რა კავშირია ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირსა და კობა დავითაშვილის ლოყას შორის? მაგალითად, ეკა ბესელიას განმარტებით, ორივე დეპუტატის სხეულის აღნიშნული ნაწილი კანონით ერთნაირად უნდა იყოს დაცული. თუმცა ცხვირსა და ლოყას შორის სხვა კავშირიცაა - სწორედ 8 თებერვლის მოვლენებზე საუბრისას, რომლის დროსაც თაქთაქიშვილს ცხვირის გაუტეხეს, მიიღო დავითაშვილმა ლოყაში სერგო რატიანისგან.
თუმცა ყველაზე დაჩაგრული მაინც რატიანია. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ცემა-ტყეპაში 5 დღის განმავლობაში 2-ჯერ გაეხვიო - ჯერ 8 თებერვალს მოხვდა ქუჩაში ტაქსისტისგან (თაქთაქიშვილთან ერთად), 13 თებერვალს კი, "მაესტროს" ეთერში დეპუტატ დავითაშვილისგან. ისე, აღნიშნული დეპუტატი ნელ-ნელა ცემის სტატუსს იმაღლებს და ლოგიკურად, კიდევ 5 დღეში, პრემიერმა თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარემ მაინც უნდა გალახოს.
ხუმრობა იქით იყოს და "მაესტროს" ეთერში 13 თებერვლის ცემა-ტყეპას საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. კერძოდ, მომხმარებლები იმას კი არ არჩევდნენ, რამდენად მისაღებია, ხალხის რჩეულები პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დედას რომ აგინებენ, არამედ იმას - ვინ ვინ სცემა. ეს გასაგებია, რადგან ქართველები ვართ და არ გვსურს გალახულის იმიჯის ტარება იმის მიუხედავად, ჩხუბი სკოლის უკან იყო თუ ტელეკამერების წინ.
სხვათა შორის, ეტყობა, დავითაშვილმა იფიქრა - ემანდ ვინმემ რატიანისგან გალახულად არ ჩამთვალოსო და პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა:"ნაციონალი" დეპუტატის ხელი ლოყაში არ მომხვედრიაო.
მომხდარი დაგმო ორივე მხარემ - "ქართულმა ოცნებამაც" და კოალიციამაც. სხვათა შორის, თინა ხიდაშელმა განაცხადა:"ნერვებს თუ ვერ თოკავ, სჯობს სახლში დარჩე და დაისვენო". ისე გამოუვიდა, მულო შენ გეუბნები და რძალო შენ გაიგეო.
ამ ლოგიკით, მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე დავითაშვილი სახლიდან გარეთ ვერ უნდა გამოსულიყო. თუ სადმე, როგორც დღეს უყვართ ხოლმე თქმა, პოლიტიკურად მოტივირებული ცემა-ტყეპა ატყდებოდა, იქ დავითაშვილი (თუ იყო მიმდებარე ტერიტორიაზე) ყოველთვის წამყვანი ფიგურა იყო. სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორს მისი "პირველი სისხლიც" ახსოვს, როდესაც 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში მაშინდელი "მოქკავშირელი" დავითაშვილი "აღორძინების" წევრზე გაიქაჩა. ამის შემდეგ მას მოჩხუბრის იარლიყი მიეკერა.
ეს კარგად მოეხსენებოდა თავად დავითაშვილს. 2006 წელს დავითაშვილი ტელეკამერების წინ გვპირდებოდა - 2007 წელს გიგა ბოკერიას აუცილებლად ვცემო.
რაც შეეხება "ნაციონალებს" - მათი ტაქტიკა ერთ ანეკდოტს გვაგონებს, რომელშიც მაზოხისტი იხვეწება:"მცემეთ, მცემეთო". მიაღწევ რომ გაგლახონ, ჩაწვები ლოგინში, მოგინახულებს ევროპარლამენტარი და შენს სასთუმელთან შეშფოთდება (ღრმად ან უკიდურესად). თუმცა ამ ანეკდოტში სადისტიც არის, რომელიც მაზოხისტს ეუბნება: "არ გცემ, არ გცემო". ეს ეპიზოდი არსებულ ვითარებას უკვე აღარ შეესაბამება.
კერძოდ, თავშეკავების სურვილი არ არსებობს და მორიგი ცემა-ტყეპის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილია. ერთი იმიტომ, რომ დასავლეთში შეშფოთდებიან - არიქა, საქართველოში ოპოზიციას ავიწროებენ. მეორეს კი, თვითკმაყოფილების გრძნობა აქვს. სამაგიეროდ, შიგადაშიგ ზოგიერთ ახლად გამომცხვარ ჩინოსანს მართლაც ანეკდოტური განცხადებების გაკეთება უწევს - ცოცხლად გატყავებით რომ ვიმუქრებოდი, არ მიიჩნიოთ ამა თუ იმ უწყების ოფიციალურ პოზიციადო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუ "ნაციონალები" მაზოხისტობას არ შეეშვებიან, "ქართული ოცნება" კი არ გაითავისებს, რომ უკვე ხელისუფლებაშია და ცოტა საკადრო პოლიტიკასაც არ მიაქცევს ყურადღებას, არსებული დიდი ქართული პოლიტიკური ორომტრიალი შესაძლოა, ტრაგედიად გადაიქცეს.
ამის შემდეგ, სამწუხაროდ, მხოლოდ გატეხილ ცხვირებზე და ლოყებზე აღარ მოგვიწევს წერა.