შოუ, რომელსაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი აკლდა

შოუ, რომელსაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი აკლდა

. . . ცოცხები, კვერცხები და გასული წლების განმავლობაში დარბეული აქციების ამსახველი ფოტომასალა - ეს ის მთავარი სიმბოლოებია, რომლებითაც ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან გამართული საპროტეტო აქციის ფონი შეიქმნა. 

დიდი გულის მოფხანვა, ბედის ირონია, უმცირესობაში მყოფი პოლიტკოსების ჩაგვრა, ჯანსაღი პროტესტი, თუ პოლიტიკური რეიტინგის გამყარებისთვის მსხვერპლად გაღებული დაჟეჟილობები. თქვენთვის მისაღები შეფასების მორგების საშუალებას ის ფაქტები მოგცემთ, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით. მანმადე კი ისევ ქართული საპროტესტო "კულტურის" განვითარების ისტორიას დავუბრუნდები და შევეცდები, მთავარი განსხვავებები დაგანახოთ.

სათქმელს ყველაზე კარგად ის ჟურნალისტები მიმიხვდებიან, რომლებთან ერთადაც გასული წლების განმავლობაში არაერთი აქცია გავაშუქე და ბევრი ნაცემი ადამიანიც მინახავს. ყველაზე სიმბოლური მაინც პოლიციის თანამშრომლებისა და წარსულში დარბეული აქციების დროს ნაცემი და დაპატიმრებული ადამიანების ურთიერთქმედება იყო. შესაძლოა, იმ პოლიციელთაგან, რომლებიც დარბევებში მონაწილეობდნენ, დღეს ბიბლიოთეკასთან არც ერთი არ ყოფილა, თუმცა აშკარა იყო, რომ სამართალდამცავებს შენობასთან გამოფენილი შემზარავი ფოტოები და მათივე უწყებების თანამშრომლების ძველი ცოდვები მეტი თავშეკავებისკენ მიუთითებდნენ. ალბათ ყველაფერი შედარებით რბილ ფორმებში და ნაკლები დაჟეჟილობებით დასრულდებოდა, პოლიციელების ლოიალობა და თავშეკავებულობა უმოქმედობაში რომ არ გადაზრდილიყო.

მოგვიანებით, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ფოტოების ავტორი ფოტოგრაფები უკვე გიგი უგულავასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცემის კადრებს იღებდნენ, პოლიციელები, რბილად რომ ვთქვათ, არაეფექტურად მოქმედებდნენ.

თბილისის მერისა და უმცირესობის წარმომადგენლების გამოჩენა ცალკე მსჯელობის საგანია და ვიდრე შოუს მთავარ წარმოდგენამდე მივალთ იმ ადამიანზე გეტყვით, რომელიც დემონსტრანტებმა პირველი დიდი აპლოდისმენტებით და რამდენიმე კვერცხით დააჯილდოვეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას კვერცხები სწორედ მაშინ მოხვდა, როდესაც "დიდ უფლებადამცველთან და საპროტესტო აქციებზე ცემა-ტყეპაში გამოწრთობილ" მელორ ვაჩნაძესთან რამდენიმეწუთიანი ჭიდაობა დაასრულა და ბიბლიოთეკის შენობაში შედიოდა. თენგიზ გუნავას გამბედავი გამოსვლის საპატიო მაყურებლებს შორის აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იყო, თუმცა მათ შორის, ვინც მსგავს ფაქტებზე, როგორც წესი შეშფოთებას ან ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე, მხოლოდ ნორლანდი არ ყოფილა. რამდენიმე საათიან დაძაბულ პროცესს სხვა ქვეყნების ელჩებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ, რომლებიც ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსასმენად მივიდნენ.

ერთ-ერთი ელჩი საღამოს ყველაზე გამორჩეული მომენტის თვითმხილველიც გახდა, სამწუხაროდ მანქანაზე მიმაგრებული დროშის გამოსახულება კარგად ვერ გავარჩიე, თუმცა ამის ობიექტური მიზეზი მქონდა. მანქანის წინ გიგი უგულავას, პავლე კუბლაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიგა ნასარიძეს, ნიკოლოზ მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ისინიც შეძლებისდაგვარად იცავდნენ თავს.

აღსანიშნავია, რომ უმცირესობის ლიდერების გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან მათ სრულიად სხვა მიმართულებიდან ელოდებოდნენ. ქაშუეთის მხარეს პოლიციელები საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული. მათ მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქუჩა აქტივისტებიგან გაიწმინდა, გათავისუფლდა შენობის შესასვლელი და გაკეთდა კორიდორი, თუმცა უმცირესობის წევრებმა რატომღაც "ხალხთან სიახლოვის" გზა აირჩიეს და ზედა ქუჩინდან ჩამოსულები პირდაპირ გაღიზიანებული დემონსტრანტების შუაგულში აღმოჩნდნენ. რამდენიმეწუთიანი ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იმით დასრულდა, რომ გიგი უგულავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ამ ინცინდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბიბლიოთეკაში აღარ მიდიოდა, თუმცა აქციის მონაწილეები მთავარი გმირის გამოჩენის იმედით მაინც არ დაშლილან. ამ დროს ქაშუეთის მხრიდან ესკორტის გამოჩენას დიდი აურზაური მოყვა. ეს ის მომენტია, როდესაც სცენარი რადიკალურად შეიცვალა. უფრო მხატვრული ფილმის happy end-ს გავდა, გაბრაზებული ხალხის მასა ოვაციებით შეხვდა მანქანიდან გადმოსულ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ოდნავ მოგვიანებით ღარიბაშვილმა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და ნამდვილად ეფექტური პიარსვლაც გამოუვიდა. მინისტრი პატრულის მანქანაში აღმოჩნდა და, როგორც რიგითმა პოლიციელმა "რაციის" გამოყენებით აქტივისტებს დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. აქტივისტებიც ბრძანებას დაემორჩილნენ შედეგი მიღწეულად ჩათვალეს.

. . . რამდენიმე წუთში ეროვნულ ბიბილიოთეკასთან, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მხოლოდ "გაღიმებული ჟურნალისტები" დავრჩით.