„გამარჯვებული „ოცნება“ თეთრ ცხენზეა ამხედრებული და ამიტომ არც „გირჩის“ ფორმულაზე წამოვა და არც დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტზე“

„გამარჯვებული „ოცნება“ თეთრ ცხენზეა ამხედრებული და ამიტომ არც „გირჩის“ ფორმულაზე წამოვა და არც დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტზე“

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებას გულისხმობს, ყველასგან დაწუნებულია. „გირჩის“ ინიციატივით, თუკი თვიმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ 48%-ზე ნაკლებს დადებს, მაშინ მან 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. ეს ინიციატივა კი მიუღებელია როგორც ოპოზიციის ნაწილისთვის, ასევე მმართველი პარტიისთვისაც.

შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი იაგო ხვიჩია სრული ბოიკოტირების მომხრეა:

„თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვადამდელი არჩევნების თარიღზე, ან სხვა ტიპის შეთანხმებაზე, რის გამოც საპარლამენტო არჩევნები ან დაინიშნება, ან ჩვენ შევალთ საქართველოს პარლამენტში, არ მივიღებ მონაწილეობას არც ერთი ტიპის არჩევნებში, სადაც არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, იმასაც გამოვითხოვდი სრული ბოიკოტის ნიშნად, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს ასერიოზულებს ჩვენს ქმედებას ფასილიტატორების თვალში“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ დაწყებულ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ „ლელოში“. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესს მთავარი აქცენტი „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციაზე გადააქვს:

„ეს საუბარი თუ განხილვა გამოსავლის სხვადასხვა გზის უნდა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც გასულ წელს შეიქმნა - საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატში. მე არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა. მე არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები. ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში დაწყება საუბრის ამ ყველაფერზე, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციისკენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანად აფასებენ ინიციატივას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ზაალ უდუმაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება პლებისციტის ჩასატარებლად მზადაა, ის დამოუკიდებლად უნდა მოხდეს და არა, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმით:

„ჩვენი აზრით, ეს არ არის ის წინადადება, რომელიც განხილული შეიძლება იყოს ახლა ხელისუფლებასთან, რადგან ეს უფრო ჰგავს ყურადღების გადატანას მთავარი საკითხიდან, რომელსაც ჰქვია ახალი და ვადამდელი არჩევნები.

არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში პლებისციტი და თვითმმართველობის არჩევნები. თუ ხელისუფლება მზად არის, რომ პლებისციტი ჩაატაროს, ჩავატაროთ და პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი და არა ის, რომ არჩევნებს ჩვენ მივანიჭოთ კიდევ სხვა მნიშვნელობა“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა პრინციპულად არასწორია, თუმცა სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მმართველი პარტია სრულ მზადყოფნაშია:

„თემები, რომელთა ირგვლივაც შეიძლება შედგეს შეთანხმება, მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება იმ შემოთავაზებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებას ერთგვარი პლებისციტის გამოყენების სახით. ეს ინიციატივა ჩემთვის მიუღებელია, არ არის სწორი პრინციპულად და ყველა შემთხვევაში უარსაყოფია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს და ასეთი საკითხთა წრე საკმაოდ ფართოა, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება და კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, გვექნება სრული მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, შიდა კონსულტაციების უშედეგობის მიზეზად ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პოლიტიკური ძალების სხვადასხვა მისწრაფებებს მიიჩნევს.

„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც იქ არის გაერთიანებული. ერთნი არიან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არანაირი არჩევნები, უფრო მეტსაც გეტყვით, მორიგი ან განმეორებითი არჩევნებიც არ აინტერესებთ, მთავარი მიზანი არის რევოლუციური სცენარის განვითარება. მეორენი არიან, ვისაც მიაჩნიათ, რომ თავისი პოლიტიკური რესურსი უნდა გამოიყენონ და რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში, მაგრამ აქვთ გარკვეული შიში“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „გირჩიც“ და „მოქალაქეებიც“ დაინტერესებულები არიან, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვონ. ამიტომაც სხვადასხვა წინადადებებს ეძებენ, რათა სიტუაცია განიმუხტოს და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა გამოინახოს. თუმცა ძაბირაძე ამბობს, რომ რეალობა სრულიად სხვაა, რადგან ასეთ ფორმულაზე ხელისუფლება არ წავა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ გადამეტებულია მოსაზრება იმაზე, თითქოს „ოცნებას“ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა უნდა და ყველაფერზე წავა, რაც ოპოზიციის მხრიდან შეთავაზება იქნება. მისი თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ ის ინტერესი აქვს, დასავლეთს დაანახოს , რომ მოლაპარაკებაზე მიდის. მისი აზრით, მსგავსი სურვილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ამიტომაც რელურად გამოდის, რომ მოლაპარაკება ამ პატარა პარტიების გარდა არავის არ უნდა და არც სჭირდება.

„ხელისუფლებას არანაირი ვადამდელი არჩევნები ხელს არ აძლევს. ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ერთადერთი წავა იმაზე, რაც კობახიძემ უკვე გაახმოვანა - თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების ხმების 1% მაინც გააყალბა. ხელისუფლებისთვის დიდად სანერვიულოც არაა ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა. რეალობასაა მოკლებული თითქოს იმის შიშით, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. „ოცნება“ უდავოდ გამარჯვებულია და ეს დასავლეთმაც დაუდასტურა. ის ახლა თეთრ ცხენზეა ამხედრებული და მოვლენებს იქიდან უყურებს. ამიტომაც არც „გირჩის“ ფორმულაზე წამოვა და არც დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტზე. რეალურად ხელისუფლებას არანაირი პრობლემები არა აქვს გარდა იმისა, რომ ერთპარტიული პარლამენტია“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს პარლამენტში შესვლა სულაც არ აწყობს და ხელს ბოიკოტი აძლევს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ნაციოანლები ამით არაფერს კარგავენ და ისინი სრულიად მოთმინებით დაელოდებიან იმ დროს, როცა გაზაფხულზე შესაძლოა მოსახლეობის პროტესტი ვიხილოთ. ამით კი ის მთელ ოპოზიციურ ხმებს თავისკენ წაიღებს და ყველა ამ პატარა პარტიას უბრალოდ ჩაძირავს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ დღეს თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევა, 2024 წელს მას შანსი აქვს, რომ რეალური მესამე ძალა გახდეს. ამიტომ ენმ ყველანაირად ეცდება, რომ შუა ისევ გაკრიფოს. ამიტომ მას ნაციონალების გარდა არც ერთი ოპოზიციური პარტიის არ ესმის, ბოიკიტით რის მიღწევას ცდილობენ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „გირჩის“ წინადადება რაციონალურად აზრს მოკლებულია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ მათ საერთოდ არ უთქვიათ, რომელიმე სახელმწიფოში მსგავსი პრეცედენტი თუ ყოფილა. მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა განისაზღვროს თვითმართველობის არჩევნების პროცენტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა თუ არა. ან რატომ უნდა დაუწესო მოგებულ პარტიას რაღაცა ლიმიტი, რომლის ქვემოთაც მან არჩევნების წაგება უნდა აღიაროს? ანჯაფარიძე მბობს, რომ ეს წინადადება თავისთავად არარეალისტურია, რადგანაც ხელახალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„არჩევნები ჩატარდა და ის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ლეგიტიმურად აღიარებულია. მით უმეტეს არანაირი საფუძველი არ რსებობს იმის, რომ თვითმართველობის არჩევნები რაღაცა პლებისციტად გამოვიყენოთ და 2022 წელს ხელახალი არჩევნები დავნიშნოთ. ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება. მეორეც, არ ვიცით 2021 წელს როგორი პანდემიური სიტუაცია გვექნება და საერთოდ არჩევნების ჩატარება სრულფასოვნად მოხდება თუ არა. ასევე ის მექნიზმი, რაც „გირჩმა“ ხელისუფლებას შესთავაზა, ლოგიკას მოკლებულია. ცოტა არ იყოს ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან ამ იდეის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება უცნაურად გამოიყურება“,-აცხადებს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, შესაძლოა ოპოზიცია ამ წინადადებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ეს „გირჩის“ ინიციატივაა და არა მათი. მისი აზრით, არც ისაა გამორიცხული, იციან თვითმმართველობის არჩევნებს რომ წააგებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ვეღარ დანიშნავენ. ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ენმ-ს ეს წინადადება იმის გამო არ მოსწონს, რომ გაზაფხულზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო ქვეყანაში მოსახლეობის პროტესტს ელოდება და მისი სათავისოდ გამოყენება უნდა. მიზნის მიღწევას თვითმმართველობის არჩევნების გარეშე გეგმავს და ეს ფორმულა ამის გამო მას სულაც არ ხიბლავს.

Aburjga Tasmanieli ზაალ უდუმაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, ზურა ჯაფარიძე, ბოკერია, დ.ბაქრაძე, თ. ბოკუჩავა... რას ამბობენ ეს უკვე აღარ არის საინტერესო. არჩვენები დამთავრდა, პარლამენტი არჩეულია! მორჩა! მაგათ თუ შედეგები არ მოეწონათ და ახლა ქვეყანას საბოტაჟს უწყობენ?! მაშინ ჰამე ბიჭო და მოვიდა .... სტალინი, მოვიდა ლავრენტი პავლეს ძე!
3 წლის უკან