"ვთქვათ, არ შედგა გარიგება და კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია, რას მიიღებს "ქართული ოცნება"?"

"თუ ჩვენ გავყვებით ცივილიზებული სამყაროს წესებს, სადაც ჯენტლმენური სვლებია დამკვიდრებული, მაშინ, რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა დათმოს. სხვათაშორის, დაუწერელი კანონის მიხედვით, ძლიერი, ანუ გამარჯვებული უფრო მეტს თმობს. ჩვენს სიტუაციაში ისეთი კაზუსი შეიქმნა, შეიძლება სისხლისღვრამდე მივიდეთ, არც ერთი მხარე რეალურად არ აპირებს დათმობას. დღეს ყოფილ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით არავინ ენდობა. ამ დროს საქართველოს არა აქვს საიმისო რესურსი, რომ დასავლეთის პოზიცია ფეხებზე დაიკიდოს. აგერ, ორი დღის წინ კიდევ შეშფოთდნენ კეტრინ ეშტონი და სხვები. ჩვენთან პარალელურად მიდის სამართლებრივი დავების განხილვა, ძალიან მომრავლდა. ახლა მიდის დუღილის პროცესი, დაკითხვები, ტელევიზიით ერთმანეთის ჭამა, ცემა-ტყეპა და ამ ყველაფერს უცხოელ დამკვირვებლებს ვერ აუხსნი. ეს მოდური კოაბიტაცია ქაღალდზეც კი არ არსებობს, არ გამოვიდა თანაცხოვრება", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვთქვათ, არ შედგა გარიგება და კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია, რას მიიღებს "ქართული ოცნება"?".

"სხვათაშორის, მე სააკაშვილის ხელში ვერ ვხედავ იმის რესურსს, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის კრიზისი გამოიწვიოს ხელოვნურად. თუ რამდენიმე ვარიაციას განვიხილავთ, შეიძლება კრიზისი უფრო მოჰყვეს კოალიციის შიგნით განხეთქილებას, რაც ჯერ-ჯერობით ელასტიკურად იმალება. როდესაც 40 წლის კაცზე ამბობენ, ჯერ პატარაა, გაიზრდებაო, ეს რას ნიშნავს? ალასანიაა პატარა ბიჭი? მაკედონელი 34 წლისა იყო, როცა ნახევარი მსოფლიო ჰქონდა დაპყრობილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ჩახუტება გამორიცხულია. საუკეთესო შემთხვევაში იქნება რაღაც დათმობები. აბსოლუტური სამართლიანობის აღდგენა არ იქნება, ასეთი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. 2 ათასი კაცი რომ დაიჭირო და მეტიც, მაინც გამოჩნდებიან უკმაყოფილოები. კი, ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს დაჩაგრულად, მაგრამ ყველაფრის გასწორებას ქრისტე ღმერთიც ვერ შეძლებს. ისტორიას გადავხედოთ, რაც არსად არ მომხდარა, ის ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდება. აბა, დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება ნეპოტიზმი? არ ჯდება, მაგრამ ივანიშვილმა აღიარა, ქართველები ასეთები ვართო. ნათესავ-მეგობრებისთვის თანამდებობების ჩამორიგება საშინელებაა, მაგრამ რა ვქნათ, დღეს სხვა გზა არ არის. ივანიშვილი ამას პატიოსნად აღიარებს, ჩვენ ახალ ხალხს ვერსაიდან ვერ ჩამოვიყვანთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გარიგება შეიძლება მოხდეს, და არა შერიგება. სააკაშვილი თამაშობს ევროპაში ქულების დაგროვებაზე. სულ იძახის, კი, ბატონო, მე თანახმა ვარ… წაიკითხა თავისი სიტყვა. ერთი ჩემი კოლეგა იძახის, სააკაშვილისთვის წამგებიანია, პარლამენტში უნდა შევიდეს და იქ გამოვიდეს სიტყვითო. არაფერიც არ არის მისთვის წამგებიანი, სააკაშვილი გამოვიდა დაჩაგრული. უცხოელები პრიმიტიულად მსჯელობენ: სააკაშვილი მოგწონთ, არ მოგწონთ, მაინც არის პრეზიდენტი და არ უშვებენ პარლამენტში. ისინი ბევრ რამეს ვერ იგებენ და ამასობაში სააკაშვილი ქულებს აგროვებს. ამ ფონზე გარიგება უკვე აუცილებლობის ფორმას იღებს. ვთქვათ, არ შედგა გარიგება და კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია, რას მიიღებს "ქართული ოცნება"? დღეს რეგიონებში დრო ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ კოალიციის წევრები ჭამენ ერთმანეთს", - დასძენს სოსო ცინცაძე და შეკითხვას - "დავუშვათ, ორივე მხარემ დათმო და გარიგდნენ, ხალხს რა ხეირი?" - პასუხობს:

"ხალხს უნდა სიმშვიდე, რომლის დამყარებასაც, სულ მცირე, ორი წელი მაინც უნდა. თუ ამათ დათმეს, დუღილის პროცესი ძალიან მაღალი აღარ იქნება. იქნება ბუზღუნი, ღრენა, კბენა, ჩქმეტა, მაგრამ ისტერიკა მოიხსნება. მე არ ვიცი, როგორ, რანაირად, სააკაშვილმა დასავლეთში რაღაც სათავისო განწყობა მაინც შექმნა. ეს უცხოელებიც დაიბნენ, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი სისუსტეებით. ამასობაში შიგნით კიდევ ხალხიც აფუჭებს საქმეს. მე არ მახსოვს, რომელიმე ხელისუფლებას სეტყვით დაზარალებულებისთვის ფული დაერიგებინა, ახლა რიგდება, მაგრამ აქაც ერთი ამბავი ატყდა. ერთი ჩემი ნათესავი ჩამოვიდა, უკმაყოფილო იყო, თვითონ აიღო და მეზობელზე ჯავრობდა, იმას ჯაგნარი ჰქონდა, რატომ მისცეს, ეს არის სამართალიო? კინაღამ ვცემე, სანამ ასეთი ლოგიკა იქნება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება".