„ეს არის მეგრელიშვილის მხრიდან შანტაჟი და ავანტურა“ - პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში განხეთქილება გრძელდება

„ეს არის მეგრელიშვილის მხრიდან შანტაჟი და ავანტურა“ - პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში განხეთქილება გრძელდება

„გირჩის“ ლიდერებს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შეხვედრაზე უარი უთხრა. მეტიც, ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე „გირჩელებს“ ეუბნება, რომ მხარეებს შორის შეხვედრაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და მსგავს საკითხებზე საუბარი ერთიან ფორმატში უნდა ხდებოდეს და არა ინდივიდუალურად. გამოდის, რომ ოპოზიციური ერთობა ისევ იშლება და ერთგვარი დაყოფის პროცესი, რაც უკვე დიდი ხანია დაიწყო, უფრო თვალსაჩინო გახდა, პარტიებს შორის დაპირისპირება კი, უფრო მძიმე ხასიათს იძენს.

მივყვეთ თანმიმდევრულად: ყველაფერი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. „გირჩელის“ განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მათ წინადადებას მიიღებს. მეგრელიშვილის შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ თვითმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განსაზღვრონ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.

„გირჩის“ ლიდერის ამ განცხადებას თავად ვაშაძემ უპასუხა, რომელმაც უარყო შეხვედრის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია და თქვა, რომ „გირჩის“ პოზიცია მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია. დღეს კი „გირჩელებს“ უკვირთ, „რა მოხდა ისეთი, რომ გიორგი ვაშაძემ პოზიცია რადიკალურად შეიცვალა?“

გიორგი ვაშაძემ For.ge-სთან საუბარისას აღნიშნა, რომ არასწორია, როდესაც ვახტანგ მეგრელიშვილი მათ ნაცვლად საუბრობს. მისივე თქმით, „გირჩსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის შეხვედრა არ ყოფილა ჩანიშნული. თანაც, მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივა, როდესაც ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ დგამს შეთანხმების მისაღწევად, არასწორია.

„ძალიან არასწორია, როდესაც ჩვენს ნაცვლად რაღაც განცხადებებს აკეთებს, რას მივიღებთ და რას არ მივიღებთ. აქ იყო საუბარი თვითმმართველობის არჩევნების მიბმაზე. არასწორი მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალი ინიციატივებია, როდესაც ვერანაირ ინდიკაციას ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რამე მონდომება და მოწადინება, რომ შეთანხმება მოხდეს.

მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველა მსგავსი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ. რას მივიღებთ და რას არ მივიღებთ, მაშინ ჩამოვყალიბდებით, როდესაც ვნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაცის მზაობა არის.

შეხვედრა არ არის დაგეგმილი. თუმცა, სატელეფონო საუბარი ნამდვილად მქონდა ვახოსთან და ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, გასაგებია ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ For.ge-სთან.

გიორგი ვაშაძის აზრის შეცვლის შემდეგ, განცხადება გააკეთა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმაც - იაგო ხვიჩიას თქმით, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია. ხვიჩიას განცხადებით, მას „წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა“.

„ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ, საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ კიდევ ერთი ლიდერი და პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი For.ge-სთან ამბობს, რომ ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებები სრულიად მიუღებელია მისთვის. როგორც მან აღნიშნა, თუ „გირჩს“ პარლამენტში სურს შესვლა, შევიდეს და დაასრულოს მსგავსი განცხადებებით გამოსვლა.

„გიორგის პოზიცია ვიცი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის მხოლოდ ვაშაძე. სრულფასოვანი ბლოკია. ჩვენი შეთანხმება არის პარლამენტში არშესვლა. ჩავხსენით სია... ეს არის უკვე შანტაჟი და ავანტურა მეგრელიშვილის მხრიდან. კაცო, შევიდნენ რა! უკვე სასაცილოები გახდნენ. არსად ვაპირებთ შესვლას, გაყალბდა არჩევნები!

იგივე პოზიცია აქვს გიორგის. არ ვიცი, სხვა რა ქართულით ვთქვა?! მე, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გეტყვით, რომ გამორიცხულია დანაშაულის თანამონაწილედ შევიდე პარლამენტში. ხალხის ხმები არის გაყალბებული.

უნდა გამოჩნდეს არჩევნების სავარაუდო თარიღი. მეგრელიშვილს რა მოელანდება და რა ტალახს შეასხამს ვიღაცას, რაში გვაინტერესებს! გამოდიან და ამბობენ, რომ შევალთ. სიზმრებს ხედავენ. მსგავსი არაფერი მინახავს. არაფერს ფასი არ აქვს, ან სიტყვას ან ამომრჩეველთან დამოკიდებულებას?! რაღაც ღირებული ამ ადამიანებს არ დარჩათ?! თუ არ დარჩათ, იცხოვრონ ღირებულებების გარეშე და ჩვენ დაგვანებონ თავი. უკვე სასაცილო გახდა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა For.ge-სთან.

არსებულ ვითარებას გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი:

„ძალიან გულდასაწყვეტია, თუ ლაპარაკიც არ უნდათ გამოსავლის ძიებაზე. მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! რა მოხდება იმით, რომ ადამიანები დავსხდეთ და ვილაპარაკოთ? ეს ნათლად აჩვენებს ტენდენციას, ვის უნდა ზოგადად ამ პროცესის მოლაპარაკებით დასრულება და ვის - არა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძემ ასე რადიკალურად შეიცვალა მოსაზრებები და ლაპარაკზეც უარს ამბობს“, - თქვა იოსელიანმა.

Ninja ანუ, ტელეფონით საუბრისას, უბრალოდ საახალწლო მილოცვებით დაკავებულან. ??
3 წლის უკან