2008 წელს დიდგორობისთვის დაგეგმილი «ძლევაი საკვირველი» სააკაშვილმა სამარცხვინოდ მოიმკო. ახლა 8 თებერვალი, წმინდა დავით მეფის ხსენების დღე, არშემდგარმა აღმაშენებელმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ატეხილი მუშტი-კრივით აღნიშნა. რამდენიც უნდა ილაპარაკონ უგულავამ და სხვა დიდ-პატარა «ნაციონალებმა», რომ მათ «ბრბო» გაუსწორდა, აქციის მონაწილეთა პროვოცირება სწორედ მათი მხრიდან მოხდა. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ 9-წლიანი ტერორის შემდეგ მხოლოდ მათი დანახვაც კი გამოიყვანს წყობიდან გუშინდელ პატიმარს, არამცთუ აშკარა გამოწვევა, ხელების ქნევა და გინება!
11 თებერვალს სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, ცეცხლზე ნავთი დაასხა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან «ბრბო» დააწინაურა და «კრიმინალურ ბანდად» შერაცხა: «უკიდურესად შეშფოთებული ვარ, რაც მოხდა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორაზე, როცა ადგილი ჰქონდა მასობრივ ეგზეკუციას ციხიდან გამოსულ კრიმინალთა ბანდის მიერ და არა ხალხის მიერ ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში. ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია და ჩვენ აღარასდროს უნდა მივიდეთ ასეთ ზღვარზე, სადაც საქართველო 90-იან წლებში იყო. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოსაზრება და ბატონი დავითი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას», – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ეს უტიფარი ჩვევა, სხვას მიაწერო შენთვის სასურველი შეფასება, სააკაშვილს იმდენჯერ გაუვიდა, რომ ამჯერადაც «სიტუაციის ბატონ-პატრონობას» ეცადა, თუმცა სრულიად მოულოდნელად დავით უსუფაშვილმა იქვე ცივი წყალი გადაასხა: «ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, რაზეც პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა – ჩვენ ამაზე არ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. იმ აქტით, რომელსაც ხელი მოვაწერე, თავისუფლება მიიღეს სწორედ პოლიტიკურმა პატიმრება და დევნილებმა. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს. იქ იყო შეკრებული ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა და ამ დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს. რაზეც ვთანხმდებით, არის ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანას არ წაადგება, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს ის დაგეგმილი, პროვოცირებული, თუ ბოლომდე ყურადღება ვერმიქცეული. ამიტომ სწორია პოლიტიკური პროცესის სწორედ პარლამენტში გადატანა».
კიდევ ერთ შეკამათება მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტის შეკითხვაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტმა უმცირესობის წევრი დეპუტატებისთვის ხელების გადაგრეხვის პოლიტიკაზე დაიწყო საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიუთითა სააკაშვილს, რომ ჟურნალისტის შეკითხვისთვის გაეცა პასუხი.
«ტელედებატებში ვართ?» _ იკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ. «დიახ, ტელედებატებში ვართ», _ უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა. და ისევ დაუძლეველი სურვილი, ხაზი გაუსვას საკუთარ პირველკაცობას, ასეთ ვერბალურ კონსტრუქციაში თავსდება: «მე არ ვარ მხოლოდ ოპოზიციის ლიდერი, მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტი ვარ». შემდეგ _ დაჟინება, რომ იგი მხოლოდ იმ პარლამენტში გამოვა სიტყვით, რომელიც ქუთაისშია.
და ისევ _ უსუფაშვილის პასუხი ისეთ ტონში, როგორითაც თავგასულ ბავშვს მიმართავენ: «რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ქუთაისის პარლამენტში მოგიწევთ გამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოსმენას ნოემბერში ან დეკემბერში, როცა აღარ იქნებით პრეზიდენტი და როცა პარლამენტი შეიძლება იყოს სხვაგან. თბილისში პარლამენტის შენობა იმდენად მიანგრ-მოანგრიეთ, რომ მის ჭკუაზე მოყვანას 6 თვე მაინც სჭირდება»!
შემდეგი რაუნდი სააკაშვილმა ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარს მიუძღვნა: «დღეს მოვისმინე განმარტება, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა განეხორციელებინა ქუჩაში წესრიგის დაცვა. მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში ამყარებს წესრიგს»! პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და შემდეგი შეკითხვით მიმართა: «ბატონო მიხეილ, ამისთვის შევიკრიბეთ აქ?!»
