აქა ამბავი ვადაგასულ პრეზიდენტზე, გობლინ-ლუკა კურტანიძეზე, გუბაზ მძინარესა და “ქარიშხალა ოლეგაზე”
თურმე, ებრაელებს ასეთი წყევლა აქვთ: “ღმერთმა საინტერესო დროში გაცხოვროს...” თუ საქართველოს ისტორიას თვალს გადავავლებთ, მთელი თავისი მოგებულ-წაგებული ომებით, ტახტისთვის ბრძოლებით, თავდადებითა და ღალატით, მაშინ... ყოველთვის საინტერესო დროში გვიცხოვრია, მაგრამ... სულ ტყუილად ცდილობს ზოგიერთი კრიტიკოსი (პოლიტექსპერტი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ა.შ) დაგვიმტკიცოს, რომ საინტერესო დროში ცხოვრების წესი ზოგად ქართული მენტალობიდან გამომდინარეობს. არანაკლებ და შეიძლება, გაცილებით მეტი “საინტერესო” ისტორიული პერიოდები აქვთ გამოვლილი სხვა ქვეყნებსაც. აღარაფერს ვამბობ თანამედროვე მსოფლიოს საინტერესო რეალობაზე.
ასეთი შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, “სოვეტების” კავშირის დაშლის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსები ხშირად გვეუბნებოდნენ, ქართველებს დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგიძლიათ (მათ ბევრი ქართველიც უბამდა მხარს), ერთმანეთს დასჭამთო და ამის დასტურად ბევრი ისტორიული ფაქტი მოჰყავდათ. ბოლო დროს კი, “ცოცხების დემოკრატიაზე”, “ვადაგასულ პრეზიდენტზე”, “გობლინ-ლუკა” კურტანიძეზე, გუბაზ “მძინარეზე”, “ქარიშხალა ოლეგასა” და, რა თქმა უნდა, ჩუკენობაზე ქილიკობენ... დღეს აი, ასეთი საინტერესო ტრაგი-კომედიური ვითარებაა და ასეთი რეალობა ან ფილოსოფიურად, ან ირონიულად უნდა აღიქვა, რომ “გობლინად” არ გადაიქცე. მაშ ასე, “ქართული სიტყვა” გასული დღეების ქართულ პოლიტ-ჰიტებს წარმოგიდგენთ...
ვადაგასული პრეზიდენტი...
ისევ მიშაზე მომიწევს ორიოდ სიტყვის თქმა: აკი ვამბობდი, არ დაიჯერებს, ვადაგასული რომ არის და მაინც დარჩება-მეთქი. ასეც მოხდა. თვითონ ხომ არ სჯერა და არ სჯერა, ახლა უნდა, ჩვენც დაგვაჯეროს, რომ ისევ პრეზიდენტია და “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ”-ს გვეთამაშება ხან თბილისიდან და ხანაც _ ქუთაისიდან. სწორედ ამაზეა ნათქვამი, “ერთ ადგილს” ათამაშებსო, გასდის და რა გინდა, რომ ჰქნა?!
გიგი უგულავა მართალი კაცი რომ ყოფილიყო, “ჩუკენობას” თავი გაანებეო, მიშასთვის უნდა ეთქვა, _ ზუსტად მასზეა მორგებული ეს სიტყვა. სხვათა შორის, “ჩუკენობის” მნიშვნელობა ქართველთა უმრავლესობამ გიგი უგულავასაგან გაიგო და ვინც არ იცის, მათთვის წერილის ბოლოს შევეცდები, ინტელიგენტურ-კორექტულად ავხსნა.
მართლაც, “საინტერესო” დროში ვცხოვრობთ _ “ნაც-ქოცების” დიდი ომია გაჩაღებული ვირტუალურ, ანუ სოციალური ქსელის _ საქართველოში და არც რეალურშია ნაკლები “მიდი-მოვდივარ”. ხან პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბება ხალხი “წადი, მიშა, წადი”-ს ძახილით და ხან ივანიშვილთან დარბიან, მომეცი, მომეციო. ზოგს სახლი უნდა, ზოგს _ ბანკის ვალის ჩამოჭრა, ზოგს _ რა და ზოგს _ რა. “ნაცები” გაიძახიან, “ქოცებმა” (“ქოცებს” “ნაციონალები” “ქართული ოცნების” მომხრეებს ეძახიან) არია ქვეყანაო. “ქართული ოცნება” კი პირიქით ამბობს, “ნაცებმა” დესტრუქციული ძალები შემოგვაპარა და კოალიციის დაშლა უნდათ, მაგრამ არაფერი გამოუვათო.
