„პატრიოტთა ალიანსიდან" 4 წევრის პარლამენტში შესვლა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ხოლო ის, თუ რამდენად გამოუჩნდება მათ მიმდევრები სხვა ოპოზიციური ჯგუფებიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ აპირებს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას და ვინ არა,- ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „პატრიოტთა ალიანსიდან" 4 წევრის პარლამენტში შესვლას.
ძაბირაძე დღევანელ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარება ქაოსურია.
„არ მგონია , რომ „პატრიოტთა ალიანსიდან" 4 წევრის შესვლამ რაიმე შეცვალოს პოლიტიკურ დაპირისპირებაში. გარდა ამისა, როგორც ითქვა, „პატრიოტთა ალიანსი" არ შედის, შედიან სიაში მყოფი ცალკეული პირები, რომლებიც წარმოადგენენ ბიზნეს სექტორს.
„სხვა საკითხია ის, საერთოდ უნდა იყოს თუ არა ასეთი ხალხი პარტიულ სიაში, თუმცა რეალობაა ასეთი. ამას ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების მოგვარება არ შეუძლია. ის, თუ რამდენად გამოუჩნდება მათ მიმდევრები, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ აპირებს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას და ვინ არ აპირებს.
„თუ მოიძებნება 30 ადამიანი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე, მაშინ არავინ იქნება ბულინგის მსხვერპლი და ნაკლებად დამაზიანებელი იქნება ეს ყველასათვის. 30 კაცის შესვლით კი პარლამენტი გახდება ქმედითუნარიანი, შეეძლებათ საკონსტიტუციო შესწორებების მიღება და პარლამენტში შესვლისათვის ამის საკმაოდ ადეკვატურ მიზეზდ გამოყენებაც.
„არის კიდე ერთი მომენტი - თუ ასეთი ჯგუფი შეიქმნება, მათ ექნებათ შესაძლებლობა იყვნენ საკმაოდ რადიკალურები პარლამენტში და შეიძლება ეს ჯგუფი გადაიქცეს ბირთვად ორგანიზებული ახალი მესამე ძალის ჩამოსაყალიბებლად.
„ოპოზიცია და ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებენ რაიმე კორექტირების შეტანას თავიანთ პოზიციებში, თუმცა ნაბიჯემის გადადგმის გარეშე ეს საქმე არ მოგვარდება.
„ოპოზიცია გარკვეულწილად შევიდა პარლამენტში, ოღონდ გამომდინარე იქიდან, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები არ შევიდნენ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის. ქვეყნის შიგნით ამას არავინ დაიჯერებს, მაგრამ ქვეყნის გარეთ ეს გარკვეული ფასადის შექმნის საშუალებას იძლევა.
„რეალობა სხვაგვარია. რეალობა ისაა რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია ექნება, მე რასაც ვუყურებ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ისინი მაინცდამაიანც კრიტიკულად არ არიან გაწყობილი ხელისულფბის მიმართ. მათ აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ოპოზიცია უცხადებს ბოიკოტს, ხოლო ისინი „ქართულ ოცნებას" არ უბიძგებენ რაიმეს დათმობისკენ.
„რეალურად „ქართულ ოცნებაზე" საკმაოდ დიდი ზეწოლაა განსახორციელებელი. ოპოზიციის პრობლემა კი ისაა, რომ ის ვერ ხედავს, რომ ასეთი რამ არც იქნება, ანუ „ოცნებაზე" არავინ აპირებს ზეწოლას. ივანიშვილის საფრანგეთის უმაღლესი ხარისხის სახელწმიფო ორდენიც კი მიანიჭეს. ამიტომ ოპოზიცია ძალიან მძიმე ვითარებაშია. ყველაზე სწორი ოპოზიციისთვის იქნება არა ქუჩა, არამედ პარლამენტში შესვლა და იქ ბრძოლა, რადგან ქუჩიდან ბრძოლას აზრი არ ექნება.
„ოპოზიციამ უნდა შეძლოს და მოიპოვოს დასავლეთის ნდობა, რომელიც დღეს მათ არ აქვთ. ამიტომ თუ ამას ვერ აცნობიერებენ, კიდევ უფრო ცუდად იქნება საქმე. ეს არის დღევანდელი რეალობა და აქედან უნდა გამოვიდეთ.
„მე ვერ ვხედავ, რომ „ოცნება" ძალიან წუხს იმაზე, თუ ვინ შევა პარლამებტში და ვინ არა. ისინი ანგარიშს უწევენ ელჩებს და მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობენ. ერთი სიტყვით, მათ მიიღეს დასავლეთისგან ის, რაც სურდათ, ამიტომ მათთვის ყველაფერი ის მეორეხარისხოვანია, რაც ოპოზიციისათვის მეორეხარისხოვანი არ არის," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.