"ივანიშვილი სააკაშვილს ემსგავსება".

"პრემიერ-მინისტრი უნდა იქცეოდეს, როგორც ქვეყნის და არა როგორც პარტიის მეთაური. ჩვენ არ მოგვწონდა სააკაშვილი, როცა ის იყო დებატებში თავის ყველა ოპონენტთან და ვხედავთ, რომ ივანიშვილიც ვერ იტანს, ძალიან შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ, იქნება ეს საკუთარი მთავრობის მინისტრები, რომლებმაც, რომელ ქალაქში მიდიან და რა საქმე აქვთ, ყველაფერი პრემიერ-მინისტრს უნდა შეუთანხმონ და დამთავრებული იმ 20-25 წლის ჟურნალისტი გოგონებით, რომლებსაც სიტყვას პირიდან ართმევდა. ჩემი აზრით, პრემიერს უნდა ჰქონდეს უფრო სოლიდური ქცევა და შემწყნარებელი უნდა იყოს განსხვავებული აზრის მიმართ", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილი სააკაშვილს ემსგავსება".

"მე ძალიან მომეწონა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ბანკის ვალების გამოსყიდვა მოხდებოდა სახელმწიფოს მიერ და ძალიან მომეწონა მისი ინიციატივა, როდესაც თქვა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე უნდა დაინიშნოს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ საზოგადოების რჩეული. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა ორივე შემთხვევაში მიზანმიმართულად მოატყუა საზოგადოება. საზოგადოების აზრს სილა გაწნა და თავდაპირველად სახალხო დამცველად ისეთი კანდიდატურა წარმოადგინა, რომ საზოგადოებასთან კი არა, საკუთარ გუნდთანაც კი არ ჰყავდა შეთანხმებული, ხოლო ბანკის ვალებთან დაკავშირებით ჩვენ ვისმენთ ხიდაშელისა და წულუკიანის განცხადებებს, ამ ხალხს, ეტყობა, ხელშეკრულებებში არ ჩაუხედავსო. მე მგონი, მათ თავად არ ჩაუხედავთ საკუთარი პარტიის საარჩევნო პროგრამაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

"ივანიშვილს უნდა აღმოსავლური ტიპის ავტოკრატიული მმართველობა და არა ევროპული ტიპის დემოკრატია. გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ არ არის პოლიტიკოსი. როცა ვიცე-პრემიერად ანუ მეორე პირად მთავრობაში ინიშნება არა პოლიტიკოსი და პოლიტიკური გუნდის წევრი, არამედ პრემიერის მეგობარი ფილოსოფოსი, ეს თავისთავად უარყოფითი მოვლენაა. ეს არასწორი, არადემოკრატიული მიდგომა და ავტოკრატიის სერიოზული ნიშნებია. ზუსტად ასე იქცეოდა 2004 წელს ბატონი სააკაშვილიც. ამ ქვეყანაში მთავარი კრიტერიუმი და წინაპირობა იქნება ის, რამდენად შეძლებენ ისინი დუმილის შენარჩუნებას, განსხვავებული აზრის დამალვასა და დავიწყებას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. მე არ განვიხილავ მათ, როგორც პოლიტიკურ პარტიას. ჩემი აზრით, ეს არის კრიმინალური ბანდა, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა. მე ვიტყვი, რომ "ნაციონალებზე" ნამდვილად არის პოლიტიკური ზეწოლა. წულუკიანი ასრულებს ივანიშვილის დავალებებს, იბარებს პროკურატურაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ან მათი ოჯახის წევრებს იმ მიზნით, რომ დააშანტაჟოს ისინი და ხმა მიაცემინოს საკონსტიტუციო პროექტისთვის. ეს არის 100%-ით დადასტურებული ფაქტები. ის, რომ თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა ამას სხვების მიმართ, არ არის გამართლება, რომ ივანიშვილმაც იგივე უნდა აკეთოს", - დასძენს რესპონდენტი.