რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაგეგმილი შეხვედრები? როგორ წარმოაჩინეს საკუთარი თავი საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ავლაბრის რეზიდენციაში 11 თებერვალს? პოლიტოლოგები ავლაბრის რეზიდენციაში დისკუსიაში გადაზრდილი პრესკონფერენციის შეფასებას იძლევიან.
პარლამენტის თავმჯდომარესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა, დაიკავა რა კუთვნილი ტრიბუნა ავლაბრის რეზიდენციაში, სულ რაღაც 9 წამი მოანდომა იმის თქმას, რომ შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა, ამის შემდეგ კი ის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებას შეუდგა. დავით უსუფაშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის იმის შეხსენებაც მოუხდა, რომ 11 თებერვალს პრეზიდნეტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა სხვა საკითხებს, კერძოდ კი, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს ეძღვნებოდა.
ჟურნალისტებისათვის გამართული პრესკონფერენცია სულ რამდენიმე წუთში დებატებში გადაიზარდა. პრეზიდენტის ბრალდებებს - საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებისათვის ე.წ. ხელების გადაგრეხის პოლიტიკის წარმოების გამო - და მის მიერ ისევ და ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გახსენებას დავით უსუფაშვილის ერთი კითხვა მოჰყვა. კითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია:
ბატონო მიხეილ, ჩვენ აქ ამაზე სასაუბროდ მოვედით?
ბოდიში, ბოდიში...
უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მხარეებს შორის დაწყებული დიალოგის გაგრძელების აზრს მხოლოდ მას შემდეგ ხედავს, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საპირწონედ უმრავლესობა უმცირესობის მიერ წამოყენებული ერთი წინადადების მიღებაზე დათანხმდება - კერძოდ, საკონსტიტუციო კვორუმის, ნაცვლად 2/3-ისა, ¾-მდე გაზრდაზე. ეს ცვლილება კონსტიტუციაში 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა უმცირესობა მის დაუყოვნებლივ ამოქმედებას მოითხოვს.
”ეს იმისათვის, რომ ჩვენ უკვე ფაქტიური ნაბიჯი გადავდგათ თანამშრომლობისა, რომ აღარ დასჭირდეს უმრავლესობას უმცირესობის დეპუტატებისათვის ხელის გადაგრეხა. მე მგონი, ძალიან ლოგიკურია, ხო? ჩვენ ვაძლევთ ხმას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის დანიშვნის შემთხვევაში შეიკვეცოს, მაგრამ, ამავდროულად, ვითხოვთ პასუხად, რომ უმრავლესობა ვერანაირ გადაწყვეტილებას ჩვენ გარეშე ვეღარ მიიღებს”, - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.
შეგახსენებთ ასევე, რომ უმცირესობის მოთხოვნები მოიცავს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კონსტიტუციურად დაფიქსირებასაც, რათა, მათი განცხადებით, საქართველო არ ჩამოშორდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და არ მოხდეს მისი პოსტსაბჭოთა სივრცეში გაერთიანება. რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს, ისინი ასეთ უალტერნატივო ადგილად მხოლოდ ქუთაისს მოიხსენიებენ.
ის, რომ საქართველოს პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც საქმიანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრობს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს პოზიტიურ მოვლენად მიაჩნია, თუმცა ის შეხვედრიდან გამოსული პრეზიდენტის ერთ შეცდომაზე - კერძოდ, პოლიტიკური თვალსაზრისით წინდაუხედავ ნაბიჯზე - მიუთითებს. მისი აზრით, გარდა იმისა, რომ 11 თებერვალს პრეზიდენტის რეზიდენციაში დებატების ადგილი არ იყო, ამ დებატებისთვის მიხეილ სააკაშვილი მზად არ აღმოჩნდა.
”იმიტომ რომ, უსუფაშვილის საკმაოდ მკვეთრ, თუმცა მშვიდ პოზიციას, პრეზიდენტმა საპასუხო ვერაფერი გასცა და მოუწია მთავარ თემასთან დაბრუნება. ის, რომ სხვა კალაპოტში გადაიყვანო თემა, რათა იქ უფრო მომგებიან პოზიციაში ჩადგე, ეს სვლა დებატების ტექნოლოგიებში არსებობს, თუმცა, თუ ეს სვლა არ გამოგივიდა, მაშინ, პირიქით, წამგებიან პოზიციაში დგები. და ეს მიუთითებს გაქცევის ერთგვარ სტრატეგიაზე”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შეხვედრიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა კონფრონტაციული პოზიცია დაიკავა და ჩვეული სტილით და ლექსიკით გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მტკიცე ოპონენტის მშვიდ განცხადებებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა:
”უსუფაშვილი ასე მტკიცედ იმიტომ გამოიყურებოდა, რომ მის მხარეს არის სიმართლე. ის ამბობდა სიმართლეს. და ის არ თამაშობდა. და ეს აისახება ხოლმე იმაზეც, თუ როგორ ამბობ, რა ტონალობით ამბობ შენს სათქმელს. ხოლო როცა იცი, რომ ვერ დგახარ მყარად, მაშინ ეს უკვე შენს საუბარშიც იგრძნობა”.
მომავლისა და წარსულის დაპირისპირება - ასეთ შეფასებას აძლევს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დეკანი ბაკურ კვაშილავა. ის დავით უსუფაშვილს ”ევროპული საქართველოს პოლიტიკოსად” მოიხსენიებს და საპირისპირო აზრს გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილზე:
”ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავით უსუფაშვილი ყოველთვის იდეალურად იქცევა, მაგრამ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ისე, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის რეპლიკები - ეს იყო საქართველოს წარსული. მე მინდა, რომ ეს იყოს საქართველოს წარსული”, - ამბობს ბაკურ კვაშილავა.
რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დადებულ პირობას, რომ დიალოგი მხარეებს შორის გაგრძელდება და, შესაბამისად, დიალოგს შედეგიც მოჰყვება, უმრავლესობაც და უმცირესობაც ერთხმად აცხადებს, რომ მხარეებს კონსენსუსის მიღწევის შანსი აქვთ. რაც შეეხება პოლიტოლოგებს, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რეალური კოჰაბიტაციის მიღწევის ერთ-ერთ ბარიერს „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის, თუმცა, მათი თქმით, ამ მიმართულებით არც მმართველი გუნდი დგამს აშკარა ქმედით ნაბიჯებს. სწორედ ამიტომ ისინი ასკვნიან, რომ ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ შეხვედრები მხარეებს გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.