თავდაცვის მინისტრის ფინანსური დეკლარაცია

თავდაცვის მინისტრის ფინანსური დეკლარაცია

"...იგი გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა და მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება, ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს. მან მოახერხა და თავის გუნდში, ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა და არა, წამოაყენა თავი პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც ხდება საქართველოში...…როცა მე ასე ფრთხილად ვექცეოდი საკუთარი პარტიის განვითარებასაც კი, ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა" - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერის ირაკლი ალასანიას ირგვლივ ბოლო კვირებში შექმნილი აჟიოტაჟი, რომელსაც, პარალელურ რეჟიმში იმაზეც მოჰყვა საუბარი, რომ კოალიცია იშლება.

ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტას განსხვავებული კომენტარები მოჰყვა საზოგადოებაში, თუმცა ზოგადი შეფასება ასეთია: "ირაკლი ალასანიას ოცნებაც არ აპატიეს".

აიხდენს თუ არა ის თავის ოცნებას, ამას შემოდგომაზე გავიგებთ, იქამდე კი "პირWელი" თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ფინანსურ დეკლარაციას გთავაზობთ:

2012 წლის 21 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ალასანიების ოჯახი უძრავი ქონების სიმრავლით არ გამოირჩევა. დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის მეუღლის ნათია ფანჯიკიძის სახელზეა გაფორმებული თბილისში, ამაღლების #12-ში მდებარე 130 კვ.მ. ფართობის ბინა.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციაში აღნიშნული გრაფა საერთოდ ცარიელია.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, ალასანიების ოჯახი არც ფასიან ქაღალდებს ფლობს.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ჩაწერილია, რომ თავდაცვის მინისტრს ნაღდი ფულის სახით, 11 000 ლარი და 6 000 ლარი გააჩნია.

ასევე, ფინანსური დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ნათია ფანჯიკიძემ ააიპ "კამარას" დირექტორი იყო, საიდანაც ანაზღაურების სახით, 1 470 ლარი მიიღო, ამავე პერიოდში ის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრ "მენტალვიტაში" ფსიქოლოგად მუშაობდა, სადაც 1 400 ლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ირაკლი ალასანიას "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 1 200 ლარი ჰქონდა, ხოლო აშშ-ში, "ჩეიზ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი - 12 000 აშშ დოლარი. ამავე გრაფაში მითითებულია, რომ ნათია ფანჯიკიძეს მიმდინარე ანგარიშები "თიბისი ბანკსა" და "პროკრედიტ ბანკში" აქვთ გახსნილი, სადაც შესაბამისად, 1 220 ლარი და 1000 ლარი აქვს დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, 2011 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, არც ალასანიას და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა, რომელშიც 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ირაკლი ალასანიას და მისი ოჯახის წევრების შემოსავალ-გასავალია დაფიქსირებული (თითოეულ შემთხვევაში 1 500 ლარს აღემატება), ცარიელია.

ასევე, ფინანსური დეკლარაციის თანახმად, არც ირაკლი ალასანია და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან.


ცნობისთვის, ირაკლი ალასანიას ოჯახი მეუღლის – ნათია ფანჯიკიძის და შვილების – ნიკოლოზ და ეკატერინე ალასანიებისგან შედგება.