მართალია, «ყვითელი მარშრუტკების» ბუნტი დამთავრდა, მაგრამ მძღოლები პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია დანაპირებს არ შეასრულებს, კვლავ გაიფიცონ. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაც სიტუაციის დაძაბვას სპეციალურად ცდილობს. ამას «ოცნების» საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებაც მოწმობს. «ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 4 წელი არ დაუცდიან ხელისუფლების ცვლილებას, დაიწყებენ ქუჩაში გამოსვლასა და მანიფესტაციებს. მეტი, მაგ საცოდავებს, არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ჩანერგილი ადამიანები გაააქტიურონ... მათ გვარებს გადავცემთ შსს-ს, რათა შეისწავლოს ეს ხალხი. ბრძოლა გამოუცხადეს იმ პარტიას, რომელიც ძალიან ძლიერად მოდის ხელისუფლებაში,» _ განაცხადა საგანელიძემ «იმედის» ეთერში. ასეა თუ ისე, ხელაღებით იმის თქმა, რომ «მარშრუტკების ბუნტი» «ნაციონალთა» მიერ ჩანერგილი აგენტებისგან იყო პროვოცირებული, ცხადია, ძნელია, თუმცა საგანელიძის თქმისა არ იყოს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ «ვადაგასული ვარდოსნები» რაღაცისთვის ემზადებიან. ამ კონტექსტში, ალბათ, გიგი უგულავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცმხყოფელი გამონათქვამებიც უნდა გავიხსენოთ: უგულავამ ახალი ხელისუფლება ჩუკენობაში «ამხილა», გიგა ბოკერიას ცოლმა კი, მთავრობას «შარვალჩახდილი» უწოდა... კიდევ ერთი თემა, რომელმაც ამ დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ინციდენტია. მართლა სცემა თუ არა ლუკა კურტანიძემ ყაზარაშვილს? _ ამას გამოძიება გაარკვევს. ისე, თუკი კურტანიძე დამნაშავეა, ცხადია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ქვემო ქართლის ამჟამინდელმა გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის დაცვის თანამშრომელი გალახა. ჰოდა, კარგი იქნება, თუკი სამართალდამცავები ამ «ძველი ცემა-ტყეპითაც» დაინტერესდებიან... მოკლედ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს «ქართულ სიტყვასთან» საუბრისას რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მკლავჭიდში სპორტის ოსტატი, უმრავლესობის წევრი, გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი აფასებს, რომელიც «მძღოლთა აქციის» დროს ერთგვარად მედიატორის როლს ასრულებდა:
_ გასულ წელს, როცა ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, მათ გვერდით ვიდექი. ასე რომ, ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მაქვს, თან ყვითელი «მარშრუტკების» მძღოლებმა ახლა ისეც მიხმეს, როგორც პარლამენტარი... მერიის წინ თორმეტკაციანი საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერის გამოჩენას ამაოდ ელოდა. მერე გვითხრეს, უგულავა კი არა, ჯოხაძე და ალავიძე შეგხვდებათ და თქვენს პრეტენზიებს მოისმენსო _ გიგი უგულავა იმდენად ,,დიდი, უბრალო და კდემამოსილია», რომ დაბლა თავის დაწევა უჭირს. ,,ფარაონია» და ასეთ წვრილმანებზე მისი შეწუხება როგორ შეიძლება?! _ მერე, რა, რომ მძღოლებს უჭირთ და, ოჯახში პური მაინც რომ მიიტანონ, თანახმანი არიან, კაბალური ხელშეკრულებით იმუშაონ. არადა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება: ერთი კვირის განმავლობაში, ბალანსი გამოიყვანე და შემოსავალ-გასავალი დაითვალე... ისე, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მართული არ იყო. პირველი ოქტომბრის არჩევნების დიდი მონაპოვარი სწორედ ისაა, რომ აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია. არჩევნებამდე კი, როგორც მძღოლები ამბობენ, ხმას ამოიღებდნენ თუ არა, «ზონდერბრიგადები» ნახევარი საათი ჰაერში აბურთავებდნენ...
მოკლედ, ეს მართული პროცესი არ იყო, მაგრამ უგულავას ასეთი რყევები ნამდვილად აწყობს _ იმ დროს, როცა, აქციის მონაწილეებთან ერთად, «მე-9 არხს» ინტერვიუს ვაძლევდი, სამთავრობო ტელევიზიით გამოდიოდა და ამბობდა, ჯაჭვლიანს გლდანში წილები აქვს დასათვლელიო. არადა, იცის, რომ არანაირი წილი არ მაქვს. თვითონ კი მოუწევს, დაამტკიცოს, სახელწიფო რესურსებს პარტიული მიზნით რომ არ იყენებდა, ასი-ორასი ადამიანი რომ იტყვის, ხელფასს პარტიული აგიტაციისთვის გვიხდიდნენო. ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ, არც ის ტიპაჟი ვარ, რომ სხვისთვის ცუდი მინდოდეს _ ჩემს მიმართ ჩადენილ ცოდვას ყველას ვაპატიებ, მაგრამ ჩემი მეგობრების მიმართ ჩადენილ ბოროტებას არავის ვაპატიებ! არავის დაჭერა და ციხეში გამოკეტვა არ მინდა, მაგრამ ვინც დასჯას იმსახურებს, უნდა დაისაჯოს!
_ ბატონო სოსო, ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსები არაკორექტურულ გამონათქვამებს უხვად აფრქვევენ. მაგალითად, გიგი უგულავამ ახალი ხელისუფლების მისამართით თქვა, ჩეკუნობსო, თამარ ჩერგოლეიშვილმა კი, «შარვალჩახდილი მთავრობა» უწოდა...
_ გიგი უგულავა უზრდელია. თქვენი გაზეთის მკითხველს არ ვაკადრებ, ის სიტყვა გავიმეორო, რომელსაც მოწინააღმდეგეს ჰკადრებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაგ საქმით თავად უგულავაა აქტიურად დაკავებული. ექიმებისგან გამიგონია, რომ ეგ საქმე ადამიანს ტვინს ურევს. სჯობს, თავის ბინძურ ენას კბილი დააჭიროს! ისე, ამის შემდეგ არც აქვს უფლება, რომ ქალაქის მერი იყოს, რადგან მან შეურაცხყოფა იმ მილიონ ამომრჩეველს მიაყენა, ვინც ხმა გიგი უგულავას პარტიას, რომელიც ცოცხებსა და «დუბინკებს» აფრიალებდა, ხმა არ მისცა.
ჩემს მიმართაც იყო პრეტენზიები, თურმე, უზრდელური სიტყვა მითქვამს. მე, როგორც პარლამენტარმა, ყველას უფლება უნდა დავიცვა და არც ვინმეს ცხოვრების წესში არ ვერევი. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, მყავს მოძღვარი და თუკი ვინმეს მიმართ ცუდი აზრი გამიჩნდება, შენდობას მას ვთხოვ. ჩერგოლეიშვილზე რა უნდა ვთქვა? _ ქალი რომ ასეთ რამეს იკადრებს, უზრდელია და ასე ვუპასუხებ: თუ ასე მოსწონს შარვალჩახდილი ხალხის ყურება, ჩავიხდით მთელი პარლამენტი და გვიყუროს!
_ ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, კოჰაბიტაციაზე ლაპარაკი შეიძლება?
_ ჩემი მეგობარი, სომეხი დეპუტატი ამბობდა, «კოჰაბიტაცია» სომხური სიტყვაა და სქესობრივ აქტს ასახავს, მაგრამ თურმე, ფრანგული ყოფილა. ქართველებს მშვენიერი სიტყვები გვაქვს _ «თანაარსებობა», «თანაცხოვრება», მაგრამ არ მგონია, რომ ,,ქართული ოცნება» და ,,ნაცმოძრაობა» ტკბილად ჭუკჭუკებს.
_ 8 თებერვალს, დავითობას, სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარსდგება. რას ჰკითხავთ?
_ ჩვენი პრეზიდენტი ვირთხა, ნაძირალაა და ჩემი პრეზიდენტი არასოდეს ყოფილა. ახლა ვრ გეტყვით, თუ რა შეკითხვას დავუსვამ, თორემ პარლამენტში, შეიძლება, აღარც მოვიდეს!
_ ციხეებიდან ,,კანონიერი ქურდების» გათავისუფლებამ «ნაციონალებში» დიდი მღელვარება გამოიწვია. ბატონო სოსო, თქვენი აზრით, «კანონიერი ქურდები» გარეთ უნდა იყვნენ?
_ ამნისტია ჰუმანური აქტია, რომელიც მსუბუქ და ნახევრად მძიმე დანაშაულზე ვრცელდება და არა _ ძალიან მძიმეზე. ,,კანონიერ ქურდებს» სამუდამო პატიმრობა არ ჰქონდათ მისჯილი, ბევრმა მათგანმა სასჯელი სანახევროდ მოიხადა, თან საქართველოს ციხეებში გატარებული ერთი წელი ათს უდრიდა... «ნაციონალებმა» ხმაური ხალხის გასაგონად ატეხეს და სააკაშვილის მიერ შეწყალებული 1500-ზე მეტი, ძალიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის, მკვლელები, პედოფილები დაავიწყდათ? ქვეყნის პრეზიდენტმა აფრასიძეების ოჯახი ამოაწყვეტინა, თავის სანაქებო პოლიციას ქუჩაში ახალგაზრდები დაახოცინა და ვიზე ლაპარაკობენ ეგ ნაძირალები?!
