"რომ გაიძახიან, პოლიციის კორდონები არ ყოფილაო, კორდონები როგორ არ იყო, საიდანაც ხალხს არ უშვებდნენ, მაგრამ ხალხის მცირე ნაწილი, რომელიც იქ ადრე მივიდა, შესასვლელში იდგა, სადაც ასევე იყვნენ პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ბიჭები და ალბათ, მაგათი მომხრეებიც. სიტუაცია ისეთი იყო, რომ იქ არავინ არ აპირებდა ცემა-ტყეპას. იქ ხალხი იმისთვის იყო მოსული, რომ ამათთვის მოეწყო სირცხვილის კორიდორი და პოლიტპატიმრებს თავიანთი მწვალებლებისთვის თვალებში ჩაეხედათ", - აცხადებს 8 თებერვლის აქციის მონაწილე ზაზა ჯვარშეიშვილი გაზეთ "ქრონიკასთვის"მიცემულ ინტერვიუში სათაურით "უცბად გამოჩნდა გიგი თავისი გუნდით… უგულავამ თქვა, - ახლა ნახე, ამათ რა შევუსრულოო!".
"ფურცელაძის ქუჩაზე, ქვემოთ, მარცხენა მხარეს იყო და არის ე.წ. "ჩორნი ხოდი", სადაც რკინის ჭიშკარი, უბრალოდ, მიხურული იყო და იქ, ქუჩის გადაღმა და გადმოღმა იდგნენ პოლიციელები, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ კორდონი. იქ ხალხი არ იდგა და არც არავის არ სურდა იქ ყოფნა, რადგან ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო ცენტრალური შესასვლელისკენ. ამ შესასვლელიდან შევიდნენ ბარამიძე და ძალიან ბევრი ელჩი. პოლიციელები სტუმრებს მითითებებს აძლევდნენ, - აქეთ მობრძანდითო. ანუ, იქ თავისუფალი შესასვლელი იყო და თუ ვინმეს შესვლა უნდოდა, მშვიდად შევიდოდა. ამ შესასვლელით სარგებლობა ამათ არ მოინდომეს და უცბად გამოჩნდა უგულავა თავისი გუნდით… უგულავამ თქვა, - "ახლა ნახე, ამათ რა შევუსრულოო!". ზუსტად ალტერნატიული შესასვლელის წინ მოხდა ეგ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ჯვარშეიშვილი.
"უგულავა აშკარად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო, რაღაც აღმგზნები საშუალება ჰქონდა მიღებული, რადგან სახეზე უკვე იყო ვარდისფერი. ჯერ კიდევ არ იყო ზედახორა დაწყებული. ამ დროს მას წინ ხვდება ვიღაც შაოსანი ქალი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გია კრიალიშვილის დედა, და ეკითხება, - შვილი რატომ მომიკალი? უგულავამ კრიალაშვილის დედა ხელით მოიშორა, - გადი, ქალო, გვერდზეო! აი, ამაზე გაგიჟდა ხალხი და ატყდა ერთი ამბავი. ეს კაცი, უგულავა, იქ მოსული იყო ამ აგრესიის გამოსაწვევად!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირიდან სისხლი რომ მოსდიოდა, თანაგუნდელები ეძახდნენ, - "ჩიორა სისხლი არ მოიწმინდო და თავი მაღლა ასწიეო!"… თავი მაღლა იმიტომ უნდა აეწია, რომ აივნებზე ტელეკამერები იდგა და ამ ყველაფერს გადაიღებდა. ანუ ეს ხალხი მუშაობდა სერიოზულად. რატიანმა დაუწყო ხალხს გინება და იმიტომაც მოსცხეს. საერთოდ, ყველას მოხვდა, ვინც ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. ამას პოლიცია ვერ აღკვეთდა, რადგან პოლიციის კორდონი მაგათ, ფაქტობრივად, გაიარეს. პრეტენზიები რომ გამოთქვეს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, სულ 15 წუთი გრძელდებოიდა ეს ჩხუბი და მეტი ადრე როგორ მოსულიყო მინისტრი, ჩასაფრებული იყო იქ ბატონი ირაკლი თუ რა?" - დასძენს ზაზა ჯვარშეიშვილი.