საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. კურსანტებმა გუდაურში დღეს საჩვენებელი სწავლება გამართეს. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP), მიმდინარეობდა.
ზამთრის კურსში მონაწილეობა ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - პოლონეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს. წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. პირველ ეტაპზე, აბულის სამთო პოლიგონზე სამხედროები მაღალ მთაში სროლას უკვე დაეუფლნენ. სწავლება მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწას მოიცავდა. სროლები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე წარმოებდა.
გუდაურში სამხედროებმა მაღალ მთაში გადაადგილების, დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის, ტექნიკური სრიალის სწავლებები გაიარეს. კურსის ფარგლებში, ისინი თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობასაც დაეუფლნენ.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მთა-გორიანი რელიეფის მქონე ქვეყანაა, აუცილებელია ქართველმა სახედროებმა მთაში ზამთრის ცივ კლიმატურ პირობებში გადარჩენის ოპერაციები იცოდნენ. 2010 წლიდან პარტნიორობა მშვიდობისათვის ფარგლებში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უცხოელებისთვის ყოველწლიურად ოთხი სწავლება ტარდება” - აღნიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, კაპიტანმა ვანო ცხადაძემ.
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს უკვე გავლილი აქვთ სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი. კურსის წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომ კურსებსაც გაივლიან.