"მათ სურდათ, უფრო მძიმედ დაშავებულიყვნენ თვითონაც და მეორე მხარის წარმომადგენლებიც"

"ვანო მერაბიშვილი კოდუასა და ახალაიასაც კი ვერ აკონტროლებდა"

"ვინც თაქთაქიშვილს, ნასარიძესა და რატიანს დაარტყა, ერთი და იგივე პირია"

"ისინი დააზარალა, სცემა და აწამა უგულავას თანაპარტიელების ხელისუფლებამ"

8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კრიტიკის ნიაღვარი დაატეხეს. "ნაციონალებმა" ხელისუფლებას ბრალად დასდეს პროვოკაციის მოწყობა, ორგანიზატორობა კი სწორედ შს მინისტრს დააბრალეს. ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც შეახსენეს, რომ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა "ნაციონალების" პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად. ვანო მერაბიშვილმა კი მას შეშინებული და დაბნეულიც კი უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა:

ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოსულიყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შსს-ს ყველა დანაყოფი, რომელთაც შინაგანწესით ევალებათ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, მობილიზებულ იქნა უსაფრთხოების დასაცავად. მათ უნდა გაეკონტროლებინათ პრეზიდენტის, სტუმრებისა და იქ შეკრებილი ხალხის უსაფრთხოება.

- ვინ იყო შეკრებილი დემონსტრაციაზე, მხოლოდ ყოფილი პატიმრები?

- პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და გულშემატკივრები, "ნაციონალური მოძრაობისგან" უფლებააყრილი, გაუბედურებული და ნაწამები ხალხი. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა გამწარებულ ხალხში მათ გამოჩენას. იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ პროვოკაციაზე. ვიდეოფირში კარგად ჩანს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ვინ რაში იყო დამნაშავე. თავდაპირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას გამოჩენამ გააღიზიანა ხალხი. ყველაზე ნეგატიური მუხტი შემოიტანა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ. ძალიან სამწუხაროა, რომ მან მიზანმიმართულად გამოიწვია აგრესია ისედაც აღელვებულ, აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებში, რომლებიც, ვიმეორებ, არ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი დააზარალა, სცემა და აწამა უგულავას თანაპარტიელების ხელისუფლებამ. ყველას კარგად გვახსოვს, რა მოხდა 26 მაისს, რა მდგომარეობაში ჩააგდეს რუსთაველის პროსპექტზე ნაცემი ხალხი. ცხადია, ამ ადამიანებს გაუჩნდებოდათ პროტესტი და აგრესია.

სამწუხაროდ, უგულავამ არად ჩააგდო მათი ემოციები და მოგვევლინა, როგორც პროვოკაციული ჯგუფის ლიდერი, რომელსაც თან ახლდნენ ასევე პროვოკაციისთვის მზადმყოფი თანაგუნდელები. ჩვენ გავაკეთეთ გრაფიკული ვიდეორგოლი, სადაც გარკვევით ჩანს, რა უსაფრთხოების ზომები გვქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, სააკაშვილის გუნდმა არ გაითვალისწინა ეს, არ ისარგებლა უსაფრთხო გასასვლელებით.

- უგულავამ განაცხადა, რომ არაფერი იცოდნენ ამ უსაფრთხო შესასვლელებზე.

- შეუძლებელია, არ სცოდნოდათ. უსაფრთხოების ზომები პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურთან შევათანხმეთ. მათ დეტალურად განიხილეს ალტერნატიული შესასვლელების თემა. საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ. ეს ყველაფერი ხდებოდა 8 თებერვალს, დილიდანვე, როდესაც დაიწყო გეგმით გათვალისწინებული ობიექტის მომზადება.

- უსაფრთხოების ზომების შესახებ გიგა ბოკერიასაც ელაპარაკეთ ტელეფონით?!

- დიახ. ჯერ მან დამირეკა და მითხრა, ბიბლიოთეკის წინ იკრიბება აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების ჯგუფი და დაცული იქნება თუ არა უსაფრთხოების ზომებიო? ვუპასუხე, რომ ყველაფერზე ვიზრუნეთ, ავუხსენი, რაც გვქონდა დაგეგმილი, ალტერნატიული შესასვლელების შესახებაც ვუთხარი. ორი შესასვლელ-გასასვლელი იმიტომ დავგეგმეთ, ერთის ბლოკირება თუ მოხდებოდა, პრეზიდენტი და სტუმრები მეორე გასასვლელის გამოყენებას შეძლებდნენ უპრობლემოდ. მან მადლობა გადამიხადა. ამის შემდეგ პრეზიდენტის მისვლა ორჯერ გადაიდო.

ვეჭვობ, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, პროვოკაციულად გაწერილი დეტალური გეგმა, რომელიც მაღალპროფესიულად შეასრულა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, მაგრამ ჩაეშალათ ჩანაფიქრი. მათ სურდათ, კიდევ უფრო მძიმე ფორმა მიეღო დაპირისპირებას, უფრო მძიმედ დაშავებულიყვნენ თვითონაც და მეორე მხარის წარმომადგენლებიც. სამარცხვინოა, რომ ამბობენ, პოლიცია არ მოქმედებდაო. ძალიან კარგად ჩანს ვიდეოფირზე, რას აკეთებს პოლიცია. მათთვის განსაზღვრულ ადგილზე იდგნენ სამართალდამცველები. გასასვლელები აბსოლუტურად სუფთა იყო, აბსოლუტურად ვაკონტროლებდით, ვიმეორებ, ჩვენ და სამთავრობო დაცვა. უგულავა კი როგორ იქცევა ამ დროს? აგრესიული ყიჟინით მოდის, "გინდათ შოუ? - ყვირის, - დადგით შოუ" და სხვა სამარცხვინო შეძახილები ისმის მისგან. ის არ სარგებლობს წინასწარ განსაზღვრული ალტერნატიული, ჩვენ მიერ კონტროლირებადი გზით, არამედ ჯიქურ, "ნაციონალებთან" ერთად მიდის დემონსტრანტების მორევში. კარგად ჩანს, როგორ აღიზიანებს უგულავა ისედაც უკიდურესად გატანჯულ მოქალაქეებს.

- ფირში ასევე ჩანან ლევან ბეჟაშვილი, კობა ხაბაზი, დავით დარჩიაშვილი, მამუკა ახვლედიანი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით საყვარელიძე და ა.შ.

- საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მერთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაგეგმილი იყო ეს პროვოკაცია.

ისინი არიან ადამიანები, ვინც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს და პოლიციელებს.

საგანგაშოა, როდესაც ასეთი ქაოსის შექმნას ცდილობს ის ძალა, რომელმაც 2011 წლის 26 მაისი და 2007 წლის 7 ნოემბერი მოაწყო. შენ მიერ რეპრესირებულთან რომ მიხვალ აგრესიულად, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ მოშუშებია შენგან მიყენებული იარები, რა რეაქცია ექნება?

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვასაც აპირებთ?

- ყველას დავკითხავთ, გამოძიება ორივე მხარის დანაშაულებით დაინტერესდება.

დაკავებულია, ვინც ჩიორა თაქთაქიშვილს, ნასარიძესა და რატიანს დაარტყა. ერთი და იგივე პირია. ვგმობ ქალზე ძალადობას და არა აქვს აზრი თავის მართლებას, რომ თავს ვერ მოერია.

- უკმაყოფილება გამოხატეს "ქართულმა ოცნებამ" და სახალხო დამცველმაც, პოლიციის კორდონები არასაკმარისი იყოო.

- ბევრი რისკი გვქონდა გათვლილი, მაგრამ ვერ წარმოვიდგინეთ, რომ უგულავა და "ნაციონალები" ასეთ პროვოკაციაზე წავიდოდნენ. ჩვენ იქ საკმარისზე მეტი პოლიციელი გვყავდა. უკვე დავაკავეთ ყველაზე აგრესიულად მოქმედი სამი პირი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ დამნაშავეებს პოლიტიკური ნიშნით არ ვასხვავებთ. ვთქვით და ვასრულებთ, რომ პოლიცია იქნება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული. მანამდე კი პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი იყო. არ უხდებოდა კანონით დავალებული მოვალეობების შესრულება, არამედ ერთი კონკრეტული პირისა და პარტიის დაკვეთას ასრულებდა.

- თქვენი წინამორბედი მერაბიშვილი ამბობს, რომ პოლიცია ახლა დემორალიზებულია, მინისტრი კი - დაბნეული და შეშინებული.

