"მივესალმები პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას, მით უფრო, როდესაც ქვეყანაში ასეთი დაძაბულობაა. ვგულისხმობ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს. რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ეს, ძირითადად, შეეხებოდა იმას, როგორ გაგრძელდეს სამომავლოდ მუშაობა პარლამენტში, რა ვუყოთ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება. გარდა ამისა, განიხილეს 8 თებერვალს მომხდარი ამბავი. პირველ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საკითხს ასე ვაყენებთ: საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლება მთავრობის დათხოვნისა და დაკომპლექტების ნაწილში. თუ ეს არ მოხდა და პრეზიდენტი კვლავ ერთპიროვნულად დანიშნავს მთავრობას, მაშ, რა საჭიროა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში? როცა ვერ გავარკვიეთ, რა პოზიცია ჰქონდა ამაზე საპარლამენტო უმცირესობას, დავნიშნეთ დებატები, რომელზეც კარგად გამოჩნდა პრეზიდენტის გუნდის აზრი. ამიტომაც ვთქვით, რომ ვიდრე ამ საკითხზე არ გაიმართებოდა კენჭისყრა და პრეზიდენტის გუნდი ოფიციალურად არ გამოხატავდა თავის თვალსაზრისს, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნდა პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლის მოსმენა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "არ უყვარს ხალხს ეს მიშა სააკაშვილი და რა ქნან?" / "არ ჯობდა, თავიდანვე სასახლიდან მიემართა საზოგადოებისთვის, რას დაიჟინა ეს ბიბლიოთეკა, თითქოს მთელი ცხოვრება იქ ჰქონდეს გატარებული".
"არ გვინდა, რომ პარლამენტი ასე უფლებაწართმეული და დაკნინებული იყოს, ამიტომაც ეს საკონსტიტუციო ცვლილება სასწრაფოდაა მისაღები. დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა აქცენტები ისე დასვა, თითქოს მისთვის და მისი გუნდისთვის ეს საკონსტიტუციო ცვლილება არაფერს ნიშნავს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამ უფლების გამოყენებას, მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნას და მზად არის, ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭიროს, თუმცა ამას მოაყოლა სიტყვები: "ოღონდ" და "მაგრამ"... ეს სიტყვები უკვე ზედმეტი მგონია, რადგან ეს არ არის სავაჭრო თემა. შეუძლებელია ჩვენთვის პრინციპული საკითხი გავცვალოთ სხვა თემაზე, მაგალითად, ისეთზე, როგორიც მათთვის თურმე პარლამენტის ქუთაისში დარჩენის საკითხია, ან პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლის თითიდან გამოწოვილი თემა, რომელიც არ დგას დღის წესრიგში. ამაზე ვიღაცამ თავისი აზრი რომ გამოთქვა, ეს სულაც არ ნიშნავს კოალიციის პოზიციას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით საგანელიძე.
"ის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლურია, არაერთხელ განვაცხადეთ, ეს წერია ჩვენს პროგრამაშიც. იმის თქმა, რომ ეს კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ, შეურაცხმყოფელი მგონია კონსტიტუციისთვის. როგორც აღმოჩნდა, ლიტვა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი რამ უწერია კონსტიტუციაში. თუმცა იქაც განსხვავებული ჩანაწერია, ანუ მითითებულია, რომ ლიტვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებაში არასდროს შევა. რატომ უნდა დავუშვათ ასეთი გამონაკლისი? ნაცმოძრაობის ამ ინიციატივაში ერთადერთ რამეს ვხედავ: ისინი ცდილობენ, როგორმე ივაჭრონ და ვითომ რაღაც დაგვათმობინონ. ეს სავაჭროდ გამოგონილი თემაა. არ არის სწორი და მართებული გავაკეთოთ ისეთი რამ, რის გამოც სასაცილოდ გამოვჩნდებით. თუ ეს ასეთი აუცილებელი იყო, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ გაეკეთებინათ. მიმაჩნია, რომ ასეთი რამის კონსტიტუციაში ჩაწერა სრული უაზრობაა. გამოდის, რომ კოჭი უნდა გავუგოროთ ნაცმოძრაობას და ვასიამოვნოთ ამგვარი სისულელის კონსტიტუციაში ჩაწერით, როგორმე საკონსტიტუციო ცვლილების ჩვენს პროექტს რომ დაუჭირონ მხარი. ასეთი ვაჭრობა ამორალური მგონია და ამას არ ვაპირებ", - განმარტავს დავით საგანელიძე.
"როგორ შეიძლება ჩვენი შეცდომა იყოს ის, რომ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა პროვოკაცია მოაწყო ქუჩაში. რა, მათი პროვოკაციის უნდა შეგვშინებოდა და გაგვეკეთებინა ის, რაც გასაკეთებელი არ იყო? არსებობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლის ალტერნატიული გზები, რითაც არ ისარგებლეს. გარდა ამისა, როდესაც პრეზიდენტი სადმე მიდის, რამდენიმე საათით ადრე იწყებენ უსაფრთხოების ზომების მიღებას, აკონტროლებენ გზას და ა.შ. ჩემი აზრით, სააკაშვილი საერთოდ არ აპირებდა ბიბლიოთეკაში მისვლას, ამიტომაც არ მიიღო სახელმწიფო დაცვის სამსახურმა წინასწარ შესაბამისი ზომები. რაც შეეხება პოლიციას, მან უზრუნველყო ალტერნატიული გზით მისვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამით არ ისარგებლეს. ბიბლიოთეკასთან შეკრებილი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ამ ხელისუფლების მიზეზით უდიდესი ზიანი მიადგათ - ვის შვილი მოუკვდა, ვის - ძმა, ვინ პირადად გაამწარეს ციხეში, მაინცდამაინც მათ შორის რომ არ შევარდნილიყო ქალაქის მერი, არ შეიძლებოდა? თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ვნახეთ. ძალიან მრცხვენია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც შეიძლება მამაკაცმა ქალზე ასწიოს ხელი. ვწუხვარ, რომ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ვერ უზრუნველყო პარლამენტართა დაცვა აღელვებული მოქალაქეებისგან. რაც მოხდა, ეს დაუშვებელია. ვინც ეს გააკეთა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ უნდა დაისაჯონ ის ადამიანებიც, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა და განახორციელა. თუმცა, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ ძალადობაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც არათუ თვალს ხუჭავდნენ ძალადობაზე, არამედ წლების განმავლობაში თვითონ იყვნენ მოძალადეები. მათ არ აქვთ ამაზე ლაპარაკის ზნეობრივი და მორალური უფლება", - დასძენს რესპონდენტი.