მიხეილ სააკაშვილი: «ბოდიში, ბოდიში. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, რომ ასეთ საგანგებო სიტუაციაში მოვიდეს პრეზიდენტთან შეხვედრებზე».
დავით უსუფაშვილი: «თქვენ ბრძანებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო აქ?»
მიხეილ სააკაშვილი: «იმედია, რომ მომავალში მოვა».
დავით უსუფაშვილი: «კი, ბატონო, რა თქმა უნდა, მოვა».
როგორც უგულავა «იბარებს» პროკურორებს საკუთარ კაბინეტში, ისევე «დაიბარა» სააკაშვილმა ივანიშვილი. ეს ერთი ხელწერაა _ აქ მე ვარ უფროსი და, როგორც მე ვიტყვი, ყველაფერი ისე იქნება! სააკაშვილ-უსუფაშვილის გაპაექრება ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად აგრძნობინა საკუთარი ღირსება. მანამდე სააკაშვილი საკუთარი «ქურდული» სიტყვის დაგდებას ყოველთვის ახერხებდა.
ძველი და ახალი ხელისუფლების ურთიერთობა სულ უფრო ემსგავსება ხორუმს დანაღმულ ველზე. მხოლოდ უსუფაშვილის ნათელი პოზიცია ვერ ამოავსებს იმ მშიერ უფსკრულს, რომელსაც უსამართლობის შეგრძნება ჰქვია.
უმოწყალოდ დახვრეტილი გენერალ კრიალაშვილის დედის კივილი სატელევიზიო ეთერშიც გარკვევით ისმოდა: «რატომ მომიკალით შვილი»? უგულავამ ქალს ხელი ჰკრა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაწევ-გამოწევა.
რით სჯობია ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლი, მაგალითად, ნიკა კვინტრაძის სისხლს? გირგვლიანისას? რობაქიძისას? სია გრძელია... ან რატომ თავდება მავანის თავისუფლება იქ, სადაც ჩიორას ცხვირი იწყება? და რატომ არ დამთავრდა სააკაშვილის მუშტის მოქნევის თავისუფლება იქ, სადაც, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილის ცხვირი იწყებოდა?
გოკა გაბაშვილმა ამას წინათ სატელევიზიო ეთერში საკუთარი თანაგუნდელების ცემის გამო ბევრი ივიშვიშა, თუმცა მისი ბავშვობის მეგობრის, პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილის ცემაზე თავის დროზე სიტყვაც არ დასცდენია. მეტიც, გერმანიაში გაქცეულ გეგას სააკაშვილმა მთელი დელეგაცია გაუგზავნა, რათა იმის თქმაზე დაეყოლიებინა, რომ მათ შორის არაფერი მომხდარა და გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული!
«ნაციონალებს» ერთობ საინტერესო რეაქცია აქვთ, როცა საზოგადოება მათ ძველ ცოდვებს და დანაშაულებს შეახსენებს: – კი, ბატონო, ჩვენ ცუდად ვიქცეოდით, მაგრამ ეს თქვენ არ გაძლევთ უფლებას, რომ ასევე ცუდად მოიქცეთ! როგორც აქუბარდია იტყოდა, «კაააი, კაცო»! შენ ცემის უფლებაც გაქვს, ციხეში ათასობით უდანაშაულო ადამიანის ჩაყრისაც, უსამართლო სასამართლოსიც, წამებისაც, სხვას კი იმის უფლებაც არა აქვს, რომ ეს ყველაფერი შეგახსენოს?
სააკაშვილი მას შემდეგ გახდა «ვაჟკაცი», რაც პრეზიდენტის სავარძელში ჩაბრძანდა და საკუთარი დაცვის იმედზე ხელებსაც და ფეხებსაც გასაქანი მისცა. რამდენიც უნდა იხუმროს იმაზე, რომ ტელევიზორის პულტის სროლა მოუგონეს (ასეთი გამოსვლაც ჰქონდა), მისი მოუზომავი ქცევა იმდენად თვალშისაცემია, რომ ეჭვი არავის ეპარება მის მიერ დღეს დაგმობილი ცემა-ტყეპის მიმართ მიდრეკილებაში.
