მართალია თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა ტურისტების ქვეყანაში შემოსვლას არავინ ელის. კიდევ 2-3 თვე ამ კუთხით არაფერი შეცვლება. სავარაუდოდ, გააქტიურება მოსალოდნელი იქნება ზაფხულიდან, როდესაც ტურიზმი ნელ-ნელა აღდგენას დაიწყებს.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც პირდაპი ამბობს, არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან საქართველოში ტურისტების შემოვლენ, რადგან საშუალებას გლობალური პანდემია არ იძლევა. მთავრობა ამ მომენტისთვის საუბრობს ქვეყნის არა საყოველთაო გახსნაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზით ვიზიტორების მიღებაზე.
„სახმელეთო საზღვრებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, ეს მეტი რისკის მატარებელია და სიტუაცია დაკვირვების რეჟიმშია. არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენთან მასიურად ბევრი ტურისტი ჩამოვა. ალბათ, გვიან გაზაფხულზე ვიგრძნობთ ამ გახსნის შედეგებს და იმ დროისთვის თუ ეპიდემიოლოგების პროტოკოლები შევასრულეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის ამ მოსაზრებას ეთანხმებიან საავაციო დარგის სპეციალისტები. ისინი რეგულარული ავიარეისების სრულად ამოქმედების პერიოდად ზაფხულს მოიაზრებენ. „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებლის გიორგი კოდუას თქმით, ცის გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ფრენა აუცილებლად მალევე დაიწყება, ამას დრო და დაგეგმარება სჭირდება.
„შეზღუდვების გაუქმება იმას არ ნიშნავს, რომ ავიამიმოსვლა მეორე დღესვე დაიწყება. უბრალოდ, ავიაკომპანიებს ეძლევათ საშუალება, რომ მათ ფრენა დაგეგმონ. ახლა უკვე მათზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში დანიშნავენ რეისებს. ევროპას უფრო დიდი დრო დასჭირდება, უკრაინას - ნაკლები. თურქეთსაც შედარებით მცირე დრო ეყოფა, რომ ავიაკომპანიებმა მიმოსვლა დაიწყონ. ჩვენ უფრო მაისზე და ივნისზე გვაქვს გათვლა. რა თქმა უნდა, ბაზრის დაბრუნება მთლიანად ვერ მოხდება, ეს იქნება ეტაპობრივად.
ავიაცია იყოფა ორ სეზონად - ზამთრისა და ზაფხულის. მსოფლიოში, ზაფხულის სეზონი იწყება 29 მარტიდან, ზამთრის კი - 29 ოქტომბრიდან. ამ დროისთვის და ახალი განრიგი უნდა შედგეს. შარშან მარტისა და ოქტომბრის განრიგი, პანდემიის გამო, არეული და უგულებელყოფილი იყო. თებერვალში ცის გახსნით, ავიაკომპანიებს მიეცა ერთი თვე, რომ დაგეგმონ რეისები. რეგულარული მიმოსვლის აღდგენა უფრო ზაფხულის სეზონიდან მოხდება“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.
უსაფთხოების თვალსაზრისით ყველანაირი რეგულაციის გათვალისწინება აუცილებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა ძალიან მალე მოიხსნება, ეს იმის მანიშნებელი არ არის, რომ საქართველოში ავიამიმოსვლა სწრაფად აღდგება.
1-ლი თებერვლიდან რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად, მარტივდება საქართველოში შემოსვლის რეჟიმიც. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს ახალი რეგულაციების მიხედვით, არჩევანის საშუალება ექნებათ. საქართველოს მოქალაქეს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიათ წარმოადგინონ PCR-ის ტესტის პასუხი „ნეგატიური“ და გადავიდნენ 8-დღიან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციის ნაცვლად, საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღესაც ჩაიტარონ PCR ტესტი საკუთარი ხარჯით.
ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების მქონე ნებისმერი ქვეყნის მოქალაქე, რომელის საზღვარზე შესაბამის დოკუმენტს წარადგენს საქართველოს საზღვარზე ჩვეულებრივად შემოვლენ.
„ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი“, – განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავამ ავიაკომპანიებს მიმართავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ ტესტის პასუხი ან კოვიდ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი, თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვან.