აკადემიკოსი, პროფესორი, თურქოლოგი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება ნაცმოძრაობის დამარცხებას არ ნიშნავს და ქართველ ხალხს სიფხიზლისკენ მოუწოდებს:
- დღეს საქართველოში ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ბანდიტები არ ელოდნენ არჩევნებში დამარცხებას - დარწმუნებული იყვნენ, რომ 30-40 წლით შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებას... მათ, როგორც კი მოირგეს სკამები, მაშინვე დახვეწეს არჩევნების გაყალბების ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიის მეცნიერები არიან ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი, რომლებიც დღესაც ამშვენებენ ჩვენს "მშვენიერ" ქუთაისურ პარლამენტს. დღეს სააკაშვილი გაკადნიერებულია იმით, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ამერიკა, მხარს უჭერს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ამერიკის პოზიცია იმთავითვე იყო ცნობილი. ამერიკა გვარწმუნებდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის ამომავალი ვარსკვლავი იყო, არადა, მივიღეთ პირწავარდნილი ტირანი. დღეს ამერიკას თავისი ამაგი ენანება, რადგან მათ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას დიდი შრომა და ფული დაახარჯეს და ამიტომაც იცავენ. ამერიკელები მოინელებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას, თუ მის ნაცვლად სააკაშვილი II დარჩებოდა, რომელიც ამერიკის ძირითად ინტერესებს გაატარებდა.
- ვინ ესახებოდათ ამერიკელებს სააკაშვილის შემცვლელად?
- ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი - არა. თუმცა საქართველოში არსებობს ორი პროამერიკული, კოსმოპოლიტური პარტია - რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები". მაგრამ ორივე პარტია ნაკლებად პოპულარულია საქართველოში და ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი თავიანთი ძალისხმევით ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. ეს ხალხი ივანიშვილმა დასვა საკანონმდებლო ორგანოში...
ნაციონალების ერთიანობა დამყარებულია შიშსა და ძალადობაზე, რადგან ყველა მათგანი დამნაშავეა და ამიტომაც იცავენ ერთმანეთს გააფთრებულნი. რეალურად კი ამას მხოლოდ თავის გადარჩენისთვის აკეთებენ. სააკაშვილმა მოახერხა და თავისი გუნდის ყველა წევრს ჩაადენინა დანაშაული, ამით მათი ერთობა გაამყარა. ნაციონალებს ორი გზა აქვთ: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა. ძალიან მაღიზიანებს ზნეობრივ გაკვეთილებს რომ გვიკითხავენ ის ადამიანები, რომლებიც ყელამდე სისხლში იხრჩობიან და ყველაფრის მკადრებლები არიან. ნაცმოძრაობამ გაანადგურა ქართული ცნობიერება, მეცნიერება, კულტურა, განათლება, გააუპატიურა ქართული ენა, რომელიც, მუხრანს თუ დავესესხები, დღეს ორღობის ენადაც აღარ ვარგა. ჩვენი ფრიად "ბრძენი" სააკაშვილი ევროსაბჭოს "აცვიფრებს" თავისი ინგლისურისა და ფრანგულის ცოდნით. ეს არის მისი უმაღლესი პროვინციალიზმი. ის კი არ იცის, რომ თავისი საყველპურო ინგლისურით ვერავის გააკვირვებს. სააკაშვილმა როგორც ქართული ენა იცის, ისევე იცის ინგლისური და ფრანგული.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მის ახლანდელ წევრებს გულს ივანიშვილის ფული უთბობდათ და ასე მოხდა ამ კოალიციის ჩამოყალიბება. ზოგმა ფულს გამოჰკრა ხელი, ზოგმაც - სახელს. ზოგიერთს კი, კარგად ჩაცმულ-დახურული რომ დაიჯგიმებიან პარლამენტში, კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ არ არიან პრინციპისთვის მებრძოლები, მათგან ღალატიც ხშირად მინახავს და ბრძოლის ველიდან გაქცევაც. ყველაზე არ ვამბობ, კოალიციაში წესიერი და პრინციპული ადამიანებიც არიან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ქართული ოცნების" წევრთა უმრავლესობა უმადურია. იმას კი არ ფიქრობენ, რომ პარლამენტში ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ, არამედ იმას, როგორ გაძლიერდნენ და უახლოეს არჩევნებზე თავიანთი ხალხი
გაიყვანონ. გარდა ამისა, ახალ მთავრობას შევამჩნიე, რომ ნაცების მსგავსად, ხალხსა და თავიანთ შორის კედელს აშენებს. არჩევნებამდე ყველა მათგანი ნებისმიერ დროს პასუხობდა სატელეფონო ზარს, დღეს კი მინისტრები კი არა, პარლამენტარებიც აღარ კადრულობენ ყურმილის აღებას. ერთადერთი, ვინც მიპასუხა, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე იყო.
- ნაცმოძრაობის გენმდივანმა განაცხადა, რომ ამ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დაელოდებიან...
- დღეს ისე თავმომწონედ გველაპარაკება მერაბიშვილი, თითქოს ქართული პოლიტიკის შემქმნელი იყოს ეს უწიგნური... მე გამოვაქვეყნე მერაბიშვილის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც ხუთ სიტყვაში ხუთი შეცდომა აქვს დაშვებული. აი, ეს კაცი გამოდის და მარიგებს ჭკუას, და თურმე 4 წელს ვერ დაელოდება ამ ხელისუფლებას. არადა, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან... რატომ არ არის გახსნილი გურამ შარაძის, აფრასიძეების, ჟვანიას, ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობები? ვის ან რას ერიდებიან კბილაშვილი და სხვები?! დემოკრატობანას თამაშობენ? სხვათა შორის, დიდ პატივს მივაგებ მარგალიტივით პატარა, სამართლიან და პრინციპულ თეა წულუკიანს.
- დაკითხვაზე დაბარებული ნაცმოძრაობის წევრები იქით იბარებენ გამომძიებლებს...
- რატომ ეახლნენ უგულავას მერიაში, არ იციან, რომ უგულავა დამნაშავეა? გარწმუნებთ, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ავსებულია და ნახავთ, ძალიან მალე თვითონ დაერევიან ცოცხებით უგულავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბოკერიას, ბარამიძეს... ბარამიძეს ცოდვად აფრასიძეების ოჯახის გაჟლეტაც ეყოფა. პასუხი ამ ყველაფრის შემოქმედმა, სააკაშვილმაც უნდა აგოს.
ახლახან შევქმენით სამოქალაქო მოძრაობა "ლაზარე". ის, პირველ რიგში, დაუპირისპირდება ნაცების მიერ ხელოვნურად შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკიდან ფინანსდება. სწორედ ამ არასამთავრობოებით სურთ ხელისუფლების დასუსტება, რაც მასონური გეგმაა. თუმცა საკმარისია, ჟვანიას ან შარაძის მკვლელობა გაიხსნას, რომ ნაციონალებს ამერიკა და მოსყიდული კონგრესმენები ვეღარ უშველით.
- რამდენიმე ხნის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადეთ, რომ არსებობს ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ მიაქვს ჟვანიას ცხედარი ნაცმოძრაობის რამდენიმე წევრს. ვის აქვს ეს ფოტოები და ამდენ ხანს რატომ არ აქვეყნებს?
- იმიტომ, რომ ვინც ამ საქმის კურსში იყო, ყველა მოკლეს. მეც ვკითხე იმ პიროვნებას, ახლა რაღას ელოდები-მეთქი და მიპასუხა, ნაცები ახლა უფრო საშიშნი არიანო. მაგრამ მალე გამოქვეყნდება ეს ფოტომასალა.
ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილმა ვერ მოახერხოს პარლამენტის დათხოვნა. მისი სურვილია, რამდენჯერმე დაითხოვოს პარლამენტი და მერე თვითონ დანიშნოს, ჩამოიყვანოს ვირთხები - ადეიშვილი და შაშკინი და მერე ნახავთ, რაც მოხდება. გამოვა ხალხი და დაიწყება სისხლისღვრა. სწორედ ეს აძლევს ხელს სააკაშვილს, საერთაშორისო დევნილის სტატუსი რომ ჰქონდეს.
- სააკაშვილმა განაცხადა, ბებიაჩემი ამნისტიის წინააღმდეგი იყოო.
- სააკაშვილის ბებია ვისი და რისი წინააღმდეგია, ეს არავის აინტერესებს! მე და სააკაშვილის ბებია მზია ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ და ვიცი, რომ ბებია და შვილიშვილი საზღვარგარეთ ერთად იჭიმავენ სახის კანს. მიშას გამო თითქმის ყველა ნათესავი გადამეკიდა. ასეთი პრინციპული ვარ, სამაგიეროდ, სულიერად ვარ კარგად!