გამოიძიონ დემურ დვალიშვილის მკვლელობის საქმე და იმასაც გაარკვევენ, ვინ შეჭამა ჩვენი ანაბრები!

გამოიძიონ დემურ დვალიშვილის მკვლელობის საქმე და იმასაც გაარკვევენ, ვინ შეჭამა ჩვენი ანაბრები!

დაკარგული საბჭოთა ანაბრების თემაზე ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დირექტორი, პროფესორი, „ეკონომიკურად და სოციალურად დაზარალებულ „მოქალაქეთა კავშირის“ ხელმძღვანელი მალხაზ ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო მალხაზ, როდის დაიწყეთ ანაბრების თემის შესწავლა?

- ანაბრებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე 1999 წლიდან ვმუშაობ. ამ წელს შევქმენი „ეკონომიკურად და სოციალურად დაზარალებულ მოქალაქეთა კავშირი“ და ამ პერიოდიდან დავიწყეთ ბრძოლაც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესები – ანაბრების მითვისებით დაწყებული, ჰიპერინფლაციით დასრულებული, შევარდნაძის ხელში მოხდა, ამ პრობლემის მოგვარებას ის ყველაზე მეტად ცდილობდა. გაცილებით უფრო დიდი დემოკრატი იყო, ვიდრე ესენი არიან. შევარდნაძე ამ თემებზე გველაპარაკებოდა, გვისმენდა. 1999 წელს, როცა მას შევხვდი, ვუთხარი, თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მოსახლეობისთვის ეს ახალი წელი–მეთქი. ვნახოთ, ვნახოთო, – მიპასუხა და იმ წელს პირველი თანხები ჩაირიცხა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ანგარიშზე. ეს სხვა თემაა, ჩვენ მეანაბრეთა თემას დავუბრუნდეთ.

შევარდნაძის შემდეგ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომლის ერთ–ერთი მთავარი დაპირება მეანაბრეთა და კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეთა საკომპენსაციო ფონდის შექმნა იყო. ეს არის ჩვენი იდეა. გაერო–ს 1985 წლის დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია, რომ თუ ადამიანთა ჯგუფი ზარალდება სახელმწიფოს მიზეზით, სახელმწიფო ვალდებულია, აანაზღაუროს ზარალი და შექმნას სპეციალური ფონდი. ამ საქმეში ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს. შევარდნაძის ხელისუფლებამ ეს თანხა აღიარა შიდა ვალად, სააკაშვილმა კი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს თემა საერთოდ მოკლა. უფრო მეტიც, მან განაცხადა, საქართველოს შიდა ვალი აღარ აქვსო.

რატომ დაივიწყა სააკაშვილმა დანაპირები?

- სააკაშვილი ძალიან კარგად მიცნობს. როცა ის იუსტიციის მინისტრი იყო და შემდეგაც, როცა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად ემზადებოდა, კვირაში ერთხელ მაინც მხვდებოდა. მას იმდენად მოეწონა ჩემი იდეა სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ, რომ დამავალა, გამიკეთე გეგმა, ფონდში რამდენი კაცი იქნება საჭირო და ვინ რაზე იმუშავებსო. ამ გეგმით ის შევარდნაძესთან შევიდა, შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, სანამ მე არ ვიქნები პრეზიდენტი, ეს ნაძირალები ამის გაკეთებას არ აპირებენო. როცა პრეზიდენტი გახდა, ვფიქრობდი, დამიძახებს და დავიწყებთ მუშაობას–მეთქი, მაგრამ ახლოსაც არ გამიკარა. საერთოდ ამოშანთა ეს საკითხი. მას შეეძლო, საზღვარგარეთ ერთი–ორი გაფრენით ნაკლები შეესრულებინა და იმ თანხით ფონდს შეინახავდა. ადამიანებმა დაკარგეს მთელი თავიაანთი დანაზოგი. იცით, ეს რას ნიშნავს? ადამიანი დღეს პურს იკლებს და შავი დღისთვის ფულს ინახავს. აი, ეს ფული დაკარგა ხალხმა და როცა ეს საკითხი ხელისუფლებას არ აინტერესებს, არ შეიძლება, ეროვნული ვუწოდოთ. სულერთია, ეს სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე.

