სომხური ავანტიურა და დიდი შეთქმულება ქართული ენის წინააღმდეგ

სომხური ავანტიურა და დიდი შეთქმულება ქართული ენის წინააღმდეგ

პატიმრობიდან გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც საქართველოში, კერძოდ, ჯავახეთში, მოქმედი სეპარატისტული «ჯავახკის» ერთ-ერთი ლიდერია, უწინდებურად ითხოვს, რომ სომხურ ენას რეგიონალური ენის სტატუსი მიენიჭოს. პარალელურად, ჯავახეთიდან რუსეთში წასული სომხების დიასპორის სახელით სეპარატისტული განცხადებები ვრცელდება... არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ მოთხოვნის უკან რუსული სპეცსამსახური დგას, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ჩახალიანმა და მისმა მფარველებმა სომხურისთვის რეგიონული ენის მინიჭების მოთხოვნა ევროპის უმცირესობათა ენების ქარტიითაც «გაამაგრონ». საქმე ისაა, რომ 1999 წელს, ანუ მაშინ, როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, რამდენიმე ვალდებულება ავიღეთ, მათ შორის, ერთ-ერთია ამა თუ იმ ეთნიკური უმცირესობის ენისთვის რეგიონული, ან უმცირესობის ენის სტატუსის მინიჭებაა...

ერთი სიტყვით, კრემლი 200-წლიან პოლიტიკას აგრძელებს და, ტერიტორიების პარალელურად, იერიში ქართულ ენაზე მიაქვს. ამავე კონტექსტში ნიშანდობლივია ორი ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» ვრცელდება: სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში საკრებულოს სხდომები მეგრულად ტარდება?! გალში კი, 5 ივნისი მეგრული ენის დღედ გამოცხადდა... არსებობს თუ არა საქართველოში მოსახლეობა, რომლის ენასაც ავტოქთონი უმცირესობის ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს და ვინ ცდილობს მეგრულისა და სვანურის, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ ენებად «გასაღებას»? _ თანამედროვე «ქვათა ღაღადზე» «ქართული სიტყვა» ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ქართველოლოგ ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა.


_ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობით, თუ არ ვცდები, ხობში, საკრებულოს სხდომები მეგრულად ტარდება. ამასთან, ვიღაცები სამეგრელოს ავტონომიას ითხოვენ. ბატონო ტარიელ, მოდით, ყველაფერი ეს ქართველოლოგის პოზიციიდან შეაფასეთ...

_ ამ საკითხს ორი წახნაგი აქვს. ერთი წახნაგი სახელმწიფო ენაა, მეორე კი _ ქართველური იდიომების, ანუ ქართველური სამწიგნობრო ენისა და ზეპირი მეტყველებების შენარჩუნება. თავმოყვარე სახელმწიფოში სახელმწიფო სხდომები სახელმწიფო ენაზე უნდა ტარდებოდეს და დოკუმენტებიც სახელმწიფო ენაზე უნდა დგებოდეს.

_ ცხადია, მაგრამ დღეს საბოტაჟი ერთობ აქტუალურია. შესაბამისად, ხობში საკრებულოს სხდომების მეგრულ ენაზე ჩატარება საქართველოს სახელმწიფო, ანუ ქართული ენის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი საბოტაჟი ხომ არაა?

_ ინტერნეტში ხობის საკრებულოზე გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მოვისმინე დამაჯერებელი განმარტება, რომ სხდომების ოფიციალური ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე ტარდება. კულისებში კი, დიალექტსა თუ ჟარგონზე საუბრის უფლება ყველას აქვს, თუმცა, ჩვენი საზოგადოების აღელვება მთლად უსაფუძვლო არაა, რადგან მრავალი საუკუნეა, მომხვდური ცდილობს, ქართველობა ენობრივ-ეთნიკურად, რელიგიურად, პოლიტიკურად და ტერიტორიულად დაშალოს. ჩვენი წინა თაობების მიზანი ქართველთა ეროვნული, ენობრივი და ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნება იყო. ამჟამინდელ თაობასაც ეს მიზანი გვაქვს და მომავალ თაობებსაც ექნებათ, ვინაიდან გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი და ლამაზი საქართველოს დაპყრობის მოსურნენი მუდამ იარსებებენ.

