თბილისის საკრებულოში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შექმნეს. საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში მათი რიგები იმდენად გაიზრდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარისა და კომისიების თავმჯდომარეების შეცვლას შეძლებენ. რა პროცესები მიმდინარეობს თბილისის საკრებულოში და როგორ აპირებს ოპოზიცია საკუთარი რიგების გაფართოებას?
თბილისის საკრებულოს 47 წევრიდან მხოლოდ 17-ია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისა და სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობების დასაკავებლად ოპოზიციას, სულ ცოტა, საკრებულოს 7 წევრის მიმხრობა სჭირდება, რაც 7 თებერვალს შექმნილი ახალი ფრაქციის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ჯაბა სამუშიას თქმით, უახლოესი მომავლის საქმეა:
„ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იგეგმება თბილისის საკრებულოში ახალი უმრავლესობის ფორმირება, რაც იქნება იმის საწინდარი, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაში თბილისში“.
ჯაბა სამუშიას მსგავსად, ახალი ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიაც მიიჩნევს, რომ ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე თბილისის საკრებულოს შიგნითაც დაწყებულია შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი:
„თბილისის საკრებულოში, ამ მოცემულობით, არის სრული შესაძლებლობა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიყვანოთ ოპოზიციაში. ეს არის მთავარი ამოცანა, რათა ჩვენ გვქონდეს ბერკეტები იმისათვის, რომ თბილისელები უზრუნველვყოთ მყარი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებით და ეს გააკეთოს იმ წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც მათ მიერაა არჩეული“.
თუმცა ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკო ხაჩირაშვილმა, რომელმაც 6 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ოცნება შეცვალოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ოცნებადვე დარჩება:
„მათი ოცნება ყოფილა, თურმე, საკრებულოში სკამებისა და თანამდებობებისთვის ბრძოლა. არის ზეწოლა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს! ჩვენ ძალიან მტკიცე და მყარი უმრავლესობა გვაქვს თბილისის საკრებულოში და ასეც გავაგრძელებთ მუშაობას“.
ამ განცხადების შემდეგ, ანუ 7 თებერვალს, საკრებულოს უმრავლესობის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილი „თბილსერვისჯგუფის“ საქმეზე დასაკითხად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, რასაც თავად ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა მასზე და საკრებულოს უმრავლესობის სხვა წევრებზე ზეწოლის შეფასება მისცა:
„თუ ასე ძალიან სჭირდებათ უმრავლესობა, მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, სიტყვას ვაძლევ, რომ შემოიტანონ კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც თბილისელებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, და კენჭისყრისას მიიღებენ უმრავლესობას“.
ხაჩირიშვილის დაკითხვის პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ. ბესარიონ ბენდელიანის თქმით, ადგილი აქვს ორგანიზებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობის" მყარი და ერთიანი უმრავლესობის დაშლის მიზნით, თუმცა ამ ბრალდების პასუხად თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრისას არ უგულისხმია დაკითხვაზე დაბარებული საკრებულოს რომელიმე წევრი:
„ის ადამიანები, რომლებსაც იბარებენ პროკურატურაში, სულაც არ მოიაზრებიან იმათ შორის, ვინც აპირებს ახალ უმრავლესობაში გადმოსვლას. ჩვენ შევარჩევთ, ვინ მივიღოთ და ვინ - არა. ყველას ასე ხელაღებით ვერ მივიღებთ. ნიკო ხაჩირიშვილი ნამდვილად არ მოიაზრება ახალ უმრავლესობაში“.
გულიკო ზუმბაძის თქმით, საკრებულოს მოქმედი უმრავლესობა ვერ პასუხობს ახალ პოლიტიკურ რეალობას და თბილისელთა დაკვეთას. შესაბამისად, ის ისევე უნდა შეიცვალოს, როგორც შეიცვალა რეგიონებში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ლელა ტალიურის თქმით, უმრავლესობის შეცვლის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება თბილისის მერის გადაყენება.
„უშუალოდ იმპიჩმენტის, უნდობლობის გამოცხადების, ანუ გადაყენების პროცედურას დედაქალაქის შესახებ კანონი არ იცნობს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, თბილისის მერი, სხვა ქალაქების მერებისაგან განსხვავებით, პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირია და სხვა მექანიზმი, რომ საკრებულომ პირდაპირი გავლენა მოახდინოს, ასეთ მექანიზმს კანონი არ იცნობს. სხვა შემთხვევაა, თუ მერს დაუდასტურდება კანონით გადაცდომა, ანუ მის ქმედებებში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მაშინ ეს უკვე სამართალდამცავი სტრუქტურების კომპეტენცია იქნება“, უთხრა ლელა ტალიურმა რადიო თავისუფლებას.
ლელა ტალიურის განმარტებით, მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დედაქალაქის შესახებ კანონის თანახმად, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ვიცე-მერი.