"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას შორის გაყინული ურთიერთობების აღდგენის მცდელობამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამართავს რიგით მეორე შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. რამდენად დაჩრდილავს ასეთი შეხვედრები ჟენევის ფორმატს? დავრჩებით თუ არა რუსეთთან პირისპირ? ექსპერტების დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი სხვადასხვაგვარია", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "დავრჩებით თუ არა რუსეთთან პირისპირ?".
"შეიძლება ითქვას, რომ თანხვედრაა იმ პოზიციაში, რომელიც აქვთ სამოქალაქო საზოგადოებასა და რეინტეგრაციის სამინისტროს ახალ შემადგენლობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი კონტაქტი იყოს აფხაზებთან, ოსებთან, იყოს დიალოგის ახალი საშუალება. ამან ასევე ხელი უნდა შეუწყოს საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე დიალოგს. ამ მიმართულებითაც ჯერ პირველი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ უკვე ჩანს, რომ პროცესები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან თუნდაც იმით, რომ როგორც კი დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი, მაშინვე განმტკიცდა პოზიციები ცხინვალსა და სოხუმში, ვინაიდან მათ აქვთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის შეიძლება რაღაც გარიგება მოხდეს, რომელიც მათზე აისახება. მოსკოვი, თავის მხრივ, ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, რომ ასეთი არაფერი ხდება. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ ხდება ასეთი რამ, ჩვენ არ ვაპირებთ, აფხაზებისა და ოსების ზურგსუკან მოსკოვთან რაიმე გარიგება განვავითაროთ", - აცხადებს კონფლიქტებისა და საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი.
"რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული შენიშვნებისგან და ჯერ შედეგს შეხედონ. "ჩვენი სურვილია სამოქალაქო სექტორთან რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ადრე დეფიციტი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მათთვის ჩვენი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ჩვენ გვაინტერესებს მათი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ვაცნობთ ჩვენი უწყების რამდენიმეთვიანი საქმიანობის შედეგებს", - განაცხადა ციხელაშვილმა.
"მაგალითად, ჟენევის დისკუსიების ფორმატზე ვსაუბრობთ. ხშირად ხდება გადაჭარბებული მოლოდინების ან რისკების დაკავშირება ამ პროცესთან. ასევე განვიხილავთ დასავლელ პარტნიორებთან ჩვენს თანამშრომლობას არაღიარებისა და ჩართულობის მიმართულებით, რომელიც გამომდინარეობს ერთიანი საქართველოს ევროპული მომავლის ხედვიდან, დასავლური კურსიდან, რომელზეც ასევე დებატები და შენიშვნებია. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი რიტორიკისგან და ჯერ შეხედონ შედეგს და არა მხოლოდ იმას, რაც დეკლარირებულია", - დასძენს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.