_ ენობრივი და ეროვნული ერთიანობით ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელია?

_ თავდაცვის დროს ერთიანობა მთავარი ფაქტორია. სახელმწიფო ენის როლის განსაზღვრა და ქართველებისთვის წინა პლანზე წამოწევა 23 საუკუნის წინ, ანუ მაშინ მოხდა, როცა ფარნავაზმა და ქუჯიმ ერთიანი ქართული სახელმწიფო აღადგინეს და სახელმწიფო ენად ქართველურ თემთა საერთო ენა _ ქართული ენა გამოაცხადეს და საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ აქციეს. მას შემდეგ საქართველოში სახელმწიფო საქმისწარმოების ენა ქართულია. ეგრისიდან შემოსული წმინდა ანდრია პირველწოდებულის შემდეგ კი, საქართველოს საეკლესიო ენაც ქართულია. მოციქულები დედა ენის მიხედვით ქადაგებდნენ. წმინდა ანდრიამ კი, ქართულენოვანი ეკლესია დააფუძნა. მტერს, საუკუნეების განმავლობაში, მრავალჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ საქართველოს რომელიმე კუთხე ქართულენოვანი სივრციდან გაეყვანა. მაგალითად, მეფის რუსეთმა, 1865 წელს, თავისი პირველი ბრძანება მეგრულ დიალექტზე გამოსცა და სწორედ ამით დაიწყო იმპერიის აქტიური მცდელობა, რომ ქართველი ერი ენობრივ-ეთნიკურად დაანაწევროს.

_ ისე, სხვა დამპყრობლებს, რუსებისგან განსხვავებით, იერიში ენაზე არ მიჰქონდათ, არა?

_ სხვა დამპყრობლებს რელიგიური ექსპანსიის მცდელობა ჰქონდათ. მაგალითად, არაბებმა ქართველებს ე.წ. დაცვის სიგელი შესთავაზეს, რომლის ერთ-ერთი მუხლით, ის, ვინც ისლამს მიიღებდა, ხარკს არ გადაიხდიდა. საერთოდ, წესიერ ადამიანს ეკონომიკური პრობლემები ყოველთვის ჰქონდა და აქვს. ამიტომ, ასეთ შეღავათს ზოგი იყენებდა, ზოგი _ არა. მუსულმანობას, როგორც წესი, ელიტა იღებდა... ელიტა იოლად გადადიოდა დამპყრობლის ენაზეც. მაგალითად, ცნობილი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი ხელს ასე აწერდა: «ნიკოლოზ ბარათოვი», ანუ მე-19 საუკუნეში რუსულენოვანი გახდა ელიტა, თუმცა ისევ ელიტის მებრძოლმა ნაწილმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, ქართული ენის დასაცავად ბრძოლა წამოიწყო. ამავე პერიოდში რუსეთის იმპერია შეეცადა, სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებიდან ქართული ენა გაედევნა. იმპერიის ამ მცდელობას წინ სამეგრელოს მოსახლეობა გრიგოლ დადიანის ხელმძღვანელობით აღუდგა. საერთოდ, დედა ენის დაცვისთვის ბრძოლა სამამულო ომის ტოლფასია.

_ მეფის რუსეთმა საეკლესიო ენაზე იერიში მაინცდამაინც სამეგრელოში რატომ მიიტანა?
_ იმიტომ, რომ როგორც მსოფლიოს ყველა ერში, ქართველ ერშიც სახელმწიფო და საეკლესიო ენისგან დაშორებული დიალექტები არსებობს და ვიღაც ცდილობს ხოლმე, რომ ეს განსხვავებული დიალექტები ენად გამოაცხადოს. სხვათა შორის, თავის დროზე რუსეთმა რუმინული ენის მოლდოვური დიალექტი მოლდოვურ ენად გამოაცხადა, თურქული ენის აზერბაიჯანული დიალექტი კი _ აზერბაიჯანულ ენად. მსგავსი ფაქტები სხვა იმპერიათა, ასე ვთქვათ, ველშიც დასტურდება. მოკლედ, დიალექტების ენად გამოცხადება მსოფლიო პოლიტიკის თანამდევია.

_ ეს «მსოფლიო მოვლენა» განსაკუთრებით გამძაფრებული საქართველოშია. ბატონო ტარიელ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ამ «გამძაფრების» უკან კრემლის კვალს ვხედავ. ისე, როგორც ვიცი, არსებობენ ქართველი მეცნიერები, რომლებიც, უცხოური გრანტების ხელშეწყობით, სპეციალურ «ნაშრომებს» ამზადებენ და ამტკიცებენ, რომ მეგრული ქართული ენის დიალექტი კი არა, როგორც იტყვიან, დამოუკიდებელი ენაა...

_ საუკუნეების განმავლობაში ერთიან ეროვნულ და სალიტერატურო ენას, სხვა კუთხეებთან ერთად, სამეგრელოც ქმნიდა. მეტიც, ძველ ქართველ მწიგნობართა უმრავლესობა დასავლეთ საქართველოდანაა. მაგალითისთვის ქართული ჰიმნოგრაფიის მამას _ მარტვილელ იოვანე მინჩხს დავასახელებ. განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში გაბატონდა მოსაზრება, რომ ქართული სალიტერატურო ენა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობამ შექმნა, რაც უსაფუძვლო ტყუილია, თუმცა ეს მოსაზრება დღემდე არსებობს და ვიღაცას ახლაც სურს, რომ დასავლეთ საქართველოს ქართველობას სამწიგნობრო და კულტურული მემკვიდრეობა წაართვას, მაგრამ არაფერი გამოუვა.

_ მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს «ვიღაც» რუსეთია.

_ არა მხოლოდ.

_ აბა, კიდევ ვინ?

_ ზოგიერთი დასავლეთევროპელი მეცნიერიც, რომელიც ვითომ უმცირესობის ენებზე ზრუნვით გრანტებსა თუ სხვა სახსარს მოიპოვებს. მაგალითად, ჯორჯ ჰიუიტი...

_ მეგრულზე, როგორც დამოუკიდებელ უმწიგნობრო ენაზე ზრუნვისთვის გრანტს ვინ გასცემს?

_ ზოგ პროექტს რუსეთი აფინანსებს (ამ მხრივ აქტიურობენ რუსეთში მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია და სხვები), ზოგს _ დასავლეთევროპული ფონდები; ზოგჯერ დაფინანსების მოტივი ფონდისთვის მიწოდებული არასწორი ინფორმაციაა, ზოგ შემთხვევაში კი, _ მიზანმიმართული ქმედება, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია: ბოლო ას წელიწადში მრავალჯერ იყო მცდელობა, რომ საქართველოს ზოგი კუთხე ერთიანი ქართულენოვანი სივრციდან გაეყვანათ...
ახლახან ერთ-ერთი ევროპული ფონდის დაფინანსებით მესხების შესახებ წიგნი გამოვიდა, სადაც მესხური თურქული ენის დიალექტადაა გამოცხადებული.

_ ეს წიგნი საქართველოში გამოიცა?

_ დიახ და, სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველია. სინამდვილეში, მესხური მეტყველება ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტია. მუსლიმანი მესხები, რომლებიც თავის დროზე სამცხე-ჯავახეთიდან შუა აზიაში გადაასახლეს, ქართული ენის მესხურ კილოზე საუბრობდნენ, თუმცა დამპყრობლის ენაც _ თურქულიც იცოდნენ. გასახლებულთა შორის თურქული ტომის წარმომადგენლებიც იყვნენ, ქურთებიც, თარაქამებიც... ზემოხსენებულ სამენოვან გამოცემაში კი, რატომღაც ნათქვამია, რომ მესხური თურქული ენის დიალექტია.
_ ბატონო ტარიელ, როცა ქართველთა ენობრივი დეზინტეგრაცია მიზანმიმართულად ხდება და ამ პროცესში ქართველიც მონაწილეობს, ეს სამშობლოს ღალატია თუ არა?

_ თუ ეს მიზანმიმართულად ხდება, დიახ, ღალატია. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს არცოდნის შედეგია, ან ადამიანს, უბრალოდ, ასე სჯერა, მკაცრი კვალიფიკაციისგან თავი უნდა შევიკავოთ.
სხვათა შორის, რუსეთის იმპერიის კავკასიაში დამკვიდრებამდე ეს პრობლემა არასოდეს დამდგარა და ამაზე თედო სახოკიაც წერს. მაგალითად, დადიანები თავს ქვემო იბერიის მეფეებს უწოდებდნენ და არა _ ოდიშის, მაგრამ დადიანების  სამეტყველო ენა ქართული იყო და ერთ მათგანსაც არ უცდია, რომ სამეფო კანცელარიის ენად მეგრული მეტყველება გამოეცხადებინა იმიტომ, რომ ჭკვიანი ხალხი იყო და თავს წინაპრების მიერ შექმნილი მრავალსაუკუნოვანი კულტურით იწონებდა...
მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთი შეეცადა, სამეგრელო და აფხაზეთი ქართული ენის სივრციდან გაეყვანა, გრიგოლ დადიანის მეთაურობით, პრაქტიკულად, პლებისციტი ჩატარდა, რითიც მოსახლეობამ თავისი დედა ენა _ ქართული ენა დაიცვა. ის კი, ვინც სამეგრელოში საეკლესიო ენად რუსული ენის, ან მეგრული კილოს დამკვიდრებას ცდილობდა, ქართველი ერის მტრად გამოაცხადეს. ეს მოძრაობა ამბროსი ხელაიამ, ალექსი შუშანიამ, თედო სახოკიამ, კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვა მოღვაწეებმაც გააგრძელეს. მოკლედ, ის, ვინც ამა თუ იმ რეგიონში საკრებულოს სხდომებს კუთხურ მეტყველებაზე ჩაატარებს, პრაქტიკულად, 23-საუკუნოვან ქართულ სახელმწიფოებრივ ტრადიციას დაანგრევს, სახელმწიფო ენის უფლებებს შელახავს და ქართველთა ეთნიკურ-ენობრივი დანაწევრების პოლიტიკას გააგრძელებს. ყველაფერი ეს სხვა კონტექსტითაცაა განსახილველი.

_ და ეს რა კონტექსტია?

_ 1999 წელს საქართველო «ევროპულ ქარტიას რეგიონული, ან უმცირესობის შესახებ» მიუერთდა, რომელიც ავტოქთონი, ანუ ძირძველი მოსახლეობის _ უმცირესობების ენობრივი უფლებების აღიარებას, დაახლოებით, ისეთ დონეზე ითვალისწინებს, როგორი უფლებებიც სახელმწიფოს დამფუძნებელ ეთნოსს აქვს, ანუ ევროსაბჭოს კანონებით, საქმისწარმოება, ასევე, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ამ უმცირესობის ენაზე უნდა იყოს.

_ ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ მაგალითად, მეგრული ავტოქთონი უმცირესობის ენად ვაღიაროთ?

_ არა, არასწორ კვალიფიკაციას აკეთებთ. მეგრელი ქართველი ერის ნაწილია და არა _ საქართველოს ავტოქთონი უმცირესობა. ევროსაბჭო ენების კონკრეტულ სიას თავს არავის ახვევს. ევროპის ენების ქარტიაში ხაზგასმით წერია, რომ სახელმწიფო ენის დიალექტების, სახესხვაობებისა და უმცირესობათა ენების ჩამონათვალს მოცემული სახელმწიფო ადგენს. აქვეა, ჩანაწერი, რომ ქარტია არ ეხება სახელმწიფო ენის ნაირსახეობასა და დიალექტებს.

_ საქართველოში ავტოქთონ უმცირესობად ვინ ითვლება?

_ საქართველოში უმცირესობები ცხოვრობენ, მაგრამ ერთი მათგანიც არაა ავტოქთონი, შესაბამისად, «რეგიონული, ან უმცირესობის ენების ქარტიაზე» ამხელა აჟიოტაჟი გაუმართლებელია.

_ ბატონო ტარიელ, მარტივად მიპასუხეთ: მაგალითად, მეგრული და სვანური საქართველოს სახელმწიფო, ანუ ქართული ენის ნაირსახეობებია თუ ავტოქთონი მოსახლეობის ენა?

_ საქართველოში არ მეგულება განათლებული ადამიანი, რომელიც იტყვის, მეგრული, სვანური თუ მესხური ქართული ენის ნაირსახეობა არააო. ენის სახესახეობა შეიძლება იყოს კილო-კავი, კილო, მონათესავე უმწიგნობრო მეტყველება, უმწერლობო ენა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროს მეგრულსა და სვანურს ასეთი სტატუსი ჰქონდა: «ქართული ენის მონათესავე უმწიგნობრო ენა». ეს სტატუსი ძალიან ბუნდოვანი და შეურაცხმყოფელია.

_ რატომ?

_  უმწიგნობრო ენა იმ ხალხის ენას ნიშნავს, რომელმაც თავის დედა ენაზე სამწიგნობრო ტრადიცია დღემდე ვერ შექმნა. მეგრელები, ლაზები, მესხები და სვანები, სულ მცირე, 20 საუკუნეა, სხვა ქართველებთან ერთად ქმნიან სამწიგნობრო კულტურას ერთიან ეროვნულ ქართულ ენაზე, შესაბამისად, სამეგრელოს და სხვა კუთხეების ქართველობაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი წიგნიერი საზოგადოებაა!

_ ევროპული ქარტია, როგორც ამბობთ, საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს იცავს. ასეთი სტატუსი რომელ ენას აქვს?

_ საქართველოს შემოხიზნული ზოგი უმცირესობის, მაგალითად, ასირიელების, ან უდების ენებს კი არა, გლობალიზაციის პირობებში, საფრთხე ქართული ენის ზეპირ სახესხვაობებსაც და თავად ქართული სალიტერატურო ენასაც ემუქრება. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო ვალდებულია, რომ სახელმწიფო ენის დაცვასთან ერთად, ქართველთა კუთხური მეტყველებების გადარჩენაზეც იზრუნოს. ასევე, კეთილი ნება გამოიჩინოს სხვა ეთნოსთა იმ ენების მიმართ, რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებათ. ქართული ენის გადარჩენის თვალსაზრისით, აუცილებელია ქართული სამწიგნობრო ენის ინტერნეტსივრცესთან ინტეგრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ენა, როგორც კულტურული ენა, მოკვდება!..

_ საქართველოს ხელისუფლებას საფრთხის ქვეშ მყოფი უმცირესობის ენების ჩამონათვალი ოფიციალურად დღემდე არ გაუკეთებია, არა?

_ არა.

_ უმცირესობის ენების ჩამონათვალი საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეადგინოს თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ?

_ სახელმწიფოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი მართავს. სწორედ მათ უნდა შექმნან სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ ამოცანას აკადემიურად გადაწყვეტს... 1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე სამი არსებითი ვალდებულება აიღო: პირველი _ საქართველოში უნდა ჩამოვასახლოთ ე.წ. თურქი მესხები, ანუ 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობა. მეორე _ საქართველო ეთნიკური უმცირესობების შესახებ ევროპულ კონვენციას უნდა მიერთებოდა და, მესამე _ საქართველო უნდა მიუერთდეს რეგიონული, ან უმცირესობის ენის ევროპულ ქარტიას. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტერმინი «თურქი-მესხები» არასწორია _ არ არსებობს ქართველი თურქი, ან თურქი ქართველი, რუსი ქართველი და ფრანგი სომეხი... რაც მთავარია, გადასახლებულ მოსახლეობას შორის იყვნენ ქართველებიც, თურქებიც, ქურთებიც, თარაქამებიც... ამიტომ «თურქი მესხების» ნაცვლად ვიყენებ ტერმინს _ «დეპორტირებული მოსახლეობა»... 1944 წელს გადასახლებული მოსახლეობის მცირე ნაწილია ცოცხალი. სტალინის რეჟიმის მიერ დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლები, რომლებიც სხვა გარემოში აღიზარდნენ, სხვადასხვა ორიენტაციის ჯგუფებს ქმნიან, თუმცა ეს ვრცელი სასაუბროა და შორს წაგვიყვანს... მეორე ვალდებულება უკვე შევასრულეთ _ ტოლერანტულ საქართველოს არ უჭირს შემოხიზნულ უმცირესობათა პატივისცემა. მესამე ვალდებულების შესრულება კი, «ენის ქარტიის» დებულებების არაადექვატური გააზრებისა და გარეშე ძალთა შემოტევის გამო გართულდა... სომხეთის პრეზიდენტი, რუსეთის ხელისუფლება და ზოგი ევროპელი ექსპერტი, ევროპული ქარტიის თავისებური გააზრებით, ცდილობს, თავს მოგვახვიოს უმცირესობათა ენების დაუსაბუთებელი სია.

_ არ ჯობდა, მესამე ვალდებულების აღებისგან თავი შეგვეკავებინა?

_ რატომ? ვთვლი, რომ რეგიონული, ან უმცირესობის ევროპული ქარტია კარგი დოკუმენტია. მთავარია, სწორად გავიაზროთ. ამჟამად «ენის ქარტიის» ორგვარი გააზრება _ დასავლეთევროპული და აღმოსავლეთევროპული არსებობს. მაგალითად, ესპანეთმა ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობად ბასკები აღიარა და არა _ ყველა იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ასეთი გამორჩევა ლოგიკურია: ბასკები ესპანეთისა და საფრანგეთის ავტოქთონი მოსახლეობაა, რომელიც უმცირესობაშია და რომლის ენაც საფრთხის ქვეშაა. სხვათა შორის, ამ ქარტიას საფრანგეთი არ მიუერთდა.

_ რატომ?

_ შესაძლოა, საფრანგეთი თვლის, რომ «ენის ქარტია» მისთვის ბევრ ხიფათს შეიცავს.

_ აუცილებელი იყო, რომ ქარტიას მივერთებოდით?

_ არა.

_ აბა, რატომ მივუერთდით?

_ ეს მათ ჰკითხეთ, ვინც ამ ვალდებულებას ხელი მოაწერა, თუმცა, თუკი ავტოქთონი და მიგრანტი ეთნიკური უმცირესობების გამიჯვნას ობიექტურად მოვახდენთ და ცნებას _ «რეგიონული, ან უმცირესობის ენა» სწორად განვმარტავთ, «ენის ქარტიაზე» მიერთებაში პრობლემას ვერ ვხედავ.

_ ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, საქართველოში რომელია ის ეთნიკური ჯგუფი, რომლის ენაც ავტოქთონი უმცირესობის ენად უნდა მივიჩნიოთ?

_ საქართველოში, ჩემი აზრით, ავტოქთონი ეთნიკური და ენობრივი უმცირესობა არ ცხოვრობს. შესაბამისად, «ენის ევროპული ქარტია» ისე შეიძლება დავამტკიცოთ, რომ უმცირესობის ენების სია არ დავურთოთ (ამას უშვებს «ქარტია»). საქართველოში ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც გვიან დასახლდნენ საქართველოში. მათ ენობრივ უფლებებს იცავს სხვა სამართლებრივი აქტები, მაგალითად, ევროპული კონვენცია უმცირესობების შესახებ, რომელსაც საქართველო 2005 წელს მიუერთდა. ასევე, საქართველოს კონსტიტუცია და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო დოკუმენტები.

_ «ქარტიის» რატიფიცირება რომ არ მოვახდინოთ, ევროსაბჭო დაგვსჯის?

_ საქართველო ენების ქარტიას ერთ წელიწადში უნდა მიერთებოდა. 1999 წლის შემდეგ, ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას ყოველ წელს ახსენებს, რომ ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს. ევროსაბჭო დამსჯელი ინსტიტუტი არაა... ევროსტრუქტურებთან არგუმენტირებული მსჯელობაა საჭირო ოკუპაციის პირობებში ავტოქთონობის ასაკის განსაზღვრის, ენისა და კილოს გამიჯვნის, ასევე, საქართველოს ოკუპაციის პირობებში ამ ქარტიის ამოქმედებასა და სხვა საკითხებზე.

_ მაშასადამე, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამ ქარტიის რატიფიცირებას მოახდენს თუ არა?

_ დიახ, ეს ვალდებულებები ახალმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო და ევროსაბჭო მასაც შეახსენებს, რომ რატიფიცირება მოახდინოს, თუმცა «ენის ევროპულ ქარტიას», როგორც გითხარით, საფრანგეთი და, ასევე, ბევრი სხვა ქვეყანაც არ მიერთებია. გარდა ამისა, ვერავინ დაასაბუთებს, რომ საქართველოში ნამდვილად ცხოვრობენ ავტოქთონი ეთნიკური უმცირესობები. ევროპაში მსჯელობენ, რომ ავტოქთონობის ასაკი 100 წლით განისაზღვროს, თუმცა, ხაზგასმით ვაბმობ: «რეგიონული, ან უმცირესობის ენების ევროპულ ქარტიაში» საუბარია მხოლოდ ავტოქთონი, აბორიგენი უმცირესობების ენობრივ უფლებებზე. რაც მთავარია, ავტოქთონ უმცირესობად ვერ ჩაითვლებიან ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოში ბოლო ორ საუკუნეში ჩამოსახლებული უმცირესობები.

_  კი ბატონო, მაგრამ ხომ შეიძლება, რომელიმე რუსეთუმე ქართველმა მტკიცება დაიწყოს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსები ავტოქთონური მოსახლეობაა და ამიტომ, რუსულს ავტოქთონური ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს.  ასეთი პროვოკაცია გამორიცხულია?

_ სომხეთი «ევროპის ენის ქარტიას» შეუერთდა და რეგიონული, ან უმცირესობის ენების სიაში რუსულიც შეიტანა. ეს მათი უფლებაა. პოლონელებმა კი, ამ სიაში ძველი სომხური, მკვდარი ენა _ გრაბარი შეიტანეს... ჩვენმა ხელისუფლებამ მყარად უნდა დაიცვას «ენის ქარტიის» მამების მიერ შექმნილი დებულებები და ასეთ შემთხვევაში «ენის ქარტია» საქართველოსთვის საფრთხეს არ შეიცავს. გვაქვს სხვა გამოსავალიც: სანამ საქართველო ოკუპირებულია, სათქმელი გვაქვს, საერთოდ არ მიუერთდეთ ამ ევროდოკუმენტს, როგორც ამას, მაგალითად, აზერბაიჯანი აკეთებს. ცალკეულ დაინტერესებულ პროვოკაციებს კი, სათანადო ოფიციალური პასუხი უნდა გაეცეს.

_ ვიღაცები სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ...

_ სომეხი ერი ჩვენი მოძმე ერია და იმ «ურაპატრიოტ» სომეხს, რომელიც ამბობს, თბილისი და ბათუმი სომხური ქალქებიაო, ნუ ავყვებით. არსებობს აკადემიური ისტორია, რომლის მიხედვითაც, სომხები, უფრო სწორად არმენები, კავკასიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში მოვიდნენ. საქართველოს მტრების ხელშეწყობით კი, მეორე საუკუნეში ჩვენს მეზობლად და ნაწილობრივ ჩვენი მიწების მიტაცებით, ძლიერი სახელმწიფო _ არმენია შექმნეს. არმენები საქართველოს ამჟამინდელ ტერიტორიაზე კომპაქტურად რუსეთის იმპერიამ დაასახლა. შესაბამისად, თუ უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის დებულებებს მკაცრად დავიცავთ, კერძოდ, დებულების იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონული ენის სტატუსი უნდა მიეკუთვნოს ისეთი ავტოქთონი ეთნიკური უმცირესობის დედა ენას, რომელიც საფრთხის ქვეშაა, საქართველოში სომხური ავტოქთონი უმცირესობების ენების სიაში ვერ აღმოჩნდება. სომხური მოსახლეობა საქართველოს ერთ კუთხეშიც კი არაა ავტოქთონური მოსახლეობა. ჯავახეთში სომხები კომპაქტურად რუსმა გენერალმა პასკევიჩმა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში დაასახლა. მოკლედ, ის საზოგადოება, რომელიც საქართველოში რუსეთის იმპერიის პირობებში ჩამოსახლდა, ავტოქთონად ვერ იქნება მიჩნეული!

