დანაზოგების გაუფასურებაში ეროვნული ბანკს ადანაშაულებენ

დანაზოგების გაუფასურებაში ეროვნული ბანკს ადანაშაულებენ

გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებსა და მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებაში ეროვნული ბანკის ბრალეულობა იკვეთება. ასეთია საბჭოთა ანაბრების საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პოზიცია. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, საბოლოო პასუხი თუ ვინ იყო აღნიშნულ პროცესებში დამნაშავე, კვლევის შემდეგ გაირკვევა.

ჰიპერინფლაციურ პროცესებში ეროვნული ბანკის ბრალეულობაზე საუბრობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძეც.  მისი აზრით, მთავარი დამნაშავე მაინც სახელმწიფოა, რადგან მან ვერ უზრუნველყო ინფლაციური პროცესების შეჩერება, უფრო მეტიც, საფინანსო სექტორის არასწორი რეგულაციის შედეგად, თავად გახდა ჰიპერინფლაციის მაპროვოცირებელი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხების კვლევას აგრძელებს.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლის შესწავლასაც ორგანიზაცია გეგმავს, ეხება 90-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, რამაც მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკება და ფულადი დანაზოგების გაუფასურება გამოიწვია. ამ მიზნით, აფბა საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს ქმნის.

აფბამ უკვე დაიწყო კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება. წინა კვირას მათ მიმართეს ეროვნულ ბანკს და მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის ინფორმაცია 1991-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის საკრედიტო რესურსის გაცემასთან დაკავშირებით.

აფბამ მოიკვლია კომპანიების სია, რომლებიც აღნიშნულ წლებში ასეულობით მილიარდის მოცულობის კრედიტი აქვთ მიღებული ეროვნული ბანკისგან:  „კავკასიონი“, „ოპიზარი“, „საქართველო“, „თამარიონი“, „მეტეხი“, „ნარიყალა“, „თბილისი“, „არაგვიბიზნესბანკი“, „იბერიაბანკი“, „ცეკავშირი“, „დრო“, „გორა“, „ჭიათურა“, „ენერგობანკი“, „რესპუბლიკა“, „ავტობანკი“, „პროგრესბანკი“, „მაგისტრალბანკი“, „იმედი“, „კერძო ბანკი“, „აღმაშენებელი“, „არგობანკი“, „გურიტი“, „დიდუბე“, „ბაგრატიონი“, „დელტა 2“, „ნუგეში“, „მედეა“, „კრიდიკა“, „თბს-ბანკი“, „თმს -21-ე საუკუნე“, „მუზა“, „ელიტა“, „ცხინვალი“, „ორბი“, „ფენიქსი“, „არმაზი“, „საქსოცბანკი“, „ტრანსბანკი“, „ბანკი ლარი“, „თბილუნივერსალბანკი“, „კავკასიის ბანკი“, „აღორძინება“, „კაპიტალბანკი“, „კონტინენტალბანკი“, „რუბიკონი“, „შალენი“, „კრედიტი“, „ამირანი“, „სამეფო ბანკი“, „ბანიბანკი“, „ქუთაისბანკი“, „ენგური“, „ეგრისი“, „სიონი“, „თბილკომბანკი“, „დივიდენდი“, „კობა“, „გეიკო“, „მერკური“, „ჯვარი“, „მშენებელი“, „ვესტა“, „იბერთბანკი“, „კენტავრი“, „პირამიდა“, „გრემი“, „ევრაზია“, „ვადაგი“, „ოქროს საწმისი“, „ბახტრიონი“, „ქველი“, „დელისი“, „ლუპარა“, „ქინძმარაული“, „კოლხა“, „ბათუმი“, „კოლხიდა“, „მარჩილი“, „კიდობანი“, „გეა“, „ელვა“, „თეთრი“, „პონტო პოლისი“.

„იმ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შდეგად, რომელიც იმ პერიოდშიეროვნულმა ბანკმა გაატარა, მოსახლეობა დანაზოგების გარეშე დატოვა, ხოლო ფული გაუფასურდა. რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული ბანკისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ეს პასუხიმგებლობა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და ანაბრების თანხა, რომელიც დაიკარგა მოსახლეობამ, სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული.  ზუსტად იმის თქმა, თუ ვინ იყო დამნაშავე, კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მდიდარი რესპუბლიკა იყო, მისი დაშლის შედეგად კი ყველაზე ღარიბ ქვეყნად იქცა. ეს ბადებს ლოგიკურ ეჭვს, რომ რაღაც არ გაკეთდა ისე, როგორც საჭირო იყო და სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკა გახდა საბაბი იმისა, რომ ინფლაციამ მიიღო ის მასშტაბები, რომელიც 90-იან წლებში იყო“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ჭიჭინაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მთავარი დამნაშავე იმ პროცესებში, რასაც ადგილი 90-იან წლებში ჰქონდა, მაინც სახელმწიფოა, რადგან ის თავად გახდა ინფლაციური პროცესების მაპროვოცირებელი.

„ჰიპერინფლაცია, ანაბრების გაუფასურება და მასობრივი გაღატაკების თემა, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. საერთოდ, 90-იან წლებში ძალიან სერიოზული პროცესები წარიმართა. სახელმწიფომ, პრაქტიკულად, ვერ უზრუნველყო ინფლაციური პროცესების აღმოფხვრა და შედეგზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკის გატარება. ამას ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი აქვს, ობიექტური არის ის, რომ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და მოსკოვის ცენტრალურ ბანკს შორის გაწყდა კავშირი. შედეგად თანხა, რაც მოსახლეობას ჰქონდა ანაბარზე, იყო მოსკოვში და რთული აღმოჩნდა ეფექტური მონეტარული პოლიტიკის გატარება.

მეორე მხრივ, სახელმწიფომ, ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოფის გარეშე დაიწყო დიდი რაოდენობით სესხების გაცემა. კრედიტები გაიცემოდა ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე, ნაცნობობის, ერთი ზარის დონეზე. ამას კი სახელმწიფომ და ფულად-საკრედიტო სისტემამ ვერ გაუძლო. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ფულის მსიყდვითი უნარი დაეცა.  არადა, ასეთ დროს სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფლაციური პროცესების მართვა და ზოგადად ამ მიმართულებით გონივრული პოლიტიკის გატარება», - აცხადებს ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, ინფლაციურ პროცესებზე ვალდებულებას ეროვნული ბანკი ვერ აიღებს, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის წუნდებული და ეფექტური. მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები.

„სახელმწიფო იყო მნიშვნელოვანწილად უუნარო, საფინანსო სექტორის რეგულაციები იყო არასწორი, რითაც მავანმა კარგად ისარგებლა. ამაზე პასუხისმგებელი კი უნდა იყოს სახელმწიფო. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, არა მგონია, იმ დროს ეროვნულ ბანკს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა დამოუკიდებლად, ხელისუფლების მითითების გარეშე განეხორციელებინა. თანაც, ასეთი დიდი რაოდენობის სესხების გაცემა ეროვნული ბანკის დონეზე არ ხდებოდა.  ვინ არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, საბოლოოდ კვლევის დასრულების შემდეგ გამოჩნდება“, - დასძინა ლევან კალანდაძემ.