მდგომარეობის შესახებ საუბრის, ამიტომ გთხოვთ, სწორედ გამიგოთ, რადგან არავითარ კონკრეტულ რეაქციას არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ რამდენიმე რამ, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. მე და ჩემი თანაგუნდელები ცენტრალურ აპარატში დაუღალავად ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, წინ კიდევ უამრავი იყო გასაკეთებელი, ჩემი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. მე ამ ტრაგიკულმა ფაქტმა შემძრა და ყველა ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეს, ყველა სიახლეს, რასაც სულით და გულით ვაკეთებდი, ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან წინსვლას დიდი ხაზი გადაუსვა. ყველაფერი გახდა სრულიად უმნიშვნელო.
ყოველთვის ვერიდებოდი პირადად ჩემს შესახებ საუბარს, გადაცემებში მონაწილეობას. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მიმაჩნდა, რომ საზოგადოებას ეს არ მოეწონებოდა ჩემი სამინისტროს მძიმე პროფილიდან გამომდინარე. შესაძლოა, სწორედ ჩემს შესახებ რეალური ინფორმაციის ვაკუუმმა, ესეთ ურთულეს სფეროში მუშაობის პარალელურად, სასურველი ნიადაგი შექმნა ჩემს ირგვლივ ცილისწამების, უამრავი მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად. ბოლო წლების განმავლობაში საოცრად პოპულარული გახდა სოცქსელები და ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შენიღბული სახელით სრულიად მარტივი გახდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჭორების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტენდენციამ ისეთ ზღვარს მიაღწია ჩემთვის, რომ ვეღარაფერს ვიჯერებდი. მე მჯეროდა, რომ ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არ შეიძლება უსაფუძვლო ცილისწამება პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანი სიმართლეს სიცრუისაგან ვეღარ არჩევს.

კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებისას მეუბნებოდნენ, რომ ისეთივე ტყუილი იყო, როგორც ჩემზე რომ ამბობდნენ საფლავებს ათხრევინებს პატიმრებსო, ხან ფეხსაცმლის ქუსლებით ცემს და ასე შემდეგ. ამდენმა ტყუილმა და ჭორმა ჩემს შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია და სამწუხაროდ, გამხადა ძალიან ჩაკეტილი. რაც შეეხება ოფიციალურად შემოსულ საჩივრებს, უკლებლივ ყველა საჩივარი, რომელიც სამინისტრომდე მოდიოდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას ეგზავნებოდა რეაგირებისათვის ვინაიდან ყველა საჩივარი საჭიროებს მოკვლევას და გამოძიებას კომპეტენტური ორგანოების მიერ. ეხლა, როდესაც აღარ ვარ საჯარო მოხელე მსურს მოგიყვეთ, რომ მე 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ოჯახმა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამიშვა. 
ევროპაში მივიღე საშუალო განათლება, ხოლო ამერიკაში უმაღლესი განათლება პოლიტიკურ მეცნიერებაში ეკონიმიკის განხრით და მაგისტრის წოდება საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. შევეცადე შემერჩია პროფესია, რომელშიც ძლიერი ვიქნებოდი, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა და საქართველოს გამოადგებოდა. 15 წელიწადზე მეტი მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა და უამრავი სირთულეს გადალახვა მომიწია. მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ამერიკაში, შერჩევითი კურსების ფარგლებში არა ერთი კურსი ამირჩევია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მე ვიყავი ძალიან წარჩინებული, მოტივირებული სტუდენტი და მაგისტრატურის შემდგომ ვიყავი ოპტიმიზმითა და წინსვლის დიდი სურვილით გამსჭვალული.
მჯეროდა, რომ ჩემი განათლებით შეუძლებელს შევძლებდი. არასოდეს მიფიქრია საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენაზე და ჩემი მშობლები ყოველთვის მომიწოდებდბენ სამშობლოში დაბრუნებისაკენ. საქართველოში ჩამოვედი სოცოცხლით სავსე, განათლებული, ბედნიერი მომავლის იმედით და ვარდების რევოლუციით მოტივირებული. ძალიან მიხაროდა სახლში, მშობლებთან დაბრუნება. ბედნიერი ვიყავი, როდესაც საგარეოში დავიწყე მუშაობა. ჩემი იქ გატარებული პერიოდი, ვფიქრობ, იყო ძალიან ნაყოფიერი და მიხაროდა, რომ ჩემი თავის რეალიზაციის საშუალება მქონდა, ქვეყნის სამსახურში.

ამდენი ხნის განშორებამ ისე ქნა, რომ საქართველოში არ მყავდა სამეგობრო წრე, ნაცნობები, არ ვიცნობდი შიდა სამზარეულოს, ასე ვთქვათ. საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის ჩემი სუსტი წერტილი. სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნამდე მასში შემავალ სფეროებში ჩახედული საერთოდ არ ვიყავი, მხოლოდ ზოგადად ვიცოდი, რომ რეფორმა მიმდინარეობდა, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. პატიმრის უფლებების არსებულ მდგომარეობაშიც არ ვიყავი ჩახედული, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე. მხოლოდ ვფიქრობდი, რომ რადგან რეფორმა მიმდინარეობს – ესე იგი ბევრია გასაკეთებელი, შესაბამისად გავერკვევი ყველაფერში და შევუდგები საქმეს, ეტაპობრივად ყველა საკითხის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა კარგად ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას, მაგრამ იმ მწირი ინფორმაციის ფარგლებში, რაც გამაჩნდა. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, უმთავრესი ამოცანა საკადრო პოლიტიკა და თანამშრომელთა კვალიპიკაციის ამაღლება, ისევე როგორც არასაპატიმრო სასჯელების განვითარება იყო.
მე რა თქმა უნდა გარკვეული დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ევროპული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაგვეზიარებინა. ჩემი უმთავრესი მოტივაცია იყო ის, რომ შევძლებდი ბევრი კარგი რამ გამეკეთებინა. 2010 წლის დასაწყისში ჯერ არ იყო ამოქმედებული 3 ახალი დაწესებულება, შესაბამისად საცხოვრებელი პირობები იყო ძალიან მძიმე. ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში არსებობდა უმძიმესი მემკვიდრეობა.

