"თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი კერ ისევ აქტიურ ფაზაშია. პროკურატურა განაგრძობს საქმის მოკვლევასა და დედაქალაქის მერიის მაღალი თანამდებობის პირთა დაკითხვას. როგორც ირკვევა, იგივე სიტუაციაა მერიის სხვა შპს-ებშიც. კერძოდ, 23 იანვარს თბილისის მთავრობამ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, 800.000 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან შპს "სინათლის ქალაქს" გამოეყო. დადგენილებას ხელს მერის მოადგილე დავით ალავიძე აწერს", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ახალი ბრალდება უგულავას წინააღმდეგ - მერმა თბილისის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გაფლანგა".
"თბილისისა საკრებულოს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მერის ამ ქმედებას პარტიული ინტერესებისთვის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვის პრაქტიკას უწოდებს. "2013 წლის 23 იანვარს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, შპს "სინათლის ქალაქს" 800.000 ლარი გადაერიცხა. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული ადამიანებისა და წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისათვის 2.500-ლარიანი სახელფასო ანაზღაურება 5.000 ლარი გახდეს. იმ ფონზე, როცა დედაქალაქში ასტრონომიულ რაოდენობას აღწევს უსახლკაროთა და შეჭირვებულთა რიცხვი, თბილისის მერი გიგი უგულავა განაგრძობს საბიუჯეტო რესურსების ფლანგვის პრაქტიკას, რაც ზღვარგადასული თავხედობაა", - განაცხადა მან", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ირკვევა ზემოაღნიშნული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო 11 ადამიანისგან შედგება და მისი წევრები არიან: სპორტის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძეს მეუღლე მაკა მეტრეველი, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი. 11-კაციანი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხელფასი ნაცვლად 2500-ისა, 5000 ლარი გახდება", - განაგრძობს გამოცემა.
"იგივე პრაქტიკა უკვე მუშაობს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში". იქ დასაქმებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს 5.000-ლარიანი ხელფასები უკვე აქვთ. 2010 წლამდე დედაქალაქის გარეგანათების ქსელების ექსპლუატაცია-მოვლას "თბილ ქალაქ განათება" ახდენდა. ამ კომპანიის ჩასანაცვლებლად მალევე შეიქმნა შპს "სინათლის ქალაქი", რომელსაც არც კვალიფიციური თანამშრომლები ჰყავდა, არც ტექნიკა და გამოცდილება ჰქონდა. წინასწარი გარიგებით, ზედიზედ, 3-ჯერ 2010-11-12 წლებში, ტენდერში გაიმარჯვა აღნიშნულმა კომპანიამ. 2012 წელს, 1,5-წლიანი ოპერირებისთვის მან 19-მილიონიანი ტენდერი მოიგო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლება ოპოზიციაში გადავიდა, დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილი ჩინოსნების დასაქმებისა. 2012 წლის დეკემბერში მერიის სხვადასხვა შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოები იქმნება. ასეთია "სინათლის ქალაქი", "სატრანსპორტო კომპანია", დამკრძალავი ბიურო "ჰერმესი", - აღნიშნავს ზაზა გაბუნია", - დასძენს გამოცემა.