საქართველოში შექმნილია ანომალური და ბუნდოვანი პერსპექტივების მქონე, საფრთხეებით აღსავსე პოლიტიკური მდგომარეობა:
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა ფაქტობრივად შემცირდა 1/3-ზე მეტით და როგორც ჩანს, ეს „დე იურეც“ აუცილებლად გაფორმდება, თუკი პარლამენტი უფლებამოსილებებს პირადი განცხადებების საფუძველზე შეუწყვეტს პარტიული სიებით არჩეულ იმ წევრებს, რომელთა წარმდგენი პარტიების მიერ ეს სიები უკვე ანულირებულია და შესაბამისად, არჩეულ წევრთა ადგილმონაცვლე ამ სიებში აღარ არსებობს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შემთხვევაში ყველა მანდატი, რაც ამ პარტიებმა არჩევნებით მოიპოვეს, გაუქმდება.
საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვლის სხდომაზე კენჭი უყარა უფლებამოსილებათა შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის 51 წევრის განცხადებას და ამ ჯერზე თავი შეიკავა გადაწყვეტილებების მიღებისგან. ერთი მხრივ მისასალმებელია, რომ ამ წევრებისთვის პარლამენტის კარი არ დახურულა. მათ კიდევ მიეცათ შანსი წესისამებრ შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას, რისკენაც მათ დაჟინებით მოუწოდებს როგორც თავად ქვეყნის ხელისუფლებაცა და ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა, ასევე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო თანასაზოგადოება. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტობრივად აღარ არსებობს არც რაიმე ქმედითი რესურსი, აღარც მეტ-ნაკლებად რეალური საფუძვლის მქონე რაიმე მოლოდინი, რომ ისინი ყურად იღებენ მოწოდებას და აღარ გააგრძელებენ პარლამენტის საბოტაჟს.
არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, მით უმეტეს პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმეა და დღითი დღე უფრო მძიმდება, ვინაიდან:
- პარლამენტის საბოტაჟი აკნინებს, არსებითად უზღუდავს ქმედუნარიანობასა და უფლებამოსილებებს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით და მთავარ პოლიტიკურ ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, ასუსტებს საკანონმდებლო ხელისუფლებას და მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს;
- პარლამენტში წარმომადგენლების გარეშე რჩება ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელმაც ხმა მათ მისცა, ვინც უარი თქვა საკუთარ უფლება-მოვალეობათა შესრულებაზე;
- პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის ფონზე იქმნება პროცესების საშიში სცენარით განვითარებას საფრთხე.
- პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც ეკონომიკაში თითქმის სრულ ფორს-მაჟორულ დამბლას განაპირობებს, სულ უფრო იძაბება სოციალური მდგომარეობა, რომლის პირობებშიც უამრავ ჩვენს მოქალაქეს უჭირს საარსებო სახსარის მოპოვება, ამ პოლიტიკური და სამართლებრივი ფორს-მაჟორის გამო, ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და კრიტიკულად იზრდება მასშტაბური დესტაბილიზაციის საფრთხე.
ეს ანომალური მდგომარეობა, თუკი გონივრული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება დროულად ვერ გამოინახა, კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან პირადი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილებათა შეწყვეტის თაობაზე მართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავება უშედეგოდ არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ფაქტობრივად, ისედაც დაკნინებული და შეზღუდულია, ხოლო პოლიტიკური პოლარიზაციისა და არასტაბილობის ხარისხი - მზარდი.
პოლიტიკური თვალსაზრისით ეგზისტენციურ პრობლემად იქცა უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, მისი სულ უფრო მზარდი ესკალაცია, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს და „შუა გაკრეფვამ“ შეიძლება ქვეყანა შუაზე გახლიჩოს. ვუახლოვდებით ზღვარს, რომლის იქითაც უფსკრულია, თუკი არ გამოინახა გზა პოლარიზაციის ამ სპირალიდან გამოსასვლელად. საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვა და ისეთი „რესტარტი“, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ურთიერთობებს, შეაკავებს მზარდ ექსტრემიზმს და გზას გაუხსნის პოლიტიკურ პარტიათა პატიოსან კონკურენციას, ისევე როგორც მათ პარტნიორობასა და თანამშრომლობას ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ:
- საჭიროა ჩიხში შესული პოლიტიკური ურთიერთობების რაც შეიძლება დროულად „გადატვირთვა“, რაც ბოლოს მოუღებს პოლიტიკურ კრიზისს.
- არსებული კონსტიტუციის ფარგლებში აუცილებელია ისეთი სამართლებრივი გამოსავლის პოვნა, რაც საშუალებას მოგვცემს სრულად ავიცილოთ როგორც პარლამენტის, ე.ი. სახელმწიფოს დაკნინების, ისე დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საბოლოო ჯამში ექსტრემიზმის მძევლად ქვეყნის გაწირვის სულ უფრო მზარდი საფრთხე.
ასეთ გამოსავლად, თუკი ოპოზიცია დათქმულ ვადის, მაგალითად 15 თებერვლის შემდგომაც, კვლავ განაგრძობს პარლამენტის საბოტაჟს, გვესახება საარჩევნო კოდექსში სათანადო საგანგებო ცვლილების ინიცირება, რომლის მიხედვითაც:
- პარლამენტის წევრების მანდატების გაუქმების შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სიითი შემადგენლობა არანაკლებ 1/4-ით შემცირდა, პარლამენტის სრულ შემადგენლობამდე შესავსებად ინიშნება დამატებითი კენჭისყრა. დამატებითი კენჭისყრით ხელახლა გადანაწილდება მანდატების ის რაოდენობა, რაც საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის შესავსებად. მანდატების ეს რაოდენობა დამატებითი კენჭისყრით გადანაწილდება პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილე პარტიებს (საარჩევნო ბლოკებს) შორის, გარდა იმ პარტიებისა (საარჩევნო ბლოკებისა), რომელთა:
ა) არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სია ანულირებულია;
ბ) არჩევნებში უკვე მოპოვებული აქვთ 76 მანდატზე მეტი.
დამატებითი კენჭისყრით პოლიტიკური პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ დამატებით კენჭისყრაში მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა კენჭისყრაში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე ნაკლებია, მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
- 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2021 წლის არჩევნების დღეს.
- ეს საკანონმდებლო ცვლილება, როგორც მხოლოდ ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ad hoc გამოსავალი, ამოქმედდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის უფლებამოსილებებს შეუწყვეტს უარისმთქმელი პარტიების წარმომადგენლებს.
ამ შინაარსის საკანონმდებლო წინადადების სახით შესაბამის კანონპროექტს წარვუდგენთ პარლამენტს. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და დარწმუნებულები ვართ, მისი მიღება შექმნილი ანომალური მდგომარეობის მოწესრიგების ყველაზე სამართლიანი და საუკეთესო გზაა.
მივმართავთ ხელისუფლებას, მოახდინოს ამ კანონპროექტის ინიცირება, განხილვა და მიღება! ამასთან, ვიტოვებთ უფლებას, თუ სხვა გზა არ გვექნება, ამომრჩევლების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირებისთვის დავიწყოთ სათანადო პროცედურებით ხელმოწერების შეგროვება.
მივმართავთ პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიებს (განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის დროინდელ თანამებრძოლებს!), ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, გაიზიარონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან და ხელეწიფებათ, სრულყონ კიდეც, და რაც მთავარია - მხარი აქტიურად დაუჭირონ ამ ინიციატივას!
მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს: თანამემამულენო, შემოგვიერთდით!
მივმართავთ ქართველ ერს: დავასრულოთ ექსტრემიზმი! ყველამ ერთად ვინებოთ და შევქმნათ კიდეც, ქვეყნის გამარჯვება!
პოლიტივეტერანები: გურამ სანადირაძე, ზურაბ მარშანია, დავით მარღანია, ალექსანდრე სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, გია იაკობაშვილი