ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე თვალსაზრისს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოხატავს, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო.
- ახალი ხელისუფლება პირველ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ოცწლიანი კატასტროფის შემდეგ. ბოლო ცხრა წელიწადი ხომ საერთოდ აბსურდის თეატრად იქცა, სისხლიან და ბოროტ წარმოდგენად, რომელმაც უამრავი მოქალაქე დაასახიჩრა ფიზიკურად და სულიერად. დღეს ვითარება შეიცვალა, საქართველოს შესაძლოა დაუბრუნდეს კავკასიის რეგიონის ცენტრის როლი. მედლის მეორე მხარეს კი ტრაგიკომედიაა - სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ყოვლად შეუწყნარებელი მასკარადი გამართეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის თავის მოჭრა და დასტური იმ სიბრმავის სინდრომისა, რომელიც დასავლეთის გარკვეულ წრეებში დღესაც სუფევს. როგორ შეიძლება არ დაინახო, რომ სააკაშვილი პატარა ცახესია (გერმანელი მწერლის, ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ნაწარმოების გმირი - ნ.კ.), მახინჯი არსება, რომლის ყველა სიტყვა სიცრუეა?! მჯერა, ქვეყანა ამასაც გადაიტანს, თუმცა, მორალური თვალსაზრისით, მართლაც ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაა.
- რას იტყვით საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ხმაურიან ინციდენტზე?
- სააკაშვილს არათუ პარლამენტში, არც ერთ ცივილურ დაწესებულებაში არ შევუშვებდი. ის ხელისუფლების უზურპატორი და სახელმწიფო დამნაშავეა, მან გაძარცვა და გარყვნა ქვეყანა - ეს იციან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ; მაგრამ მიმდინარეობს მახინჯი, უწესო თამაში, რომელსაც რატომღაც პოლიტიკას უწოდებენ. ცდილობენ, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვას, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ლოგიკურია ის, რომ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ შეუშვეს, შემდეგ კი მოვლენები მასკარადს დაემსგავსა და მეტად სამწუხაროა, რომ მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა მსგავს მასკარადებს ცნობს. ან რას ჰგავდა სააკაშვილის გამოსვლა ელჩებისა და მედიის წარმომადგენლების წინაშე? შიშისგან გონებაარეული, აკანკალებული სააკაშვილი ორივე ხელით ტრიბუნას იყო ჩაბღაუჭებული, ნერვიულობისგან წარამარა წყალს სვამდა, პირი უშრებოდა. რეჟისორი ვარ და კადრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: არასოდეს დამავიწყდება ელჩების გაოგნებული სახეები სააკაშვილის ნათქვამზე, რომ ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის მთავარი პრობლემა თურმე პარლამენტის ადგილსამყოფელია! თურმე ეს წყვეტს "ქართლის ბედს". ამ აკანკალებულ სამარცხვინო ფიგურას მსოფლიო 2 საათის განმავლობაში უყურებდა ელჩების თვალით და რაც მთავარია, ქართველი ხალხი. სააკაშვილი თავის გადასარჩენად ყველაფერს გაწირავს, გადააბიჯებს თავის თანაპარტიელებსაც კი, რომლებიც ახლა მიჰყვებიან მას. რეალურად, ეს გუნდი გავლენას ვეღარ ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, თუ არ ჩავთვლით მედიის ნაწილს, რომლის ერთადერთი ფუნქცია სააკაშვილის რეანიმატოლოგობაა... გიგი უგულავა კი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ისე იქცეოდა, როგორც წმინდა წყლის პროვოკატორი. უგულავამ, მისმა ზონდერებმა, ნაცმოძრაობის წევრებმა გამოიწვიეს არეულობა, ისინი ჩიორა თაქთაქიშვილსა და სხვა ქალებს ამოეფარნენ, მათ რომ მოხვედროდათ მუშტი და მერე აყვირებულიყვნენ. პასუხი კი ამ ყველაფერზე მელორ ვაჩნაძემ და მიხეილ მესხმა აგეს.
- ბოლო ხანს მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა...
- სააკაშვილმა და მისმა მინისტრებმა მილიონები იშოვეს, კისრები და სხვა ადგილები გაისქელეს ხალხის ხარჯზე და ახლა უნდათ მშრალად გამოვიდნენ? ბოლო თეთრამდე დააბრუნონ, რაც ქვეყნიდან გაიტანეს (ისიც ვიცით, სად აქვთ გატანილი სიმდიდრე და ისიც - ვინ შეუქმნა მათ ამისთვის უსაფრთხო დერეფნები) და მერე სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. ეს პოლიტიკური ნაგავი ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ!