"შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მოსწონთ, რომ ქვეყანაში ისევ მხედრიონიზაცია და სამოქალაქო ომი დაიწყოს?"
"მოვითხოვთ, დაიჭირონ ნანა კაკაბაძე, როგორც ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის ორგანიზატორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გადამეფარნენ და გამომიყვანეს იმ ცემა-ტყეპიდან. ეს იყო შს მინისტრისა და პრემიერის ორგანიზებული ღონისძიება იმ ე.წ. პოლიტპატიმრების დახმარებით, რომლებიც სპეციალურად გამოუშვეს ციხეებიდან ჩვენთან დასაპირისპირებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრიირმა ნადირაშვილი:
- იმან, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, 1991-1992 წლები გამახსენა. მაშინაც ასე დაიწყო შიდადაპირისპირება და მაშინაც ყველაფერს ნანა კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ორგანიზატორობდა.
კაკაბაძე იყო 1992 წლის ამნისტიის სულისჩამდგმელი, როდესაც უამრავი დამნაშავე გარეთ გამოუშვეს და შემდეგ მათ ბაზაზე შექმნეს "მხედრიონი".
ნანა კაკაბაძე, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრია, დღესაც იმავეს აკეთებს. ჩვენი დარბევის მერე უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე ფერდაკარგული ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა უტიფრად იცრუა, როდესაც რაღაც დერეფნებზე ილაპარაკა.
- თუმცა ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სათადარიგო შესასვლელით შევიდა გიორგი ბარამიძე.
- ჩვენ კოლმეურნეობის მოედნიდან ვცადეთ ასვლა და ვერ მივაღწიეთ იმ შესასვლელამდე. ფურცელაძის ქუჩა, რომელსაც ახლა ახსენებენ, ჩაკეტილი ჰქონდათ და ამიტომაც ვერ შევედით. ზემოდან უამრავი ვიდეოფირია გადაღებული, სადაც კარგად ჩანს, რომ იქ არანაირი სათადარიგო დერეფნები არ ყოფილა.
პრეზიდენტი თანახმა იყო, უკანა კარიდან შესულიყო ბიბლიოთეკაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს თანაგუნდელებს სცემეს, იქ მისვლას აზრი დაეკარგა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტია არ გვქონდა.სათადარიგო შესასვლელიც მას შემდეგ შემოგვთავაზეს, რაც სისხლიანი გარჩევა მოგვიწყვეს. მას შემდეგ, რაც ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა, სერგო რატიანს ათობით ადამიანი სცემდა და გიგა ნასარიძესაც გვარიანად მოხვდა, იქ პრეზიდენტი სიტყვით როგორღა გამოვიდოდა.
8 თებერვალს პრეზიდენტი ქუთაისში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ იქაც მიუსიეს ე.წ. პოლიტპატიმრები. საზოგადოებაში დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, პრეზიდენტი ქუთაისში აღარ ჩავიდა. ამ ყველაფრის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებათ პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას. პრეზიდენტისთვის საშუალება რომ მიეცათ, პარლამენტის დარბაზში გამოსულიყო და თავისი კონსტიტუციური მოვალეობა შეესრულებინა, არაფერი მოხდებოდა. პარლამენტი ხომ იმისთვის არსებობს, რომ პროცესების დუღილი ქუჩაში არ გადავიდეს და დაპირისპირებამ არ მიიღოს ასეთი სახე. საპარლამენტო უმრავლესობას რომ არ ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევა, ეს არ მოხდებოდა. სირცხვილის დერეფანს მოაწყობდნენ თუ არა, პრეზიდენტი მაინც მოვიდოდა პარლამენტში. ჩვენ გავივლიდით იმ დერეფანში და შევიდოდით პარლამენტში. ამიტომაც მომხდარზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ვერ შეძლო, თავის სიმაღლეზე მდგარიყო.
- რატომ უნდა აძლევდეს ხელს პრემიერს ან შს მინისტრს ხელოვნურად შექმნან დაპირისპირება ქვეყანაში, როდესაც თვითონ არიან პასუხისმგებელი წესრიგზე?
- მათ სამოქალაქო დაპირისპირება სურთ. ეს უნდოდათ არჩევნების დღესაც, მაგრამ პრეზიდენტის წყალობით მიზანს ვერ მიაღწიეს.
- რა მიზნის მიღწევა სურს ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირებით?
- ამ კითხვას ბიძინა ივანიშვილმა უნდა უპასუხოს. პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა მშვიდობიანად გამართულიყო, რა უშლიდა ხელს ვითარების დარეგულირებაში? იქ იყო სულ 400 კაცი და პოლიცია ხომ გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში. ჩვენი დარბევის მერე რომ მოვიდა ღარიბაშვილი, მანამდე რატომ არ მიიღო ქმედითი ზომები? ხომ ხედავდა, რომ დილიდანვე დაძაბულობა იყო, - ბიბლიოთეკის კარის მინები ჩაამსხვრიეს აქციის მონაწილეებმა, მიიტანეს კვერცხები, ბოთლები და სხვადასხვა საგანი, რომ საპარლამენტო უმცირესობას გასწორებოდნენ. პოლიციას წესრიგი რომ დაეცვა, აღარ ვიტყოდი, ბიძინა ივანიშვილს არეულობა უნდა-მეთქი, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების, გეგმების, სურვილების ახსნა და გათვლა შეუძლებელია.
- ხელისუფლება და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების პროვოცირება გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოახდინეს გამაღიზიანებელი სიტყვებითა და ქმედებით.
- ვისაც თვალში მოხვდა გიგი უგულავას ხელების მოძრაობა, იმას რატომ არ კითხულობს, გაატარებდნენ მას მშვიდად? ჩვენზე ადრე იქ სამეგრელოს გუბერნატორი გუნავა მივიდა. მას არ დაუძახია, მიდით, შოუ მოაწყვეთო, მაგრამ არ გაატარეს და მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმ ადამიანის ხელების მოძრაობით რატომ არ დაინტერესდნენ, ვინც ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი ადინა? ის და კიდევ რამდენიმე პირი უკვე აიყვანეს, მაგრამ არ აუყვანიათ აქციის მთავარი ორგანიზატორი - ნანა კაკაბაძე! ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს დაკავებები სპექტაკლის (შსს-ს მიერ ორგანიზებული დარბევის) გაგრძელებაა. დაველოდები და თუ დაკავებულებს ადმინისტრაციული ჯარიმით გამოუშვებენ, მელორ ვაჩნაძესა და იმას, ვინც ჩიორას სცემა, მაშინ მეტად განმიმტკიცდება აზრი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დადგმული. ბიძინა ივანიშვილს იმდენი ფული აქვს, საქართველოს ყველა მოქალაქის ცემისა და ამისთვის ჯარიმის გადახდას რომ ეყოფა.
ბიბლიოთეკის შემდეგ ინციდენტი გაგრძელდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან. იქაც მოხდა შეხლა-შემოხლა და ერთი კაცი ზურაბ ჯაფარიძეზე გაიძახოდა, დანა დაარტყითო. შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მოსწონთ, რომ ქვეყანაში ისევ მხედრიონიზაცია და სამოქალაქო ომი დაიწყოს?
- მინდა გკითხოთ თქვენს დაზეც. რის გამო დაიბარეს დაკითხვაზე?
- დაიბარეს საქმეზე, რომელიც სოციალური მუშაკების საკითხს უკავშირდება. ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ნათია პარლამენტში ჩემი გამოსვლიდან მეორე დღესვე დაიბარეს დაკითხვაზე. ეს იყო სპეციალურად გაკეთებული და ასე უპასუხეს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩემს საპარლამენტო გამოსვლას.
- თქვენი გამოსვლა ხელისუფლებაში არსებულ ნეპოტიზმს ეხებოდა, თუმცა საპასუხო გამოსვლა ჰქონდა ეკა ბესელიას, რომელმაც დაასახელა არაერთი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის ოჯახის წევრი ისევ განაგრძობს საჯარო სამსახურში მუშაობას.
- როდესაც ჩემს გამოსვლას საპასუხო გამოსვლები მოჰყვა, მივხვდი, რომ ხელისუფლებისთვის მტკივნეულ თემას შევეხე. მაშინ ახსენეს ჩემი დაც, რომელიც ქვემო ქართლის სოციალურ სააგენტოში მუშაობს, მაგრამ ჩემმა დამ იქ მუშაობა დაიწყო 2005 წელს, როდესაც მე არათუ პრეზიდენტთან არ ვმუშაობდი, არამედ არ ვმუშაობდი არც "რუსთავი 2"-ში. ჩემს დას კონკურსის გავლის შემდგომ ყველაზე მაღალი ქულები ჰქონდა და ეს დოკუმენტაცია, იმედია, შენახული იქნება. არ ვამბობ, რომ ნეპოტიზმის ფაქტები არ იყო მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას. ეს არასდროს მომწონდა, მაგრამ "ქართული ოცნებისგან", რომელიც წინასაარჩევნოდ ნეპოტიზმთან ბრძოლის დროშით გამოდიოდა, ამის საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ. მე დავასახელე "ოცნების" არაერთი წევრის გვარი, რომელთა ოჯახის წევრები მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ. კვლავ ვაპირებ ნეპოტიზმის გამოაშკარავებას იმის მიუხედავად, ჩემი ოჯახის წევრებს დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში.