რუსი ჟურნალისტები, მათი კოლეგების მსგავსად მთელს მსოფლიოში, აქტიურად აშუქებდნენ ცნობებს, რომელსაც WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებული აშშ–ს დიპლომატიური არხები შეიცავდა. მაგრამ სულ მცირე, ერთ–ერთი გამოცემის შეფასებები საკმაოდ უცნაური იყო. ზოგიერთი სკეპტიკოსი დამკვირვებლის თქმით, სენსაციური ამბები იმდენად კარგი იყო, რომ ძნელი დასაჯერებელი გახლდათ.
მაგალითად, ჟურნალ „რუსკი რეპორტიორი“–ს თანახმად, დასავლელი დიპლომატების ცნობილი პროტესტი, როდესაც მათ 2009 წლის სექტემბერში გაეროში დარბაზი დატოვეს ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის სიტყვით გამოსვლისას, სპონტანური არ ყოფილა და, სინამდვილეში, ვაშინგტონის დაგეგმილი იყო.
WikiLeaks–ის მასალებზე დაყრდნობით, ჟურნალი 2 დეკემბრის სტატიაში ამტკიცებს, რომ აშშ–ს ჩინოვნიკებმა დეტალური ინსტრუქცია მისცეს ევროკავშირის წარმომადგენლებს იმის შესახებ, თუ ზუსტად რა დროს უნდა დაეტოვებინათ დარბაზი აჰმადინეჯადის გამოსვლის დროს – ინფორმაცია, რომელიც დადასტურების შემთხვევაში, შეერთებული შტატებისთვის ძალიან უხერხულია.
თუმცა, სხვა მედია–საშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც WikiLeaks–ის მასალებს აქვეყნებენ, „რუსკი რეპორტიორს“ მისი განცხადებების გამყარებისთვის არანაირი დოკუმენტები არ წარმოუდგენია. WikiLeaks–ის მონაცემთა ბაზის ფართო ძიების შემხვევაშიც, მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს, რაც ზოგიერთ ანალისტიკოსს იმის ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ ჟურნალი WikiLeaks–ს შესაძლოა ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებს.
„პრობლემა ის გახლავთ, რომ იმასაც რასაც მიმოწერა უნდა ამყარებდეს, სინამდვილეში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში არ იძებნება“, – ამბობს იულია ლატინინა, ერთ–ერთი იმ რუსი ჟურნალისტებიდან, რომელმაც „რუსკი რეპორტიორთან“ დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებს, რომ WikiLeaks–სთან პრივილეგირებული კავშირები აქვს, ეჭვი გამოთქვა. „რბილად რომ ვთქვათ, ეს ბრალდებები ჰაერშია გამოკიდული“.
Wiki–ნონსენსი
რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მედიაც WikiLeaks–ის მასალების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. „რუსკი რეპორტორისადმი“ მზარდი ყურადღება იმას მოჰყვა, რომ პაკისტანის რამდენიმე წამყვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა ისტორიები, რომელიც WikiLeaks–ის დოკუმენტაციის გაყალბებულ ვერსიას ეყრდნობოდა, სადაც თითქოს ამერიკელმა დიპლომატებმა ინდოეთის ხელისუფლება ინდუისტ ფუნდამენტალისტებთან კავშირებსა და პაკისტანში ისლამისტი მებრძოლების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
პაკისტანის Express Tribune–მა 10 დეკემბერს თავის პირველ გვერდზე ბოდიში მოიხადა იმ ბრალდებების გამოქვეყნებისთვის, რომელიც „საკმარისად გადამოწმებული“ არ იყო მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა The Guardian–მა (ერთ–ერთი იმ თითზე ჩამოსათვლელი მედიაგამოცემებიდან, რომელსაც ხელი მიუწვდება WikiLeaks–ის ყველა დოკუმენტზე) ეს სიცრუე ამხილა.
Express Tribune–ის ბოდიში და მზარდი ეჭვები „რუსკი რეპორტორთან“ მიმართებაში იმის ილუსტრაციაა, რომ მაშინ, როცა WikiLeaks–მა მსოფლიოს მანამდე საიდუმლო დიპლომატიურ მანევრებზე ინფორმაცია მიაწოდა, მან გზა გაუხსნა ასევე ყალბ ინტერპრეტაციებს, ფაქტების დამახინჯებებსა და პირდაპირ ტყუილებსაც კი.
„რუსკი რეპორტიორის“ კრიტიკა დიდწილად იმ პუბლიკაციას უკავშირდება, სადაც 2008 წლის აგვიტოში რუსეთ–საქართველოს ომის დროს ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის ანალიზია. „როდესაც პირველად წავიკითხე სისულელე საქართველოს მოვლენებზე, უმალ წავედი და მიმოწერის ორიგინალს გავეცანი. აღმოვაჩინე, რომ ეს აბსოლუტური ტყუილი და ფალსიფიკაცია იყო, – ამბობს ლეონიდ ველიხოვი, რუსული გაზეთის „სოვერშენნო სეკრეტნო“–ს რედაქტორი – ყველაფერი დამახინჯებული იყო“.
სტატიაში, მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი წერს, რომ საიდუმლო მიმოწერის თანახმად, მთავრობების უმრავლესობას სჯეროდა, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და რომ „მსოფლიოში ამ საკითხზე ილუზიები არავის გააჩნდა“.
თუმცა, WikiLeaks–ის მასალებში საპირისპიროს ვკითხულობთ. თბილისში აშშ–ს საელჩოდან გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ქვეყნის გუნდისთვის ხელმისაწვდომი ყველა მტკიცებულება სააკაშვილის განცხადებებს ადასტურებს იმის თაობაზე, რომ ეს ბრძოლა საქართველოს განზრახული არ ჰქონდა“.
The New York Times–ის თანახმად, ეს წერილები ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ აშშ–ს დიპლომატები დიდწილად საქართველოს მთავრობის ინფორმაციას ენდნენ და ვაშინგტონს გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიდნენ.
მკითხველი შეცდომაში შეჰყავს „რუსკი რეპორტიორის“ მიერ ამერიკული დოკუმენტების თარგმნილ ვერსიებსაც, რომელსაც ვებ–გვერდი აქვეყნებდა. მაგალითად, ჟურნალი რიგაში ამერიკის ელჩის ციტირებას ახდენს, რომ ლატვიის ხელისუფლება ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს, მაგრამ გრძნობს რომ „თბილისი პროვოკაციას ეძებდა, რომ ემოქმედა“. მაგრამ როდესაც კომენტარი რუსულად ითარგმნა, ის იკითხება: „თბილისი პროვოცირებული იყო, რათა ემოქმედა“.
„რუსკი რეპორტიორს“, საშუალო ტირაჟის მქონე პრიალა ჟურნალს, რომელიც კრემლთან დაახლოებული ექსპერტების ჯგუფის დაფუძნებულია, იმაშიც სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთის ლიდერების შესახებ არსებულ კრიტიკულ წერილებს არ აქვეყნებს.
უცნაურია ის გამალებული ანტიამერიკული რიტორიკაც, რომლითაც ის WikiLeaks–ის მასალებს აშუქებს; მაგალითად, ერთ–ერთი სარედაქციო წერილი ვაშინგტონს რუსეთის დევნაში ადანაშაულებს.
ლეიბინი უარყოფს იმას, რომ „რუსკი რეპორტიორმა“ შეგნებულად შეიყვანა მკითხველი შეცდომაში, თუმცა ის აღიარებს, რომ ადგილი ჰქონდა ზოგიერთ „შეცდომას“ და „არაზუსტ თარგმანს“. ის ამბობს, რომ ჟურნალი დოკუმენტების ორიგინალს რეგულარულად არ იმოწმებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან ზოგიერთი ჯერ თავად WikiLeaks–საც არ გამოუქვეყნებია.
„დიახ, ჩვენ მოგვიწევს ყველა იმ დოკუმენტის გამოქვეყნება, რომელიც ჩვენს შეფასებებს დაადასტურებს, რათა მომავალში მსგავსი კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, – ამბობს ლეიბინი – ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებთ, როგორც კი WikiLeaks–სგან თანხმობას მივიღებთ“.
WikiLeaks და მეგობრები
„რუსკი რეპორტიორი“ ამტკიცებს, რომ ერთ–ერთია იმ რამდენიმე მედია საშუალებათაგან, რომელსაც წინასწარ გადასცეს WikiLeaks–ის 250 000–მდე ამერიკული დოკუმენტი. თუმცა, როგორც ცნობილია, WikiLeaks –სთან უშუალოდ მხოლოდ ოთხი მედია–ორგანიზაცია თანამშრომლობს. ესენია: The Guardian ბრიტანეთში, Le Monde საფრანგეთში, El Pais ესპანეთში, და Der Spiegel გერმანიაში.
The Guardian–ი მასალებს ინაწილებს The New York Times–სთან და ხუთი გაზეთი WikiLeaks–სთან კონსულტაციას გადის იმაზე, თუ რომელი დოკუმენტები უნდა გამოაქვეყნონ, როგორი რედაქციით და როდის.
„რუსკი რეპორტიორისგან“ განსხვავებით, ეს გაზეთები ავრცელებდნენ ისტორიებს, რომელიც უშუალოდ დოკუმენტებს უკავშირდება და რომლებსაც, ამავდროულად, WikiLeaks–იც აქვეყნებდა და მასთან შეთანხმებული იყო.
„რადიო თავისუფლების“ რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში, ლეიბინი ამბობს, რომ მისი თანამშრომლობა WikiLeaks–სთან ოდნავ განსხვავებულია.
„უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ WikiLeaks–სთან ისე, როგორც ეს The Guardian–ის ან The New York Times–ის შემთხვევაში ხდება. მათი ჟურნალისტები WikiLeaks–ს აქტივისტებთან ერთად ამუშავებენ ამ უზარმაზარ მონაცემთა ბაზას, რათა მოძებნონ ისეთი რაღაცეები, რაც გამოსაქვეყნებლად საინტერესოდ მიაჩნიათ, – ამბობს ლეიბინი – ჩვენთვის მუშაობს თავისუფალი ჟურნალისტი ისრაელელი შამირი, რომელიც WikiLeaks–ის აქტივისტიცაა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ჩვენ ვიცნობდით WikiLeaks–ის აქტივისტს“.
შამირი კომენტარისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა
როგორც ჩანს, ნებისმიერი იმ ეჭვის გასაქარვებლად, რაც ამ მამხილებელ ვებ–გვერდთან მის კავშირებს შეიძლება ეხებოდეს, ჟურნალმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შამირი WikiLeaks–ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ერთად არის გამოსახული.
თავის მხრივ, თავისუფალი ჟურნალისტი შამირი სადავო ფიგურაა. ის ცნობილია მისი ანტისიონისტური რიტორიკითა და 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე თავდასხმასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიებით. მოგვიანებით, შამირმა მისი რისხვა იმ ქალბატონებისადმი მიმართა, რომლებიც WikiLeaks–ის დამფუძნებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ და მათ ამერიკის სპეცსამსახურების მხარდამჭერები და „კასტრირებული ფემინისტები“, ასანჟს კი „ჩვენი საყვარელი გმირი „მატრიცადან“, “ჩვენი კაპიტანი ნეო“ უწოდა.
ბრალდებები „რუსკი რეპორტიორის“ წინააღმდეგ და პაკისტანის მედიის მიერ ამერიკული დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ WikiLeaks–ი გამჭვირვალობაზე მისი ყველა მცდელობის მიუხედავად, არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების მხრიდან ფალსიფიკაციისთვის მაინც მოწყვლადია.
მედია ექსპერტების თქმით, WikiLeaks–ის შეგნებული გასაიდუმლოება, რაც აშშ–ს კრიმინალური გამოძიების საგანია და დოკუმენტების ის უზარმაზარი რიცხვი, რომელსაც ის აქვეყნებს, გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს მის მხილებებს.
„ეს იგივეა, რაც „ბლოგინგზე“ მოხდა, – ამბობს ჩარლი ბეკეტი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის ჟურნალისტური კვლევების ორგანიზაციის Polis–ის დირექტორი – როდესაც „ბლოგინგი“ დაიწყო, გაჩნდა უამრავი ძალიან საეჭვო ბლოგი, რაც, შეიძლება დღესაც არსებობს. ხალხმა ისწავლა მათი გაცხრილვა და იმის გარჩევა, თუ რომელი ტყუის და რომელი – არა. ვფიქრობ WikiLeaks–თან დაკავშირებითაც რაღაც მსგავსი რამ ხდება“.
[foreignpress.ge]