_ ესე იგი, ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის ავტოქთონურ მოსახლეობად და, შესაბამისად, ამ ჯგუფის ენის ავტოქთონურ ენად აღიარება წმინდა პოლიტიკური ნაბიჯია, არა?

_ გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ ეს პოლიტიკური განსჯის საკითხია, ზოგჯერ _ ობიექტური რეალობა. მაგალითად, ბასკები და ფრიზები ნამდვილად ავტოქთონი უმცირესობებია ევროპაში. რაც შეეხება ჩვენს სინამდვილეს, არმენების ენის  შესახებ უკვე გითხარით და იგივეს თქმა შეიძლება აზერბაიჯანულ ენაზეც.
რაც შეეხება ქართველების _ მეგრელების, ლაზების, მესხებისა თუ სვანების  საშინაო მეტყველებებს, მეგრელები, ლაზები, მესხები და სვანები ქართველები არიან და არა _ ეთნიკური უმცირესობები. საერთოდ, ბევრმა არ იცის, რომ მთელი მსოფლიოსთვის ენა და ეთნოსი ურთიერთგანმსაზღვრელი ცნებებია'და ამიტომ, არაიშვიათად, შეუსაბამო დასკვნებს აკეთებს. მეგრული განსხვავდება, მაგალითად, კახურისგან, მაგრამ ისე არა, როგორც აფხაზური, რუსული თუ ჩინური ენები... ყველა ქართველს ერთი ისტორიული და ნამდვილად საერთო ენა გვაქვს _ ქართული. რომელიმე კუთხის ქართველის უმცირესობად მიჩნევა, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია.

_ ბატონო ტარიელ, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, საქართველოში სახელმწიფო ენა მხოლოდ ქართული უნდა იყოს?

_ ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე კი, ქართულთან ერთად, აფხაზურიც, ანუ სრულად დაცულია აფხაზი ეთნოსის ენობრივი უფლებები. საერთოდ, აფხაზი ეთნოსი განსაკუთრებული მოვლენაა _ აფხაზი თავის დროზე ქართველს აღნიშნავდა. ირანულ წყაროებში აფხაზი ქართველის სინონიმია... ქართველებმა ორ მოსულ ხალხს ორი ტერმინი ვაჩუქეთ: არმენებს _ სომეხი, აბაზებს კი _ აფხაზი... საქართველოში სომხურსა და აზერბაიჯანულს გადაშენება არ ემუქრება, რადგან, სხვა თუ არაფერი, სომხური და აზერბაიჯანული სკოლები არსებობს...
თუკი საქართველოში შემოხიზნულ ეთნოსებს ავტოქთონი ეთნიკური ჯგუფის ენის უფლებებით აღვჭურავთ, მით უმეტეს, ისეთებს, რომელთაც საფრთხე არ ემუქრებათ, საქართველოს სახელმწიფო ენა შეიძლება, ქუთაისშიც აღარ იყოს საჭირო, ვინაიდან იქ სწრაფად დიდდება ჩინურენოვანი მოსახლეობის რიცხვი. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი შეცდომა ისიცაა, რომ მიგრაციის კანონის არარსებობის პირობებში, კარი ფართოდ გაეხსნათ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულ მრავალრიცხოვან მიგრანტებს. წინააღმდეგი არ ვარ, რომ საქართველოში სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფმა იცხოვროს, მაგრამ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო ენასა და კანონმდებლობას. წესით, ყველა ასეთ საკითხს მიგრაციის კანონი უნდა არეგულირებდეს...
მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, ან  ჯავახეთსა და ზოგ სხვა რეგიონში კი არა, საქართველოს ცენტრალურ რაიონებსა და დედაქალაქშიც კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის მდგომარეობა. ევროპული კანონმდებლობით, რეგიონული, ან უმცირესობის ენის სტატუსზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ზიანი არ ადგება სახელმწიფო ენის სტატუსს... როცა სახელმწიფოს ნახევარ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი სრულად იგნორირებულია, ასეთ სახელმწიფოში რეგიონული, ან უმცირესობის ენების სტატუსზე ლაპარაკი ევროპული კანონმდებლობის და ამ ქვეყნის დაცინვაა...