ყოველივე ამის ფონზე, ვადაგასული პრეზიდენტი გვიმტკიცებს, ჭეშმარიტ ქართველ ერს მხოლოდ “ნაცების” იმედი უნდა ჰქონდეს, მხოლოდ “ნაცებს” ხელეწიფებათ ნათელი მომავლის მიცემა ჭეშმარიტი ქართველი ერისთვისო. ცხადია, “ჭეშმარიტ ქართველ ერში” მიშა “ნაცმოძრაობას” და მის მომხრეებს მოიაზრებს, რომელთა რიგები საკმაოდ შეთხელებულია.
რაც შეეხება ნათელ მომავალს, კოალიცია “ქართული ოცნებაც” (დიდი უმრავლესობით) ამისათვის იბრძვის და თვლის, რომ ჭეშმარიტი ქართველი ერის მიზნის და ოცნების ასრულება ხელეწიფება...
ნეველის ძვალის პოლიტიკური აქცენტები
ოდესმე წარმოიდგენდა ქართველი ერი, რომ ნეველის ძვალს ვემთხვეოდით?! ან ნიკოლაი სილაევმა, “კავკასიის კვლევათა ცენტრის” ექსპერტმა რიტორიკული შეკითხვა დასვა: “ქართველ მეფეთა ცხედრებზე რუსულ საზოგადოებას ჯერ არ უმსჯელია. რუსეთში ამ საკითხზე, დაახლოებით, ასეთი პოზიცია არსებობს _ ქართველ მეფეთა ცხედრების გადაცემა არის თუ არა საერთოდ რუსულ-ქართული ურთიერთობის დავიწყება, ანუ ჩვენ ვაბრუნებთ რელიქვიებს და ვემშვიდობებით საქართველოს?”. სანამ ქართველ მეფეთა ძვლები რუსულ მიწაშია, როგორც ჩანს, რუსები მშვიდად არიან... არის ამაში რაღაც მისტიკურ-შამანური. კარგი დრამატურგი ისეთ სცენარს დაწერდა და ისეთი “თრილერი” გამოვიდოდა, თუ ჰოლივუდი გადაიღებდა, რომ მთელი მსოფლიო აკანკალდებოდა რუსების შიშით.
ბატონი სილაევი რუს ჟურნალისტებთან ერთად ეწვია საქართველოს და, როგორც კავკასოლოგმა, ტრეინინგები უნდა ჩაუტაროს ქართველ ჟურნალისტებს. საინტერესოა, რომელიმე ქართველი ჟურნალისტი თუ იკითხავს ამ ტრეინინგზე, რატომ არის რუსეთში გავრცელებული ასეთი ფრაზა _ “ლიცო კავკაზკოი ნაციონალნოსტი”?! რა მოიაზრება ამ ფრაზაში და არის თუ არა ასეთი მიმართვა შეურაცხყოფა?! ალბათ, ამ შეკითხვას არავინ დასვამს...
მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის დაპირისპირება გამწვავდა, აშშ-ს ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა კოჰაბიტაციისაკენ, ანუ თანაცხოვრებისაკენ მოუწოდა ორივე მხარეს, მაგრამ თანაცხოვრება ვერა და ვერ შედგა. დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება და მწვავდება. რუსეთისკენ შებრუნებას ვერაფრით მოვითმენთო, აცხადებს ვადაგასული პრეზიდენტი და დანარჩენი “ნაცებიც” კვერს უკრავენ. სიტყვაძუნწმა ვანო მერაბიშვილმა კი განაცხადა, არ დავთმობთ საქართველოს, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ დავუშვათ საქართველოს რუსეთისკენ მიქცევაო. მერაბიშვილის ნათქვამში რევოლუციის სუნი იგრძნობა, თუმც თავად აცხადებს, რომ რევოლუციის მოწყობას არ აპირებს. მაშინ, აბა, რა ხდება?! _ როგორც ჩანს, მერაბიშვილის განცხადებებმა აშშ-ს ელჩი სერიოზულად შეაშფოთა და ამიტომაც საჯაროდ მოუწოდა, ამჯერად “ნაცმოძრაობას”, თავი შეეკავებინა მსგავსი განცხადებებისაგან. ისე, ამერიკელებს რას გაუგებ, ერთს ამბობენ, მეორეს _ აკეთებენ და რაც გამოსდით, ვხედავთ...
ჩვენი რუსი სტუმარი, კავკასოლოგი ნიკოლაი სილაევი თავის ინტერვიუში ამბობს: “თუ 2006, 2007, 2008 წლებში ნატო-ს გაფართოება ერთ-ერთ რეალურ პერსპექტივად განიხილებოდა, ახლა ამ თემამ თავისი აქტუალობა დაკარგა. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში ნატო არ გაფართოვდება. ისიც აშკარაა, რომ საქართველოს მთავარი ოპონენტების პოზიცია არ შეცვლილა. ამიტომ, ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე შეცვლილი ვითარების გამო, საქართველოს ახალი ხელისუფლების პროდასავლური რიტორიკა რუსეთისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. სააკაშვილს, როგორც პარტნიორს, მოსკოვში არ ენდობიან. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილი ამ სფეროში ახალი ადამიანია და ამიტომაც მას რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად უკვე აქვს დიდი უპირატესობა. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი დასავლეთის კრიტიკას არ ითვალისწინებს, დიახ, რუსეთი არ იზიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიციას”.
ასეთია ოფიციალური მოსკოვის პოზიცია და ყველაფერი ნათელია: არც ნატო და არც ოკუპირებული ტერიტორიები არაფერს წარმოადგენს რუსეთისათვის, ილაპარაკე რამდენიც გინდა, პროდასავლური ორიენტაცია აქვს ქვეყანასო, როგორც რუსები იტყვიან, “მეჩტაც ნე ვრედნა”. “ზემოთ” უკვეYყველაფერი გადაწყვეტილია და რატომაც არა, ცოტა წაძინებაც შეიძლება, თუნდაც პარლამენტის სხდომის დროს...
“ქარიშხალა ოლეგადან” “გუბაზ მძინარემდე”
მძინარე გუბაზ სანიკიძის ფოტომ წინა კვირის ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლუკა კურტანიძე გავიდა _ “ფეისბუქზე” გობლინის ტანს კურტანიძის თავი მოარგეს და მაგარი გამოვიდა. “ქარიშხალა ოლეგა” თავდაპირველად პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა _ კონკურენციაა დიდი.
“გუბაზ მძინარე”, იგივე გუბაზ სანიკიძე მას შემდეგ, რაც ვადაგასულმა პრეზიდენტმა მისი მძინარე ფოტო აფრიალა კამერების წინ, ჟურნალისტებს აღარ ეკონტაქტება _ ტელეფონის ყურმილს არ იღებს. პირადად მინდოდა მეთქვა მისთვის ქათინაური, მაგრამ არ გამოვიდა და ამიტომ გაზეთის ფურცლებიდან ვეტყვი: რა საყვარლად გძინავთ, ბატონო გუბაზ, უზრუნველი ბავშვური სიმშვიდით! ავი ენები ამბობენ, მილიონი არ მიუცია ივანიშვილსო და არც მისცემსო. როგორც ჩანს, გაგებით მოეკიდეთ და სწორიც არის, უფულო კაცს ხომ მშვიდად სძინავს?!
“გობლინ-ლუკა კურტანიძე _ კაცური კაცი. ეს ადამიანი, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურად იქცევა, რაღაც სჭირს და იქნებ, მიხედოს ვინმემ?! ჯერ ბერად შედგომას გეგმავდა, მერე “ქართულ ოცნებაში” შევარდა და არჩევნების დროს “ნაცმოძრაობის” აქტივისტებს საქმეებს ურჩევდა და კარგადაც უბაყუნებდა, თუ ხელში მოიგდებდა. გასაგებია, რომ მაშინ ისეთი დრო იყო და ვნებათაღელვებმა სძლია, ვერ მოითმინა და ხელი წაუცდა. ახლა რაღა სჭირს ამ კაცს? სხვებმა არ ვიცი, მაგრამ კურტანიძემ თავისი ოცნება ხომ აისრულა _ პოლიციის აკადემიის პრორექტორია და მოჭიდავეთა ფედერაციის პრეზიდენტი. ისე, ლუკა კურტანიძეებისნაირები დაუოკებიათ? _ ჰოდა, მაგასაც მიეხედება.
“ქარიშხალა ოლეგა” კი, წერამ აიტანა პირდაპირი და ირიბი გაგებითაც. სხვათა შორის, 80-იან წლებში, ქართულ სუფრაზე მოდაში იყო სადღეგრძელო _ “გაგებას გაუმარჯოს!” კიდევ, “ჩემი ჩუმი ჩანაფიქრის” სადღეგრძელო იყო ძალიან მოდური. “გაგებით მოკიდება” დღეს ქართული პოლიტიკის ნაწილი გახდა და, ალბათ, მალე “ჩემი ჩუმი ჩანაფიქრიც” მოდაში შემოვა. რაც შეეხება “ქარიშხალა ოლეგას”, “პატარა ბიძინა” ვარო, რომ ამბობს, მარეხის წერა რომ არის ფაქტია. თურმე, რაღაც სცენარებსაც წერს, თავფეხიანად ჩართულია წერაში და ეს მარეხი არ ასვენებს, მთელ საქართველოში “გაუბაზრა” სახელი. რა სცენარს წერს სამბისტი გამგებელი ოლეგ იაძე, ჯერ უცნობია, მაგრამ მარეხის წყალობით, ისეა გაპიარებული, რომ უკვე პოპულარულია და ვინ იცის, იქნებ სცენარიც არ იყოს ურიგო თუ, რა თქმა უნდა, “ჩუკენობას” არ აქვს ადგილი.
აი, ჩუკენობას რაც შეეხება, ბუსუსებიანი პრეზერვატივისა არ იყოს, საზოგადოების ფართო წრეებმა გიგი უგულავასაგან გაიგო: თურმე, ქართულ ენაში ყოფილა ეს სიტყვა და რატომ ვამბობთ ხოლმე “პოლიტიკური ონანიზმი” და ა.შ. ვთქვათ ქართულად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ადგილი აქვს “პოლიტიკურ ჩუკენობას!” ისტორიის ფოლიანტებში კი დაწერენ, მრავალი საინტერესო ეპოქები გამოიარა საქართველომ, იგივე “გრუზიამ,” იგივე “ჯორჯიამ”, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი “დიდი პოლიტიკური ჩუკენობის” პერიოდი იყოო...
P.S. ისევ ვადაგასულ პრეზიდენტზე ისევ ორიოდ სიტყვას ვიტყვი; ამერიკელებს ერთი ძველი ანეგდოტი აქვთ: საბჭოთა ტურისტები ტეხასში არიან და გიდი მოუხელთებელ ჯოზე, ტეხასელ კოვბოიზე ჰყვება, რომელიც ხან იქ გამოჩნდება და ხან _ აქ, ხან რას აშავებს და ხან _ რას. გაკვირვებული საბჭოთა ტურისტები კითხულობენ: განა, ასეთი მოუხელთებელი როგორ არის, რომ ვერ იჭერთო? გიდი კი პასუხობს: ვის რაში სჭირდება, რომ დავიჭიროთ, ირბინოს და იყოს, ბოლოს და ბოლოს ტეხასის კოლორიტიაო. ასე ჩვენი მიშაც, ვადაგასული პრეზიდენტია, მაგრამ ქართული კოლორიტი ხომ არის ისევე, როგორც გუბაზ “მძინარე”, ოლეგ იაძე, ბერყოფილი პოლიტიკოსი კურტანიძე და სხვანი.