სიმართლე გითხრათ, გაოცებული გამოვედი ნოდარ ხადურისგან. მე მასთან ანაბრების თემაზე სასაუბროდ ვიყავი მანამ, სანამ მთავრობაში მოვიდოდნენ. გაგონებაც არ უნდათ ამ საკითხის, თითქოს ვიღაცა ეუბნებოდეს, შენი ფული დაურიგე ხალხსო. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში სერიოზული პროგრამები დავამუშავეთ. იმდენად სერიოზული, რომ ეკონომიკის აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ წერილი მოგვწერა, გვერდში გიდგავართ და გთხოვთ, მონაწილეობა მიმაღებინეთ ამ ეროვნული პროგრამის განხორციელებაშიო.

ჩვენი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ისე გაისტუმრებს ანაბრების ფულს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება, პირიქით, ბიუჯეტში შევა ფული. დაზარალებულ მეანაბრეებს გადაეცემათ თამასუქები, ისინი თავად ხდებიან წარმატებული მცირე მეწარმეები და თავიანთი ბიზნესით, თანდათან თავად ინაზღაურებენ ზარალს. სამწუხაროა, რომ ხადურმა ამ განმარტებას არც მოუსმინა. ამ პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტს ვავსებთ და სახელმწიფოს ვაძლიერებთ.

თქვენ ბევრი გაქვთ ნამუშევარი საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საქმეებზე. თუ გამოიკვლიეთ, სად გაქრა, ვინ შეჭამა ეს ფული?

- მეანაბრეთა უფლებების ცნობილ დამცველს, ცხონებულ ემზარ გრიგოლიას ჰქონდა დოკუმენტაცია, რომ როცა საქართველო სსრკ–ს შემადგენლობიდან გამოვიდა, საქართველოში თვითმფრინავი ჩამოფრინდა და ეს ფული მოსკოვში გაიტანეს. ეს საქმე შეასრულა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც 2 მილიონი დოლარი მისცეს. თქვენთან ინტერვიუში ბატონი მიხეილ ჯიბუტი ამბობს, 1991 წელს სალაროში ფული ფაქტობრივად აღარ იყოო. რატომ აღარ იყო? ახლა რომ ბანკში ფული შევიტანო და ბანკმა მითხრას, დამეკარგაო, სწორი იქნება? საცავებში ფული იმიტომ აღარ იყო, რომ იმ ფულის ნაწილი მოსკოვში წაიღეს. გარდა ამისა, 90–იან წლებში ცენტრალური ბანკიდან ძალიან დიდი თანხები გაიცა კრედიტების სახით. ვისზე გაიცა კრედიტები? ცხადია, მათზე, ვისაც თანამდებობის ან ნაცნობობის წყალობით ამაზე ხელი მიუწვდებოდა. ჩვენი ფული, რომელსაც პროცენტი უნდა მომატებოდა, ეროვნულმა ბანკმა აბსოლუტურად დაუკითხავად გასცა.

დღემდე არავის აინტერესებს, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა პრეზიდენტმა დემურ დვალიშვილმა რატომ მოიკლა თავი? იმიტომ, რომ დვალიშვილამდე მივიდოდა ეს ყველაფერი და ყველა ვარიანტი ამოიქექებოდა, ვის ჰქონდა კრედიტები წაღებული. ისიც გასარკვევია, დემურ დვალიშვილი მოკლეს თუ თავი მოიკლა?

თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ეროვნულმა ბანკმა მილიონობით კრედიტი გასცეს? ეს თანხები უკან არავის დაუბრუნებია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ სერიოზულად მუშაობდა „კავკასიის ბირჟა“, რომლის ხელმძღვანელი ამირან ქადაგიშვილი შევარდნაძემ ვიცე–პრემიერად დანიშნა, თუმცა, ის მალე საქართველოდან გაიქცა. მე თავად ვაკვირდებოდი „კავკასიის ბირჟაზე“ პოცესებს. იქ ტომრებით შედიოდა კუპონები და მანეთები. არ ვიცი, ვის მოჰქონდა ეს ფული, მაგრამ იქ ტომრებით შესული ფული ჩემი თვალით მაქვს ნანახი. საერთოდ, ბირჟა ცუდი არ არის, ის რიგით მოქალაქესაც აძლევს საშუალებას, ფული იშოვოს. სააკაშვილმა ბირჟაც გააუქმა, იმიტომ, რომ მათ თავად ჰქონდათ ფინანსებში ცხვირი ჩაყოფილი და არ უნდოდათ, რიგით ადამიანებს დამოუკიდებელი საარსებო წყარო ჰქონოდათ.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მაშინ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა ჩვენს შეტანილ მანეთებზე ხელი მოითბო. ისევ ვსვამ შეკითხვას – რატომ მოიკლა თავი დემურ დვალიშვილმა? მან თავი მოიკლა თუ მოკლეს, აბსოლუტურად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს საქმე უნდა გამოეკვლიათ, რადგან თვითმკველელობამდე მიყვანაც მკვლელობაა. გამოიძიონ დემურ დვალიშვილის მკვლელობის (დიახ, მკვლელობის) საქმე და იმასაც გაარკვევენ, ვინ შეჭამა ჩვენი ანაბრები.

იმ პერიოდში მოხდა ხალხის მასობრივი გაღატაკება და ცალკეულ ადამიანთა გამდიდრება. ამ მიზნით დამუშავდა ფინანსური პირამიდის სქემები და შეიქმნა კომპანიები „აჩი“, „ოქროს თასი“, „ოქროს საწმისი“.

ეს კომპანიებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ისინი ლიცენზირებული იყვნენ ეროვნული ბანკის მიერ. ვერანაირ ფინანსურ სამსახურს ვერ გახსნი, თუ ეროვნული ბანკი არ მოგცემს უფლებას. ის გამოწმებს და გიწესებს ზედა ზღვარს, რა თანხის ბრუნვა შეგიძლია. „აჩი“, „ოქროს საწმისი“ და ყველა მსგავსი კომპანია ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიით გაიხსნა. მათ დამატებით 17 მილიონ დოლარამდე მიითვისეს. ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი.

თქვენი აზრით, რატომ მოუწოდა შევარდნაძემ ხალხს 1992  წელს, რომ სალაროში ფული შეეტანათ, მართლა იმიტომ, რომ ხაზინა ცარიელი იყო და იძულებული გახდა, მოსახლეობისგან ვალი აეღო?

- პირველ რიგში, ის უნდა გავარკვიოთ, რატომ იყო ხაზინა ცარიელი. თუ შევარდნაძემ არ იცოდა, სად წავიდა ის ფული, მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუ იცოდა, მაშინ – მითუმეტეს. შევარდნაძემ გამოაცხადა, ამ თანხაზე პასუხისმგებელი მე ვარო. სად გაქრა ეს პასუხისმგებლობა?

ფაქტი ისაა, რომ 1991–92 წლებში მთელი საქართველო არნახული ფინანსური აფერის მომსწრე გავხდით – მთელი ქონება, რაც კი 70 წლის მანძილზე შეგვიქმნია, ერთი მუჭა ხალხის ხელში აღმოჩნდა.

მე არაერთხელ მივსულვარ ფინანსთა სამინისტროში. მოვითხოვდი, თქვენ თავად დათვალეთ და მითხარით, რამდენი ანაბარი იყო–მეთქი? ვიცი, რომ 4 მილიონზე მეტი ანაბარი იყო, მაგრამ სააკაშვილის მთვარობამ ეს ციფრიც გაასაიდუმლოვა. გვითხრეს, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ არქივი დაიწვა და არ ვიცითო. მილიარდობით თანხის დოკუმენტაცია ის გაქრა, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა?

საქმე იმაშია, რომ არც სააკაშვილის მთავრობას აწყობდა ამ საქმის გამოძიება, იმიტომ, რომ დემურ დვალიშვილის სიაში მათი გვარებიც ეწერა.