ზვიად ძიძიგური:

ზვიად ძიძიგური: "მარიკა ვერულაშვილს თავად ნაციონალები ემუქრებოდნენ"

"უმცირესობას პასუხი არ ჰქონდა საერთოდ, თუ რატომ უნდა იყოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს შეუძლია დაითხოვოს მთავრობა და თვითონ დააკომპლექტოს ყოველგვარი პარლამენტის ნდობის გარეშე. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მახინჯი გავლენები ქვეყანაში. გუშინდელი დებატები ადასტურებს ცალსახად იმას, რომ კონკრეტულ თემაზე რატომ უნდა არსებობდეს და რატომ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, ჩვენ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ როდესაც ვეკითხებოდით, თუ რატომ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, ისინი ამბობდნენ სულ სხვა რამეს, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები საგარეო პოლიტიკაში, თქვენ გაქვთ პრობლემები ეკონომიკაში, თქვენ არ ასრულებთ საარჩევნო დანაპირებს და ამ ჩვენს კითხვაზე ვერაფერს გვპასუხობდნენ", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მარიკა ვერულაშვილს თავად ნაციონალები ემუქრებოდნენ".

"ჩვენ მზად ვართ, თვითონ გამოგვიწიონ დებატებში სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ენერგეტიკაზე, ჯანდაცვაზე, ჩახალიანზე და რაზეც უნდათ, ნებისმიერ თემაზე გამოვიდნენ დებატებში, კი ბატონო, ვიდებატოთ, ვისაუბროთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ დებატების შედეგი იქნება ძალიან ცალსახა და ძალიან მარტივი. იქნება ისეთი, რომ თითოეული ჩვენგანი ვნახავთ, რომ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობდნენ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი არის ელემენტარულად ტყუილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.

"ჩვენ არავის მივცემთ არავითარი პროვოკაციისა და არეულობის უფლებას. ჩვენი ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაც თავის თავში ძალიან სერიოზულ ძალას ხედავს იმისა, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ის, რაც ახლა ამათ წარმოდგენილი აქვთ, რომ მათი დემაგოგია, მათი ხმამაღალი განცხადებები ან ისეთი მეთოდები, რომელიც პიარტექნოლოგიებს უკავშირდება, რომ ეს არის მათი მთავარი დასაყრდენი, ეს აღარ გამოუვათ. ეს არის გუშინდელი დღე საქართველოსი. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ, რაც არის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ეს არის ერთად შეკრული მონოლითური გუნდი, რომელიც მზად არის, ყველა ტიპის ამოცანას უპასუხოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე რამდენადაც ვიცი, ვერულაშვილებს მართლაც ემუქრებოდნენ დაჭერით, ოღონდ ემუქრებოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მას ოქტომბრამდე ემუქრებოდნენ და ეს ფაქტები ჩემთვის ცნობილია, თუმცა დეტალურად ამ საკითხებში არ ჩამიხედავს. რაღაცა აპრობირებული მეთოდი გახდა, პარლამენტარების ზეწოლაზე ლაპარაკობენ სხვები და არა თვითონ ის პარლამენტარები, რომლებიც არიან ე.წ. ზეწოლის მსხვერპლნი. მე გავიგე თურმე, როგორი ზეწოლა ყოფილა ლონდარიძეზე, ტელევიზიით თურმე მას მოეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო მუქარა და მეორე ის, რომ პროკურატურაში რაღაც კითხვები დაუსვეს. თუ ასეთი სუსტები არიან, თუ ასეთი ფაქიზები არიან, რომ პროკურატურაში კითხვის დასმას ისინი ზეწოლად აღიქვამენ, ეს მათი პრობლემაა, ეს არ არის ჩვენი პრობლემა. არავის უნდა ეგონოს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის ერთი ნეტარება და განცხრომა და რასაც გინდა, მუდმივად იმას გააკეთებს და ეს ასე არ არის. დაუდგათ მათ პერიოდი, როდესაც კითხვებს უსვამენ მათ. კითხვების დასმა კი არა, შემდეგ შედეგებზე პასუხის გება მოუწევთ ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და აქვთ სათანადო პრობლემები თავიანთ უახლოეს წარსულთან", - ამბობს ზვიად ძიძიგური.

"ძირითადად "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს 10-15 ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ჭიპლარით არიან პირდაპირ მიბმულნი სააკაშვილზე და მის იქით მათ არც პოლიტიკური და არც სხვა ტიპის პერსპექტივა არ გააჩნიათ. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტს იხმაურებენ და ყველაზე მეტ დემაგოგიას გვანახებენ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში და დანარჩენები კი არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" არც იდეური და არც საერთო დანაშაულებრივი წარსულით გაერთიანებულები "ნაციონალებთან". ამიტომ, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლება", - დასძენს რესპონდენტი.