“ნაციონალებს” სინგაპური მხოლოდ, როგორც იტყვიან, სიტყვით კი არ მოსწონდათ, არამედ, ქვეყნის “სინგაპურიზაცია” რეალურად დაუწყიათ და ამას პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მოწმობს: “კვირას, დილით, გამაღვიძა ეკონომიკის მინისტრმა. ძალიან ადრე დარეკა. გამაღვიძა პირობითად, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რადგან ძალიან ადრე ვდგები. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემთან სამი მინისტრი მოვიდა და მითხრა, რომ თბილისის ზღვაზე რაღაც საშინელება პროექტი კეთდებოდა. კონტრაქტში არ წერია, მაგრამ ეს მინისტრები შეხვდნენ ჩინურ მხარეს, რომელმაც თქვა, რომ 126 ათასი ჩინელი უნდა დასახლებულიყო ამ პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე... ეს იყო საიდუმლო და ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცოდა,” _ განაცხადა ივანიშვილმა. არის თუ არა ყველა ის დიდი პროექტი გადასახედი, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებთან ერთად ანხორციელებდა, როგორ უნდა დაარეგულიროს ქვეყანამ მიგრაცია და უცხოელი ე.წ. იაფი მუშახელის საქართველოში შემოსვლა, უნდა გადაიხედოს თუ არა მიწის კანონი? _ ამ თემებზე “ქართული სიტყვა” ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
_ბატონო ვაჟა, ძველ ხელისუფლებას “სინგაპურიზაციის” გზაზე, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ნაბიჯები გადაუდგამს _ პრემიერ ივანიშვილის თქმით, თბილისის ზღვაზე, თურმე, 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმებოდა...
_ დღევანდელ მსოფლიოში კაპიტალისა და შრომითი რესურსის გადაადგილება შეუზღუდავია და ამ პროცესს, ბუნებრივია, ვერ აღვუდგებით, თუმცა, არსებობს გარკვეული მიდგომა, რომლითაც ცივილიზებული ქვეყნები ხელმძღვანელობენ. საქართველოში კი, ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი მოქმედებს და, აქედან გამომდინარე, მუშახელისა და ბედისმაძიებელთა მოძრაობა სპონტანურია და თავის ნებაზეა მიშვებული. ამას ხელს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობაც უწყობს _ საქართველო ევროპის კარიბჭესთან მდებარეობს. ამიტომ, ჩვენთან აზიის ქვეყნებიდან შემოსულები, თურქეთისა და რუსეთის მეშვეობით, ევროპაში “გაიწოვებიან”. ამ პროცესს კი, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი ზიანი მოაქვს.
_ ერთია, როცა ჩინელები თუ სხვა უცხოტომელები საქართველოში, ასე ვთქვათ, თვითდინებით ჩამოდიან, მაგრამ მეორეა, როცა ამ პროცესს ხელს სახელმწიფო უწყობს. არ მგონია, აზიიდან დაძრული ბედისმაძიებელთა მცირემიწიან საქართველოში კომპაქტურად ჩასახლება “ეროვნული საქმე” იყოს...
_ ბუნებრივია, ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიული იყოს, ისე ვერ მოიქცევა, როგორც “ნაციონალების” მთავრობა იქცეოდა _ მათ სახელმწიფო კი არა, კლანის პოლიტიკა ჰქონდათ, რომელსაც სათავეში სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ედგნენ. ამ სამეულის იდეურ მოძღვრად კი, დღემდე ბენდუქიძე რჩება. ამ ჯგუფს ეგონა, რომ აზიის ქვეყნებიდან იაფფასიან მუშახელს მოიზიდავდა. არადა, უფრო იაფფასიანი მუშახელი კახელი გლეხია, რომელიც პაკისტანელსა თუ ინდოელზე ცოტა უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვ. უარესსაც გეტყვით: აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანას ფინანსები აქვს გამოყოფილი, რომ სხვა ქვეყნებში საწარმოები დააარსოს და, შემდეგ, ამ საწარმოებში ჭარბი მუშახელის “გაწოვა” მოხდეს. ზოგიერთი ქვეყანა კი, სტუდენტებს ფულს უხდის, რომ განათლება ისეთ არცთუ სახელგანთქმულ სასწავლო ცენტრებში მიიღონ, როგორებიც საქართველოშია. ეს პროცესი უკონტროლო რომ არ იყოს, ხალხის ნებით არჩეული მთავრობაა საჭირო, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას და, მათ შორის, მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულს, ხალხთან თათბირის შემდეგ მიიღებს.
