„დღეს „ქართული ოცნება“ მომგებიან პოზიციაშია, რა დროს დაპირისპირებზეა საუბარი?!“

„დღეს „ქართული ოცნება“ მომგებიან პოზიციაშია, რა დროს დაპირისპირებზეა საუბარი?!“

ბიძინა ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებამ და საერთოდ, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებამ, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ბევრი ვარაუდი გააჩინა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილის წასვლით მმართველი გუნდის რეიტინგი უფრო მეტად დაეცემა. პარტიაში შესაძლოა „კლანური“ დაპირისპირება და გარკვეული თანამდებობისთვის ბრძოლა დაიწყოს.

ოპოზიციური ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გარცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ქვეყნიდანაც მიდის და მისი ერთგვარი თავშესაფარი საფრანგეთი გახდება. მათივე ცნობით, პარტიაში უკვე დაიწყო „კლანური“ დაპირისპირება: „პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აპირებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერით, კახა კალაძით ჩაანაცვლოს. გახარიას ერთგვარი ჩამოშორების გეგმა კი გაზაფხულამდე აღსრულდება“.

ექსპერტთა ერთი ნაწილი მსგავს სცენარს არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანი იქნება, ამასთან ერთად, ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს. მეორე ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, რაც მმართველი გუნდისთვის დადებითი შედეგის მომტანია, „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ამასთან, საუბარია იმის შესახებაც, რომ გიორგი გახარიას ჩამოშორება ხელისუფლების რეიტინგს დაბლა დაწევს, თანაც, ეს იმის ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად აღარ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან.“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დაწყებულია ერთგვარი დაყოფა და პარტიებს შორის დაპირისპირება, მოსალოდნელი არ არის „ქართულ ოცნებაში“ დაიწყოს „კლანური“ დაპირისპირება, რადგან ეს ოპოზიციას ხელს მისცემს და უარყოფითად იმოქმედებს ხელისუფლებაზე.

ამასთან, რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდეს, რადგან ეს ერთგვარი გაქცევის შთაბეჭდილებას შექმნის.

„მეეჭვება, რომ ივანიშვილმა საცხოვრებლად აირჩიოს რაიმე სხვა ადგილი. მაშინ მართლა გაქცევის იერი ექნება ბევრ რამეს. ამიტომ საფრანგეთში გადასვლა საეჭვო ვერსიაა. მეორე მხრივ, საფრანგეთში გადავა თუ არა, ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რა მოხდება თვითონ პარტიაში. იგი ისედაც დისტანცირებულია პარტიისგან.

„ოცნებისთვის“ ნებისმიერი კატასტროფული სცენარი, ოპოზიციას ხელს აძლევს. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია გახარია „ოცნების“ რეიტინგისთვის. გახარიამ აღმასრულებელ ხელისუფლებას კარგად მოუარა და ვინც კარგად უვლის, საზოგადოების მიერ იმის შეცვლა, არ აღიქმება დადებითად. არ მგონია, რომ ეს თეორიები, შეთქმულების, დაპირისპირების და ა.შ. ამ ეტაპზე ამუშავდეს.

გავიხსენოთ, თვითონ ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირებები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ. დღეს „ქართული ოცნება“ მომგებიან პოზიციაშია, რა დროს დაპირისპირებზეა საუბარი?!“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ორ ვარიანტს განიხილავს: პირველი ვერსიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მიდის ქვეყნიდან და „მშვიდ ცხოვრებას“ ირჩევს. მეორე ვერსიის თანახმად კი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში რჩება და ფარულად ეხმარება „ქართულ ოცნებას,“ რადგან თუკი მმართველი გუნდი ძალაუფლებას დაკარგავს, „ივანიშვილს ნამდვილად არ დაედგომება საქართველოში.“

„ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილი შესაძლოა გადავიდეს საფრანგეთში საცხოვრებლად, რადგან მას სურს, რომ შედარებით უდარდელად და წყნარად იცხოვროს, შედარებით ნაკლები პრობლემა ჰქონდეს. პოლიტიკაში ყოფნის დროს მას უწევდა გარკვეულ „კლანებს“ შორის ბრძოლა. იგი შესაძლოა გადავიდეს საფრანგეთში და არ ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში.

მეორე ვარიანტის თანახმად კი, ის შეიძლება დარჩეს საქართველოში და ფარულად მაინც გაუწიოს დახმარება „ქართულ ოცნებას.“ ივანიშვილი ყველანაირად არის დაინტერესებული, რომ „ოცნებამ“ შეინარჩუნოს ძალაუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ნამდვილად არ დაედგომება საქართველოში.

თუ წავიდა, „ოცნების“ ფარგლებში ადგილი ექნება დაპირისპირებას. „ოცნების“ ფონზე, გახარია ძლიერი ფიგურაა. შესაძლებელია შიდა „კლანურ“ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. გარკვეულწილად, გახარიას წასვლა „ოცნების“ რეიტინგს დაწევს, მაგრამ ისედაც შეიძლება დაეცეს ივანიშვილის წასვლის გამო.

„ქართული ოცნება“ მაინც ივანიშვილთან ასოცირდებოდა და 2012 წელს სწორედ ივანიშვილის ფაქტორის გამო მისცა ხმა ხალხმა, ასევე იყო 2016 წელსაც. „ოცნების“ რეიტინგი დაეცემა ივანიშვილის წასვლის გამო. გახარია, მათ შორის ვინც „ოცნებაშია,“ გაცილებით ძლიერ ფიგურად მიიჩნევა, უფრო სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად, ვიდრე ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი მიდის როგორც პარტიიდან, ასევე პოლიტიკიდანაც.

ივანიშვილი პოლიტიკიდან პირველად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. მაშინ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, თანამდებობის დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო საზოგადოებაში გადაინაცვლებდა და მის გაძლირებაზე იზრუნებდა.

ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ 2018 წლის აპრილში განაცხადა. თავმჯდომარედ ის 11 მაისს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს. მას შემდეგ ივანიშვილი ამ თანამდებობას იკავებდა.

16 იანვარს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.