დავითი და გოლიათი
საქართველოს ჰყავს თავდაცვის ორი გაქცეული მინისტრი _ შაშკინი და კეზერაშვილი. არც ერთი იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და არც მეორე. რაც არ შეიძლოებოდა ივანიშვილისთვის, შესაძლებელი აღმოჩნდა ამ ორი მინისტრისთვის. ერთს ამერიკული პასპორტი ედო ჯიბეში, მეორეს _ ისრაელის. რა დააშავა ამ ქვეყანამ, რომლის დაცვა ევალებოდა პირებს, რომელთაც ამ ქვეყნის მოქალაქეობაც კი არ უნდოდათ? შაშკინზე, რომელმაც მშობლიურ ამერიკას შეაფარა თავი, სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი კეზერაშვილის არაჩვეულებრივ თავგადასავალს მივყვეთ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი ერთბაშად რომ გამდიდრდა და გამაგნატდა, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის. «საქართველოს ლატარია», «გალფი», «რუსთავი 2» და სხვა არაერთი კომპანიის მფლობელს ბოლოს «(იტალიური) ოპერის მოყვარულთა კლუბიც» ჩააბარეს და კეზერა «კოლომბო თეთრ გეტრად» საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ოპერის ამ მოყვარულს ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, «ნაბუკო» რა არისო და ბრინჯივით დაიბნა. არადა, გაბიზნესმენებულ პოლიტიკოსს, ოპერა სულაც რომ არ უყვარდეს, საწვავის სიყვარულით, გრანდიოზული მილსადენის სახელი მაინც უნდა სცოდნოდა. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ «ნაბუკოში» ტყვეობაში მყოფი და სიკვდილის მომლოდინე იუდეველი მონების სულისშემძვრელი ქორო კეზერაშვილს ეროვნულ ძარღვსაც არ უტოკებს!
გამოხდა ხანი და ახალმა ხელისუფლებამ კეზერას ძველი ცოდვები ამოუქექა: გაირკვა, რომ მხოლოდ 2009-2012 წლებში მას ახლო ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად მხოლოდ კონტრაბანდისტული საქმიანობით 7 მილიონ 570 ათასი დოლარი მიუთვისებია. საერთო ჯამში, კეზერაშვილს, როგორც მოხელეს, ქრთამის სახით 4 მილიონ 670 ათას ლარამდე ჩაუჯიბავს, ხოლო როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, 7 მილიონ 664 ათასი დოლარი მიუღია. ამ თანხებს კეზერაშვილი საკუთარი დის ქმრის მეირი ჯანაშვილის შუამავლობით იღებდა.
კოლომბო აორთქლდა. ხალხი ლაპარაკობს, რომ მას, როგორც ისრაელის მოქალაქეს, ქართულ მხარეს არავინ გადმოსცემს. ისედაც დუნედ მოქმედი ახალი ხელისუფლებაც დიდ ძალისხმევას არ ამჟღავნებს. რაკი ჩვენმა გადატვირთულმა პროკურატურამ კეზერას პოვნას თავი ვერ მოაბა, მოვახსენებთ, რომ თანამედროვე საქართველოს ახალი კოლომბო დავით კეზერაშვილი ინტენსიურად მოძრაობს ისრაელსა და ბრიტანეთში. ლონდონში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში შეძენილი აქვს ბინა. მისი მისამართია: Hereford house, 66 N Row, London. საოცარი დამთხვევაა, მაგრამ ბინა კეზერაშვილის დის ქმარზე _ მეირი ჯანაშვილზეა გაფორმებული! ამ უბანში ბინების ფასი შვიდნიშნა ციფრს არ ჩამოსცდენია, საშუალოდ კი 6-დან 8 მილიონ ფუნტამდე მერყეობს. თქვენ კი კითხულობდით, სად მიჰქონდა მილიონებიო!
ახლა დავითიდან «გოლიათზე» გადავიდეთ. კიდევ ერთი გაქცეული პერსონაჟი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, როგორც სააკაშვილი გვიმტკიცებს, უნგრეთში იმყოფება და ისე უჭირს, რომ ტრამვაით გადაადგილდება. ჩვენ იუსტიციის სხვა მინისტრიც გვახსოვს, სამსახურში მეტროთი რომ დადიოდა, დაბოლოს ორი თვითმფრინავი იყიდა, მაგრამ ამჯერად სულ სხვა თემაა საინტერესო: ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უნგრეთში ადეიშვილს პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პატრონობს. ეს ის ორბანია, რომელიც ღიად ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში. არჩევნებამდე სამი დღით ადრე მან ქართველი ამომრჩეველი დამოძღვრა: «ეს თქვენი არჩევნებია, არავინ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენ ნაცვლად. მე უნგრელი მეგობარი ვარ და გეუბნებით, ნუ მიბრუნდებით უკან, ირწმუნეთ თქვენი ხელმძღვანელობის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უნგრელი ხალხი თქვენ გვერდითაა»!
საბოლოოდ «უნგრელი ხალხი» საქართველოს ნაცვლად ზურაბ ადეიშვილის გვერდით აღმოჩნდა. ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, როგორც გვატყობინებენ, ცივ ნიავს არ აკარებს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, რომლის სახელთან უამრავი დანაშაულია დაკავშირებული. რაკი სიტყვამ მოიტანა, ურიგო არ იქნებოდა, შს მინისტრი ღარიბაშვილი დაინტერესებულიყო, თუ რა უძრავი ქონება შეიძინა მისმა უწყებამ ბუდაპეშტში.
საქართველო უნიკალური ქვეყანაა _ სწორედ იგი ხდებოდა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენების წამომწყები ან დეტონატორი. ამჯერადაც ნათლად იკვეთება, რომ საერთაშორისო კორუფციის არაერთ ფაქტს სწორედ საქართველოდან უნდა აეხადოს ფარდა. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის შეფარება არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა მოურიდებლად გვაძლევენ მითითებებს დასავლეთიდან და დემოკრატია აქ არაფერ შუაშია. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მსუყედ კვებავდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ისინიც «ფართოდ ხუჭავდნენ თვალებს» საქართველოში დემოკრატიის სახელით დამყარებულ ავტორიტარიზმზე.
თუ მთავარი პროკურატურა მოვალეობას შეასრულებს, ძებნილებსაც მიაგნებს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ქართველებსა თუ უცხოელებს, თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი «VI კორპუსი» კვლავაც მოგაწოდებთ საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების მასალებს.