“ჩვენი პოზიცია უცვლელია - მთავარი მოთხოვნა ისევ რიგგარეშე არჩევნებია. ეს ქვეყანა იმსახურებს ახალ სამართლიან არჩევნებს, ახალ ცესკოსა და ახალ კანონმდებლობას. სხვაგვარად ჩვენ პარლამენტში შესვლის მიზეზს ვერ ვხედავთ. რამდენიმე ოპოზიციონერით პარლამენტს მრავალპარტიულად ვერ გააფორმებენ. ჩვენ ამომრჩევლის თითოეულ ხმას დავიცავთ. არჩევნები გაყალბდა. თქვენ, ალბათ, მოისმინეთ IშFED-ს ანგარიში, სადაც წერია, რომ საარჩევნო უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. ჩვენც ვიცით რამდენი ოქმი გაყალბდა, როგორ ჩაიყარა ბიულეტენები ურნებში და როგორ დატრიალდა კარუსელი. უკვე პრინციპის საკითხია - ან ჩაატარებენ ახალ ვადამდელ სამართლიან არჩევნებს და მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ან გავაგრძელებთ იმ წრეზე ტრიალს, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ. ჩვენ უკეთესი ქვეყანა გვსურს”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენს ვარიანტს არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო...”.
“თქვენ იცით, რომ “ლელომ” ერთ-ერთ ვარიანტად არჩევნების სრულად პროპორციული წესით 2022 წელს ჩატარება დაასახელა? ეს იქნებოდა საუკეთესო კომპრომისი ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოყვანისთვის. ჩემი აზრით, საინტერესო წინადადებაა და საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რადგან წელს ადგილობრივი არჩევნებია, უმჯობესი იქნება, თუ მომავალ წელს სერბული მოდელით, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება... ოპოზიციაში ერთი აზრია იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზოგიერთის აზრით, შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია, ჩვენც ამას ვითხოვთ, მაგრამ ორი არჩევნების ერთად ჩატარება, ალბათ, მძიმე იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება ყველაზე უპრიანი 2022 წლის გაზაფხულისთვის იქნება. ამ საკითხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უთუოდ გულისყურით განიხილავენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ხელისუფლებაში გამოსავალი რა აქვთ? არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო. ხელისუფლებას, ალბათ, ამ კვირაში მოუწევს მანდატების გაუქმება. მომავალ სხდომაზე ვნახავთ, რას იზამენ. სერიოზული არჩევანი აქვთ გასაკეთებელი - ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე აქვს პრეტენზია, ვერ ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი ფსევდოოპოზიციის ანტურაჟით. გადაწყვეტილების სიმძიმე ხელისუფლებაზეა, სწორედ მათ ჩაატარეს და გააყალბეს არჩევნები. რა თქმა უნდა, “ოცნება” არც არჩევნების გაყალბებას აღიარებს და არც პოლიტიკურ კრიზისს, ისევე როგორც არ აღიარებს სოციალურ პრობლემებს, სიღარიბეს. თუ ხალხთან მართლები არიან და არჩევნები ნამდვილად არ გააყალბეს, სასამართლომ რატომ არ განიხილა ოპოზიციისა და არასამთავრობოების საჩივრები?! არასამთავრობოებმა 250 უბნის გადათვლა მოითხოვეს, “ოცნებამ” კი მხოლოდ 6 უბანი გახსნა, ისიც, სადაც ნაკლებად ელოდნენ დარღვევას და უცებ დახურეს საქმე. 3 თვის განმავლობაში მხოლოდ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ არჩევნები არ გაუყალბებიათ, საქმით კი არაფერი დაუმტკიცებიათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც “ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმდა და როგორც თქვენ თქვით, დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მასში ისეთი არაფერია, რაც მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე არ წარუდგენია ოპოზიციას. ეს საკითხები ორი თვის წინ ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად სურს იმ საარჩევნო რეფორმების გატარება და იმ პუნქტების პრაქტიკაში დანერგვა, რაც მემორანდუმშია ნახსენები, გააკეთონ, ამისთვის არ სჭირდებათ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ჩვენი ბერკეტია ერთიანობა, პრინციპულობა, ბოიკოტი. საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ ბოიკოტმა ნაყოფი გამოიღო და მმართველ ძალას ხმების მოპარვა არ შეარჩინა. მე და ბადრის შეგვეძლო შევსულიყავით პარლამენტში და ამით ძალიან ბევრი პირადი პრობლემა მოგვეგვარებინა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის პრინციპი და მიზანი, რისთვისაც პოლიტიკაში მოვედით”, - დასძენს მამუკა არეშიძე.