"შეიძლება ითქვას, რომ ეს გარჩევები ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო უკვე დაწყებულია და სწორედ ამის შედეგია ის, რომ პაპასკირი, რომელსაც ეს გვარი მიღებული აქვს საქართველოში, თავისი ფეხით შევიდა თურქეთის ციხეში. როგორც არაერთხელ ვთქვი, უახლოეს მომავალში მუსლიმანი სულიერი ლიდერების საბჭო შეიკრიბება და ის გამოიტანს საბოლოო ვერდიქტს, მაგრამ ეს შეკრება იქნება, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული! ასევე, გასაიდუმლოებული იქნება იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებსაც ეს საბჭო დამნაშავედ ცნობს!" - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ცუდი შედეგები და მე რამდენადაც ვიცი, ცუდი შედეგები სააკაშვილისთვის ამას უკვე მოჰყვა".
"თუ სააკაშვილს დაუმტკიცდება, რომ მან სირიაში საომრად წასულ დაახლოებით 100 ჩრდილოკავკასიელ მეომარს საქართველოზე გზა მისცა, ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ცუდი შედეგები და მე რამდენადაც ვიცი, ცუდი შედეგები სააკაშვილისთვის ამას უკვე მოჰყვა. სწორედ ამ სახიფათო თამაშების მიზეზი გახლდათ ის ვერდიქტი, რომელიც დასავლეთმა სააკაშვილს არჩევნების წინ გამოუტანა, როცა სააკაშვილი და მისი ხროვა უკვე აღარ ითვლებოდა ფავორიტებად დასავლეთის თვალში. ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაციით სააკაშვილმა სცადა ორი კურდღლის დაჭერა - შიდა მოხმარებისთვის ლოკალური ომის მოგება და იმის გამოცხადება დიდი ზარ-ზეიმით, რომ მან ბანდიტები დაამარცხა, ხოლო დასავლეთს ის თავს სთავაზობდა, როგორც ფერვეზ მუშარაფი და ეხვეწებოდა, - გამომიყენეთ, ჩემზე დროზე ადრე ხელს ნუ ჩაიქნევთო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს დიასპორისა და კავკასიის საკითხებში ბატონ გუბაზ სანიკიძეს, რაც შეიძლება მალე გამოიტანეთ საზოგადოების წინაშე განსახილველად კავკასიური თანამშრომლობის კონცეფცია, რათა ლაფანყურის მსგავსი ინციდენტები ავიცილოთ თავიდან და შევქმნათ პრეცედენტი კავკასიელებს შორის ცივილიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა კანონიერებისა და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში. წინა ხელისუფლებას არ უნდოდა რუსეთისთვის იმის საბაბი მიეცა, რომ ის კავკასიაში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა რუსეთის წინააღმდეგ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ პრემიერ-მინისტრის სამშაბათის პრესკონფერენციით! როგორც ყოველთვის, ის იყო პირდაპირი და გულწრფელი და გამოჩნდა, რომ მან ძალიან კარგად იცის, რა უნდა. ისიც გამოჩნდა, რომ ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს! მას მიზანი და სურვილები ერთმანეთში არ ერევა. დარწმუნებული ვარ, რომ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ დინამიურად წავა წინ ქვეყანა და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. კოალიციის შიგნით კონკურენციის გაძლიერება სიტუაციის თანამდევი პროცესია. ახლა მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო რეჟიმი აღარ არის და ყველას შეუძლია, გამოაჩინოს თავისი ნამდვილი შესაძლებლობანი. აქედან გამომდინარე, კონკურენცია არის გარდაუვალი. "ნაცმოძრაობამ" სცადა, აერო ოპოზიციის ნიშა, მაგრამ ამას "ნაცები" თავს ვერ ართმევენ, რადგან არიან აბსოლუტურად კომპრომეტირებულები. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ოპოზიცია ისევ კოალიციაში გამოიკვეთება", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი და შეკითხვას - "და ვინ იქნება ამ ოპოზიციის ლიდერი - ირაკლი ალასანია?" - პასუხობს:
"ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ირაკლი ალასანია რომ დიპლომატი იყოს, ირაკლი ალასანიას რომ პოლიტიკა კარგად ესმოდეს, მე მგონი, მაგისთვის ახლა იდეალური ვარიანტია, სცადოს ოპოზიციის ნიშის დაკავება იმდენად, რამდენადაც ალასანია იქნება კონსტრუქციული და ეს კაცი მისაღებია როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებისთვის და ასევე "ნაციონალებისთვის".