„ის იყო უხილავი მეცენატი და სწორედ, ამან გაამარჯვებინა, მან მოსვლითაც საზოგადოების გული მოიგო და წასვლითაც“

„ის იყო უხილავი მეცენატი და სწორედ, ამან გაამარჯვებინა, მან მოსვლითაც საზოგადოების გული მოიგო და წასვლითაც“

ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა ათი წლის წინ გადაწყვიტა. დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და ხელისუფლებაშიც მოვიდა. ერთი წელი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში მართავდა, შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა, შემდეგ ისევ დაბრუნდა და ახლა, როდესაც საქართველოში პანდემია მძვინვარებს, კვლავ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ოღონდ - სამუდამოდ. „არავინ დამირეკოთ, მივდივარ სულ“ - ასეთი მესიჯი დაუტოვა ყოფილ თანაგუნდელებს ქველმოქმედმა.

ივანიშვილმა პოლიტიკიდან კვლავ ბიზნესში გადაინაცვლა, თუმცა, ქონების დიდი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადაულოცა. როგორც ფსიქოლოგმა, სოფო ხარატმა for.ge-თან საუბრისას განაცხადა, ის ხელისუფლებაში ქველმოქმედებით მოვიდა და ამ ნაბიჯითვე წავიდა - „ივანიშვილმა მოსვლითაც საზოგადოების გული მოიგო და წასვლითაც“. თუმცა, სოფო ხარატი თვლის, რომ ეს უფრო პიარის ნაწილია. მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარე კარგი ბიზნესმენია, მაგრამ არა პოლიტიკოსი, რადგან ივანიშვილს პოლიტიკა არ ესმოდა.

სოფო ხარატი: ჩემთვის ერთი ადამიანის ასე თვითნებურად მოსვლა, შემდეგ თვითნებური საქმიანობა და თვითნებურად წასვლა, პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს პოლიტიკას არ გავს. ეს არ არის პოლიტიკური ნაბიჯები, ეს არის ერთი კაცის თვითნებური მოქმედება, ამის უფლება მას არ უნდა ჰქონოდა - თავის ჭკუაზე მოსულიყო და მერე როგორც უნდოდა, ისე წასულიყო, რადგან პოლიტიკა ასე არ იმართება. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ერთი ადამიანი ამდენ ძალაუფლებას არ ფლობს. ფაქტია, რომ ის ხალხისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. ბიძინა ივანიშვილი ხელშეუხებელი იყო და ხელშეუხებელი დარჩა. ის ისე იქცეოდა, როგორც მას სურდა.

მისი წასვლა-მოსვლები პოლიტიკაში ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება?

- ერთპიროვნული ძალაუფლებით აიხსნება. გერმანიაში ანგელა მერკელი არ იტყვის, როცა მინდა წავალ და როცა მინდა დავბრუნდები. ამას ვერ იტყვის ვერც ერთი ამერიკის პრეზიდენტი. უცხო ქვეყნებში ამას ერთპიროვნულად ვერ წყვეტენ, რადგან თავიანთ ჭკუაზე ვერც ინიშნებიან, რადგან თანამდებობის პირების უამრავი გამკონტროლებელი ორგანო არსებობს. ერთ დღეს მე გავიძღვიძე და ვთქვა, რომ მე პოლიტიკაში აღარ მინდა, ეს პოლიტიკის ჩარჩოები არ არის, ეს უფრო ბიზნესის ჩარჩოებს ჰგავს.

მან ლიდერობა დაკარგა?

- ლიდერობის პრეტენზია მას არც ექნებოდა. ჩემი გადასახედიდან ბიძინა ივანიშვილი არ იყო ადამიანი, რომელიც ლიდერობისთვის იბრძოდა, იმიტომ, რომ მას ძალაუფლება ისედაც ჰქონდა. ამიტომ, ლიდერობა არც მოუგია და არც დაუკარგავს.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგი მოჭადრაკეა. ჭადრაკის ენაზე, რომ ვთქვათ, მან პოლიტიკიდან წასვლით კარგი სვლა გააკეთა?

- ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი. მისი თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებულია. მისი წასვლა-მოსვლა, ხარჯების გაცემა, დაფინანსება თუ ინვესტიციები ასჯერ გაანალიზებული  და ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ექნებოდა. ჩემი წარმოდგენა მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ასეთია, რომ ივანიშვილის ცხოვრებაში თავისით არაფერი მოხდებოდა, ყველაფერი კარგად დაგეგმილი ექნებოდა.

კი, წავიდა ის პოლიტიკიდან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი ფსიქოლოგიურად აკვირდება მისი გუნდის წევრებს?

- არ მგონია, რომ აინტერესებდეს. მისი ინტერესთა სფერო, როგორც ბიზნესმენის, უკვე ამოწურა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. მან საკუთარი ფინანსები დააბანდა, როგორც მას სურდა და სადაც სურდა. დანარჩენი, მისი გუნდი რას და როგორ იზამს, არ აინტერესებს. ჩემი ხედვით ბიძინა ივანიშვილი არაა ადამიანი, რომელიც სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამდა საქართველოს განვითარებისთვის. ასეთი ფიგურა ის არაა.

ანუ, ქვეყანა არ აინტერესებდა და ამიტომ არ დგამდა სტრატეგიულ ნაბიჯებს?

- სტრატეგიული მმართველი ის ვერ იქნებოდა და არც იყო, რადგან რეალურად მისი ხასიათი შეიძლება იყოს მეცენატი, იყოს კეთილი ადამიანი, მაგრამ ის არც პოლიტიკოსია და არც სტრატეგიული ნაბიჯების გადამდგმელია. პოლიტიკა, სტრატეგია, მმართველობა - ეს ისწავლება და ამას შესწავლა სჭირდება. ჩვენთან ხდება ასე - პარლამენტში არაპროფესიონალები სხედან, მსახიობებს, ექიმებს პარლამენტარობა უნდათ. ვთვლი, რომ პოლიტიკა კარგად უნდა ისწავლო და შემდეგ ისე განახორციელო, როგორც ექიმი სწავლობს თავის პროფესიას და შემდეგ იწყებს მუშაობას. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება. არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი იყო, ან სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა შეეძლო. მას შეუძლია იყოს კარგი თანამშრომელი, კარგი დამფინანსებელი, მეცენატიც და არა პოლიტიკოსი.

მან პოლიტიკა ვერ ისწავლა?

- ჩემი აზრით სწავლა არც უცდია.

მან პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა, რომ საკუთარი ქონება „ქართუ ფონდს“ გადასცა და როგორც თქვა, „მიზერული თანხა“ 200 ათასი ლარი დაიტოვა. მისი ასეთი ხელგაშლილობა ფსიქოლოგიურად რითი აიხსნება?

- ქართველებს ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვიღაცა რაღაცას გვჩუქნის. ეს ჩვენზე ძალიან კარგად მოქმედებს. ჩემი აზრით, ის იყო დიდი ფაქტორი, რითაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. ის იყო უხილავი მეცენატი, რომელიც ხალხს ფულს ჩუქნიდა და სწორედ, ამან გაამარჯვებინა. ზუსტად, ამ ნაბიჯით მოვიდა და ამ ნაბიჯით წავიდა. მან მოსვლითაც საზოგადოების გული მოიგო და წასვლითაც. მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ეს უფრო პიარის ნაწილია. დარწმუნებული იყავით, რომ ხალხის დიდ ნაწილს ამის არ სჯერა და არც მე მჯერა. მისი სტრატეგიული ნაბიჯები არის ის, რომ ხალხში გამოჩნდეს, როგორც კეთილი ადამიანი.

როდესაც ის პოლიტიკიდან პირველად წავიდა, გვესმოდა, რომ ის ჩრდილში იყო და ისე მართავდა ქვეყანას. ახლა ამ ძალაუფლებას ასე იოლად დათმობს?

- მას ქვეყნის მართვის არანაირი ინტერესი არ აქვს. ეს არის პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ. ასეთი ტიპის ადამიანებს ქვეყნის მართვის სურვილი არ აქვთ, რადგან არ სჭირდებათ. ძალაუფლებაც აქვს, ფინანსურადაც ძალიან მაღალ ნიშნულზეა, ასე რომ, მას არანაირი ინტერესი არ აქვს. ინტერესი რომ ჰქონდეს, მაშინ სხვა ნაბიჯებს გადადგამდა. ამიტომ, არ მგონია ისევ ჩრდილქვეშ გადაინაცვლოს. შეიძლება რაიმე დაბანდება განახორციელოს თავისი ბიზნესის გასაფართოვებლად.

თუმცა, გამარჯვების „გემო“ რომ არ დაკარგოს, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ოპოზიციის პოზიციიდან დაბრუნდეს?

- ამას უკვე შემდეგში განვითარებული მოვლენები გვანახებს, თუ მან მოიწყინა და სხვა ნაბიჯების გადადგმა მოისურვა, მაშინ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს. ვინ რას იზამს, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი კარგი ბიზნესმენია და დარჩება კარგ ბიზნესმენად.

Lolo47 აღარ უნდა დამთავრეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ვინმე მკითხავ კაკულიას დონის სხვისი საქმეების გამრჩევი ვითომ ექსპერტებისა და სპეციალისტების პარპაში?! რაც ენაზე მოადგებათ „ჭკვიანი“ სახით, რომ ათას სისულელეს წამოროშავენ და ჩვენ კი ჭკვიანი მაიმუნებივით ვუსმენთ მათ ბჟუტურს. მრავალ ბოგანოს კი უმაღლეს ჭეშმარიტებად მიაჩნია მათი ე. წ. ნააზრევი. 30 წელია უძაღლო ქვეყანაში ყელმოღერებული კატები ყეფენ!

ეს უნდა დასრულდეს სამუდამოდ!!!
3 წლის უკან
Ninja ???
3 წლის უკან