ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეებსა და დამლაგებელს სცემა

ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეებსა და დამლაგებელს სცემა

ნათქვამია, თანამდებობიდან გადამდგარ პრემიერს პრობლემა აღმართში დაეწიაო. ასე დაემართა ვანო მერაბიშვილსაც. ამ უკანასკნელს დაკითხვებზე ხშირ-ხშირად იბარებენ. ცოტა ხნის წინ მისი მეუღლე დაიბარეს დაკითხვაზე. ახლა კი შესაძლოა, დედამისი ჟენია მერაბიშვილი დაკითხონ.

ჟენია მერაბიშვილი სკოლის დირექტორი გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ის საუკეთესო სკოლის დირექტორად დაასახელეს. ახლა კი ჟენია მერაბიშვილს სკოლის მოსწავლეების ცემაში სდებენ ბრალს.

გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, 13 თებერვალს ჟენია მერაბიშვილმა, დილით, სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონა თმით ითრია, მისი ორ თანაკლასელს კი ქოლგით სცემა. მანამდე კი ხელფასის დაკლების გამო უკმაყოფილო დამლაგებელი საკუთარ კაბინეტში დაიბარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს ხელითაც შეეხო.

როგორც ჟურნალისტი თამუნა უჩიძე წერს, ამბის გასარკვევად სკოლაში მისულებს არავინ დაელაპარაკა.

ათობით გამოკითხულმა მოსწავლემ მომხდარის შესახებ უარყო. ფაქტი არ დაადასტურეს არც მანდატურებმა. რადგან სამასწავლებლოში ასვლის ნება არ დაგვრთეს, რამდენიმე პადაგოგი ჩვენთან შესახვედრად პირველ სართულზე ჩამოვიდა. "ჩვენი თვალით არაფერი გვინახავს, ვერაფერს გეტყვით", გვითხრეს მათ, - წერს უჩიძე.

რედაქციაში დაბრუნებისას "სამხრეთის კარიბჭეს" ცხელ ხაზზე უცნობი პირი დაუკავშირდა. მან ნაცემი დამლაგებლის შესახებ ისაუბრა.

უცნობი რესპოდენტის განცხადებით, რედაქტორმა თმით ითრია მეთერთმეტე კლასის მოსწავლე (სახელები შეცვლილია "ს.კ") ნინო ბერიძე, ნათია კაპანაძე და გიორგი მაისურაძე კი ქოლგით სცემა. გოგონას დედამ, რომელიც დირექტორმა თმით ითრია, პრესასთან დუმილი ამჯობინა. მომხდარის შესახებ ვერ უარყო და გვითხრა: "მეშინია, ვერაფერს გეტყვით, იმას ჰკითხეთ, ვისაც გამბედაობა ეყოფა და ამ ყველაფერს მოგიყვებათ". ის, რომ დირექტორმა მისი თანაკლასელები სცემა, გიორგი მაისურაძემაც დაგვიდასტურა. "ნინოს თმა ჰქონდა გაშლილი, ამიტომაც თმაში სწვდა. ნათიაც ატირებული შემოვიდა გაკვეთილზე, უცემია. მე მხოლოდ შენიშვნა მომცა, სხვა დროს აღარ დააგვიანოო",-ამბობს მაისურაძე.

თუმცა, მისი თანაკლასელის ნათია კაპანაძის თქმით, ქოლგა გიორგისაც მოხვდა. როგორც ნათია გვიყვება, დირექტორი იმიტომ გაბრაზდა, რომ ბავშვებს სკოლაში დააგვიანდათ.

"2 წუთის დარეკილი იყო ზარი, რომ შევედით მე და გიორგი. ყვირილის ხმა გავიგონეთ მეორე სართულიდან და შევჩერდით, არ გვინდოდა ხელში ჩვენც შევრჩენოდით, მაგრამ ამ დროს უკნიდან მანდატური მოგვადგა და გვითხრა, სასწრაფოთ ზემოთ ავსულიყავით. რომ ავედით, 4 ბავშვი უკვე დირექტორს კაბინეტში ჰყავდა შეყვანილი, ჩვენც შგვიყვანა, დაგვამწკრივა ერთ მეექვსე კლასელს ქოლგა გამოართვა და ის გვირტყა",- გვიყვება ნათია კაპანაძე. ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, რომელიც ამ ამბის მომსწრე იყო, ნათიას ტირილისგან ისტერიკა დაემართა,- წერს "სამხრეთის კარიბჭე".

მასწავლებლის თქმით: "ბავშვს ვეღარ ვაწყნარებდით. თქვა, რომ სკოლიდან წავიდოდა. სკოლიდან წასვლით დაიმუქრა ის გოგონაც, რომელიც თმით ითრია, ორივე მხრიდან რომ ჩაწვდომია თმაში, ისე უთრევია, რომ ლამინატი მოუპრიალებია".

"სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, მომხდარის შესახებ განცხადების დაწერა მხოლოდ ნათია კაპანაძის მშობლებმა სცადა.

"ძალიან ვთხოვე დედას, რომ თავი შეეკავებინა, რადგან ჩვენს გარდა ხმას არავინ იღებდა. სკოლიდან ჟენიას მოშორება ყველას უნდა, მაგრამ ამის გაკეთებას ყველა მხოლოდ ჩვენით ცდილობს. თუ დედა ამოიღებდა ხმას, მაშინ ყველას მშობელი გვერდით უნდა დაგვდგომოდა, მაგრამ ეს არც სხვა მშობელმა და არც რომელიმე მასწავლებელმა გააკეთა. ამიტომ ჩვენც დუმილი ვარჩიეთ. მანდატურმა ჩემს თვალწინ დაურეკა თავის უფროსს,
მომხდარის შესახებ უთხრა, მაგრამ არ ვიცი
მიიღებენ თუ არა რაიმე ზომას. ასე სკოლაში ხშირად ხდება, თუ ცუდ ხასიათზეა დირექტორი, იმას სცემს ვინც ხელში მოყვება",- აცხადებს "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში ნაცემი ბავშვი.

"სამხრეთის კარიბჭემ" ჟენია მერაბიშვილს კომენტარის ჩასაწერად სახლში მიაკითხა. მან სკოლაში ჟურნალისტების ყოფნის შესახებ უკვე იცოდა.

"ბავშვს თმაზე ხელი მოვკიდე, დაგვიანება შეიძლება მეთქი?! სულ ეს იყო და ასეთი ამბავი უნდა ატეხოთ?! აღშფოთებული ვარ თქვენით", - ასეთი საყვედურით დახვდა მერაბიშვილის დედა ჟურნალისტებს.

მან დამლაგებლის ცემის ფაქტიც უარყო. ამბობს, რომ ისაა დაზარალებული, რადგანაც დამლაგებელს დაუწყევლია, მაგან არ გაიხაროსო.

განათლების სამინისტრომ ამ ფაქტის გამოძიება უკვე დაიწყო. ვნახოთ რითი დასრულდება ეს ამბავი. ასევე საინტერესო იქნება როგორ შეაფასებენ ამ ამბავს ნაციონალები.