ეს არის მოღალატეობრივი ძალა და ადგილობრივ არჩევნებში კიდევაც რომ მიიღონ მონაწილეობა, მათ ერთხელ და სამუდამოდ მიუჩენენ თავის ადგილს. მათ ნული შანსი აქვთ, რომ გარკვეული ხმები მიიღონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში რადიკალური ძალების მონაწილეობის შესაძლებლობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებულია იმაზე, მათი პატრონებისგან თუ რა დავალებას მიიღებენ.
„არანაირი შანსი არ გააჩნიათ, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ რადიკალებს, რადგან ქართველმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა. ჩვენმა ერმა გამოიარა ძალიან რთული გზა - ჩვენ ვხედავთ საგამოძიებო კომისიის მუშაობისას რა ფაქტები გამოაშკარავდა, რამდენი გამწარებული ოჯახია და მათი უბედურება გამოვიდა სააშკარაოზე, დღის სინათლეზე. რომელ მხარდაჭერაზე, არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი! მორალური უფლება არ გააჩნიათ. ეს ძალა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაქრება, რადგან ქართველი ხალხი მათ არ ენდობა. მათ სიტყვას ფასი არ აქვს! როდესაც შენი სამშობლო ისე გძულს, რომ ჩადიხარ სხვა ქვეყნებში, დასმენაზე ხარ ორიენტირებული - გახსოვთ, კონგრესში როგორ დაასმინეს საკუთარი სამშობლო, როგორ დააბეზღეს. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. პირდაპირ ამბობდნენ, არ ვიმსახურებთო - მეტი რა უნდა თქვან, მეტი მოღალატეობრივი ნაბიჯი როგორ უნდა გააკეთო?!“, - განაცხადა სოსიაშვილი.