ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული თავპირისმტვრევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „იმედის" არხზე ვახო სანაის „თოქ-შოუ" გავიდა. ინტერაქტივმა დაადასტურა, რომ ამ არხის მაყურებელთა უმრავლესობა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებდა. სხვაგვარად შეუძლებელია იმ მონაცემის ინტერპრეტირება, რომ ტელეაუდიტორიის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, „პრეზიდენტს უნდა მისცემოდა პარლამენტში გამოსვლის უფლება". არადა, მას შემდეგ, რაც გიორგი არველაძემ ტელეკომპანია პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ეს არხი მიშასადმი ლოიალობით ნამდვილად არ გამოირჩევა.
და აქვე: ჩვენი ჟურნალისტიკის გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ დღემდე არავინ დაინტერესებულა და არცერთი (!) კითხვა არ დაუსვამს, მაინც რა მოხდა ამ არხზე: რა გარიგება შედგა, რა პირობები დაიდო, რამდენად მონაწილეობდა ამ საქმეში ივანიშვილი, იყო თუ არა არველაძის გადაწყვეტილება შეთანხმებული ან თუნდაც ცნობილი მიშასთვის და ა.შ. კითხვებიც კი არ დასმულა. პასუხებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ზოგი თვლის, რომ ცემა-ტყეპითა და ამ კადრების ყველა ტელევიზიის ეთერში ჩვენებით, მიშამ წააგო. „ბოლოს და ბოლოს ბეგვეს მისი თანამებრძოლები და ევრაფერი გააწყო, თვითონ კი სიტყვით სასახლიდან გამოვიდა ანუ იძულებული გახდა, მეორედ შეეცვალა მიმართვის ადგილი".
ვინც ასე მიიჩნევს, არა მხოლოდ მიშას არ იცნობს კარგად და მის პოლიტიკურ ხელოვნებას ვერ აფასებს სათანადოდ, არამედ ისტორიაც არ ახსოვს: ზუსტად ასე მსჯელობდნენ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც იმდროინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები „თვალდაუკრავ" აჭარაში, ანუ ასლან აბაშიძის სამფლობელოში შეცვივდნენ, თუმცა კი ძალიან კარგად იცოდნენ იქ რა ელოდათ. პიროვნულად სააკაშვილი არც იქ გამოჩენილა, თუმცა იმ აქციამ მისი პოზიციები მხოლოდ გააძლიერა. ისევე, როგორც (დარწმუნებული ვარ) ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარმა ფაქტმა.
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, ვინც სამართლიანობისთვის 1983 წლიდან იბრძვის, ამ აქციის ორგანიზებისას ცემა-ტყეპის პროვოცირება აზრადაც არ მოსდიოდა: მას „მხოლოდ" ე.წ „სირცხვილის კორიდორის" მოწყობა სურდა და ეს რომ მოხერხებულიყო, მიშა და მისი გუნდი ნამდვილად წააგებდა. მაგრამ ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ბრბოს, რომელიც ბიბლიოთეკასთან შეიკრიბა, სათანადო კულტურა და უნარი არ აღმოაჩნდა.
ყველაფერს სჭირდება კულტურა და უნარი. მათ შორის ამასაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიხეილ საააკშვილმა შესანიშნავად ისარგებლა ამ უნიათობით, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის აბსურდული გადაწყვეტილებით, არ შეეშვათ იგი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წასაკითხად: ჯერ ერთი, დასავლეთს აჩვენა, რომ საქმე ბრბოსთან აქვს და არა ცივილიზებულ ოპონენტებთან, გარდა ამისა, როგორც იმავე „იმედის" რეიტინგმა დაადასტურა, „მდუმარე უმრავლესობის" გულიც მოიგო (ჩიორა თაქთაქიშვილის დასისხლიანებული სახე, მით უმეტეს მისი მართლაც არაჩვეულებრივად ლამაზი თვალების ფონზე, „ოცნების" ნებისმიერ არგუმენტს გადასწონიდა), გააძლიერა რყევა კოალიციაში (რისი მორიგი ნიშანიცაა დათო ზურაბიშვილის განცხადება) და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დადასტურა, რომ მყარად ფლობს ინიციატივას. ეს კი პოლიტიკაში, მათ შორის „კოჰაბიტაციად" წოდებული რთული საჭადარაკო პარტისას, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
დავაკვირდეთ: 1 ოქტომბრის არჩევნებში მარცხის მიუხედავად, პოლიტიკურ პროცესთა და მოვლენათა ინიციატორი მაინც მიშაა, ხოლო ბიძინა მუდმივად მხოლოდ რეაგირებას „ახერხებს". ანუ, მაინც მიშა ქმნის დღის წესრიგს, მაინც იგი „ახერხებს" ივენთების მოწყობას. ივანიშვილის გუნდმა კი, საკუთარი უსუსურობის დასტურად, „გენიალური" გამოსავალი იპოვა: „სასახლიდან არ გამოვიდეს პურსა და წყალს იქ მივაწვდითო". ესე იგი, რაკი სხვა არაფერი შეუძლიათ და პოლიტიკურ კონკურენციას ვერ უძლებენ, ასე უნდათ იოლად გავიდნენ ფონს: ჩავკეტოთ სასახლეში და არ გამოვუშვათ!
არ გამოვა ეს ამბავი! არა მხოლოდ დასავლეთის რეაქციის გამო, არამედ ბევრი სხვა (მათ შორს შიდაპოლიტიკური) მიზეზითაც. აქ არის აგრეთვე პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაეთანხმება მიშა პრეზიდენტის არჩევას პარლამენტში, ესე იგი (მის მიერ ზუსტად მიგნებული და პოპულარული ინტერპრეტაციით) „საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას": იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი „ივენთია", რომელიც მას კვლავ მისცემს საშუალებას, გამოიყენოს თავისი უპირატესობა ივანიშვილის მიმართ.
იმის საილუსტრაციოდ კი, თუ რაში მდგომარეობს ეს უპირატესობა, შევადაროთ ორი პრეს-კონფერენცია: ბიძინა ივანიშვილისა - 100 დღიანი მმართველობის ბოლოს და მიხეილ სააკაშვილისა, - ავლაბრის სასახლეში მისი საპრეზიდენტო სპიჩის დასრულების შემდეგ.
პირველ შემთხვევაში ყაყანი, გნიასი, ცხარე დისკუსიები კორესპოდენტებსა და რესპონდენტს შორის, ურთიერთშეწყვეტინება, ჩაჭრები, შელაპარაკებები, ჭორაობა სხვის ცოლებზე და ა.შ. მეორე შემთხვევაში, - აკადემიური იდილია, სიჩუმე, კამერული ატმოსფერო, წყნარი და თავდაჯერებული ტონი, დიახაც დამაჯერებლობა თუ არა შინაარსობრივი, ყოველ შემთხვევაში არტიკულირების თვალსაზრისით. „სააკაშვილი პრეს-კონფერენციებს საერთოდ არ ატარებდაო". რა თქმა უნდა არ ატარებდა, სანამ ამის აუცილებლობას არ გრძნობდა. ეგღა აკლდა ვინმესთვის მიეცა საშუალება ასეთი „კითხვები" დაესვა. ახლა დასჭირდა, ატარებს და აშკარად უკეთ, ვიდრე მისი ვიზავი. თანაც, არა მგონია ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ სასახლეში ის ჟურნალისტები არ შეუშვეს, ვინც უხერხულ კითხვებს დასვამდა. ამგვარი კითხვის დასმაცაც პროფესიონალიზმი სჭირდება. ისევე, როგორც პასუხს.
„სამაგიეროდ ბევრად უფრო გახსნილი და დემოკრატიულია". ჩვენ ერთხელ უკვე გვყავდა ლიდერი, რომელსაც საკუთარი „შინაგანი სიმართლე" პოლიტიკაში მთავარ ფაქტორად მიჩნდა და შედეგად, სამ თვეში დაამხეს, ხოლო ქვეყანა სამოქალაქო ომის მარაზმში ჩაეფლო. არაფერი იმაზე მეტად არ ემუქრება ივანიშვილს, ვიდრე ეს „შინაგანი სიმართლე", რომელიც პოლიტიკური ტექნოლოგიის ათვისების, ან, ელემენტარულად, გონიერ მრჩეველთა მობილიზების უნარს ართმევს.