- სასაცილოა, როდესაც ვანო მერაბიშვილი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ შიშზე, ნებას თუ მომცემდით, უკომენტაროდ დავტოვებდი მის უაზრო და სასაცილო გამონათქვამებს. მერაბიშვილის განცხადებები დღითი დღე არასერიოზული ხდება და არ მაქვს არავითარი სურვილი, პოლემიკაში შევიდე ასეთ უპრინციპო, მხდალ და მონობას შეგუებულ ადამიანთან. თუმცა მაინც ვწუხვარ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ ადამიანზე, რომელთაც არ გააჩნიათ შინაგანი თავისუფლება.

- თუმცა, ბევრი ამბობდა, რომ ის კარგი მინისტრი, კარგი მენეჯერი იყო.

- რაც გარედან ჩანდა, ფასადური იმიჯი იყო. რეალურად, შსს იყო ყალბი და ჩაკეტილი სტრუქტურა. ვანო "ხერხემალი" იყოო? როგორ? როდესაც ორ უმნიშვნელოვანეს სამსახურს - სოდ-სა და კუდ-ს ვერ აკონტროლებდა. ვერ აკონტროლებდა კოდუასა და ახალაიას. ვითომ ოპერატიული მიზნებისთვის შექმნილი ჰქონდა ავადმყოფური, არაჯანსაღი კონკურენციის გარემო. ამან გამოიწვია პოლიციელების დემორალიზაცია. დაითრგუნა ბევრი ღირსეული ადამიანი. ვანო მერაბიშვილს ჰქონდა შანტაჟის პოლიტიკა და ამის შედეგი იყო ის, რომ სწორედ მისი მინისტრობის დროს დამკვიდრდა ე.წ. დამნაშავეთა დაკავების მანკიერი პრაქტიკა, რაც იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით და უდანაშაულო მოქალაქეების დაპატიმრების სახით მკვიდრდებოდა. მის დროს ხდებოდა უამრავი ადამიანის, მათ შორის მერაბიშვილის თანაგუნდელების, პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეო და აუდიომასალების უკანონოდ მოპოვება უდანაშაულო ხალხის შემდგომი დაშანტაჟების მიზნით. ბიზნესის ტერორიც წინა ხელისუფლების ხელწერას მიეკუთვნება.

1500 ამპულა ნარკოტიკი იხარჯებოდა ერთი თვის განმავლობაში შსს-ს სამედიცინო პუნქტიდან. რა საჭირო იყო ამდენი ნარკოტიკი შსს-ში? რაში შეიძლება გამოიყენო ნარკოტიკი, - მას მოიხმარ, რეალიზაციას აკეთებ, ან ვინმეს ჩაუდებ. დასკვნა საზოგადოებამ გააკეთოს. ვანოს ჰქონდა კარგად აწყობილი შანტაჟის პოლიტიკა.

- გამორიცხავთ, რომ თქვენ არ გექნებათ ავტონომიები შსს-ს სტრუქტურებში?

- გამოვრიცხავ. ისევე, როგორც გამოვრიცხავ კრიმინალური სიტუაციის გაუარესებას. წინა წლების სტატისტიკას შეადარონ. მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში იმატა კრიმინალმა. ახლა თითქმის გაუხსნელი საქმე არ გვრჩება. შედგენილი გვაქვს სამინისტროს სტრატეგიული განვითარების ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რაშიც უცხოელებიც გვეხმარებიან და ქაღალდზე კი არ დარჩება ეს გეგმები, ძალიან მალე რეალობად იქცევა. ქვეყანას ეყოლება შსს, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებს და უსაფრთხოებას დაიცავს და არ შეარჩევს მათ პოლიტიკური ნიშნებით. ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა 5000-ზე მეტი პატიმარი, მანამდე 2012 წლის მაისიდან პრეზიდენტმა 2000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა. მათ შორის უმძიმეს დანაშაულებზე ბრალდებულებიც არიან, მაგრამ ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ათასობით გათავისუფლებული პატიმარი ჩვენთვის დიდ გამოწვევად არ ითვლება, რადგან პოლიციას შესწევს ძალა და უნარი, ნებისმიერ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

- აშშ-ის ელჩმა ნორლანდმა განაცხადა, რომ რაც მოხდა, ეს არ არის დემოკრატია.

- ნამდვილად არ არის და სირცხვილია, როდესაც ასე არადემოკრატიულად და ძალადობრივად იქცევიან "ნაციონალური მოძრაობის", წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.

 აქვე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში არის აბსოლუტურად სტაბილური ვითარება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იქნება საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი!