"ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას აქვს დადებითი მომენტებიც და შეიცავს ასევე გარკვეულ გამოწვევებს და რისკებსაც. მთავარი ის არის, რომ დიპლომატიური და პოლიტიკური ნება ერთად უნდა გაერთიანდეს, რათა ის დადებითი, რაც საქართველოსთვის არის ამ მომენტში, იქნეს გამოყენებული და რისკები კი მინიმუმამდე დავიდეს. ის, რომ რკინიგზა ერთი სიტყვით შევაფასოთ, როგორც დადებითი ან უარყოფითი მომენტი, არ იქნება მართებული. რკინიგზის გახსნაში დაინტერესებულია საქართველოც, უფრო მეტად - სომხეთი და რუსეთი. ახლახან მოვისმინე დილეტანტური განცხადებები, რომ დიპლომატია ვაჭრობის საგანი არ არის, მაგრამ დიპლომატია, ძველიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ვაჭრობის საგანი და ახლაც ასეა. ორმხრივი კომპრომისებია, ეს საკითხი სიახლით არ გამოირჩევა. რას სთავაზობს საქართველოს რუსეთი რკინიგზის სანაცვლოდ, არ ვიცი. ეს კონფიდენციალური საკითხია. რკინიგზის გახსნა არ არის ისეთი საკითხი, დღეს რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ხვალვე დაიწყება მისი განხორციელება", - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა სარგებელს მოგვიტანს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა".
"რუსეთისა და სომხეთის პოლიტიკური დაინტერესება იმდენად დიდია, რომ დროში დიდად არ გაიწელება. ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო იოლი იქნებოდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება, თუ გვეცოდინებოდა, რას მიიღებს ამის სანაცვლოდ საქართველო. როგორც კი გაიხსნება რკინიგზა, რუსეთი და სომხეთი იმავე დღიდან მიიღებენ დივიდენდებს, თუ არის დაპირება, რომ საქართველო დაუახლოვდება აფხაზეთს და ეს ათეული წლით გაიწელება, არ მიმაჩნია დივიდენდად. ზუსტად იმავე დღიდან უნდა დაიწყოს საქართველომაც დივიდენდების მიღება, რა დღესაც ამას მიიღებენ რუსეთი და სომხეთი. ეს უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობის ქუჩა. იქ უამრავი ტექნიკური საკითხია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"საგარეო პოლიტიკაში ბევრი ხორკლიანი კითხვის დასმა შემიძლია ძველი ხელისუფლებისთვის. რკინიგზის საკითხით საქართველოს შეეძლო, მნიშვნელოვანი დივიდენდები მიეღო საგარეო პოლიტიკაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯების, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების, რეგიონში ახალი რეალიების დამკვიდრების თვალსაზრისით, მაგრამ ეს ხელიდან იქნა გაშვებული. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება იოლად წამოეგო რუსულ პროვოკაციას, როგორც ქაშაყი ანკესს, როცა რუსეთთან გზები საერთოდ გაიყინა, მაშინ უკვე ეს საკითხი დაკონსერვდა, მაგრამ მახსოვს, ერთ-ერთ სამიტზე სააკაშვილმა კვიმატი კითხვები დაუსვა პუტინს, როცა რუსეთმა დაიწყო რუსეთ-აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენა. პუტინი დაიბნა და უთხრა, ამას კერძო ფირმები აკეთებენო. სააკაშვილი არ მოეშვა, რომელი კერძო ფირმები, აგერ, ტრანსპორტის მინისტრი ჩადის და ის ხელმძღვანელობს ამ პროცესსო. მერე დიპლომატია ჩაკვდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ახლა პრემიერი მიდის თურქეთში. ერთ-ერთი რთული თემა რკინიგზა იქნება. იქ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს რკინიგზასთან დაკავშირებით უხილავად ბაქოც იქნება წარმოდგენილი. ივანიშვილს მოუწევს პასუხის გაცემა თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის კითხვებზე. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში შესულია, როგორც გადასაჭრელი პრობლემა. აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განხორციელდება ეს პროექტი. შეიძლება, ისე განხორციელდეს, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე გამოთქმისა არ იყოს, შორეულ პერსპექტივაში წამგებიანადაც. აქ ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკე მხარეთა რესურსებსა და მათ შინაგან ინტელექტუალურ პროფესიულ პოტენციალზე, რა დგას მოლაპარაკე მხარეთა ზურგსუკან. ძლიერი დიპლომატი სუსტს წყაროზე წაიყვანს და წყალს არ დაალევინებს", - დასძენს სოსო ცინცაძე.