როცა ევროპაზე ვსაუბრობთ და მასთან დაახლოება გვინდა, უნდა ვნახოთ, თუ როგორ შეაჩერეს ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა, ხალხის მოთხოვნით, ევროკავშირის კონსტიტუციის მიღება. დიდი ბრიტანეთი კი, ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. თურქეთი და სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს არ უშლიან, მათი საზღვარი გადაკვეთონ და ლუკმა-პური იშოვონ. არც ჩვენ უნდა დავუშალოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ანალოგიურად მოიქცნენ, მაგრამ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს, ანუ ჩვენთვის სანიმუშო ყველა ქვეყანაში ემიგრანტების მიღებაზე ქვოტა არსებობს. მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე რომ დავიწყოთ ფიქრი, ქსენოფობებად და კაცობრიობის მტრებად მოგვიხსენიებენ, თუმცა, სახელმწიფოებრივ ინტერესს ყველა ცივილიზებული ქვეყანა აბალანსებს.
პრემიერმა ივანიშვილმა თავისი გულწრფელობით განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე 126 ათასი ჩინელი უნდა ჩამოსახლებულიყო, მაგრამ პოლიტიკოსისთვის ეს წამგებიანი განცხადებაა და ამის გამო პრობლემა შეიძლება, ისეთი დიდი ეკონომიკის ქვეყანასთან შეგვექმნას, როგორიც ჩინეთია. “სინგაპურიზაცია” მხოლოდ სიტყვა არაა და კაპიტალისა და შრომითი რესურსის უკონტროლო გადაადგილებას გულისხმობს. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, ლუკმა-პურის საშოვნელად, ქვეყნიდანაა გასული და თუ ასე გაგრძელდა, ხუთ წელიწადში საქართველოს მკვიდრი, ანუ აქ დაბადებული ადამიანები უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
რაც შეეხება თბილისის ზღვაზე ჩინელების პროექტს, არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ ყველაფერი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა მოხდეს.
_ ქართული მიწების უცხოელებზე უკონტროლო მიყიდვაც, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მგონი, დამღუპველია. ევროპის ქვეყნებში, კანონმდებლობით, როგორც ვიცი, უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალულია...
_ ახლა ჩვენ ორლესული კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც, ერთის მხრივ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, კომლსა და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, რომ მიწას ფლობდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ კანონმდებლობაში არსებობს მეორე მუხლი, რომელიც უცხოელების მიერ მიწის ფლობას ეხება და ეს მუხლი ცალსახად ამბობს, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელს აღმოაჩნდა მიწა, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ნაკვეთი საქართველოს მოქალაქეზე უნდა გაასხვისოსო. არსებობს შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქეზეა გაფორმებული, მაგრამ მისი რეალური პატრონი უცხოელია. ახალ ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ, რომ თითოეულ ასეთ სადავო ხელშეკრულებას გადახედოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ ბევრი წიაღისეული არ გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, გვაქვს ჰუმუსის არაჩვეულებრივი ფენით გაჟღენთილი უზარმაზარი რეგიონები. ჰუმუსი კი, ძალიან ძვირად ფასობს. უცხოელს შეუძლია, ჰუმუსის ფენა მოჭრას და უცხოეთში გაიტანოს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, როცა გოდერძის უღელტეხილზე გვირაბის გაჭრა დაიწყო, იქიდან, ასე ვთქვათ, აღებული მიწა, რომელსაც ოქროს ფასი აქვს, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარ ქვეყანაში გაიტანეს.
...იმას კი არ ვამბობ, რომ გამოქვაბულში შევიკეტოთ და დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილებმა ვიცხოვროთ. უბრალოდ, ჩვენი ეროვნული სივრცე უნდა დავაფიქსიროთ, “ჩვენი ბაღნარი” გავაშენოთ და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც შვეიცარიაშია, ყველას მივცემთ სასახლის აშენების, ელიტურ კურორტზე დასვენებისა თუ მიწის ყიდვის საშუალებას. თითო მილიონერი, რომელიც საქართველოში ერთ “ფაზენდას” ააშენებს, სულ ცოტა, 30 ადამიანს დაასაქმებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
_ სხვათა შორის, “ნაციონალებმა” ურბანული მიწები გააფართოვეს და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ესეც გარკვეული საფრთხის შემცველია...
_ ეს შეგნებულად გააკეთეს, რადგან თბილისთან ახლოს მდებარე, მაგალითად, კოჯორი, წავკისი და ტაბახმელა გაეყიდათ. აკი, არაბებს მიჰყიდეს კიდეც. ქვეყნის ურბანიზაცია ყოველგვარი გააზრების გარეშე დავიწყეთ... ვწუხვართ, რომ სოფლები ცარიელდება. “სინგაპურისტებმა” კი, ნახეთ, როგორი მოდელი შემოგვთავაზეს: მერე რა, თუ სოფელი დაიცლება? _ იქიდან ხალხი საზღვარგარეთ წავა და თავს შეინახავს, ჩვენ კი, ლაზიკა ავაშენოთ! იქ ნახევარი ჩინელი დავასაქმოთ და ნახევარი _ სოფლელიო. ახალი ხელისუფლება კი ამბობს, რომ იქნება მილიარდიანი პროექტი და სოფელი გაძლიერდება. ეს გადაწყვეტილება პატრიოტული და სწორია!