ვარკეთილში, 182-ე საჯარო სკოლამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ მიიქცია, როცა სკოლის დირექტორად ყოფილი მანდატური, 23 წლის სოფო საბულუა დაინიშნა. პირველი, რაც "ნორჩმა დირექტორმა" გააკეთა, დამსახურებული და გამოცდილი 14 პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლება იყო, თუმცა შემთხვევა, რომელიც 182-ე სკოლაში თვენახევრის წინ მოხდა, პედაგოგთა მასობრივ გათავისუფლებაზე შემზარავია.
ცნობილი გახდა, რომ 182-ე სკოლის მეშვიდეკლასელი ბიჭი უფროსკლასელთა მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. ბიჭუნაზე ძალადობდნენ ახლომდებარე სასაფლაოზე, მანდატურებით "გამაგრებულ" სკოლის ეზოში, საპირფარეშოში და ა.შ. ბოლო შემთხვევა, რის შემდეგაც სექსუალური ძალადობის შესახებ სკოლის დირექციამ და მოსწავლეთა მშობლებმა შეიტყვეს, დეკემბრის ბოლოს მოხდა. მეშვიდე და მეცხრეკლასელმა მოსწავლეებმა ბიჭი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აიყვანეს სკოლის სხვენში და გაუპატიურება კიდევ ერთხელ დაუპირეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო, მან მოძალადეებს წინააღმდეგობა გაუწია. საწადელს რომ ვერ მიაღწია, ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მოძალადემ ბავშვს პირში ჩააშარდა. შიშისა და სირცხვილის გამო, დაზარალებულმა მოსწავლემ მომხდარის გამხელა ვერ გაბედა და ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთ-ერთმა მოძალადემ მომხდართან დაკავშირებით, ტრაბახი და დაზარალებულის დაცინვა დაიწყო.
ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლას აღშფოთებული მშობლები მიაწყდნენ და საქმეში სამართალდამცავები ჩართეს. "ვერსიასთან" საუბარში, ერთ-ერთი მოსწავლის დედამ განაცხადა, რომ როგორც კი ამ საზარელი შემთხვევის შესახებ გაიგეს, მოძალადე ბავშვების კლასელებმა მათთან ერთად სწავლაზე უარი განაცხადეს და რამდენიმე ბავშვს სკოლიდან წასვლა მოუწია.
"მოძალადეებს შორის მეშვიდე და მეცხრეკლასელი ბიჭები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ ამბების შემდეგ სკოლიდან წასვლა მოუწიათ, თუმცა მთავარი მოძალადე არც ერთმა საჯარო სკოლამ არ მიიღო და ბოლოს, ერთ-ერთმა კერძო სკოლამ შეიფარა. ეს ბავშვები კი გადავიდნენ, მაგრამ მშობლები იმდენად შეშინებულები ვართ მომხდარის გამო, რომ კარგა ხანს შვილების სკოლაში გაშვებას ვერ ვბედავდით. ფაქტია, ეს ყველაფერი სკოლის კედლებში, დირექციისა და მანდატურის გვერდით მოხდა და ჩვენი შვილები დაცულები არ არიან. ეს ამბავი რომ "გასკდა", კლასის ხელმძღვანელმა თქვა, ეს მოძალადე ბავშვები გაკვეთილზე რაღაც საეჭვოდ იქცეოდნენ. ერთმანეთს რაღაცებს ანიშნებდნენ, "პირი, პირიო" გასძახებდნენ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ეს უბედურება ხდებოდაო. როცა ყველაფერი გავიგეთ, დიდი ამბავი ატყდა. ამ მეშვიდეკლასელ ბიჭს დედა და ბებია ზრდიან და მოძალადე ბავშვს გამწარებულები მიუცვივდნენ სახლში. იყო ერთი გაწევ-გამოწევა. მერე პატრულს გამოუძახეს და საქმეში პოლიცია ჩაერთო. ფაქტია, რომ ამ ნამანდატურალი დირექტორის მოსვლის შემდეგ სკოლა სკოლას აღარ ჰგავს, მაგრამ ასეთ რამეს მაინც ვერ წარმოვიდგენდით".
182-ე სკოლის დირექტორმა სოფო საბულუამ "ვერსიის" კითხვები ისე გაიკვირვა, თითქოს მომხდარის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო.
"დავიწყოთ იმით, რომ ეს ჩვენს სკოლაში არ მომხდარა, მეორეც, გაუპატიურების მცდელობა არ ყოფილა, უბრალოდ, სხვა ბავშვებს შორის მოხდა ჩხუბი და.. გაუპატიურების მცდელობა ძალიან უხეშად ნათქვამია და მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს მოხდა ზაფხულში და არა დეკემბერში, თან ჩვენს სკოლაში არ მომხდარა. ჩვენი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ჩვენს სკოლაში არ ყოფილა. მე განათლების სამინისტროშიც ვიყავი. არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ყველაფერი ავუხსენი. პროკურატურასა და სამართალდამცავებსაც ავუხსენი და ეს საქმე დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ იყვნენ არასრულწლოვნები და გაუპატიურება არ ყოფილა. მორჩა ეს ამბავი და დამთავრდა".
სკოლის დირექტორის თავდაჯერებასა და ოპტიმიზმს არ იზიარებენ 182-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები. ჩვენი ინფორმაციით, სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა, დირექტორისა და მანდატურის პასუხისმგებლობის მოთხოვნით, განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა. სამინისტროში "ვერსიას" დაუდასტურეს, რომ 4 თებერვალს, 182-ე საჯარო სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება შევიდა და განმარტეს, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და სკოლა პასუხს კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.
სამწუხაროდ, 182 საჯარო სკოლაში მომხდარი
შემთხვევა ერთადერთი არაა და ბოლო წლების განმავლობაში იმატა ინფორმაციამ ბავშვთა შორის სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე. "ვერსიის" ინფორმაციით, შარშან და წელს, მოსწავლეთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორისა და ვაკის სკოლებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ შემთხვევაში მოძალადეცა და მსხვერპლიც ერთი სქესის წარმომადგენელი გახლდათ. ფსიქოლოგი თამუნა ობოლაძე მოზარდთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტებს საზოგადოებაში ძალადობის მომრავლებით, აღზრდისა და ფსიქიკის პრობლემებით ხსნის. "ვერსიის" კითხვას, იმოქმედა თუ არა მოზარდების ფსიქიკაზე ციხის კადრების ჩვენებამ, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ ციხის კადრებმა რაღაც დოზით ძალადობის პროვოცირება მოახდინა.
"სამწუხაროდ, მოზარდთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია, თუმცა ამის აფიშირება ნაკლებად ხდება. მსხვერპლი თითქმის ყოველთვის მალავს მომხდარს, რადგან მოძალადისგან, სექსუალურის გარდა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც განიცდის, რაც აიძულებს, რომ ამის შესახებ ხმამაღლა არ ილაპარაკოს. თუ დავამატებთ მსხვერპლში სირცხვილის გრძნობას და იმას, რომ ჩვენში ეს ტაბუდადებული თემაა, გასაკვირი არაა, რომ ამაზე არავინ ლაპარაკობს, რაც ფაქტების დამტკიცებას ართულებს. გეთანხმებით, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტების რაოდენობაზე რაღაც დოზით, გავლენა ციხის კადრებმაც მოახდინა, მაგრამ ამას უფრო ღრმა მიზეზებიც აქვს. ეს არის, ზოგადად, ძალადობის ფაქტების მომრავლება საზოგადოებაში, აღზრდასთან დაკავშირებული და ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც მსგავსი სახის ძალადობას იწვევს და ა.შ."
ფსიქოლოგთან საუბარში გავარკვიეთ, რომ ბუნებაში არსებული ოთხი ტიპის ძალადობიდან (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და უგულებელყოფა - როცა იგნორირებულია ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებები) ქართველმა მოზარდებმა ოთხივე წარმატებით აითვისეს. დაახლოებით სამი წლის წინ, "იუნისეფის" დაფინანსებითა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით, ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებით, ეროვნული კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად, ქართულ სკოლებში ყველა ტიპის ძალადობა გამოვლინდა. მათ შორის პირველ ადგილზე ემოციური ძალადობა, შემდეგ სექსუალური და ბოლოს, უგულებელყოფა. ფსიქოლოგის განმარტებით, ქართულ სკოლებში სექსუალური ძალადობის ფაქტები სიტყვიერად დადასტურდა.
"მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ასეთი ფაქტები დადასტურდა, ამის საფუძვლიანად დადასტურება შეუძლებელი გახდა, რადგან მსხვერპლისთვის ექსპერტიზის ჩატარების ვადა მხოლოდ 24 საათია", - აცხადებს თამუნა ობოლაძე.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ტაბუს გამო, საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული და ვერ აცნობიერებს, რა მიიჩნევა სექსუალურ ძალადობად.
"საქართველოში, ალბათ, სულ ორ-სამ ფსიქოლოგს აქვს სექსუალურ ძალადობაზე მუშაობის გამოცდილება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან პრობლემის მოგვარებას მარტო სკოლის ფსიქოლოგი ვერ შეძლებს. მას შეუძლია, გარკვეული სამუშაოები ჩაატაროს და ამის შემდეგ ბავშვთა ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. მით უმეტეს, რომ არსებობს სპეციალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. რაც შეეხება მოძალადე ბავშვებს, მათი სისხლის სამართლებრივი დევნა და ციხეში გამომწყვდევა პრობლემას არ მოხსნის, რადგან დასჯას ერთი მიზანი აქვს - მოძალადე დროებით ჩამოაცილოს საზოგადოებას, მაგრამ თუ მისგან მოძალადის ტიპი ყალიბდება, ის მომავალშიც იგივეს გაიმეორებს. მოძალადე ბავშვს ისევე სჭირდება დახმარება, როგორც მსხვერპლს და დასჯაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ მან რეაბილიტაციის შესაბამისი კურსი გაიაროს".