საჭირო იყო გარკვეული რეფორმების გატარება, რაც სხვა რეფორმებს გახდიდა შესაძლებელს და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: 1. თანამშრომელთა კვალიპიკაციის და ცოდნის დონის ამაღლება; 2. ინფრასტრუქტურა და პირობების გაუმჯობესება; 3. ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 4. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია; 5. არასაპატიმრო სასჯელაღსრულების განვითარება.
მე მიზანმიმართულად ვიწყებ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე საუბარს, ვინაიდან სწორედ ეს იყო საწინდარი იმისა, რომ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია გარანტირებული ყოფილიყო. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება არის ყველაზე ინსტრუმენტალური. თანამშრომლის მიერ კანონდარღვევა მუდმივი პრობლემა იქნება და მხოლოდ ცალკეული რეაგირება არ მოხსნის პრობლემას, თუ თანამშრომელს არ ვასწავლეთ ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ძველი პირობები და გადატვირთულობა არანაირად არ უწყობდა ხელს თანამშრომელს და არ უქმნიდა მას მუშაობისათვის შესაბამის გარემოს.
ახალი დაწესებულება უამრავ პრობლემას წყვეტს, მათ შორის თანამშრომლისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის თვალსაზრისით. ახალ დაწესებულებაში თანამშრომელს გააჩნია პირობები, რომ იყოს ნაკლებად დაძაბული და იმოქმედოს კანონის პარგლებში.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სისტემაში მუშაობის პრესტიჟულობის ამაღლება, რათა უფრო მომთხოვნი ყოფილიყო თანამშრომელთა შერჩევის წესი და შესაბამისად, უფრო შედეგის მომტანი ყოფილიყო მათი ტრეინინგი.
ამდენი ვაკანსია ქმნიდა სიტუაციას, რომელშიც თანამშრომლებს სტანდარტულის მაგივრად კვირაში მრავალჯერ უწევდათ მორიგეობა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომლები დაწესებულებაში ცხოვრობდნენ. ეს ძალიან არასწორი პრაქტიკაა და ვფიქრობ, სერიოზულად მოქმედებს თანამშრომლის ფსიქოლოგიაზე. ამას ისიც ემატება, რომ ხელფასები იყო ძალიან დაბალი. მე შევძელი, რომ მინიმალურად მაინც გამეზეარდა ხელფასი, მაგრამ ეს იყო მიზერი.


რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა საშუალებას იძლეოდა გვეთქვა, რომ ელემენტარული სამუშაო პირობები არსებობდა. 2010 წელს ამ კუთხით ვერაფერს გავახეთებდი, ვინაიდან მაგ დროს ჯერ მხოლოდ ახალი დაწესებულებები იხსნებოდა ნელ-ნელა და არც ბიუჯეტი იძლეოდა ამის საშუალებას. 2011-ში იყო წინგადადგმული ნაბიჯები. მე გამიმართლა, რომ სასწავლო ცენტრში ძალიან სანდო და მონდომებული ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.
ეს ცვლილებები იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რთული მუშაობის პროცესის ჯერ მხოლოდ დასაწყოსი. 2011-ში მოხერხდა მცირედი ზრდა ბიუჯეტში. ჩვენ დავნერგეთ ტრეინინგის სრულიად ახლებური მეთოდი. ადრე, ტრენინგი იყო ძალიან საბაზისო და სრულიად არასაკმარისი, ვინაიდან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ საერთოდ არ ისწავლებოდა.
მე მოვინახულე რამოდენიმე ევროპული სასწავლო ცენტრი და ჩემი თანამშრომლების რჩევების მიხედვით, სავალდებულო გავხადეთ სრულიად ახლებური სამსახურში აყვანის წესი და სრულიად ახლებური მომზადების კურსები. თუ ადრე თანამშრომელს მოვალეობის მოხდის მიზნით ტრენინგზე მორიგეობიდან აგზავნიდნენ და იმ თანამშრომელს მთელი ტრენინგის მანძილზე პრაქტიკულად ეძინა – ამიერიდან ტრენინგი იყო რამდენიმე დღიანი ან რამდენიმე კვირიანი.


თანამშრომლები ბაზაზე რჩებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მთავარი იყო, რომ ისინი ამიერიდან კონცენტრაციას შეძლებდნენ მხოლოდ ტრენინგზე. ეტაპობრივად შემოღებულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ძალის მინიმალური გამოყენება, აგრესიის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია. მსგავსი თემები მათთვის იყო სიახლე. მეტმა დაფინანსებამ საშუალება მოგვცა გაგვეზარდა საშტატო რაოდენობა და დავიმატეთ ფსიქოლოგი, რომელიც თითოეულ თანამშრომელზე დადებდა ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომ გასაგები ყოფილიყო არის თუ არა ეს ადამიანი კონფლიქტური, აგრესიული, ლიდერი, პასიური. მოკლედ, არის თუ არა ის ამა თუ იმ თანამდებობის შესაფერისი. ჩვენ შევქმენით სამსახურში აყვანის ახალი წესი, რომლის მიხედვით პოტენციური თანამშრომელი, დეპარტამენტთან გასაუბრების გავლის შემდგომ მოდის რამდენიმე კვირიან ინტენსიურ კურსზე, სადაც ყველა საჭირო თემას სწავლობს სიღრმისეულად. შემდეგ იგი გადის პრაქტიკას დაწესებულებაში, რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის გარემოა, სადაც მისთვის მუშაობა მისაღებია. შემდეგ უკვე ბრუნდება სასწავლო ცენტრში და აბარებს ძალიან მომთხოვნ გამოცდას ყველაფერ იმაზე, რაც მან შეისწავლა. ქულათა შეფასება დაწესდა საკმაოდ მაღალი, მაგრამ ეს იყო ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი.

მე იმედი მქონდა, რომ იმ დამატებითი ცვლილებებით, რასაც მომავალ წელს ვაპირებდით სასწავლო ცენტრში, ჩვენ ეტაპობრივად გავფილტრავდით თანამშრომლებს პენიტენციურ სისტემაში. ჩავანაცვლებდით ახალი–უფრო კომპეტენტური, კვალიფიციური, მცოდნე კადრებით რომლებსაც ძველი მუშაობის სტანდარტის მეხსიერება არ ექნებოდათ და მათთვის მისაღები მხოლოდ ნასწავლი მეთოდებით მუშაობა იქნებოდა. ეს ყველაფერი თანამშრომელთა ხელფასების ზრდას აუცილებლად საჭიროებდა და მე მქონდა პირობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით მნიშვნელოვნად გავზრდიდით თანამშრომელთა ხელფასებს. რა თქმა უნდა შემდგომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ თანამშრომელმა მიღებული ცოდნის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ის დაწესებულებაში ყველაფერ ნასწავლს ივიწყებს და სხვა ყაიდაზე გადადის–მაშინ ყველაფერი წყალშია გადაყრილი.
მაღალი დონის ტრენინგები, მომთხოვნი გამოცდა, კარგი ხელფასი, ფორმა, დაზღვევა და კარგი სამუშაო პირობები იყო ის, რაც მოგვცემდა მუშაობის მაღალ სტანდარტს და თანამშრომელს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებდა. საშუალო ვადიანი პროექტი, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევდი შესაბამისი მხარდაჭერის მეშვეობით დეპარტამენტის მხრიდან.
ზოგიერთი რეფორმის გატარება ჩემთვის მიზანმიმართულად მნიშვნელლოვანი იყო, რათა შემექმნა პატიმრის წახალისების საშუალება. კოდექსში მხოლოდ სამარტოო საკანი იყო გათვალისწინებული. მსგავს პრაქტიკას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სისტემებში გავეცანი, სადაც უამრავი სხვადასხვა ბერკეტი მოქმედებს. ამ მხრივ გრძელვადიანი პაემნის და ვიდეო პაემნის შექმნა მნიშვნელოვანი იყო. დაწესებულებას ეძლეოდა საშუალება სხვადასხვა ცივილური, ჰუმანური მეთოდებით ერეგულირებინა სიტუაცია. მე ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ცივილიზაცია შემეტანა დაწესებულებებში. რაც შეიძლება მეტი მესაუბრა ცვლილებების მნიშვნელობაზე, ევროპული სტანდარტების მნიშვნელობაზე, ვესწრებოდი ტრეინინგებს შეძლებისდაგვარად, რომ მეთქვა, რომ მუშაობის დროს მხოლოდ ნასწავლით უნდა ეხელმძღვანელათ და ამით ხაზი გამესვა პირადად ჩემს დამოკიდებულებაზე ტრეინინგების მიმართ. ვამბობდი, რომ პატიმრობისაგან არავინაა დაზღვეული და პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ პატიმარი ადამიანია.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ საკითხის მოგვარება ერთ-ერთი უპირველესი საჭიროება იყო. ცუდი ინფრასტრუქტურა ნიშნავს არა მხოლოდ ცუდ საცხოვრებელ პირობებს, არამედ არაადეკვატურ პირობებს ჯანდაცვის განვითარების ხელშესაწყობად, არავითარ სარეაბილიტაციო საშუალებას, გადატვირთულობას და ასე შემდეგ. 2010 წელს გაიხსნა 3 ახალი დაწესებულება, რომელმაც უსერიოზულესი შვება მოიტანა ყოველმხრივ, პირველ რიგში კი საცხოვრებელი პირობების კუთხით. შეიქმნა სამედიცინო პუნქტები (თუმცა პირველადი ჯანდაცვისთვის დამატებითი მშენებლობები დაიწყო). მართალია 100 პროცენტით ბედნიერი არ ვიყავი არსებული პროექტებით, ვინაიდან არასაკმარისი ფართი იყო სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის, რაც მომავალში ახალ მშენებლობებს მოითხოვდა.


ლაითურის პროექტში შევეცადე ყოველგვარი საკმარისი ფართი ყოპილიყო გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებებისათვის, დახურული სპორტული დარბაზით, პირველადი ჯანდაცვისთვის, ფსიქოლოგიური დახმარებისათვის, სარეაბილიტაციო პროექტებისათვის, საზოგადოებრივი მისაღებისათვის და ასე შემდეგ. ეს იყო დიდი პროექტი, რომლის ხარჯზე დაიხურებოდა შემორჩენილი ძველი დაწესებულებები და რომელიც მომავალში საფუძველს ჩაუყრიდა თითო პატიმარზე 4 კვადრატული მეტრის სტანდარტის დანერგვას.
2011 წელს სამინისტროს შენობის რემონტისთვის 1 მილიონი ლარი ჩაგვერიცხა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადავეცი რუსთავის #6 დაწესებულების რემონტისათვის. ჩემთვის ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამინისტროს რემონტი, რადგან პირობები ერთერთ კორპუსში იყო ძალიან ცუდი. შედეგად, დამონტაჟდა განიერი ფანჯრები, გაუმჯობესდა პირობები. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ დაწესებულებაში არ იყო სარეაბილიტაციო პროგრამა გარდა მნიშვნელოვანი ატლანტისის პროგრამისა. ამიტომ, მანდ გამონაკლისის სახით გავაკეთებინე ნრძელვადიანი პაემანი უვადო პატიმრებისათვის. პირველადი ჯანდაცვაც თავდაპირველად მანდ ავამოქმედეთ. ადმინისტრაციის შენობაში ბევრი თავისუფალი ფართი იყო, ამიტომ გამონაკლისის სახით გავაკეთებინე სახლის კინოთეატრი.
ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ პატიმრები რაღაცის მოლოდინში მაინც იქნებოდნენ, რაღაც ნათელი წერტილი მაინც გაუჩნდებოდათ, ვინაიდან ტელევიზორები არ ჰქონდათ და ამით მაინც გაიხარებდნენ. იმედი მქონდა, რომ სისტემატიურად თუ არა,წახალისების მიზნით მაინც იქნებოდა გამოყენებული სახლის კინოთეატრი. შეიძლება წვრილმანია, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს ეს ადამიანისთვის, რომელიც დახურულ რეჟიმში იხდის სასჯელს. მე იმედი მქონდა, რომ როდესაც დეპარტამენტი დაინახავდა, რომ ეს უწყინარი პროექტი სინამდვილეში ძალიან კარგი პროექტი იყო და წახალისებისთვისაც იყო გამოსადეგი – მსგავს ინფრასტრუქტურას უკვე ყველა დახურულ დაწესებულებაში ავამოქმედებდით. სამწუხაროდ, ამ პატარა კინოთეატრის მონახულება ვეღარ მოვასწარი.
2010 წლამდე ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში იყო ძალიან მწირი და უხარისხო, ამიტომ ამ სფეროს პრაქტიკულად თავდაყირა დაყენება იყო საჭირო. 2010 წლიდან ჯანდაცვის დეპარტამენტი უკვე არა სასჯელაღსრულებას, არამედ სამინისტროს ექვემდებარებოდა, შესაბამისად მე მქონდა ბევრი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯანდაცვის დაფინანსება (რაც მაინც არ იყო ბოლომდე საკმარისი) და უმთავრესი ჩვენი მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის დანერგვა – ანუ პატიმარს ეყოლებოდა პირადი ექიმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჯანდაცვის ხარისხს და ხელმისაწვდომობას. ამ თემაზე მოკლედ საუბარი მიჭირს, ვინაიდან იმდენი ნიუანსის მოგვარება დაგვჭირდა, რომ მიგვეღწია იმისათვის, რაც დღეს არსებობს, რომ ყოფილიყო სისუფთავე, მოწესრიგებულობა, სწორი მიდგომა, სამედიცინო ბარათი – ანუ პატიმრის ჯანმრთელობის "ანკეტა".
2010 წელს ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 950-მდე პაციენტი იმყოფებოდა, რაც უკვე დაახლოებით 300-მდე ადამიანით აჭარბებდა ლიმიტს. ეს კი ძველი ინფრასტრუქტურა იყო, სადაც სამწუხაროდ თითქმის ყველა ფილტვის დაავადების მქონე თამბაქოს მომხმარებელი იყო (ჩვენ მოვაწყეთ თამბაქოს დანებების აქცია და თუ არ ვცდები 9 ადამიანმა დაანება სიგარეტს თავი). ზოგადად 2010-2011 იყო კულმინაციური პერიოდი, როდესაც პატიმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად მოხდა ყველა პრობლემის აკუმულირება და ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმართავი ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის პირობებში პრობლემებმა სერიოზულად იჩინა თავი.
ტუბერკულიოზის დამარცხება იყო ჩემი ყველაზე მთავარი მიზანი. ჩემს ერთერთი მოადგილეს, რომელიც კურირებდა ამ საკითხს პრაქტიკულად ფერი არ ედო სახეზე იმდენს მუშაობდა. მან ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში, რისთვისაც მე მისი მადლობელი ვარ. ტუბერკულიოზის დასამარცხებლად მთავარი იყო სრულიად ახალი, თანამედროვე სამკურნალო ცენტრის მშენებლობა. გასაკეთებელი იყო ძალიან ბევრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იყო ისეთი მიდგომის დაწესება, რომლის თანახმად რეჟიმის ინტერესი არასოდეს შეაფერხებდა სამედიცინო ინტერესს. მე პირადად ხშირად ვთათბირობდი ექიმებთან და ყურადღებას ვამახვილებდი იმაზე, რომ ეს მიმართულება ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი იყო. მათ უნდა ცოდნოდათ, რომ მათგან მხოლოდ ხარისხიანი მუშაობა იყო მისაღები. ჩვენ გავზარდეთ მედპერსონალის რაოდენობა და როგორც იქნა შევქმენით საკმაოდ კარგი ექიმების ჯგუფი. ბევრი მათგანი პარალელურად სამოქალაქო სექტორშიც მუშაობდა.


უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, მაგალითად ის, რომ შეიქმნა წარმომადგენლობითი სამეთვალყურეო საბჭო, შეიქმნა პირველადი ჯანდაცვა, გაიხსნა სამოქალაქო აფთიაქები (სადაც არავითარი სიძვირე არ იყო), მრავალჯერ გაიზარდა ხელმისაცვდომობა, შეიქმნა სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურება, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა დაწესებულებაში მიავლინა ექთნები, რომლებიც მხოლოდ ტუბერკულიოზის გამოვლენით იყვნენ დაკავებულნი, რიგდებოდა ტუბერკულიოზის პრევენციის და სიმპტომების შესახებ საინფორმაციო ბროშურები, დაწესდა პაციენტის იზოლაცია საჭიროების შემთხვევაში და სხვა მრავალი. დროთა განმავლობაში დაიწყო მნიშვნელოვანი კლებითი ტენდენცია ყველა მიმართულებით რაზეც 2012 წლის მონაცემები აშკარად მეტყველებს.
ჩემდა სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, რომლის მშენებლობას 2 წლის განმავლობაში დავფუსფუსებდი და სულმოუთქმელად ველოდი მის ამოქმედებას.
პატიმრის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გაფართოება ყოველთვის იყო ჩემთვის ყველაზე საყურადღებო და საინტერესო თემა, მაგრამ მუდმივად არ გვყოფნიდა ფართი სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის. მუდმივად იდგა ის პრობლემა, რომ 3000 კაციან დაწესებულებას სამყოფი სარეაბილიტაციო პროგრამა და დასაქმება ვერ ექნებოდა. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ მოვახერხე გრძელვადიანი პაემნის ამოქმედება.
მე უაღრესად მიხაროდა ის, რომ ეს რეფორმა სიხარულის მომტანი იყო პატიმრისათვის და მისი ოჯახისათვის, რასაც ნათესავები ფეისბუქის მეშვეობით ხშირად მატყობინებდნენ. მიხაროდა, რომ მეუღლეები ერთმანეთს ნახულობდნენ განცალკევებით, რომ მშობლები შვილებს ეფერებოდნენ, რომ ზოგიერთი პატიმარი შვილს პირველად ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტი ეწინააღმდეგებოდა მის ამოქმედებას დახურულ დაწესებულებებში, მე მოლოდინში ვიყავი იმისა, რომ იგი შეიცვლიდა აზრს, ვინაიდან გრძელვადიან პაემანს არავითარი სერიოზული პრობლემა არ მოუტანია და სასტუმროები დახურულ დაწესებულებებშიც ამოქმედდებოდა. შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონში მოვასწარით, ამიტომ ალბათ მალე დახურულ დაწესებულებებშიც ამოქმედდება ამგვარი პაემანი.


ვიდეო პაემანიც იყო ძალიან კარგი სიახლე, რომლითაც არა მხოლოდ ოჯახი, არამედ ნებისმიერი ადამიანი უკავშირდებოდა პატიმარს, თან დისტანციურად და ხშირად. ორივე პაემანმა მნიშვნელოვნად გაზარდა პატიმართან კონტაქტის საშუალება. მე მოხარული ვარ, რომ საფუძველი ჩავუყარე პროფესიულ განათლებას პატიმრებისათვის. არა ერთმა ნაკადმა მიიღო პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიქატი პროფესიული განათლების სახლებში, რომელთა განვითარებაში გვერდში ნორვეგიული ორგანიზაცია ამოგვიდგა. პროფესიული განათლების სახლი არის კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც კიდევ ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს. მე ძალიან მინდოდა ამ სივრცეში ვეფხის ტყაოსნის მკითხველთა საზოგადოება ჩამოგვეყალიბებინა პენიტენციური სისტემისათვის. ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკის გაკვეთილებიც კი შემომთავაზა, რაც ძალიან გამეხარდა, განსაკუთრებით რუსთავის 16 დაწესებულების მუსიკოსებისთვის, რომლებმაც უთბილესი წერილით მუსიკალური ინსტრუმენტების შეგზავნა მთხოვეს და ბოლოს დისკიც კი ჩაწერეს, რომლის ერთი ასლი მეც მერგო.
მუდამ ვცდილობდით ბიბლიოთეკების მომარაგებას და კეთილმოწყობას. მე და ჩემს მოადგილეებს არა ერთხელ შეგვიგროვებია ფული წიგნების საყიდლად. აგრეთვე ავამოქმედეთ რამოდენიმე საწარმო, ვთანამშრომლობდით არასამთავრობოებთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, როგორიცაა თექა, ხეზე კვეთა, ფლორა დიზაინი, განთავისუფლებისათვის მომზადება და სხვა. ძალიან მინდოდა სუვენირების დამამზადებელი მცირე საწარმოები დაგვეფუძნებინა, ვინაიდან პატიმრებს შესანიშნავი პატარა ნაკეთობები ეხერხებათ. პატიმრის მიერ დამზადებული სუვენირი პოპულარული იქნებოდა. ზედ ექნებოდა წარწერა: მადე ინ Gეორგიან პრისონ. უმაგრესი იქნებოდა! შესაძლოა ტურისტულ ცენტრებშიც გაყიდულიყო ორიგინალური სუვენირები და გასამრჯელო პატიმარს ჩაერიცხებოდა, მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ამისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო საჭირო.
იყო მოლაპარაკებებიც კერძო სექტორთან და პირველ ეტაპზე ამის ამოქმედება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში იგეგმებოდა, რაც საქართველოში კიდევ ერთ ახალ პროექტს აამოქმედებდა. იქვე ვგეგმავდით მაისურების სტამბის დადგმას და იუმორისტული წარწერების მაისურების დამზადება-გაყიდვას. ჩემი შეთავაზება იყო, ხუმრობის დონეზე, მაისურებზე ჩემი კარიკატურა ყოფილიყო ასახული, თაიგულით ხელში, წარწერით "ვეძებ აკაკის საფლავს!". ეს ხომ ყველაზე სახალისო ჭორი იყო, რომელიც ჩემს შესახებ ოდესმე გამიგია.
ქალთა დაწესებულებაში ოსლოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერით შევქმენით უმაღლესი სტანდარტის ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო წიგნებითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით. გავოგნდი, როდესაც გავხსენით ეს ბიბლიოთეკა. ძალიან მიხაროდა. ქალთასთვის საკანონმდებლო დონეზე შევქმენით ახალი ტიპის პაემანი – საოჯახო პაემანი, რომლის მშენებლობის დაწყებას ნოემბერში ვაპირებდით. ეს პროექტი იმიტომ მოვიფიქრე, რომ გრძელვადიანი პაემნისაგან განსხვავებით საოჯახო ძალიან ინტენსიურად განხორციელდებოდა და საკმაო ხანგრძლივობით, რაც დედებს შვილებთან ხშირი და უშუალო ურთიერთობის საშუალებას მისცემდა.