უსუფაშვილის მიერ პირწმინდად მოგებული სატელევიზიო შერკინება სააკაშვილს სულაც არ შეცვლის. საზოგადოდ, უტიფრობა «ნაციონალური» გუნდის განუყოფელი თვისებაა. ისინი კვლავაც არაერთხელ ეცდებიან ახალი მთავრობის «წამოკიდებას». მოვლენათა ესკალაცია სწორედ მათ აძლევს ხელს. მთავრობის დათხოვნაზე მეოცნებენი არც სამოქალაქო დაპირისპირებაზე დაიხევენ უკან. ახლა თავს იკატუნებენ, რომ სააკაშვილისთვის მთავრობის ერთპიროვნულ დანიშვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ კონსტიტუციაში საქართველოს სამარადჟამო ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ.
კითხვაზე, რატომ არ ჩაწერეს კონსტიტუციაში ეს სისულელე, როცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდათ, პასუხი ასეთი აქვთ: «ჩვენთვის ეს კურსი ეჭვქვეშ არასოდეს იდგა, ახლა კი ვშიშობთ, რომ ახალი ხელისუფლება კურსს შეცვლის». რაგინდ სასაცილოდ არ უნდა გეჩვენოთ, ამას ის გია ბარამიძე აცხადებს, რომელმაც 1993 წელს დსთ-ში შესვლას მისცა ხმა, ხოლო 2008 წელს დსთ-დან გამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა! ვინმეს სჯერა, რომ თუნდაც ამ ერთი «ნაციონალის» კურსი და პოზიცია ოდესმე ურყევი იყო? ლაპარაკიც არ ღირს იმ დეპუტატებზე, რომლებიც ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მსოფლიო რუკაზე ნატოს გულმოდგინედ ეძებდნენ.
უსუფაშვილ-სააკაშვილის დუელზე სტატისტის როლში მყოფი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თითქმის ისეთივე გამომეტყველებით იდგა ტრიბუნასთან, როგორც 2008 წელს, როცა რუსის ჯართან დანა-ჩანგლით შერკინებისკენ მოგვიწოდებდა. ოპოზიციაში ყოფნა არც მას უნდა. იგი ამას არ არის ჩვეული. საინტერესოა, ნატოს წევრი რომელიმე სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს 10 ათასი რომ დაეხარჯა ბიუჯეტიდან კერძო საუბრებისთვის, მას ოპოზიციაში დატოვებას აკმარებდნენ? ან იმავე ნატოს წევრი რომელიმე სახელმწიფოს დედაქალაქის მერი რომ დაკითხვაზე დაებარებინათ და არ გამოცხადებულიყო, ამას «კოჰაბიტაციას» დაარქმევდა ვინმე?
ეს ხორუმი დანაღმულ ველზე სიკეთეს ნამდვილად არ მოიტანს. არც დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთება არის რაიმეს მომტანი დღევანდელ ვითარებაში. მმართველ ძალას უნდა ეყოს გამბედაობა, ხალხის სასიკეთოდ, ზოგჯერ ფაქტის წინაშეც დააყენოს შეშფოთებული მეგობრები. სხვაგვარად, ვიდრე ისინი აქაურ ამბებსა და პერსონალიებში ბოლომდე გაერკვევიან, შესაძლოა გვიანიც იყოს.
P.S. შარშან ქართულ ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინფორმაციამ ფარაონ ტუტანჰამონის ქართული წარმომავლობის შესახებ. სინამდვილეში მკვლევარებმა გენეტიკური ანალიზის შემდეგ დაასკვნეს, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონი კავკასიურ რასას განეკუთვნება. უკანასკნელ ათწლეულებში თეორია რასების შესახებ შეიცვალა, ევროპეიდულ რასას აღარავინ ახსენებს, ეს ტერმინი «კავკასიურმა რასამ» ჩაანაცვლა. «სამარადჟამო» ევროპული ორიენტაციაც რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ _ კონსტიტუციაც არ არის «სამარადჟამო» დოკუმენტი. ეს თავად მის თერძებს _ «ნაციონალ» დეპუტატებსაც კარგად მოეხსენებათ.
მაშ, რა საჭიროა ეს უსაგნო კამათი? ვის შეაშინებს ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი? რუსეთს? სულაც არა. რუსეთისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველს ევროპული არჩევანი აქვს, არამედ ის, რომ ეს არჩევანი ავტომატურად ანტირუსული არ გახდეს. თუ პრობლემა მხოლოდ ამ ჩანაწერშია, დაეთანხმეთ და ჩაწერეთ, ბატონებო, ოღონდ გახსოვდეთ, რომ სააკაშვილი არც ამით დამშვიდდება. იგი დანაღმულ ველზე გაცეკვებთ.