უკრაინელები ფიქრობენ, რომ რაც ”ხ”-ზე იწყება, ყველაფერი ”хорошое” არაა

უკრაინელები ფიქრობენ, რომ რაც ”ხ”-ზე იწყება, ყველაფერი ”хорошое” არაა

[რუსიკო მუმლაძე; თბილისი-კიევი-თბილისი]

როცა ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, “რია-ნოვოსტის” თბილისის ბიუროდან ინფორმაცია მოვიდა, რომ დსთ-ს, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ჟურნალისტების შეხვედრა იმართებოდა უკრაინაში, ცოტა შევყოყმანდი, არ ვიცოდი, წავსულიყავი, თუ არა. შემდეგ დაანონსეს, რომ ფორუმის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი შეხვდებოდა და გაესაუბრებოდა... გადაწყდა, რომ წავიდოდი... ცოდვა გამხელილი სჯობსო - გულში გამიელვა, ვინ იცის, იქნებ, ერთი-ორი ექსკლუზიური კითხვაც “დავუსვა-მეთქი” იანუკოვიჩს... 

თუმცა, კიევში ჩასულ 300-მდე დელეგატთან შეხვედრაზე მისვლა პრეზიდენტმა “ვერ მოახერხა”... საერთოდ კი, ფორუმზე უკრაინის ხელისუფლება მინისტრების მოადგილეების დონეზე იყო წარმოდგენილი. იანუკოვიჩის მოუცლელობამ ძალიან გაანაწყენა “რია-ნოვოსტის” მთავარი რედაქტორი სვეტლანა მირონიუკი და ეს განაწყენება მას სახეზეც დაეტყო...

წყენა მას მაშინაც ეტყობოდა, როცა ყველასთვის მოულოდნელად, ფორუმზე ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა გამოჩნდა... მე კი, ასევე სხვებთან ერთად “იმედგაცრუებულს”, ფორუმის ბოლოს, “ხელში შემრჩა” უკრაინის ექსპრეზიდენტის ექსკლუზიური ბლიც-ინტერვიუ... 

ქართული რეფორმები და გაჭირვება უკრაინულად

თბილისის ახალი აეროპორტში საგულდაგულო შემოწმების, ფეხსაცმელების გახდა-ჩაცმისა და ორსაათნახევარიანი ფრენის შემდეგ კიევის ისევ ძველ, საბჭოურ აეროპორტში ამოვყავი თავი... ქართული დელეგაციის პირველი საერთო შენიშვნაც ეს იყო: “თბილისის აეროპორტი სჯობს, ყოველი ქარის დაბერვის შემდეგ, სახურავი რომ არ იყოს ისევ გადასახურიო”... 

ვისაც საბჭოთა კავშირი გვახსოვდა, აეროპორტიდან დედაქალაქისკენ მიმავალმა გზამაც ვერ გაფანტა ძველი მოგონებები: ეს გზაც ძველი იყო, საბჭოური ასფალტით დაფარული და ოღროჩოღრო... მძღოლმა თავიდანვე გაგვაფრთხილა: “დაიწყება ქალაქი და მერე ნახეთ თქვენ ცუდი გზა, თუ საცობები. ქალაქის ცენტრამდე მისვლას ერთი საათი მაინც უნდა, ამ საცობების გამო”. 

დაიწყო “ახალი კიევი”, რომელიც საბჭოთა პერიოდში, პატარ-პატარა ტბების ამოშრობის შემდეგ გაშენდა. დედაქალაქის ეს ნაწილი ძალიან ჰგავდა თბილისის ერთ-ერთ უბანს - ვარკეთილს... არაფერი იყო ახალი ახალ კიევში, გარდა რამდენიმე ახალი კარკასისა, რომლის მშენებლობაც პოსტსაბჭოთა უკრაინაში დაიწყო და დღემდე გრძელდება... თუმცა, მძღოლმა სიამაყით გვაჩვენა იაპონურ სტილში აშენებული მრავალსართულიანი შენობა, რომელიც მართლა ძალიან ლამაზი იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმ მასშტაბის მშენებლობები, რაც თბილისშია, კიევში არ არის... სხვათაშორის, კიევისგან განსხვავებით, თბილისში ბევრად უფრო მეტია ახალი, მაღალი კლასის სასტუმროებიც... 

უკრაინის დედაქალაქში ჩასულს, ბუნებრივია, ყველაზე მეტად რიგით მოქალაქეებთან გასაუბრება მაინტერესებდა, რათა უკრაინა უკრაინელების თვალით დამენახა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე... აეროპორტშივე გამიმართლა... მძღოლმა ექსკურსიამძღოლობაც ითავა და უკრაინის სოციალურ პრობლემებზეც ღიად ისაუბრა:

“უმუშევრობა ძალიან მაღალია... ხალხს ახალ კიევში აქვს ბინები, ამას აქირავებენ ჩამოსულებზე და იმით ცხოვრობენ... საშუალო ხელფასი 150 დოლარიდან 250-დოლარამდეა, მაგრამ ცხოვრება ძალიან ძვირია. კი, მაგაში გაგვიმართლა, წარმოება არის, მაგრამ ძვირია ყველაფერი. ხედავთ გზებიც როგორია? საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ გაკეთებულა”... 

თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში და ქართულ რეფორმებს სწავლობენ...

-ღმერთმა ქნას, რამე ისწვლონ”, - აღმოხდა ჩვენს მძღოლს... 

ქართული დელეგაციის რამდენიმე წევრმა გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს... უკრაინაში ქართულ რეფორმებს რიგითი მოქალაქეებიც კი  ნატრობენ, მაშინ როცა საქართველოში შეღებილ ფასადებს, ახალ-ახალ მშენებლობებს, კონცერტებსა თუ ყოველ წელს დაგებულ-აყრილი ასფალტს ხალხის თვალში ფასი აღარ აქვს... ამ ყველაფერს ხომ ქართული ოჯახებისთვის არც ეკონომიკური სიძლიერე მოუტანია, არც სასამართლოს სამართალი უგრძვნია ხალხს და არც განათლების სისტემის ტრანსფორმაციით მიუღია შედეგი. აღარაფერს ვამბობ გაძვირებულ წამლებსა და თითქმის, ჩამონგრეულ ჯანდაცვის სისტემაზე. 

თუმცა, როგორც ჩანს, “ფასადი” მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და კიევშიც ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ უკრაინელებს ჯერ წინ აქვთ შეღებილ ფასადებს მიღმა მიმალული იმედგაცრუება... არადა, ზუსტად - ჩვენს კიევში გამგზავრებამდე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინული დელეგაცია და ქართულ რეფორმებს აცნობდა მას “ვარდების ხელისუფლება”.

ჩვენი კიევში ყოფნის დროს კი, იანუკოვიჩმა ყველაზე ხმაურიანი მთავრობის სხდომა გამართა, რის გამოც ფორუმზე არ მოვიდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე აზაროვი.. ხმებიც გავრცელდა, რომ ამ სხდომაზე შესაძლოა, ის თანამდებობასაც კი დამშვიდობოსო, თუმცა - აზაროვი გადარჩა. 

სამაგიეროდ, აზაროვი იყო მეორე უკრაინელი მაღარლჩინოსანი, რომელიც მედვედევ-პუტინის “ხელდასმულ” ფორუმზე არ მოვიდა... არსებული ინორმაციით, რუსული მხარე იანუკოვიჩი-აზაროვის ამ ქმედებას უარყოფით შეფასებას აუცილებლად მისცეს და სხვათაშორის – არც თუ ისე “რბილს” და “უშედეგოს”. 

იანუკოვიჩი მოვიდა და აღარ წავა

ხუთშაბათს, 9 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი -იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მტკივნეული იქნება ბევრისთვის, მაგრამ სხვა გზა უკრაინას არ აქვსო. პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად უკრაინის პრეზიდენტმაც სამინისტროების შემცირებით დაიწყო რეფორმები... ვისთვის როგორ, მაგრამ ქართველებისთვის ეს გზა კარგად ნაცნობია... გზა, რომელიც მასებისთვის იმდეგაცრუებამდე მიდის და რომელიც ერთი პირის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება... ამაზე სხვათაშორის, უკრაინაში ხალხი უკვე ხმამაღლა საუბრობს. 

“იუშენკო რბილი პრეზიდენტი იყო, იანუკოვიჩი – “მუჟიკია”... მაგრამ “მუჟიკი” საშიშია, ყელში თუ წაგიჭირა ხელი... ისე, მაშინ იუშჩენკოს ხალხი გაყვა იმიტომ, რომ მის გვერდით იულია იდგა.. შემდეგ არჩევნებზე უკვე მათ შორის გაიყო ხმები და ამიტომაც გაიმარჯვა იანუკოვიჩმა. 

როცა პრეზიდენტი თავის რეზიდენციიდან გამოდის. გზები, თითქმის, ერთი საათით იკეტება. კიევის მოძრაობას ეს უნდა კიდევ? ისედაც სულ საცობებია. 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს... იუშენკოს დროს ასე არ იყო, გზები არ იკეტებოდა. ხშირად, თავადვე იჯდა ხოლმე საჭესთან, როცა პრეზიდენტი იყო. მე თვითონ მყავს ნანახი, როგორ მართავდა ის თავის ავტომანქანას... 

კორუფცია ისევ ისეა... აი, უმუშევრობამ კი მოიმატა. ნარინჯისფერი რევოლუციის დროსაც არ იყო ამდენი უმუშევარი. იანუკოვიჩი მზეზუმსირის გამყიდველებსაც კი აკონტროლებს უკვე, არათუ ბიზნესებს...”, - ალბათ, ხვდებით, რომ პრესა.გე-ს დაუღლელი მოსაუბრე კიეველი ტაქსის მძღოლია... 

იანუკოვიჩს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა უკრაინელებისგან... ახლა რას ამბობს ეს ხალხი, თუ უმუშევრობამ მოიმატა?

ტაქსის მძღოლი დიმა: - “რა უნდა თქვან... ამრეზილები არიან... ჯერ არაფერს ამბობენ... ელოდებიან, უნდოდათ ეს პრეზიდენტი და ჰყავთ. ისე, ჩვენთან ამბობენ, რომ ეს კაცი მოვიდა პრეზიდენტად და მოვიდა მთელი ცხოვრება. არასდროს წავა... სააკაშვილიც ეგრეა? იცით, ჩვენთან კიდევ რას ამბობენ - რაც ასო-ბგერა “ხ”-ზე იწყება, ყველაფერი კარგი კი არ არისო... (იგულისხმება სიტყვა “კარგის” რუსული თარგმანი-პ.გ)”... 

არადა, იმ ფონზე, როცა უკრაინის სახელისუფლებო დაწესებულებებშიც კი საბჭოთა კავშირის დროინდელი რკინის ე.წ. “ატაპლენიები” აყენია, თბილისში კი, თითქმის ყველაგან ცენტრალური გათბობაა გაყვანილი, უკრაინელებისთვის, ბუნებრივია, “ვარდების მთავრობის” შექმნილი გარეგნული ფუფუნება მიმზიდველია... მართალია, ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა დიდი ხანია ჯართშია ჩაბარებული, მაგრამ ნავთის ქურებიდან თანამედროვე გათბობის სისტემებამდე ხომ მაინც მივედით? 

ტაქსის მძღოლი საშა: “ჩვენთან ყველაგან ეგ “ატაპლენიები” აყენია. რემონტიც საბჭოთა კავშირის დროინდელია. ვის აქვს ფული რომ გამოცვალოს?”. ამას მე და ჩემს კოლეგებს სხვა, უკრაინელი ენაწყლიანი ტაქსის მძღოლი გვიყვებოდა და ალბათ, საბჭოთა მოგონებებისგან სული შემეხუთებოდა, უცებ კიევის სოფიის ტაძარი რომ არ გამოჩენილიყო, მთელი თავისი ბრწყინვალებით და მძღოლიც კიდევ ერთი ისტორიის მოყოლაზე არ გადასულიყო... თუმცა, ვერც ამ ისტორიით ავცდი რუსეთს... 

კიევის სოფიის ტაძრის წინ უკრაინის ეროვნული გმირის, ბოგდან ხმელინცკის ძეგლი დგას. ხმელინცკის ხელში ხის, “შიპებიანი” კვერთხი (ე.წ ბულავა) უჭირავს. ასეთი კვერთხი უკრაინელ სამხედრო ჩინოსნებს, ჰეტმანებს ჰქონდათ და ჯარისკაცებს კვერთხით ანიშნებდნენ - საით გადაადგილებულიყვნენ, ანუ მიმართულებას აჩვენებდნენ. 

ტაქსის მძღოლი საშა: “ბოგდან ხმელინცკის ეს “ბულავა” რუსეთის მიმართულებით აქვს მიშვერილი. 

რას ნიშნავს ეს? (მე გამეცინა ამ კითხვის დასმის დროს და მძღოლმაც ღიმილით მიპასუხა-.)

-იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენთვის ყოველთვის აქტუალური იყო... ხან მათთან ვიყავით, ხან წინააღმდეგ. პრობლემებიც იქიდან მოდიოდა და იქითკენ მიდიოდა... სულ რუსეთთან გვარდებოდა ურთიერთობები”... 

ცოტა ხანი ტაქსში სიჩუმე ჩამოვარდა... ყველა ჩაფიქრდა... მე იმ წუთას, მედვედევ-იანუკოვიჩის ხელმოწერილი დოკუმენტი, სევასტოპოლი, და ფორუმზე ექსპრეზიდენტ კუჩმას მიერ “დუელში გამოწვეული” რუსი ჟურნალისტი გამახსენდა... 

კუჩმა, სააკაშვილი და რუსეთი

“რიანოვოსტის” ფორუმზე კუჩმამ განაცხადა: “რევოლუცია რომ მოხდა უკრაინაში, 5 წელი ყოველდღე წნევას ვისინჯავდი, ახლა კვირაში ერთხელ ვიზომავ, უბრალოდ, ჯანმრთელობას ვაკონტროლებ”... შემდეგ ექპრეზიდენტმა პატარა შოუც “მოაწყო” და საკმაოდ მოხერხებულად გადაუჭირა სახრე რუსულ მედიას, თანაც ისე, რომ უკრაინული ინტერესები იქვე, ყველას თვალწინ, შესანიშნავად გაატარა... კუჩმას ხმელინცკთან არ ვადარებ, მაგრამ ექსპრეზიდენტმა “ბულავა” გაიქნია. 

მან რუსული ტელეარხის –“TVC”-ს პროგრამების ავტორს, ლეონიდ მლეჩინს დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა: “ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას... ყველამ იცის ეს ამბავი... თქვენ, რუსი ჟურნალისტები, რატომ არ კითხულებთ, თუ რატომ არ ასრულებს რუსეთი დადებულ პირობას?”. მლეჩინი გაწითლდა, თუმცა პასუხი გულახდილი გამოუვიდა: “რასაც არ გვეუბნებიან, არ ვკითხულობთ”... 

ფორუმზე არ მოვიდა პრეზიდენტი, მაგრამ მოვიდა ექსპრეზიდენტი და ალბათ, თქვა კიდეც პრეზიდენტის სათქმელი - ძალიან მოხერხებულად. 

ხალხში რა ინფორმაციაა გავრცელებული, ექსპრეზიდენტ კუჩმასთან რა ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ იანუკოვიჩს?

ტაქსის მძღოლი დიმა: ”კუჩმა და იანუკოვიჩი ერთი კამანდაა...”.

როცა კუჩმა ფორუმიდან გამოდიოდა, ექსპრეზიდენტისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოვახერხე. 

ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, რა ურთიერთობაა საქართველოსა და უკრაინას შორის დღეს? ადრე ეს ურთიერთობები ძალიან თბილი იყო, ახლა კი - ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც არ მომხდარა ჯერ

უკრაინის ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა: - “ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია... ჩემი აზრით, აბსოლუტურად პრაგმატული ხედვები არსებობს ჩვენს ხელისუფლებაში, მათ შორის - პრეზიდენტის მხრიდანაც... მე ძალიან მომწონს უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია -საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიციაც ასეთი იყო, როცა პრეზიდენტი ვიყავი. ეს პოზიცია რჩება დღემდე. სხვანაირად, ჩემი აზრით, არც შეიძლება იყოს... 

ასე რომ, დღეს უკვე ურთიერთშეხების წერტილები უფრო ეკონომიკაში უნდა ვეძებოთ. იქნება ეკონომიკური ურთიერთობები, იქნება ყველაფერი დანარჩენი... ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე დგას... 

როგორ ფიქრობთ უკრაინაში, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარმა ინციდენტმა ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით, რაიმე გავლენა იქონია ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

- არა, საერთოდ არაფერი. (აქ კუჩმამ გაიღიმა, თანაც მრავალმნიშვნელოვნად) 

რა როლი შეუძლია, შეასრულოს უკრაინამ საქართველო-რუსეთის  დაახლოების პროცესში?

-რა თქმა უნდა, ეს როლი არსებობს და უკრაინას შეუძლია, ის შეასრულოს, მაგრამ პირველ რიგში, ყველაფერი რუსეთის სურვილზეა დამოკიდებული. ამ ნაწილში რუსეთმა უნდა მოძებნოს პარტნიორი ქვეყანა... 

მე დარწმუნებული ვარ, რუსეთი უფრო მეტად არის დაინტერესებული ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან, რადგან კავკასია არის კავკასიაა. ყველა დაინტერესებულია, რომ კავკასია იყოს სტაბილური. რუსეთს თავისი პრობლემები აქვს იქ. 

მაგრამ პირადად პრეზიდენტი სააკაშვილია პრობლემა რუსეთის ხელისუფლებისთვის, მათივე თქმით..

-დიახ, სააკაშვილი არის პრობლემა რუსეთისთვის, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი უკვე სულ სხვა ტონით საუბრობს. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირში სიტყვით გამოვიდა... მიხეილი, ჰქვია არა? 

დიახ...

-ყველამ იცით, რა თქვა მან ევროკავშირის ტრიბუნიდან... 

თუმცა, რუსეთიდან არ ყოფილა ოფიციალური პასუხი სააკაშვილის წინადადებაზე...

-პასუხი იქნება მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლება დარწმუნდება, რომ სააკაშვილის სურვილი ნამდვილია და არა – მოჩვენებითი. 

რა არის რევოლუცია უკრაინის ექსპრეზიდენტისთვის?

-მე არ ვცნობ რევოლუციას, მე ვცნობ ევოლუციას... რევოლუციას ყოველთვის მოაქვს ნგრევა...”. 

ექსპრეზიდენტს, როგორც ჩანს, მართლაც აღარ აწუხებს წნევა და იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა მისი, ნარინჯისფერი რევოლუციით “შერყეული” ჯანმრთელობის მდგომარება... რატომ? ამიტომ: საკონფერენციო დარბაზი კიევის ყველაზე საუკეთესო სასტუმროში - “ინტერკონტინენტალში”, B1 სართულზე, ანუ მიწისქვეშაა... სასტუმროს პირველ სართულზე ასასვლელად 50-მდე კიბის ავლაა საჭირო. კუჩმას ამ კიბეების ავლა (სწრაფი ტემპით) და თან საუბარი არც კი გასჭირვებია, მე კი – “გული ამომვარდა”...  

კიდევ ერთი: გზადაგზა კუჩმა სტუდენტებსაც გაესაუბრა, მეც მიპასუხა, უკრაინულ არასამთავრობოების წარმომადგენლებსაც მისცა რჩევები და მაინც არ დაიღალა... აი, ასეთი “გაჭირვებით” შედგა ერთადერთი ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ექსპრეზიდენტთან და ასე გახდა ლეონიდ კუჩმა ჩემი პირველი ექსპრეზიდენტი რესპონდენტი... 

კიევურ შთაბეჭდილებებს კიდევ ერთ სტატიაში გაგიზიარებთ. ბევრ სხვა სინტერესო ისტორიასთან ერთად შეიტყობთ, როგორ დატოვა კუჩმას გვერდით მჯდარმა რუსმა მაღალჩინოსანმა ქართველი მომხსენებლის, ბონდო მძინარიშვილის ტრიბუნასთან მისვლისთანავე დარბაზი, რატომ ედავა ქართველ გამომსვლელს ცნობილი რუსი ჟურნალისტი სვეტლანა საროკინა, როგორ აღმოაჩინა “მოლდოვური საფერავი” კიდევ ერთმა ქართველმა დელეგატმა, გოჩა გვარამიამ... 

დამთავრდა ფორუმი... კიევიდან აეროპორტამდე ისევ ის, საცობებითა და ოღროჩოღრო საფარით დაფარული გზა გამოვიარეთ.. აეროპორტში არავის მოუთხოვია ფეხსაცმელების გახდა და არც თანამედროვე აპარატურით შევუმოწმებივართ... ეს აპარატურაც საბჭოურია იქ. ჩავსხედით თვითმფრინავში, ვიმგზავრეთ მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად, რომელიც ალბათ, უკრაინული მთავრობის სხდომის ამბებს ჩამოიტანდა საქართველოში, მერე პილოტს ტაშიც დავუკარით - ჩვენი თბილისში მშვიდობიანად ჩამოყვანისთვის და შემდეგ თბილისურ ტაქსშიც ჩავჯექი, თან მეუღლეს კიევურ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდი... 

ბედი არ გინდა, ახლა ქართველი ტაქსის მძღოლი მომიტრიალდა და მითხრა: “მართალია... იმ დღეს უცხოელი ჩამიჯდა და მეუბნება, რას ერჩით ამ მიშას, ხედავთ, როგორი განათებულია ეს ქალაქი, რამდენი ახალი შენობაა... მეტი რაღა გააკეთოსო. მე ვუთხარი, წამოდი ახლა, ჩემი ცარიელი მაცივარი უნდა გირტყა თავში-თქო. არა... ვერ გაიგო, მაგათ ეს მოსწონთ და მიშამაც იცის, რას აკეთებს. რაში აინტერსებს უცხოელს ჩემი ცარიელი მაცივარი”... 

“ფასადი” – თბილისში ისევ აქტუალურ თემად რჩება და ვინ იცის, იგივე თემის გააქტიურება ელით, თუ არა წინ უკრაინელებს, ვნახოთ...