მისი შიდა ინტერიერი ჩემს კაბინეტში დაფაზე დავხაზე. ზუსტად ესე გავაკეთე თავის დროზე გრძელვადიანი პაემნის დაპროექტებისასაც. საზოგადოებრივი მისაღების მროექტის ყველა ნიუანსსაც თავს დავსტრიალებდი, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო უაღრესად საინტერესო პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობ.
მე ძალიან მინდოდა დამენერგა ინდივიდუალური მიდგომა სისტემაში და ამას აუცილებლად გავაკეთებდი, თუმცაღა უამრავი დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და უპირველეს ყოვლისა ყველასათვის საკმარისი სარეაბილიტაციო პროგრამების ნაირსახეობა უნდა დანერგილიყო. საჭირო იყო კარგი ელექტრონული ბაზა ინფორმაციის პირად საქმეებში შესანახად (რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობდა, ესტონური და ესპანური გამოცდილების გაზიარებით) და რაც მთავარია – საკმარისი რაოდენობის კომპეტენტური სოცმუშაკის სამსახურში აყვანა.
ეს პროფესია ზოგადად ძალიან დეფიციტურია საქართველოში ჯერჯერობით. ამიტომ, ეს მიდგომა პირველ ეტაპზე არასრულწლოვანებისათვის დავნერგეთ, ისევე როგორც პრობაციაში, სადაც სოც მუშაკები პრაქტიკულად სანთლით საძებნელი გაგვიხდა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება კი მხოლოდ და მხოლოდ სარეაბილიტაციო მიზნებისათვის შევქმენით.
არასაპატიმრო სასჯელაღსრულებას და პრობაციას რაც შეეხება, ამ კუთხით სიტუაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. პრობაციის ეროვნული სააგენტო ძალიან მონდომებულად მუშაობდა და სრულიად გახსნილი იყო ლიბერალური მიდგომებისადმი, გატარდა მაღალი დონის რეფორმები, პრობაცია დავაკომპლექტეთ მაღალკვალიპიციური კადრებით, შემოვიღეთ ელექტრონული მონიტორინგი, მაღალი დონის ტრენინგები, შევქმენით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვმონაწილეობდით განრიდებაში, შევქმენით კარგი ინფრასტრუქტურა, ვაფართოებდით სარეაბილიტაციო პროგრამებს და ინტენსიურად ვშუამდგომლობდით დასაქმებაზე.
ძლიერი არასაპატიმრო საასჯელაღსრულების სისტემის შექმნით ჩვენ ხელს ვუწყობდით არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების სიხშირეს. რაც უფრო ეფექტიანად ხდებოდა არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება – მით უფრო იზრდებოდა ამ სახის სასჯელის უპირატესობა საპატიმრო სასჯელთან შედარებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საპატიმროების განტვირთვის თვალსაზრისით. მომავალი წლიდან ვაპირებდით სრულიად ახალი ტიპის ბიუროების ამოქმედებას, სადაც ინფრასტრუქტურა იქნებოდა ევროპულის მსგავსი, ადგილზევე სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობით და ასე შემდეგ.
მე ძალიან მინდოდა შინა პატიმრობის სისტემის დანერგვაც, მაგრამ ამის მოთელვა მხოლოდ მოგვიანებით თუ დაიწყებოდა, ვინაიდან ჯერ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების შეზღუდვის, ანუ ღია ტიპის ანალოგიური დაწესებულების გახსნა. ამ დაწესებულების მშენებლობა/მოწყობა მოვასწარით, მაგრამ ამოქმედებას იანვრიდან ვაპირებდით. ეს არის ძალიან დიდი სიახლე, ახალი სიტყვა სასჯელაღსრულების კუთხით ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ბევრი დასავლური ანალოგი დავათვალიერეთ, იმისათვის, რომ ყველაზე კარგი პრაქტიკა გაგვეზიარებინა ჩვენი შესაძლებლობებით, მაგალითად გერმანიიდან წამოვიღეთ ეზოს ჭადრაკის უზარმაზარი დაფების იდეა. ამ დაწესებულებაში, რომელიც გლდანში მდებარეობს, ჩვენ უზრუნველვყავით თბილი გარემო, საუკეთესო საცხოვრებელი პირობები გისოსების გარეშე.


დაწესებულების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის მხოლოდ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, სადაც დასაქმებაც არის გათვალისწინებული და შაბათ-კვირას სახლში გამგზავრებაც. დაწესებულება უზრუნველყოფს უმტკივნეულო დაბრუნებას საზოგადოებაში, განთავისუპლებისათვის მომზაებას. ჩემის აზრით ეს დაწესებულება დააბალანსებდა ციხეებში სარეაბილიტაციო პროგრამების უკმარისობას, ამ ეტაპზე. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ვიმუშავეთ ამ პროექტზე.
ჩემი მოადგილე პრაქტიკულად მშენებლობაზე ცხოვრობდა, მთელი სული და გული ჩადო ამ პროექტის შექმნაში. ჩვენ მიზანმიმართულად დავუქვემდებარეთ დაწესებულება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რატომაც მას არა ღია ტიპის დაწესებულება, არამედ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაერქვა. დაწესებულება როგორც ვიცი უკვე ამოქმედდება და მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ამ სიახლეს მე და ჩემმა გუნდმა ჩავუყარეთ საფუძველი.
მე ამ კონკრეტული, გატარებული რეფორმებით და მომავალი გეგმებით ვსაზრდოობდი. ვცდილობდი 30 წამიან კომენტარში ჩქარჩქარა გადმომეცა თითოელი წინგადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ხალხს ცოდნოდა, ოჯახის წევრებს ცოდნოდათ. მე სიგიჯემდე მიხაროდა ყველა მიღწევა, ყველა რეფორმა, რომლის რეალიზაციის საშუალება მომეცა. მე მიხაროდა, რომ სხვადასხვა სიახლეს იოტისოდენი შვება მოჰქონდა კონკრეტული ადამიანებისათვის.
მე მქონდა ჩემი მოქმედების სივრცე, რომელშიც ჩემი შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რაც შემეძლო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ამდენი ხანი გავძელი ამ ურთულეს თანამდებობაზე იყო ის, რომ მე ღრმად მწამდა, რომ ბევრი სასიკეთო რამ კეთდებოდა სამედიცინო, სარეაბილიტაციო და სხვა მიმართულებით, რაც ჩემთვის მამოძრავებელი ძალა იყო. მეც ადამიანი ვარ და ყოველთვის გულისტკივილით ვისმენდი ყველა ცილისწამებას და ტყუილს ჩემს შესახებ. ჩემთვის მთავარი არის სინამდვილე, მთავარი არის სიმართლე, მთავარი არის, რომ მე ჩემი თავის წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე ვარ მართალი, რადგან მე ყველაფერს ვაკეთებდი ჩემს ხელთ არსებული ბერკეტებით, რომ მდგომარეობა გამეუმჯობესებინა.


არ დავიღლები იმის თქმით, რომ უაღრესად ვწუხვარ და უაღრესად განვიცდი იმას, რაც მოხვდა. სასჯელაღსრულება არ არის სასიამოვნო და სასიხარულო თემა. პირიქით, საკმაოდ დამთრგუნველია. მიუხედავად უამრავი ნერვიულობის და ენით აუწერელი სტრესის, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობდი მაქსიმალური დრო დამეთმო სამსახურისათვის. სერიოზული ზემოქმედება იქონია ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ხშირად ვამბობდი სახლში, რომ გადავიღალე, გადავიწვი, აღარ შემიძლია, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედებაც ძალიან მინდოდა.
რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან – კავშირი მხოლოდ ხელმძღვანელობასთან მქონდა (და კიდევ ტატოსთან, რომელმაც უაღრესად შემიწყო ხელი რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის). დაწესებულების მონახულებისას მაინტერესებდა როგორ მუშაობდა გრძელვადიანი პაემანი, როგორი იყო საცხოვრებელი პირობები, როგორ მუშაობდა სამედიცინო ნაწილი, იყენებდნენ თუ არა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ჰქონდათ თუ არა რაიმე პრობლემა, მაგალითად, ქალთას აღარ ყოფნიდა დედათა და ბავშვთა სახლში სივრცე, რის გამოც დავიწყეთ დამატებითი ოთახების მიშენება. ძირითადად ყველაფერი წესრიგში მხვდებოდა, მხოლოდ არსებული საკითხების გადაჭრა იყო საჭირო, ძირითადად საყოფაცხოვრებო.
დაწესებულებაში მივდიოდი რამოდენიმე მიზეზით: მშენებლობის დასათვალიერებლად, ამოქმედებული რეფორმების ხარისხის შესამოწმებლად, როგორიცაა პაემანი და პროფესიული განათლება, ახალი ინფრასტრუქტურის გასახსნელად და ასე შემდეგ. პატიმრებს ვეკითხებოდი როგორ იყვნენ, რამდენი ხანი ისეირნეს, როგორი იყო იმ დღის საკვები, რამე ხომ არ სჭირდებოდათ და ასე შემდეგ. არასოდეს არც ერთი პატიმრისათვის შენობით არ მიმიმართავს.

სამედიცინო საკითხებს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. ვნახულობდი ხდებოდა თუ არა სამედიცინო ბარათების ადეკვატური წარმოება, ფლობდა თუ არა მთავარი ექიმი სიტუაციას სრულყოფილად, იყო თუ არა სისუფთავე და სხვა. ერთადერთხელ, 2010 წელი იყო თუ არ ვცდები, როდესაც გადავწყვიტე ღამის საათებში რუსთავის დაწესებულებების გაუფრთხილებლად მონახულება (დეპარტამენტს ვთხოვე გაუფრთხილებელი ვიზიტი ყოფილიყო). კონკრეტულად არაფერს ვეძებდი, მხოლოდ მეგონა შეიძლებოდა რაიმე თვალში მომხვედროდა. ყველა დაწესებულებაში იყო სრული სიწყნარე, სიმშვიდე, ყველას ეძინა.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო სამედიცინო ნაწილის მდგომარეობა იყო ღამის საათებში. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა მოწესრიგებული სამედიცინო პუნქტები და პირველადი ჯანდაცვა. სამედიცინო პუნქტებში იმასაც კი ვამოწმებდი, იდო თუ არა საპონი ხელსაბანთან, იმიტომ, რომ ჩემთვის ზუსტად ესეთი წვრილმანით ვლინდებოდა ადამიანის დამოკიდებულება სამუშაოსადმი. მე გამიჭირდება გადმოგცეთ რამდენი რამის შეცვლა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენი რამ გამოვასწორეთ – რიგ შემთხვევებში სრულიად ელემენტარული, მაგრამ ამავდროულად ინსტრუმენტალური.

მოკლედ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, ჩემი ბერკეტების ფარგლებში, რომელიც მე გამაჩნდა, ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბიძგი მიმეცა ახლებური მიდგომებისათვის, თანამედროვე რეფორმებისათვის, რომ გავლენა მქონოდა თანამშრომლების დამოკიდებულებაზე, რომ ეტაპობრივად შემეცვალა უკეთესობისაკენ ის, რაც შემეძლო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროსაგან საკმაოდ დამოუკიდებელი იყო, თავისი იურიდიული, ფინანსური და სხვა განყოფილებებით. ის სამინისტროსაგან განცალკევებით მდებაროებდა. მე მჯეროდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რეფორმას დეპარტამენტი სკეპტიკრად უყურებდა – ეტაპობრივად ის დაინახავდა, რომ რეფორმები სინამდვილეში ყველასათვის მომგებიანი იყო. ამ დეპარტამენტის ხელმზღვალოლობამ კარგად იცოდა ჩემი პოლიტიკა, ჩემი მისწრაფებები, ჩემი ინტერესები, შესაბამისად გავრცელებული კადრების შემდეგ მე დავრჩი უაღრესად ნაწყენი.

მე გულწრფელად მჯეროდა, რომ ადამიანური მიდგომით მე შევძლებდი გავლენა მქონოდა ბევრ მიმართულებაზე. მჯეროდა, რომ ჩემი მუშაობის სტილით, ჩემი მიდგომებით, ჩემი ვაჟკაცური საქციელით მე შევძლებდი ყველა საჭირო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მე ეს ვერ მოვახერხე. მე ვცდილობდი მომეპოვებინა ყველა თანამშრომლის სიყვარული, პატივისცემა და ნდობა. მე მიმაჩნდა, რომ ამით შევძლებდი იმას, რომ ადამიანს მოერიდებოდა ჩემი, რომ ჩემი პატივისცემიდან გამომდინარე პირადად ჩემი პრინციპებისა და პოლიტიკის მიმართ ლოიალური იქნებოდა.
მე გაგებით ვეკიდებოდი სასჯელაღსრულების სისტემის სირთულეებს, რაზეც უკვე ვისაუბრე, შესაბამისად მე ძალიან მინდოდა თანამშრომლისთვისაც შესაბამისი სამუშაო პირობები შეგვექმნა, რომ მისთვის მარტივი ყოფილიყო მუშაობა, რომ მას მკაფიოდ სცოდნოდა როგორ უნდა ემუშავა, სცოდნოდა რას ითვალისწინებს ევროპული კანონმდებლობა და ა.შ. მე დარწმნებული ვიყავი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კუთხით დიდ შედეგს მივაღწევდი, თუ დეპარტამენტი, ისევე როგორც ბიუჯეტი შემიწყობდა ხელს. ზუსტად ეს რწმენა მაძლევდა მოთმინებას და სტიმულს.
მე ვარ ძალიან მიმნდობი ადამიანი. ჩემი ოჯახი ბავშვობიდან მეუბნება, რომ ადამიანში უპირველეს ყოვლისა კარგი უნდა დავინახო, მის მდგომარეობაში ჩავაყენო თავი, რომ ადამიანი ბოროტებას მხოლოდ გაუნათლებლობის გამო ჩადის, იმიტომ რომ არ იცის სხვაგვარად როგორ მოიგვაროს კონკრეტული სიტუაცია, რომ უნდა შევიცოდო ადამიანი, რომელიც იწყევლება და იგინება, ვინაიდან მან არ იცის, თუ სხვაგვარად როგორ გამოხატოს თავისი მოსაზრება. რომ ჩემი საქციელით უნდა მივცე მას მაგალითი და ვასწავლო თავმოყვარეობა, იმისათვის, რომ მან სხვა ადამიანები შეიყვაროს. რომ ბედნიერია მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც აცნობიერებს ამ ყველაფერს. ჩემს თავში ყოველთვის ტრიალებს ეს პრინციპები, რის გამოც ჩემთვის ჩემს თანამდებობაზე მუშაობა ფსიქოლოგიურად იყო ძალიან რთული. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, რაღაც ეტაპზე, მაგრამ სწორი მიდგომით მჯერა, რომ ადამიანზე მნიშვნელოვანი გავლენა შეგვიძლია ვიქონიოთ.
მე ვცდილობდი დეპარტამენტისათვის მეჩვენებინა, რომ რეფორმები და ევროპული სტანდარტები საკადრო კუთხით იყო ერთადერთი გამოსავალი. მე ვცდილობდი თანამშრომლების ევროპაში გამგზავრებას, რომ თავიანთი თვალით ენახათ, თუ რა არის შესაძლებელი. მე მინდოდა ტრეინინგების მეშვეობით ნელ-ნელა ყველაფერი შემეცვალა.
გულდასაწყვეტია, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თავისი არასწორი ქმედებით ჩრდილს აყენებს ყველა თავის თანამშრომელს, დაუმსახურებლად.

ბოლოსაკენ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში მე შევძელი შემექმნა ძლიერი ცენტრალური აპარატი და პრობაციის სამსახური, სადაც პროფესიონალიზმი დაუნახავი არასოდეს დარჩენილა. იქ მუშაობენ შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ და ბევრ სასიკეთო ინიციატივას ჩაუყარეს საფუძველი. მე უაღრესად ვაფასებ ამ ადამიანების წვლილს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდში ამომიდგა. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამას იმსახურებს.
აქვე, მინდა გულითადად ვუსურვო წარმატება სამინისტროს. მე ყოველთვის ვიქნები ამ უწყების გულშემატკივარი და ყოველთვის გამიხარდება მისი ნებისმიერი სახის წინსვლა.
დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ვნანობ, რომ უფრო პრინციპულად არ მოვითხოვე მეტი ძალაუფლება და ბერკეტი. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა. მე ვნანობ, რომ არ მქონდა მოქმედების სრული არეალი, რომ ბევრი ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უღრმესი მწუხარება. უაღრესად განვიცდი იმას, რომ ესეთი განსაცდელი გხვდათ წილად",-აღნიშნულია განცხადებაში.