_ ბატონო სოსო, რა ამის პასუხია და პარლამენტში თავს როგორ გრძნობთ? როგორც ამბობენ, ქუთაისის პარლამენტში სამუშაოდ არცთუ კომფორტული პირობებია...
_ ,,ნაციონალები» არა და არ დაშოშმინდნენ _ სხდომებზე ურცხვად, უნამუსოდ გამოდიან და სისულელეებს როშავენ. არადა, არ იციან, რაც მეტს ილაპარაკებენ, უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ. ხალხი ღიზიანდება და მომხრეების ნაცვლად, უფრო ბევრ მოწინააღმდეგეს იჩენენ. პარლამენტში, ჯერჯერობით, ჩუმად ვარ _ მაშინ ვყვიროდი, როცა ხმას სხვები ვერ იღებდნენ. სხვათა შორის, მინდა, უმრავლესობის მიმართაც კრიტიკული ვიყო _ დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ხალხის მიერ მოცემული ნდობის მანდატი გავამართლოთ და ჩვენც იმ დღეში არ ჩავვარდეთ, რომ კვერცხები და პომიდორი გვესროლონ! ქუთაისლები თბილები არიან, მაგრამ პარლამენტის შენობას ვერ შევეგუე. შევესწარი, თუ როგორ ჩამოვარდა ჭერიდან «ლამპიონი» და კობა დავითაშვილს დაეცა. პარლამენტში ერთი მარკშეიდერი არ გვაწყენდა _ დიდი სიამოვნებით დავუთმობ ჩემს კაბინეტს.
_ «ნაციონალები» და მათთან დაახლოებული ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, საქართველო საგარეო ვექტორს იცვლისო...
_ ჩვენ გვაქვს კურსი აღებული დასავლეთზე და სტრატეგიული პარტნიორის ვინაობაც ცნობილია. ამიტომ, ეს მხოლოდ ,,ნაციონალების» ისტერიკაა. ისე, ისტორიული რეალობა მალ-მალე იცვლება, არც მეზობლებს ირჩევენ და იმას, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, ვერაფერს მოვუხერხებთ. დღეს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და, იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ამ მიწების უპირობოდ დაბრუნების სანაცვლოდ, რამე შემოგვთავაზონ. კარგად დაალაგა ურთიერთობა ფინეთმა თავის მეზობელთან. ჩვენც რაღაც ისეთი უნდა შევიმუშავოთ, რომ ევროპისკენ სვლა არ შევაჩეროთ და რუსეთთანაც საერთო ენა გამოვნახოთ. ლაო ძი მოწაფეებს ეუბნებოდა, როცა ადამიანი გიმორჩილებს, უნდა დაემორჩილო და შენი მორჩილებით ის თავად უნდა დაიმორჩილოო... საქართველო საბჭოეთის შემადგენლობაში იყო, მაგრამ ყველას იმორჩილებდა.
_ სად _ საგარეო პოლიტიკა და სად _ ლუკა კურტანიძე, კურტანიძის საქციელი, ვფიქრობ, «ოცნებას» გარკვეულ უხერხულობას უქმნის...
_ ეს გაუგებრობა მოჭიდავეების ოჯახში მოხდა და, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, მაგრამ ყველაფერს თვითონ გაარკვევენ. ლუკა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელად ერთი თვის წინ დაინიშნა, თვენახევრის შემდეგ კი, საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველად ტარდება, რომელშიც 40 ქვეყანა მონაწილეობს და არეულობა არავის აწყობს. ისე, ოლიმპიური ჩემპიონი ლუკა კურტანიძე 2011 წლის 26 მაისს დააბეს და, როგორც საქონელს, ისე სცემეს. მაშინ სად იყო სპორტული სამყარო, ხმა რატომ არავინ ამოიღო? ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ლუკა ჩემი სულიერი ძმა და მეგობარია, თუმცა თავისი მდგომარეობა არ აძლევს იმუნიტეტს. დარწმუნებული ვარ, ლუკა ისეთს არაფერს ჩაიდენს, რისი პატიებაც არ შეიძლება.
_ ბოლოს, ბატონო სოსო, კინოს ჩამოშორდით?
_ არა, კინო ჩემს ცხოვრებაში პირველია! ახლა ,,ქართულ ფილმში» რეორგანიზაცია მიდის. რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ერთი ისეთი კანონი არ მიუღიათ, რომელიც ქართული კინოს განვითარებას წაადგება. ამიტომ, პარლამენტში ჩემი ყოფნის ერთ-ერთი მიზანია, ისეთი კანონი შევიმუშავოთ, რომ სპონსორს სურვილი გაუჩნდეს, ამ საქმეში ფული ჩადოს. ასევე, მინდა, სპორტი საყოველთაო გახდეს. უამრავ ვარსკვლავს იმის გამო ვკარგავთ, რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა...